Home რუბრიკები ბლოგი ამათ მაინც არაფერი ეშველებათ! _ მეცნიერთა სენსაციური დასკვნა

ამათ მაინც არაფერი ეშველებათ! _ მეცნიერთა სენსაციური დასკვნა

621

მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში ერთობ უცნაური მოვლენა შეინიშნება. უფრო ზუსტად, ეს მოვლენა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სოციოლოგიაშია შენიშნული. კერძოდ _ ყველა ის პარტია, რომლებსაც აქვთ საკმაო ფინანსები, თვითონ ატარებენ სოციოლოგიურ გამოკვლევას და ყოველი მათგანი ამ სოცილოგიური გამოკვლევების შედეგად ასკვნის, რომ მომავალ პარლამენტში თვითონ მოვა უმრავლესობით.

ანუ თითეული ეს პოლიტიკური პარტია აკეთებს პროგნოზს, რომ უახლოეს არჩევნებში ამორჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თითოეული მათგანი, სულ ცოტა, ხმათა 60 პროცენტის  მოპოვებას გარანტირებულად მიიჩნევს.

თუ გავიხსენებთ, რომ ასეთი პარტიები, რომლებსაც სოციოლოგიური კვლევისთვის საკმარისი თანხა აქვთ, ანუ რომლებიც საკუთარ თავს ძირითად პარტიებს უწოდებენ, სულ ცოტა, ოთხი მაინც არის. გამოდის, არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის 240-მა პროცენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ყველა ამ პარტიას ხმების 60-60 პროცენტი შეხვდეს.

ასეთ მოვლენას ყურადღება მიაქციეს ფსიქოლოგებმა და გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ერთგვარი ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ექსპერიმენტი. კერძოდ, ამ ექსპერიმენტის ჩატარების მიზეზი შეიქნა ოთხი ე.წ. ძირითადი პარტიის პირველი პირების განცხადებები, რომ მისი პარტია ნამდვილად უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში.

ფსიქოლოგების მიზანი იყო, დაედგინათ, რა ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირთ ამ ლიდერებს,  ასეთ შეუსაბამო განცხადებებს რომ აკეთებენ და ეშველებათ თუ არ მათ რამე.

ექსპერიმენტის დამგეგმავებმა გაიხსენეს, რომ პროგნოზზე დამყარებული ყველაზე ფართოდ გავრცელებული თამაში არის ჯოკერი, ანუ ამ თამაშში მონაწილეები, დარიგებული ბანქოს ქაღალდის მიხედვით აკეთებენ ერთგვარ პროგნოზს, რამდენ “ვზიატკას” აიღებენ და შემდეგ იწყებენ თამაშს. იგებს ის, ვისი პროგნოზიც გაამართლებს, ანუ ვინც ნამდვილად იმდენ კარტს აიღებს, რამდენის პროგნოზიც გააკეთა.

ამ საიდუმლო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ფსიქოლოგებმა ბიძინა ივანიშვილი, მიშა სააკაშვილი, ირაკლი ალასანია და პაატა ბურჭულაძე დაითანხმეს. ექსპერიმენტი გასაიდუმლოებულ ადგილას მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებში ჩატარდა და ძალიან მალე დასრულდა.

როგორც ჩვენმა “მოსკანდალე” კორესპონდენტმა გაარკვია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მონაწილეებისთვის მხოლოდ “ცხრიანების პულკა” შეეთავაზებინათ და დაკვირვებოდნენ, ვინ უფრო რეალურ და საკუთარი ბანქოს შესაბამის “ვზიატკას” იტყოდა, ანუ რომელი მათგანი იქნებოდა უფრო ადეკვატური პროგნოზებში.

თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ექსპერიმენტი პირველივე დარიგებაზე შეწყდა, რადგან ოთხივე მონაწილემ “ცხრა ჩემიო” დაიძახა და თავდაჯერებული სახით შეხედა მოწინააღმდეგეებს. ეგ კიდევ არაფერი, ცოტა ხანში, ოთხივემ დაიწყო მტკიცება, _ ორივე ჯოკერი მე მაქვსო, ძმაო, და თქვენ ცხრას სიდან და რის იმედზე იძახითო?!

ექსპერიმენტის ორგანიზატორები შეეცადნენ, გაერკვიათ, კერძოდ, რომელ მონაწილესთან იყო რეალურად ჯოკრები, რათა ამის მიხედვით მაინც დაედგინათ მათი მეტ-ნაკლები შესაბამისობა რეალობასთან, თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მონაწილეებმა გაბრაზებისგან კარტები ერთმანეთს სახეში მიაყარეს და უკვე შეუძლებელი იყო გარჩევა, ვის რა კარტი ჰქონდა.

საბოლოოდ, ფსიქოლოგების დასკვნით, ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან ფსიქლოგიური კვლევის ობიექტები და ისინი საკვლევად ფსიქიატრებთან არიან გადასაყვანნი.

ამიტომ ეს მკაცრად გასაიდუმლოებული ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ექპერიმენტი შეწყდა და ახლა ორგანიზატორები იმაზე ფიქრობენ, ღირს თუ არა მისი გაგრძელება, ამჯერად უკვე ფსიქიატრების მონაწილეობით?

ვფიქრობთ, ამას აზრი არ აქვს, რადგან ეს ადამიანები ისე არიან გაბერილი ამბიციებით, ბოღმით, ამპარტავნობითა და ნარცისიზმით, რეალობის განცდა დაკარგეს და ნებისმიერი ექსპერიმენტი დროის ტყუილი კარგვა გამოვა, ამათი საშველი მაინც არ იქნებაო, _ ამბობს მეცნიერთა უმეტესობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here