Home რუბრიკები საზოგადოება 3 ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში სამმა “პრორუსულად” განწყობილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

3 ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში სამმა “პრორუსულად” განწყობილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

512

8 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი გახდა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. 13 ნოემბერს კი საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ორ ქვეყანაში ჩატარდა _ მოლდოვასა და ბულგარეთში. ორივეგან გაიმარჯვა პრორუსმა კანდიდატმა: მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა, ხოლო ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 53 წლის გადამდგარმა გენერალმა რუმენ რადევმა მოიპოვა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პრორუსი კანდიდატი “სოციალისტური პარტიიდან” იგორ დოდონი და მემარჯვენე პროევროპული პარტიიდან მაია სანდუ. მოლდოვაში ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოს 1996 წელს აირჩია. იგორ დოდონმა წინასაარჩევნოდ განცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსწონს და სურს, პუტინის მსგავსი პოლიტიკა განახორციელოს. “ვფიქრობ, ეს კომპლიმენტია ჩემთვის”, _ განაცხადა დოდონმა რადიო “თავისუფლების” ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის გააძლიერა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი. “ბუნებრივია, ასევე მინდა, რომ მოლდოვაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხალხს მისი მომავლის სჯეროდეს, როგორც რუსებს რუსეთის მომავლის სჯერათ”, _ განაცხადა იგორ დოდონმა, რომელიც პირველ ვიზიტს მოსკოვში გეგმავს.

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური, სოციალისტური პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა რუმენ რადევმა გაიმარჯვა. ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა რადევის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გადადგება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა. რუმენ რადევი ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალია. წინასაარჩევნო კამპანიისას რუსეთისთვის სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს. ბულგარეთი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა. მის მთავრობას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.

აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიებსა და დებატებში აშკარა სიმპათიით საუბრობდა ვლადიმერ პუტინზე. ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. “ახალარჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს”, _ განაცხადა ნიუ იორკის ყოფილმა მერმა ჯულიანიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here