Home რუბრიკები ისტორია შეხვედრები სტალინთან

შეხვედრები სტალინთან

849

ვიაჩესლავ მალიშევი და სტალინი

ნაწილი II

“17 ივლისი, 1943 წელი

დღეს ვიყავი ამხანაგ სტალინთან. პირველად ვნახე იგი მარშლის ფორმაში, ჩამოშვებული შარვლით. კიდევ ერთი ცვლილება შევნიშნე. მაგიდის თავზე ჩამოკიდებულია სუვოროვისა და კუტუზოვის შესანიშნავი პორტრეტები. საუბარი ახალ ტანკებს შეეხებოდა. ამხანაგმა სტალინმა დადებითად შეაფასა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი СУ-152 ტანკ КВ ბაზაზე. კითხვაზე: “ვინ არის ამ მანქანის კონსტრუქტორი?” _ ვუპასუხე, რომ ამხანაგი კოტინი. სტალინმა იკითხა კოტინის შესახებ: “საქმე ესმის ამ კონსტრუქტორს?” ვუპასუხე, რომ ესმის და ნიჭიერი ადამიანია.

შემდგომ ვუამბე ახალ მძიმე ტანკ ИС-ზე 85-მმ-იანი ზარბაზნით. ამხანაგი სტალინი ყურადღებით გაეცნო ინფორმაციას და თქვა, რომ საჭიროა პროცესის დაჩქარება. აშკარა იყო, ტანკი მოეწონა. შემდეგ საუბარი შეეხო ტანკ Т-34-ის ბაზაზე შექმნილ თვითმავალ დანადგარებს 122-მმ-იანი და 85-მმ-იანი ზარბაზნებით. სტალინმა თქვა, რომ, თუ 85-მმ-იანი ზარბაზნებით აღჭურვილი თვითმავალის გამოცდები წარმატებით დასრულდება, მაშინ უნდა დავამზადოთ მხოლოდ ასეთი თვითმავალები და შეწყდეს 122-მმ-იანი ზარბაზნებით აღჭურვილი თვითმავალთა წარმოება.

ტანკ ИС-ის განხილვისას სტალინმა იკითხა, საკმარისია თუ არა დიზელის ძრავის სიმძლავრეო. ვუპასუხე, რომ ტანკი უკეთესი იქნებოდა, უფრო მძლავრ ძრავას თუ დავუყენებდით _ 750-800 ცხენის ძალით. ამხანაგმა სტალინმა დაავალა, სერიოზულად ემუშავათ მძლავრი დიზელების შექმნაზე. შემდგომ იკითხა: “გვჭირდება თუ არა ამჟამად მცირე ტანკები?”. ვუპასუხე, რომ მცირე რაოდენობით საჭიროა.

შემდგომ საუბარი შეეხო #183 ქარხნის საცდელ ტანკებს _ Т-43-ებს. მე ვუთხარი ამხანაგ სტალინს, რომ უარყოფითად ვარ განწყობილი ამ ტანკისადმი და წარუმატებელ პროექტად მიმაჩნია, მაგრამ ნება დავრთე ქარხანას, გამოეცადა ის 2000-კილომეტრიანი გარბენით. სტალინი დათანხმდა. ამას გარდა, სტალინს ნებართვა ვთხოვე, ტანკ Т-70 ბაზაზე შექმნილი 76 მმ-იანი ზარბაზნის მქონე თვითმავალი დანადგარის წონა 1 ტონით შეგვემცირებინა. სტალინი დაგვთანხმდა.

სტალინი არ იყო ის კაცი, რომელიც საკითხს მხოლოდ ერთჯერადად და ერთ ჯგუფთან განიხილავდა. პოლიტბიუროს წევრების, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის, სახალხო კომისრებისა და კონსტრუქტორების წინადადებებსა და რჩევებს ის აუცილებლად აანალიზებდა ბრძოლის ველიდან მოწვეულ სამხედროებსა და უშუალოდ მერძოლებთან ერთად, მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ასე იყო ამჯერადაც:

პოლიტბიუროს სხდომაზე საკითხი გამოაქვს ვოროშილოვს, რომელიც ხელში დადგენილების პროექტმომარჯვებული უმტკიცებს დამსწრეთ, თუ რაოდენ დიდ სარგებლობას მოუტანს სატანკო მშენებლობას ტანკზე დადგმული ქვემეხი, რომლის ლულაც არა შედუღების მეთოდით, არამედ ჩამოსხმით იქნა მიღებული. სტალინი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვოროშილოვს და ხელიდან დადგენილების პროექტი გამოართვა. შიგ ჩაიხედა. გაიარ-გამოიარა და ჯავშანმრეწველობის სამმართველოს უფროსს _ ფედორენკოს მიმართა:

 _ რა ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლებით ხასიათდება ქვემეხის ახალი ლულა?

