Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და...

სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და გაუგებრობის სათავე

890

1937 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მორიგ პლენუმზე სამუშაო დრო ძირითადად დაეთმო თავისუფალი არჩევნების საკითხს, რომელზეც გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა რეფორმატორებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის.

სტალინის მომხრეთაგან ლენინგრადის საოლქო და საქალაქო პარტიის ორგანიზაციის მეთაური ანდრეი ჟდანოვი თავგამოდებით იცავდა სტალინის ინიციატივას, მაგრამ არ ცხრებოდნენ ანტირეფორმისტები.

კომპარტიის დასავლეთ ციმბირის სამხარეო კომიტეტის პირველმა მდივანმა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა რობერტ ეიხემ დაუფარავად განაცხადა: “საარჩევნო ბრძოლის დროს ჩვენ შევხვდებით მტრის ნარჩენებს, ამიტომ შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ, რომელ მტრებთან მოგვიწევს შეხვედრა და სად არის მათი კერა”.

ეიხეს ეს სიტყვები სულ სხვა მხრიდან მოდიოდა და აშკარად სტალინის საწინააღმდეგო ლოზუნგი იყო, რომელიც მტრებს იქ ეძებდა, სადაც არ იყვნენ. ძალაუნებურად წინ წამოიწია ტროცკის მიერ სტალინის მიმართ წამოყენებული ბრალდება, რომელიც სტალინზე მიანიშნებდა, როგორც “რევოლუციის მესაფლავეზე”. ეს კიდევ არაფერი, კამათში რომ არ ჩაბმულიყო ასევე ტროცკის იდეებით ნასაზრდოები ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც იმავე პლენუმზე, იმავე ტრიბუნიდან განაცხადა:

“ადგილი აქვს მტრული ძალების გამოცოცხლებას ქალაქსა და სოფლად. ჩვენთან, რიაზანში, დიდი ხანია, გამოვლენილია ესერების ჯგუფი, რომელიც ასევე ემზადება, როგორც ახლა უწოდებენ, არჩევნებისათვის ახალი კონსტიტუციის საფუძველზე”.

ტრიბუნაზე გამოსული “ძველი გვარდიის” წარმომადგენლები გაიძახოდნენ, რომ ქვეყანამ გადაუხვია ლენინური პრინციპებიდან, პროლეტარიატის დიქტატურა უგულებელყოფილია და შეცვლილია ბურჟუაზიული ფასეულობებით, მაგრამ ლენინის მიერ გამოწრთობილი ბოლშევიკების პარტია პოზიციებს ასე ადვილად არ დათმობდა. ყველა სიტყვა და გამოსვლა სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული. რეფორმების მომხრე საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ მოლოტოვი ამაოდ ცდილობდა, დაეწყნარებინა პლენუმის აბობოქრებული მონაწილეები, რომლებსაც სისხლი სწყუროდათ და თავიანთი სკამებისა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად მზად იყვნენ, თუნდაც არჩევნების გზით გზიდან ჩამოეშორებინათ თვით სტალინი.

 მოლოტოვი პლენუმზე განმარტავდა:

“საკითხს ხშირად ასე სვამენ: თუ ყოფილი ტროცკისტია, არ შეიძლება მასთან საქმის დაჭერაო. არ არის ეს სწორი. ჩვენ მივდივართ ყოფილი ტროცკისტების გამოყენების გზით და ამაში არ შევმცდარვართ”.

მაგრამ ანტირეფორმატორებს და მამალ ტროცკისტებს შერიგება და მეორე პლანზე ყოფნა არ სურდათ _ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ. სტალინისთვის ლენინის გზიდან გადახვევა არ უნდა ეპატიებიათ.

დიდი ვნებათაღელვის შემდეგ პლენუმი თითქოს უშედეგოდ, მაგრამ მაინც სტალინის გამარჯვებით დასრულდა. სტალინი კვლავ განაგრძობდა დამოუკიდებელი არჩევნების საკითხის დამუშავებას. და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოაღწია მორიგმა პლენუმმა, რომელიც 1937 წლის 5 მარტს გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მხარს არ უჭერდა დემოკრატიულ არჩევნებსა და რეფორმებს, პარტიას და ხელისუფლებას კი კლასობრივი ბრძოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებდა, სტალინმა პლენუმის დასკვნით გამოსვლაში მაინც თავისი ხაზი გაატარა.

