Home რუბრიკები ბლოგი ალტერნატიული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური კონტურები

ალტერნატიული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური კონტურები

12442
ალტერნატიული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური კონტურები

ქართული პოლიტიკური სივრცე ღარიბია კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკური პარტიებით. პოლიტიკურ სისტემაში მოქმედი პარტიული ორგანიზაციების უმრავლესობა, გაცხადებული ღირებულებითი კუთვნილებიდან გამომდინარე, ლიბერალური იდეოლოგიური ორიენტაციისადმი ერთგულებას ავლენს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თავიანთ თავს ვის მხარდამჭერებად აცხადებენ _ ლიბერალიზმის მემარჯვენეცენტრისტული თუ მემარცხენეცენტრისტული განშტოებების. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მათ მსოფლმხედველობრივი ორიენტირის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ქართული პარტიების სურვილი, მოხდეს საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში _ ნატოსა და ევროკავშირში.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები და, აგრეთვე, მათი წარმომადგენლები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, იდეოლოგიურ კუთვნილებაზე საუბრისას ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რომ შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება რომელიმე იდეოლოგიურ მიმდინარეობასთან. ეს მოცემულობა ქართველ ელექტორატში იწვევს გაურკვევლობას, დეზორიენტაციას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ნიჰილისტურად განაწყობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისადმი და, საზოგადოდ, პოლიტიკური პროცესებისადმი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქართველ საზოგადოებაში იკვეთება მოთხოვნა, ჩამოყალიბდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაეყრდნობა ლიბერალურ იდეოლოგიასთან მსოფლმხედველობრივ კონფრონტაციაში მყოფ იდეოლოგიურ მიმდინარეობებს. სანამ უშუალოდ გამოვკვეთდეთ ალტერნატიული პოლიტიკური პარტიისთვის აუცილებელ იდეოლოგიურ პარადიგმას, მიზანშეწონილი იქნება, მიმოვიხილოთ ის კრიზისული პროცესები, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში ახლავს ლიბერალურ იდეებს და ლიბერალურ პოლიტიკურ ფილოსოფიას.

პოლიტიკური იდეები და პოლიტიკური ფილოსოფია ფასდაუდებელ ფუნქციას ასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. პოლიტიკური ფილოსოფია იყო ის ნორმატიული ბაზა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა სოციალური და პოლიტიკური სისტემების კონსტრუირება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობდა სოციალური განვითარების ერთი საფეხურიდან გადასვლას მეორე, უფრო მაღალ საფეხურზე, დამახასიათებელი იყო მანამდე გაბატონებული პოლიტიკური იდეების კრიზისი.

როგორც ადრე, ყოველ გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური თეორიებისთვის დამახასიათებელი იყო პერიოდული კრიზისი, რომელიც დღევანდელ ეპოქაშიც აშკარად შეიმჩნევა. სრული დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თანამედროვე ეპოქაში საზოგადოებების სრულმა ლიბერალიზაციამ, შეგნების მკვეთრმა ინდივიდუალიზაციამ და სეკულარიზაციის მასობრივმა პროცესმა დომინანტური პოლიტიკური თეორიები და იდეები გლობალური მასშტაბით მიიყვანა ღრმა კრიზისამდე და ხშირად მათი დანერგვა-იმპლემენტაციის პროცესი წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივ მოთხოვნებთან. ეს პროცესი ასახვას ჰპოვებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, რაც თავისთავად აისახება პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციობასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთერთქმედებაზე.

XX საუკუნის 90-იანი წლების პირველ ეტაპზე დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში (და არა მხოლოდ) სჯეროდათ, რომ გაიმარჯვა ლიბერალურკაპიტალისტურ პლატფორმაზე მდგარმა პოლიტიკურმა იდეებმა და მის პრინციპებზე ფორმირებულმა საზოგადოებრივმა წესრიგმა. მათი გათვლებით, ამას უნდა გამოეწვია არალიბერალურ სახელმწიფოებში იმ სოციალური სისტემებისა და სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების გავრცელება და დანერგვა, რომლებიც დაეფუძნებოდა გამარჯვებულ ლიბერალურ სოციალურ და პოლიტიკურ თეორიებს. საკუთრივ ამ ფაქტმა დასავლელი მოაზროვნეები და, კერძოდ, ფრენსის ფუკუიამა მიიყვანა “ისტორიის დასასრულისა” და პოსტისტორიის ერის დადგომის კონცეფციამდე. ამის არსს წარმოადგენდა ის, რომ დასავლურმა ლიბერალურმა ღირებულებებმა და მასზე დაშენებულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს, რომელიც, ამასთანავე, ნიშნავდა ლიბერალურ პოლიტიკურ იდეებზე აგებული სოციალური და პოლიტიკური სისტემების ფორმირების გარდაუვალობას. ამ პროცესს თავისთავად უნდა გამოეწვია, როგორც სახელმწიფოების, ასევე ინდივიდუალური კულტურული ორიენტაციის მქონე ადამიანების ჰარმონიული თანაარსებობა.

შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ გამარჯვებული დასავლური პოლიტიკური თეორიები და მიდგომები აღმოჩნდა პრობლემების წინაშე, როგორც არადასავლური, ასევე დასავლური ცივილიზაციის ფარგლებში ჩამოყალიბებულ საზოგადოებებში. ბევრი დასავლელი ინტელექტუალის აზრით, კრიზისის მიზეზს წარმოადგენენ ცივილიზაციათა შორის ურთიერთობებისა და ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი, განსხვავებული სოციო-კულტურული ტიპები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომები აქვთ, როგორც ადამიანის ცხოვრების მიმართ, ასევე ზნეობრივ-მორალურ საწყისებზე. ამას დიდად შეუწყო ხელი გლობალური, ულტრალიბერალური ძალებისა და მათი ინტერესების გამტარი პოლიტიკური ელიტის ძალისხმევამ, შეესუსტებინათ ეროვნული სახელმწიფოს პოზიციები. საიდუმლო არავისთვისაა, რომ სხვადასხვა ცივილიზაციის ფარგლებში არსებულ ერებსა და მასზე დაშენებულ, ეროვნული სახელმწიფოების შიგნით მცხოვრებ სოციალურ ჯგუფებს გარემო პირობების განსხვავებული აღქმა აქვთ, ამიტომ ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა გააჩნიათ მორალისა და ადამიანის უფლებების მიმართ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლელი ინტელექტუალების, ფილოსოფოსების მიერ შემუშავებული პოლიტიკური იდეებისა და თეორიების გავრცელებამ, რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დღის წესრიგი, არადასავლურ რეგიონებში საზოგადოების ფართო მასების ცნობიერებაში სრული კრახი განიცადა, რადგან მათი მიდგომები და კონცეფციური ხედვები თუ მისაღები იყო დასავლურ საზოგადოებებში სოციალიზებული ინდივიდებისთვის, სრულიად მიუღებელი და ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა არადასავლურ საზოგადოებებში მცხოვრები ადამიანებისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოხდა ისე, რომ დასავლურმა ლიბერალურმა პოლიტიკურმა ფილოსოფიამ ვერ გაუგო არადასავლური ცივილიზაციის წიაღში აღზრდილი და სოციალიზებული ადამიანების ბუნებას, რომელმაც, თავის მხრივ, გააღრმავა მიმდინარე საზოგადოებრივპოლიტიკური პრობლემები.

თუ ჩვენ მივუდგებით პოლიტიკურ თეორიას, როგორც ნორმატიულ და საბაზისო ჩარჩოს, საზოგადოებრივი სტრუქტურების ფუნქციონირებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ურთიერთქმედებისთვის, მაშინ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი, დიდი ალბათობით, იძულებული იქნება, გადახედოს, გადააფასოს და მოახდინოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები პოლიტიკური იდეებისა და თეორიების კონცეპტუალიზაცია, რომელიც სასარგებლო იქნება საზოგადოებრივი სტრუქტურების ნორმალური და გონივრული ფუნქციონირებისთვის. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სოციალურმა და პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ და საზოგადოებების დემოკრატიზაციის დასავლურმა მიდგომამ უკუეფექტი გამოიღო, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულ პოლიტიკურ სივრცეში ადგილობრივი ღირებულებების, ეროვნული მენტალიტეტის გაგებისა და გათვალისიწინების გარეშე, დასავლური ცხოვრების სტანდარტებისა და პოლიტიკური თეორიული ნორმატივების იძულებითმა დანერგვამ, მისი არადასავლური საზოგადოებებისთვის იძულებითმა თავს მოხვევამ იგი კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ დასავლური პოლიტიკური თეორიებით შეიარაღებული და დასავლელი კონსულტანტებით ზურგგამაგრებული ადგილობრივი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის ძალისხმევამ, მოეხდინათ ადგილობრივი საზოგადოების ტრანსფორმაციაგარდაქმნა,სრული კრახი განიცადა. ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობდა და დღესაც ხორციელდება ულტრალიბერალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეების ტოტალური დანერგვით, რომელიც ხშირად პოლიტიკური კლასის მიერ ხორციელდება ვოლუნტარისტულად, ადგილობრივი პირობებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. თვით დასავლური პოლიტიკურ-სამართლებრივი გაგებითაც ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის დანერგვის პროცესი (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში) მიმდინარეობდა ადამიანის უფლებებისა და პირადი ღირსების შელახვით და უხეში დარღვევით. ზუსტად ამ პროცესმა შეუწყო ხელი ქვედა ფენის, ანუ არაელიტის კონსოლიდაცია-მობილიზაციას მმართველი კლასის წინააღმდეგ, რაც დასრულდა კიდეც “ქართველი რეფორმატორული ელიტის” სრული მარცხით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