_ ამხანაგო სტალინ, ახალი ქვემეხის ლულა ჩამოსხმით კეთდება ჩამოსასხმელ საამქროში, ძველი ტიპის ლულები კი მძიმე წნეხებითა და შესადუღებელი აპარატით მზადდებოდა.

_ ამხანაგო ფედორენკო, მე თქვენ გეკითხებით, რა ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები აქვს ახალ ლულას ძველთან შედარებით, თქვენ კი ლაპარაკობთ მისი დამზადების ტექნოლოგიაზე. უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს თქვენთან იარაღის წარმოებას? _ ჰკითხა სტალინმა.

ფედორენკომ გენერალი ლებედევი დაასახელა.

_ აქ არის? _ იკითხა სტალინმა.

გენერალი ლებედევი წამოდგა და მას სტალინმა ზუსტად იგივე კითხვა დაუსვა, რომელიც მის უფროსს _ ფედერენკოს. ლებედევმაც ზუსტად ისევე უპასუხა, როგორც ფედერენკომ. სტალინმა ჩაახველა და ლებედევს მრისხანედ შეხედა.

_ თქვენ, ამხანაგო, სად მსახურობთ _ არმიაში თუ მრეწველობაში? მესამედ გეკითხებოით _ რა ტექნიკურ-ტაქტიკური მაჩვენებლები აქვს ახალ ლულას ძველთან შედარებით. თქვენ კი მელაპარაკებით მისი ჩამოსხმის ტექნოლოგიაზე. თქვენთვის უმჯობესი ხომ არ იქნება, მრეწველობაში გადახვიდეთ?

გენერალი დუმდა. დუმდა სტალინიც. დადგენილების მიღების საკითხი საფრთხის წინაშე დადგა. მისი მიუღებლობა კი კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ხელი ავწიე. სტალინმა გაბრაზებულმა შემომხედა. ვთხოვე, მოეცა ჩემთვის სიტყვა. მან გაღიზიანებულმა მითხრა:

_ მე ვიკითხე ახალი ზარბაზნის ლულის ტაქტიკურ-ტექნიკურ მაჩვენებლებზე, თქვენ რა შუაში ხართ?

_ სწორედ მაგაზე მინდა მოგახსენოთ, ამხანაგო სტალინ, _ მიმართა ლეგენდარული ტანკის _ Т-34-ის კონსტრუქტორმა კოშკინმა.

_ თქვენ რა, სამხედრო ხართ? _ შეეკითხა სტალინი (ვითომ არ იცოდა).

_ არა, _ იყო პასუხი.

_ რა გინდათ, თქვათ? _ მომმართა გაბრაზებულმა სტალინმა.

კოშკინმა საქაღალდიდან ფურცლები ამოიღო, წამოდგა და სტალინისკენ გაემართა, წინ გაუჩერდა და მოახსენა:

_ ძველი ქვემეხის ლულას, რომელიც შედუღებით კეთდებოდა, გლუვი ზედაპირი არ ჰქონდა და ეტყობოდა შედუღების ხაზები, ახალი კი მონოლითურია გლუვი ზედაპირით, ნაპრალების გარეშე და პოლიგონზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. აი ნახეთ, ამხანაგო სტალინ, პოლიგონზე სროლის შედეგები, როგორც ძველი, ისე ახალი ქვემეხის ლულიდან.

კოშკინმა ქაღალდები სტალინს გაუწოდა. სტალინმა ფურცლებს დახედა, ცოტა ხანს ჩაფიქრებული იდგა, შემდეგ კი კოშკინს მონაცემები უკანვე დაუბრუნა.

_ ეს სერიოზული მაჩვენებლებია.

სტალინმა კაბინეტი გაიარა, შორეულ კუთხეში გაჩერდა, იქ მსხდომთ გადახედა და თქვა:

_ როგორ იმოქმედებს ტანკის წონასწორობაზე მასზე დადგმული ახალი ქვემეხი? მანქანის კონსტრუქტორი აქ არის?

კონსტრუქტორი წამოდგა და განაცხადა:

_ თუ იმოქმედებს, იმოქმედებს უმნიშვნელოდ, ამხანაგო სტალინ.

_ უმნიშვნელოდ _ ეს სიტყვა საინჟინრო ტერმინოლოგიაში არ გამოიყენება. თქვენ გაიანგარიშეთ? _ ჩაეძია სტალინი.

_ არა, არ გვიანგარიშია.

_ რატომ, ეს ხომ საბრძოლო ტექნიკაა? _ სტალინი თვალს არ აშორებს კონსტრუქტორს, _ შეცვლილი სატანკო ქვემეხი როგორ იმოქმედებს ტანკის წინა ხიდზე? _ არ ეშვება სტალინი.

კონსტრუქტორმა დაბალი ხმით უპასუხა:

_ უმნიშვნელოდ.

გაცეცხლებული სტალინი ეუბნება:

_ რას ჩააცივდი სიტყვა “უმნიშვნელოს”, სხვა სიტყვა არა იცი? გეკითხებით _ გაიანგარიშეთ თუ არა?