“პარტიული ორგანიზაციები გათავისუფლდებიან სამეურნეო საქმიანობისგან, მაგრამ ეს სწრაფად ვერ მოხდება. ამისათვის აუცილებელია დრო. უნდა დაკომპლექტდეს სოფლის მეურნეობის ორგანოები, მათ უნდა მივცეთ საუკეთესო ადამიანები. მრეწველობა უფრო მტკიცედ არის აწყობილი და მათი ორგანოები არ მოგვცემენ შეცვლის უფლებას და ეს ძალიან კარგია. უნდა ავითვისოთ საბჭოთა და სამეურნეო ორგანოების ბოლშევიკური მმართველობა, კი არ უნდა ჩავენაცვლოთ მათ, არამედ მივეხმაროთ, განვამტკიცოთ და ვუხელმძღვანელოთ მათზე გავლით და არა მათი გვერდის ავლით.

ზოგიერთი ამხანაგი ფიქრობს, რომ, თუ ის სახალხო კომისარია, ყველაფერი იცის. ფიქრობენ, რომ ჩინი თავისთავად დიდ რამეს იძლევა, თითქოს ამომწურავ ცოდნას. ან ფიქრობენ, თუ ცკ-ის წევრი ვარ, ე.ი. შემთხვევით არ ვარ ცენტრალური კომიტეტის წევრი და ყველაფერი ვიციო. არ არის ეს სწორი, ჩვენ, მოხუცები, მალე გავდგებით განზე, სცენიდან ჩამოვალთ. ეს ბუნების კანონია და გვინდა, რომ გვყავდეს რამდენიმე ცვლა”.

აქ შეიძლება გამოტანილი ყოფილიყო დასკვნა, რომ სტალინურმა დემოკრატიულმა რეფორმებმა გაიმარჯვა და აქტიურად უნდა დაწყებულიყო ქვეყნის დემოკრატიული მართვის რელსებზე გადასვლა.

ბოლშევიკების ძველი გვარდია, რომელიც იმხანად პრივილეგიურ ბიუროკრატიას წარმოადგენდა, სტალინის მიერ შემუშავებულ საბჭოთა სახელმწიფოს დემოკრატიზაციის რეფორმაში ხელისუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს ხედავდა. ეს პირველმა გააცნობიერა აბელ ენუქიძემ, რომელიც ყველაზე ადრე გაეცნო სტალინის ჩანაფიქრის შინაარსს.

ამ საკითხში, აგრეთვე, გათვითცნობიერებული იყო კრემლის კომენდანტი, ანუ კრემლის დაცვის გარნიზონის უფროსი რუდოლფ პეტერსონი, რომელიც თავის დროზე ტროცკის დაცვის უფროსად მუშაობდა, მაგრამ მაინც ანდეს კრემლის კომენდანტობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტალინს ძველი, თავგამოდებული ტროცკისტების რეპრესიებიც კი არ ჰქონია განზრახული. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ლაზარ კაგანოვიჩის რეკომენდაციით ნიკიტა ხრუშჩოვი კომპარტიის მოსკოვის საოლქო კომიტეტის მდივნად დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე კაგანოვიჩმა ისიც უთხრა სტალინს, რომ ხრუშჩოვი ადრე ტროცკის აქტიური თანამებრძოლი იყო.

ამ წერილში მოთხრობილ ზოგიერთ ამბავს საფუძვლად უდევს ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის _ იური ჟუკოვის მიერ მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც მან რამდენიმე ათეული წლის მუშაობით აღმოაჩინა საბჭოთა კავშირის საიდუმლო არქივებში, მათ შორის, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს არქივში. მოპოვებული მასალების მიხედვით, ენუქიძემ და პეტერსონმა დაპატიმრებისთანავე საკუთარი ხელით დაწერეს და აღიარეს, რომ აპირებდნენ შეთქმულების მოწყობას, სტალინისა და მისი რეფორმატორული ჯგუფის დაპატიმრებასა და განადგურებას. ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა იან რუძუტაკიც _ მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე.

შეთქმულებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მოსკოვის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე ბორის ფელდმანი, მოსკოვის საჰაერო დაცვის უფროსი მიხეილ მედვედევი. დააპატიმრეს ლენინგრადის სამხედრო ოლქის უფროსის მოადგილე ვიტალი პრიმაკოვი. მათ სტალინის ლიკვიდაციის შემდგომ რუსეთის დროებით მმართველად უნდა გამოეცხადებინათ გენერალი ტუხაჩევსკი.