აქვე აუცილებელია, აღინიშნოს, რომ დასავლურ სამყაროშიც შეიმჩნევა თანამედროვე პოლიტიკური იდეების კრიზისი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან: 1. დასავლური პოლიტიკის თეორეტიკოსებმა, რომელთა იდეები ეფუძნება ლიბერალურ თეორიულ მიდგომებს, ყურადღება არ მიაქციეს იმ მთავარ ლიბერალურ პრინციპებს, რომელთა ფუნდამენტზეც დგას ეს თეორიები, კერძოდ, მის ინდივიდუალისტურ ბუნებას, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებების ფრაგმენტაცია, მკვეთრად დაყოფილ და ეგოიზმზე დაფუძნებულ ატომიზებულ ინდივიდუუმებად. ეს კი თავისთავად წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა მსოფლიოში ეროვნული სახელმწიფოების დემონტაჟისკენ მიმართულ საქმეში, რომლის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ერების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და სუვერენული სახელმწიფოების არსებობასაც, მოდერნისტული გაგებით. აღნიშნული არის მიზეზი, რომელმაც გამოიწვია დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მარჯვნიდან, ანუ კონსერვატიული იდეოლოგიური პლატფორმიდან წინააღმდეგობის გაწევა ულტრალიბერალური სოციალური მოდელისთვის. ამ ყველაფერმა ბიძგი მისცა საზოგადოებრივი წესრიგის კრიზისს, რომელიც ეფუძნებოდა ულტრალიბერალურ და ულტრა-მოდერნისტულ თეორიებს; 2. ლიბერალიზაციისა და ინდივიდუალიზაციის პროცესმა ასევე მისცა სტიმული საზოგადებების არანორმალურ და შეუზღუდავ ფინანსურ კაპიტალიზაციას, რომელმაც შექმნა ეკონომიკურ-მატერიალური თვალსაზრისით საზოგადოებების მკვეთრი იერარქია, რომელმაც ფინანსური კაპიტალისა და სახელმწიფო რესურსების გადაქაჩვა გამოიწვია საზოგადოების ზედა ფენებში. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ხელი შეუწყო საზოგადოების მდიდარი უმცირესობის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას.

ჩემ მიერ აღწერილი პროცესი შეიძლება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში იმ დოზით და მასშტაბებით არ ჩანდეს, როგორც საქართველოში, თუმცა ბევრი დასავლელი ინტელექტუალი ამაზე პირდაპირ მიუთითებს.

ზემოთ გადმოცემული ანალიზიდან ნათლად იკვეთება ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული და დასავლეთში დღემდე მოქმედი სოციალური და პოლიტიკური სისტემები გადახურების მდგომარეობაშია. ეს ეფუძნება მიმდინარე ფაქტობრივ მონაცემებს, რომლებზე დაყრდნობითაც ჩანს ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარცხენე იდეების ზრდის ტენდენცია ევროპის კონტინეტზეც. თუ ჩვენ განვაზოგადებთ მიმდინარე პროცესებს უფრო გლობალურ ფარგლებში და გავცდებით ევროპას, მაშინ ეტაპობრივად მოხდება იმ იდეებისა და იდეოლოგიური მოდელების გარდაუვალი აღმავლობა, რომლებიც ლიბერალური იდეოლოგიის პარადიგმის გარეთ არის მოქცეული და მომავალში ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ფორმირებისას.

