Home ახალი ამბები საქართველო 9 აპრილი – ჯვარცმული საქართველო აღდგომას ელის

9 აპრილი – ჯვარცმული საქართველო აღდგომას ელის

1507
9 აპრილი

არავინ არაფერი იცოდა. ყველა მართალია. დღემდე. მაგრამ ასევე დღემდე არ ასვენებთ სინდისის ქენჯნა. უკვე ოცდაათი წელიწადია, ყოველი აპრილის მოახლოებისას ჟრუანტელი უვლით. სინდისი უღიტინებთ შიგნიდან. ვინვინ და თვითონ ხომ კარგად იციან, რაც მოხდა. ისიც იციან, რა უძღოდა წინ ტრაგედიას, რომელზეც დღეს ასე გულამოსკვნილები მოთქვამენ.

საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის თავზე დაკიდებული აპრილის მახვილი, ან, უფრო მართებული იქნება თქმა, — აპრილის ნიჩაბი ალბათ არასოდეს ჩამოიხსნება. მონომახის ქუდი მძიმეაო. აპრილის ნიჩაბიც.

ჯუმბერ პატიაშვილი უკვე ოცდაათი წელიწადია, თავის მართლების რეჟიმში ცხოვრობს. ცოდოა. ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც 1989 წლის 8 აპრილს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. ესენი ქართველები არიან. მათ უნდა სცოდნოდათ ქართული ხასიათი. ესენი, აქაურები უნდა გაფრთხილებოდნენ ხალხს და არა საკუთარ სავარძლებს…

ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვიხსნი, მაგრამ სხვებმაც გადადგან იგივე ნაბიჯიო, — მოუწოდებს მისთვის და ჩვენთვისაც ნაცნობ „სახეებს“ საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი. მათგან ბევრი ცოცხალთა შორის აღარ არის და „იმავე ნაბიჯს“ ვეღარ გადადგამენ.

არაფორმალების (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ლიდერებიდან მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე 1989 წლის ოქტომბერში ბორითთან მომხდარ ავტოავარიას შეეწირნენ. ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად ავირჩიეთ, 1993 წლის დამლევს კი გაურკვეველ ვითარებაში აღესრულა. გია ჭანტურიას 1994 წლის დეკემბერში საკუთარ სახლთან მოუსწრაფეს სიცოცხლე…

საქართველოს ცეკას მაშინდელმა პირველმა მდივანმა ძალიან კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა აქციაზე ჯარისკაცების გამოჩენას.

ამ გადასახედიდან, 28 წლის შემდეგ ლაპარაკი ადვილია. თავის მართლებაა ძნელი. დრო ვერ აფერმკრთალებს დანაშაულს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს.

ურწმუნო კომუნისტებმაც კი იცოდნენ, რომ ღმერთი ადამიანს დანაშაულის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად მისცემს ნიშანს. საქართველოს ცეკას მაშინდელ პირველ მდივანსაც მიეცა ეს ნიშანი.

„პირველად, ერთადერთმა ბიუროს სხდომაზე, ომარ ვარძელაშვილმა თქვა, „ხალხში უნდა გავიდეს პირველი მდივანიო“, და ვაპირებდი კიდეც… მაგრამ, კატეგორიულად დამიშალეს კოლეგებმა და ძალოვნებმა“, — თავს იმართლებს იგი, მაგრამ იქვე „ჭირი თავს არ მალავს“: — „ჩვენთვის მიუღებელი იყო მომიტინგეთა მოთხოვნა და როგორ დავმდგარიყავი მათ გვერდში?“

ხედავთ?! გესმით?!

და რას ითხოვდნენ მომიტინგეები?

გავიხსენოთ მაშინდელი ლოზუნგები: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“ „მოვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობას!“, „საქართველოდან გაყვანილ იქნეს საოკუპაციო ჯარები!“

მომიტინგეთა ეს მოთხოვნები იყო მიუღებელი საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივნისთვის?!