შეთქმულთა აზრით, სტალინი იყო რევოლუციის იდეების მოღალატე და ოპორტუნისტი, რადგან უარყო ოქტომბრის რევოლუციისა და ლენინის საქმის მთავარი მიზნები, რომლებიც გამოიხატებოდა იმაში, რომ ლენინისდროინდელი, 1922 წლის კონსტიტუციის საფუძვლების შეცვლა მოინდომა, კერძოდ _ დემოკრატიული პრინციპების მქონე არჩევნების სისტემის შემოღება. ბოლშევიკების მიერ კი დაწესებული იყო მრავალსაფეხურიანი არჩევნები და ღია კენჭისყრა, რათა, კომუნისტების გარდა, არავის შეძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. მხოლოდ ის რად ღირდა, რომ მუშებს ორი საარჩევნო ხმა ჰქონდათ, ხოლო გლეხებს _ ერთი. ექსპლუატატორთა კლასს მიკუთვნებულ ადამიანებს საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც ახალი კანონმდებლობით აღუდგინეს და უფრო მეტიც _ კანდიდატების წარდგენის უფლებაც მისცეს.

სტალინმა დღის წესრიგიდან ამოიღო მსოფლიო რევოლუციის იდეა და ხალხის ყურადღება გადაიტანა საბჭოთა სახელმწიფოს აღმშენებლობისა და გაძლიერებისკენ, რაც გამოიხატებოდა მოწინავე ინდუსტრიის შექმნასა და სუვერენული ეკონომიკის აღმავლობაში. ამას კი ბოლშევიკთა ძველი გვარდია რევოლუციის ამოცანების ღალატად მიიჩნევდა.

სტალინს დღეს რეპრესიების ორგანიზებას აბრალებენ, არადა, ამ ბრალდების საწინააღმდეგოა მისი ქმედება, როცა მან შინაგან საქმეთა კომისარიატი ძველი რევოლუციური კადრებისგან გაწმინდა. ეს ადამიანები კლასობრივი სიძულვილით იყვნენ გაჟღენთილნი, განათლება არ ჰქონდათ, ახალგაზრდობის წლებიდანვე მაუზერები დაიკიდეს და, ყოვლისშემძლეობის ფსიქოლოგიით აღვსილნი, მოქალაქეთა ტერორითა და დასჯით იყვნენ დაკავებულნი. ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს შესაქმნელად ამ კადრების შენარჩუნება სტალინისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, ეს მიზანი რომ ჰქონოდა დასახული, მაგრამ მან უკანონო რეპრესიებში მონაწილე პირები დასაჯა ან მასობრივად დაითხოვა ორგანოებიდან და მათ ადგილას მოიყვანა განათლებული და მორალურად სუფთა ადამიანები. მილიონნახევარი უკანონოდ რეპრესირებული ადამიანი კი გაამართლეს და გაათავისუფლეს სხვადასხვა სასჯელისგან და ეს მოხდა 1938 წლის ბოლოს და 1939-40 წლებში, როცა სტალინმა შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელობა ლავრენტი ბერიას ჩააბარა. ხრუშჩოვმა კი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია თავის დამსახურებად რომ გამოცხადებულიყო, სტალინის მმართველობის პერიოდში თითქმის ყველა მსჯავრდადებულის რეაბილიტაცია განახორციელა, თანაც ისე, რომ მათი საქმეები არ გამოქვეყნებულა, რათა არ გამჟღავნებულიყო ბევრი მათგანის დანაშაულებრივი ქმედებები. და დღეს ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ბაირახტარი ლიბერალები ცრემლს აღვარღვარებენ სწორედ იმ დამნაშავეთა მიმართ, რომლებმაც სასჯელი ღირსეულად დაიმსახურეს. მათ რიგებში იყვნენ ჰიტლერულ გერმანიასთან ომში მოღალატე ვლასოველები, სეპარატისტი ბანდერელები, კონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრები, ბოროტმოქმედთა უდიდესი არმია, კორუფციონერი ბიუროკრატები, მკვლელები, ბანდიტები, ქურდები, რომელთა მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის მიმართ იმ პერიოდში კანონი დახვრეტას ითვალისწინებდა, მაგრამ ბევრს უსჯიდნენ პატიმრობას სასჯელაღსრულების ზონებში, რომლებსაც შემდგომ ბანაკები უწოდეს და იქ მათ მიმართ შრომაგასწორების მეთოდებს იყენებდნენ. ასეთი სასჯელი კი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საზოგადოებას ზიანს მიაყენებს, სრულიად კანონზომიერია. მან საკუთარი შრომით უნდა აუნაზღაუროს ზიანი საზოგადოებას და სარგებელიც მოუტანოს.