მსოფლმხედველობრივი ცვლილების ტენდენციის გაანალიზების შემდეგ, სადაც იკვეთება თანამედროვე ლიბერალური პოლიტიკური თეორიის ღრმა კრიზისი, რომელიც ურთიერთდაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასთან, ჩვენ შეგვიძლია ერთი დასკვნის გაკეთება: ის სოციალური და პოლიტიკური თეორიული მოდელები, რომლებიც ეფუძნება ულტრალიბერალურ იდეოლოგიურ პლატფორმას, როგორც ჩანს, ახლო მომავალში სრულიად მიუღებელი გახდება ბევრ ქვეყანაში საზოგადოებების უმრავლესობისთვის, ამიტომ, თუ ლიბერალური პოლიტიკური თეორიები გამოუსადეგარი იქნება, უნდა დავსვათ შეკითხვა: რომელი იდეოლოგიური მიდგომა იქნება ჩვენთვის უფრო მისაღები?

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელობა გახდება ის ეპოქა, რომელშიც გაიზრდება ანტიგლობალისტური ტენდენციები და შესაბამისად მოიმატებს მოთხოვნა ანტილიბერალურ პოლიტიკურ თეორიებზე. თუ პირდაპირ ვიტყვით: ეს იქნება კონსერვატიული და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეების აღმავლობის ეპოქა. პირველ რიგში, როგორც დასავლურ ნახევარსფეროში, ასევე მის ფარგლებს მიღმა საზოგადოებებში არსებული სოციალური წესრიგი დაეფუძნება მემარჯვენე პოლიტიკურ იდეებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომ უახლოეს მომავალში თანამედროვე ლიბერალური პოლიტიკური იდეები, ისევე, როგორც ლიბერალურ ეკონომიკაზე დაფუძნებული სოციალური მოდელები, აღმოჩნდება ძალიან დიდი კრიზისის წინაშე, რადგან უკვე ვეღარ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს. ამიტომ უპრიანია, მომავალში ალტერნატიული პოლიტიკური პარტიის სტრუქტურების აგება დაეყრდნოს კონსერვატიული და სოციალისტური იდეების სინთეზირების ბაზაზე შექმნილ იდეოლოგიურ პლატფორმას.

ამ ორი პოლიტიკური მიმდინარეობის თეორიული დაახლოების პროცესი არც ისე რთულია, ვინაიდან მათი იდეოლოგიური მიდგომები გარკვეულ საკითხებში იდენტურია. კერძოდ, განსხვავებით ლიბერალიზმისგან, ორივე პოლიტიკური თეორია აღიარებს კოლექტივის უპირატესობას ინდივიდზე. თუ სოციალიზმის ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას მუშათა კლასის კოლექტიური ინტერესები, კონსერვატიზმის შემთხვევაში მისი უმთავრესი იდეოლოგიური ფუნქციაა, დაიცვას ერის, როგორც კოლექტიური ერთობის, და სხვა ტრადიციული სოციალური ჯგუფების ინტერესები. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია პროლეტარიატის დაცვის პრინციპის გადატანა ტრადიციულ, კოლექტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებზე.

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, დარწმუნებით აღვნიშნოთ, რომ ორი იდეოლოგიური პარადიგმის სინთეზირების საფუძველზე შექმნილ თეორიულ მოდელს შესწევს უნარი, არსებული კრიზისიდან გამოიყვანოს როგორც დასავლური, ისე არადასავლური საზოგადოებები. შესაძლოა, რომ სხვადასხვა ცივილიზაციურ წიაღში ფორმირებულ საზოგადოებებში ერისა და კონსერვატიული მიდგომების გაგება იყოს განსხვავებული, მაგრამ მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესია ის, რომ დაცული და შენარჩუნებული იქნას ის ტრადიციული კულტურული და სულიერი ღირებულებები, რომლებიც კულტურული დომინანტის როლს ასრულებს ამა თუ იმ ერსა და ეთნიკურ ჯგუფში.

ამდენად, ზემოთ მოცემული ანალიზიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საზოგადოებრივი დაკვეთა დაეყრდნობა, კონსერვატიული და სოციალისტური იდეების შერწყმის საფუძველზე კონცეპტუალიზებულ და მის ბაზისზე შექმნილ იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარ პოლიტიკურ პარტიებს; ამიტომ დროა, ქართველი საზოგადოების პატრიოტი ნაწილი დაფიქრდეს ალტერნატიულ, არალიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიის შექმნის აუცილებლობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, ისტორიის მოცემულ ეტაპზე გადალახულ იქნას კულტურული და ეროვნული იდენტურობის ის კრიზისი, რომელშიც ღრმად არის ჩაფლული ქართველი საზოგადოება და რომლისკენაც მიაქანებს მას თანამედროვე საქართველოში გაბატონებული პოლიტიკური და ინტელექტუალური კლასი.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here