სხვათა შორის, აქვე აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტიც: 1995 და 2000 წლების საპრეზიდენტო არჩევნების ორი მთავარი პრეტენდენტიდან (შევარდნაძე და პატიაშვილი) საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმში არც ერთს მონაწილეობა არ მიუღია. კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ამ რეფერენდუმში მესამე პრეზიდენტი სააკაშვილიც არ მონაწილეობდა.

ესეც საქართველოს ბედისწერა — დამოუკიდებელ საქართველოს წლების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ და ხელმძღვანელობენ ის ადამიანები, რომელთათ ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ამ ბრძოლის გვირგვინი — რეფერენდუმის დღე ერთი ჩვეულებრივი, უქმე დღე იყო და არა უმნიშვნელოვანესი მომენტი მათ ცხოვრებაში.

ახდა ჩემი გულსაკლავი წინათგრძნობაც, 2009 წელს რომ აღმომხდა: ქვეყნის მომავალ ხელმძღვანელადაც, სამწუხაროდ, ის ადამიანი მოგვევლინა, რომელიც ამ რეფერენდუმში არ მონაწილეობდა და რომლისთვისაც, შესაძლოა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლოზუნგები ისევე მიუღებელი იყო, როგორც მისი წინამორბედებისთვის.

გადადგომა მინდოდა და არ დამანებესო, — თავის მართლებას ცდილობს პარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი, რომელიც 1989 წლის 8 აპრილს ხელს აწერს ცეკას ბიუროს დადგენილებას. „სრულიად საიდუმლო“ გრიფით მიღებული დადგენილება სრულიად ნათლად გვიჩვენებს ბიუროს წევრთა იმდროინდელ განწყობას.

დადგენილების პირველსავე პუნქტში ვკითხულობთ, რომ მრავალათასიანი არასანქცირებული მიტინგის მონაწილეთაგან მთავრობის სასახლისწინა მოედნის გასათავისუფლებლად მილიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებთან ერთად უნდა გამოეყენებინათ საბჭოთა არმიის ქვედანაყოფები.

ეს ქვედანაყოფები რა „ზომებსაც“ მიმართავდნენ მომიტინგეთა გასარეკად, ძნელი მისახვედრი არ იყო, მაგრამ გაიხსენეთ: „ჩვენთვის მიუღებელი იყო მომიტინგეთა მოთხოვნაო“, — ბრძანებს საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი.

თავს უფლებას ვერ მივცემ, ემოციური ბრალდებები გამოვთქვა. მით უფრო, რომ ჯუმბერ პატიაშვილი (აღარაფერს ვამბობ ცეკას და ბიუროს სხვა წევრებზე!) დიდი პოლიტიკური თამაშის, დიდი საჭადრაკო დაფის მხოლოდ ერთი, შეიძლება თქმა, გასაწირად გამეტებული ფიგურა იყო.

მას სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული და ამიტომაც განაცხადა 2009 წლის საპროტესტო აქციებისას: „ვიდრე ტრაგედია დატრიალებულა, და ამის საფრთხე ნამდვილად არის, სააკაშვილი უნდა გადადგეს! ნუ გაიმეორებს ჩემს შეცდომას და ტრაგედიამდე გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მე, მართალია, მაშინვე, მაგრამ მაინც ტრაგედიის შემდეგ გადავდგი, თორემ საქართველო დაიღუპება! სააკაშვილის გადადგომა ერთადერთი გამოსავალია დღეს!“

არ გადამდგარა, მაგრამ 2012 წელს მაინც მოუწია ძალაუფლების დათმობა. 2013 წელს ქვეყანაც დატოვა. 2014 წელს კი მსოფლიოში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა – საქართველოს პრეზიდენტყოფილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და იმ ქვეყნის მოქალაქეობა დაკარგა, რომლის მთავარსარდალიც იყო 10 წლის განმავლობაში!

და საქართველო არ დაღუპულა!

„სულიერი აღდგომა უკვე დაწყებულია“, — ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2009 წლის 11 აპრილს, ლაზარეს სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას წარმოთქვა.

აღდგომა ჯვარცმას მოსდევს.

არაერთგზის ჯვარცმული საქართველო აღდგომას ელის. ეს დღეც დადგება.

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here