იური ჟუკოვი ამბობს, რომ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში იყო ადმინისტრაციულ საქმეთა განყოფილება, რომელიც კურატორობდა სამართალდამცავ ორგანოებს. ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ოსიპ პიატნიცკი, კომინტერნის აქტიური წევრი, ანუ ტროცკის თანამოაზრე და, თანამდებობიდან გამომდინარე, პიატნიცკის რეკომენდაციის გარეშე ვერც ერთ მაღალ თანამდებობის პირს ვერ დასჯიდნენ. გორბაჩოვის ეპოქაში პოლიტბიუროს წევრი ალექსანდრე იაკოვლევი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა პიატნიცკის დახვრეტის გამო, მაგრამ ცენტრალური კომიტეტის ამ განყოფილების არქივს დღესაც ადევს გრიფი “საიდუმლო”, რადგან მისი გახსნის შემთხვევაში დოკუმენტურად დამტკიცდება, რომ მასობრივი რეპრესიების ორგანიზატორები იყვნენ სწორედ პიატნიცკი, ხრუშჩოვი, ეიხე და მაღალი თანამდებობის სხვა პირები. სხვათა შორის, სწორედ ეიხეს უთხრა სტალინმა ერთ-ერთ პლენუმზე მკაცრად და ირონიულად:

“დაგრჩა კიდევ ვინმე ხალხის მტერი დასახვრეტი?!”

თუ რეპრესიებზე, კაცთმოძულეობასა და ვამპირობაზეა საუბარი, ამის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო ლევ ტროცკი (ლეიბ ბრონშტეინი), ის სამხედრო კომისრის პოსტს ფლობდა 1924 წლამდე და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

ახლა კი ვნახოთ მისი დევიზი “ხალხთა განთავისუფლებისა”.

“ჩვენ რუსეთი უდაბნოდ უნდა გადავაქციოთ, რომელიც დასახლებულია თეთრი ზანგებით. მათ ჩვენ მივცემთ ისეთ ტირანიას, რომელიც არასდროს დასიზმრებიათ აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. განსხვავება არის ის, რომ ეს ტირანია შეიქმნება არა მარჯვნიდან, არამედ მარცხნიდან. წითელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ჩვენ დავღვრით სისხლის ისეთ ნაკადს, რომლის წინაშეც შეზანზარდება მსოფლიო და გაფერმკრთალდება კაპიტალისტური ომების ყველა ადამიანური დანაკარგი. ოკეანის გაღმიდან მსხვილი ბანკირები ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში იმუშავებენ. თუ ჩვენ მოვიგებთ რევოლუციას, გავსრესთ რუსეთს, მისი საფლავის ნამსხვრევებზე გავიმყარებთ ხელისუფლებას და ვიქცევით ისეთ ძალად, რომლის წინაშე მსოფლიო მუხლზე დაიჩოქებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ძალაუფლება. ტერორის გზითა და სისხლის აბანოებით ჩვენ მივიყვანთ რუსეთის ინტელიგენციას სრულ დაჩლუნგებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდე… ახლა ტყავის ქურთუკებში გამოწყობილმა ჩვენმა ახალგაზრდობამ ოდესიდან და ორშიდან, გომელიდან და ვინიციდან იცის ყოველივე რუსულის ზიზღი. ო, რა დიდებულად, რა აღმაფრთოვანებლად იციან მათ ზიზღი. როგორი სიამოვნებით სპობენ ისინი რუს ინტელიგენციას ფიზიკურად _ ოფიცრებს, ინჟინრებს, მასწავლებლებს, სასულიერო პირებს, გენერლებს, აგრონომებს, აკადემიკოსებს, მწერლებს”…

რუსმა მწერალმა ვადიმ კოჟინოვმა თავის წიგნში გამოიყენა ტროცკის ციტატები 1936 წელს დაწერილი წიგნიდან “გაყიდული რევოლუცია”. ახლა ვნახოთ, რას ედავებოდა და რას უწუნებდა ტროცკი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების მხარეს მდგომ სტალინს. სასაცილოა, რომ სტალინისადმი პათოლოგიური სიძულვილით შეპყრობილი სუბიექტები ტროცკის მსოფლმხედველობას, იმას, რაზეც მას სტალინთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ჰქონდა, სტალინს მიაწერენ.

