Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტში ის უნდა ავირჩიოთ ვისაც ავტორიტეტი აქვს და ვენდობით

პარლამენტში ის უნდა ავირჩიოთ ვისაც ავტორიტეტი აქვს და ვენდობით

512

საპარლამენტო არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს კიდევ ერთი ისტორიული არჩევანი. 8 ოქტომბერს მოსახლეობის აქტიურობაზე და არჩევანზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარების, საშინაო თუ საგარეო კურსის პერსპექტივები. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და წარსულის მქონე პარტიებსა და ცალკეულ პიროვნებებს ექნებათ მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ მხრივ რა თქმა უნდა არც ჩვენი რეგიონი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთია გამონაკლისი. ჩვენს რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ყველა პარტიიდან, მათ შორის პატრიოტთა ალიანსიდან არის ემზარ კვიციანი.

როდესაც ამა თუ იმ პარტიას თუ პიროვნებას აქვს სურვილი სარგებლობდეს მოსახლეობის მხარდაჭერით და ეწოდოს ხალხის რჩეული პარლამენტში, მაშინ მის ბიოგრაფიაში უნდა იყოს ისეთი ეპიზოდები, სადაც ქვეყნისთვის უანგაროდ უმსახურიათ. საკუთარი ხალხის მიმართ ერთგულება გამოუჩენიათ.

ორიოდე სიტყვით შევახსენოთ საკუთარ თავს და სრულიად საქართველოს, თუ ვინ არის ემზარ კვიციანი, რა ბრძოლები აქვს გადატანილი აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისათვის და რა სისხლის ფასად დაუჯდა მას მშობლიური კოდორის ხეობის შენარჩუნება. სწორედ იმ კოდორის ხეობისა, რომლის შემდგომში მტერზე გადაფორმებასაც იმდენივე დრო მოანდომეს ქვეყნის გამყიდველმა ძაღლიშვილებმა, რა დროც სჭირდება ერთოთახიანი ბინის ნოტარიუსში გადაფორმებას.

მაშინ როდესაც ერთიმეორის მიყოლებით ვკარგავდით ტერიტორიებს, დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი (მართალია დროებით, რადგან ქართველი კაცი ამას არასოდეს შეეგუება), კოდორის ხეობა იყო ბოლო იმედი, ქვეყნის უკანასკნელი ფორპოსტი, სადაც მტერმა, დიდი მონდომების მიუხედავად ფეხი ვერ შედგა. მაშინ, როდესაც დგახარ უზარმაზარი ძალის პირისპირ, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად და ქვეყანას ამხელა საქმეს გაუკეთებ, ანუ ტერიტორიაზე მტერს არ შემოუშვებ _ ეს გმირობის ტოლფასია. ეს ფაქტიურად მტერზე გამარჯვებას ნიშნავდა ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, ამას ხომ მთელი სოფელი ადევნებდა თვალს. ეს ხომ არ დაგეგმილა სადმე თბილ კაბინეტებში, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირული ბრძოლების შედეგი იყო. როგორც დავითმა დიდგორის დროს მოისპო უკან დასახევი გზა, ასევე სვანებმაც, ხატზე დაფიცებით, რომ მტერს თავს შეაკლავდნენ და ხეობაში არ შემოუშვებდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ იერიშები იყო როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან _ მათ ეს სიტყვა შეასრულეს. ყოველივე ამის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კი იყო ემზარ კვიციანი. ამიტომ ის არის გმირი და მას ყველა ნორმალური მთავრობის დროს სათანადო პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. ნაცვლად ამისა, როგორ მოექცნენ მას: დაუწყეს დევნა, შევიწროება, როგორც დამნაშავეს და გახდა იძულებული ქვეყანა დაეტოვებინა. ხოლო რაც კი ებადა, ყველაფერი წაართვეს. ორ დღეში კი ბრძოლით და სისხლით შენარჩუნებული ხეობა მტერს უბრძოლველად დაუთმეს. ემზარი მათ ამის საშუალებას არ მისცემდა, ამიტომაც მოიცილეს. როდესაც ვერ მისწვდნენ მას, დევნა დაუწყეს მის ოჯახის წევრებს. როგორ მოექცნენ მის დას, ქალბატონ ნორას, ამ გმირ ქალს, რომელსაც 6 წელი ციხე მოახდევინეს და რისთვის, სამშობლო უყვარს მათ ოჯახს და იმიტომ. მაგრამ ისინი ვერც გარეშე და ვერც შინაურმა მტერმა ვერ გატეხა, ყველა განსაცდელი ღირსეულად გადაიტანეს და კვლავაც ძველებურად დგანან ქვეყნის სამსახურში.

ემზარ კვიციანი მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილია მაჟორიტარობის კანდიდატად, მას კვლავაც შეუძლია ემსახუროს საკუთარ ხალხს, ამჟამად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ხელისუფლებაში სწორედ მისნაირი ადამიანები უნდა იყვნენ. ადამიანი, რომელიც ქვეყანას უკიდურესი განსაცდელის ჟამს ზურგს არ შეაქცევს, არ უღალატებს, ის სხვა დროსაც მუდამ ერთგული იქნება საკუთარი ხალხის. მას პირადი ცხოვრების მაგალითზე აქვს ეს დამტკიცებული, რადგან ქვეყნის ტკივილი საკუთარი მხრებით აქვს ნატარები. ამიტომ დიდია ქვეყანაში მისი ავტორიტეტი და მისი ნდობა შეიძლება.

ხოლო ვის ექნება მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და ვინ გახდება ხალხის რჩეული ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ამას რა თქმა უნდა რეგიონის მოსახლეობა გადაწყვეტს.

ზურაბ ზურაბიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here