ტროცკი გულისწყრომით წერს საბჭოთა კავშირში ოჯახის აღორძინების მისწრაფების შესახებ:

“რევოლუციამ გმირულად სცადა, დაენგრია ეგრეთ წოდებული ოჯახური კერა, არქაული, აშმორებული და მძიმე დაწესებულება… ოჯახის ადგილი, ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა დაეკავებინა საზოგადოებრივი მზრუნველობისა და მომსახურების სისტემას, ანუ უნდა მომხდარიყო ნამდვილი განთავისუფლება ათასწლოვანი ბორკილებისგან და, რადგან ეს ამოცანა ვერ გადაიჭრა, ორმოცი მილიონი საბჭოთა ოჯახი რჩება შუასაუკუნეების ბუდეებად. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირში ოჯახის შესახებ საკითხის დაყენების თანმიმდევრული ცვლილებები საუკეთესოდ ახასიათებს საბჭოთა საზოგადოების ნამდვილ ბუნებას… უკან ოჯახური კერისკენ, ოჯახის საზეიმო რეაბილიტაცია, საბჭოთა მანეთის რეაბილიტაციასთან ერთად, რომელიც ერთდროულად ხორციელდება, რა წინასწარმეტყველური დამთხვეაა?! ძნელია, თვალით გაზომო უკანდახევის გაქანება… კომუნიზმის ანბანი გამოცხადებულია “მემარცხენე” გადახრად. დაბალკულტურული ურთიერთობების სულელური და აშმორებული ცრურწმენები აღორძინდა ახალი მორალის სახელით” (ტროცკი, “გაყიდული რევოლუცია”, გვ. 121-122-127).

“როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იმედი, რომ ახალი თაობის აღზრდის სადავეები ყოფილიყო სახელმწიფოს ხელში, ხელისუფლება არა მხოლოდ არ ზრუნავდა უფროსების ავტორიტეტის დაცვაზე, კერძოდ, დედისა და მამის, არამედ, პირიქით _ ისწრაფვოდა, რაც შეიძლება მეტად განცალკევებულიყვნენ ბავშვები ოჯახისგან, რათა ისინი არიდებულიყვნენ მძიმე ცხოვრების ტრადიციებს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ სკოლა და კომკავშირი ბავშვების მიერ ფართოდ გამოიყენებოდა ლოთი მამებისა და რელიგიური დედების მხილებისა და, საერთოდ, ახალი აღზრდისთვის.

ასეთი მეთოდი ნიშნავდა მშობლების ავტორიტეტის შერყევას მის საფუძველშივე. ამჟამად ამ მნიშვნელოვან სფეროში მოხდა მკვეთრი შემოტრიალება. (მრუშობის ცოდვა) და (მშობლის პატივისცემის) ცნებები სრულიად აღდგენილია უფლებებში, თუმცა ჯერჯერობით ღმერთის გარეშე.

…ამჟამად უზენაესის წინააღმდეგ შეტევა, როგორც ოჯახის წინააღმდეგ, შეწყვეტილია, რელიგიის მიმართ თანდათანობით მყარდება ირონიული ნეიტრალიტეტის რეჟიმი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია” (ტროცკი, “გაყიდული რევოლუცია”, გვ. 128-129).

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ 1937-38 წლებში საკმაოდ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ანგარიში გაუსწორეს ძველ რევოლუციონერებსა და ენკავედეს შემადგენლობას, რომლებიც კლასობრივი სიძულვილით სპობდნენ მილიონობით ადამიანს.

ისინი, ინტერნაციონალური რევოლუციური იდეებით მოწამლულნი, ეწინააღმდეგებოდნენ სტალინის ხელმძღვანელობით ეროვნული და სუვერენული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დამკვიდრებას და ბევრი მათგანი დასავლეთის დირექტივებსაც ასრულებდა, რათა რუსული იმპერიის სივრცე _ ნედლეულის ბაზრად, ხოლო მოსახლეობა იაფ მუშახელად ქცეულიყო, რაზეც საუბრობდა თვითონ სტალინი. ეს ჩანაწერი თავის დღიურში შემოინახა ცნობილმა რევოლუციონერმა ქალმა, დიპლომატმა ალექსანდრა კოლონტაიმ:

ჩვენი პარტიისა და ხალხის ბევრი საქმე იქნება დამახინჯებული და შეფურთხებული, უპირველეს ყოვლისა, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც. სიონიზმი, რომელიც ილტვის მსოფლიო ბატონობისკენ, სასტიკად იძიებს შურს ჩვენზე ჩვენი წარმატებებისა და მიღწევებისთვის. ის ხომ რუსეთს ისე უყურებს, როგორც ველურ ქვეყანას, როგორც ნედლეულის დანამატს. ჩემს სახელს ცილს დასწამებენ და საქმეებს გააყალბებენ”.

ცნობილი რუსმა ისტორიკოსმა იური ემელიანოვმა თავის რადიოგამოსვლაში განაცხადა, რომ ხრუშჩოვმა ცილი დასწამა სტალინს _ თითქოს მან 1937 წლის მარტის პლენუმზე რეპრესიებისკენ მოუწოდა, არადა, პირიქით მოხდა _ პარტიულმა ნომენკლატურამ, რომელსაც შეეშინდა, რომ სტალინის მიერ დაწყებული ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებებით ხელისუფლებას დაკარგავდა, კონტრრევოლუციურ საფრთხეებსა და მისი ორგანიზატორების ლიკვიდაციის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამას მოჰყვა 1937_38 წლების ყბადაღებული რეპრესიები, როცა დააპატიმრეს 1 372 392 ადამიანი, ხოლო სიკვდილით დასაჯეს _ 681 692. ეს საბჭოთა კავშირის ისტორიაში სიკვდილით დასჯილთა 85 პროცენტია. პარტიულ ბიუროკრატიას სურდა, ჩაეგდო არჩევნები და შეენარჩუნებინა თანამდებობრივი პრივილეგიები.

რეპრესიები მოითხოვა დასავლეთ ციმბირის პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანმა რობერტ ეიხემ. მალე ანალოგიური განცხადებები დაწერეს ცენტრალური კომიტეტის წევრების ნახევარზე მეტმა. მათ შორის ეიხესთან ერთად ყველაზე მეტად სისხლმოწყურებული აღმოჩნდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც 41 000 კულაკის დასჯა მოითხოვა მოსკოვის ოლქში.

მთავარი იყო ის, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ქვეყნის დემოკრატიზაციის მოწინააღმდეგეები (ანუ სტალინის ოპოზიცია) იყვნენ უმრავლესობაში და უკვე 1937 წლის ივნისის პლენუმზე მათ გაიმარჯვეს, როდესაც დემოკრატიზაციის პროცესი შეაჩერეს და რეპრესიები დაიწყეს. ამით მტკიცდება, რომ სტალინს 1937 წელს აბსოლუტური ხელისუფლება არ ჰქონდა. ამოშვებული იქნა რეპრესიების ჯინი, რომელიც უმცირესობაში მოხვედრის გამო სტალინმაც ვერ შეაჩერა და, თუ პრინციპულად შეეწინააღმდეგებოდა პარტიის ხაზს სახელმწიფო მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, დიდი შანსი იყო, რომ მას პლენუმის უმრავლესობა პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გადააყენებდა, რაც ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველა შედეგით, ამიტომ სტალინის წარმოჩენა ამორალურ პიროვნებად არის სრულიად ულოგიკო. სტალინი, უპირველესად, პოლიტიკოსი გახლდათ და თავისი იდეების განსახორციელებლად ხელისუფლების შენარჩუნება მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, აუცილებელი იყო.

გაგრძელება იქნება

კვირის კითხვა

_ რას იტყვით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა?

გრიგოლ ონიანი: _ ტროცკის ჩანაფიქრი, ოჯახური კერის დანგრევის შესახებ, რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო, სტალინმა ჩაშალა და გააცამტვერა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპასთან ერთად პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე საქართველოდან იწყებს ტროცკის ჩანაფიქრის განხორციელებას. თავის წიგნში “გაყიდული რევოლუცია” ტროცკი წერს: “რევოლუციამ გმირულად სცადა, დაენგრია ე. წ. ოჯახური კერა, აშმორებული და მძიმე დაწესებულება. ეს ამოცანა ვერ განხორციელდა, ამიტომ 40 მილიონი საბჭოთა ოჯახი რჩება შუა საუკუნეების ბუდეებად”…

სწორედ ამ ბუდეებს, რომლის აშენებასაც შესწირა სტალინმა სიცოცხლე, დღეს ასე ულმობლად ანგრევენ. იფხიზლეთ, ადამიანებო! ევროპიდან ჰიტლერი მოდის, ოკეანის გაღმიდან კი _ ტროცკი.

ვის ვახვედრებთ მარგველაშვილსა და ხიდაშელს?

1 COMMENT

  1. ამის წამალია, ბინძური მოღალატეები ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here