_ არა, ანგარიში არ გაგვიკეთებია.

_ რატომ, რატომ? _ იმეორებდა სტალინი. შემდეგ დადგენილების პროექტი მაგიდაზე დადო და განაცხადა:

_ წინადადებით შემოვდივარ, ამ საკითხის განხილვა გადავდოთ მცირე ხნით, შევქმნათ კომისია შემდეგი შემადგენლობით: ფედორენკო, აკოფოვი და მალიშევი (თითით მიანიშნა ჩემზე).

სამი დღის შემდეგ პოლიტბიურომ ეს საკითხი სრულყოფილად ჩათვალა და მიიღო კიდეც.

28 მარტი, 1945 .

ვიყავი ამხანაგ სტალინთან ჩეხოსლოვაკების მიღებაზე. სადილზე სტალინი ორჯერ გამოვიდა და მეტად საინტერესო რამ თქვა.

სტუმართა მიერ წითელი არმიის პატივსაცემად შესმული მთელი რიგი სადღეგრძელოების შემდეგ ამხანაგმა სტალინმა განაცხადა:

_ ყველა აქებს ჩვენს წითელ არმიას. დიახ, მან ეს დაიმსახურა, მაგრამ არ მინდა, რომ წითელი არმიით მოხიბლულ ჩვენს სტუმრებს მომავალში აზრი შეეცვალოთ. საქმე ის არის, რომ ახლა წითელ არმიაში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანია. ისინი, ცხადია, ანგელოზები არ არიან. ეს ხალხი გაუხეშდა ომის პერიოდში. ბევრმა მათგანმა სტალინგრადიდან ჩეხოსლოვაკიის შუაგულამდე ბრძოლით გაიარა 2 000 კილომეტრი. ბევრი უბედურება და მხეცობა ნახეს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი მათგანი თქვენს ქვეყანაში ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა. ჩვენ ვიცით, რომ ნაკლებად შეგნებული ჯარისკაცები აეკიდებიან და შეუარაცხყოფენ ქალიშვილებს და ქალებს, უწესოდ იქცევიან. ეს ახლავე უნდა იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა, ჩეხოსლოვაკებმა, რათა ჩვენი წითელი არმიით მოხიბვლა არ შეიცვალოს იმედგაცრუებით.

სტალინის მეორე გამოსვლა სლავიანოფილებს შეეხებოდა: ახლა ბევრს საუბრობენ სლავიანოფილობასა და სლავიანოფილებზე. ხშირად გვადარებენ ძველ, ცარიზმისდროინდელ სლავიანოფილებს. ეს არ არის აწორი.

ძველი სლავიანოფილები, მაგალითად, აქსაკოვი და სხვები, მოითხოვდნენ ყველა სლავის გაერთიანებას რუსი მეფის ხელისუფლების ქვეშ. მათ არ ესმოდათ, რომ ეს მავნე, განუხორციელებელი იდეა იყო. სლავ ხალხებს სხვადასხვა საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი აქვთ, განსხვავებული კულტურული დონე და საზოგადოებრივ- პოლიტიკური წყობა. სლავ ხალხთა გეოგრაფიული მდებარეობა ასევე უშლის ხელს მათ გაერთიანებას.

ჩვენ, ახალი სლავიანოფილები, ბოლშევიკი სლავიანოფილები, კომუნისტები, მხარს ვუჭერთ არა გაერთიანებას, არამედ სლავი ხალხების კავშირს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული სხვაობის მიუხედავად, ყველა სლავი კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან ჩვენი საერთო მტრის _ გერმანელთა წინააღმდეგ.

სლავების ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავურობის დასაცავად (სწორედ ამას აცხადებს ამჟამად პუტინი, _ გრ. ონიანი). ავიღოთ თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი. რატომ დაიწყო ეს ომები? _ სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები. განა ამ ომშიც იგივე არ ხდება, განა საფრანგეთი უფრო დაზარალდა? _ არა. ფრანგებმა გაუხსნეს ფრონტი გერმანელებს. მათ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილის მსუბუქი ოკუპაცია მოახდინეს, სამხრეთ ნაწილს კი ხელი არ ახლეს. ბელგიამ და ჰოლანდიამაც თათები მყისვე მაღლა ასწიეს და დაუწვნენ გერმანელებს. ინგლისი მცირეოდენი ნგრევით გადარჩა. რა საშინლად დაზარალდა უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია?! მახეში გაება ბულგარეთიც კი, რომელსაც თავის დაძვრენა უნდოდა. ესე იგი, გერმანელებისგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ. ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია, ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია, ისინი დარჩებიან.

ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები შეეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ მათ. ამიტომ ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ წინააღმდეგობისათვის, თუ გერმანელები ისევ დადგებიან ფეხზე და გამოვლენ სლავების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ, ახალი სლავიანოფილები, მედგრად მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისკენ. ამბობენ, რომ ჩვენ გვსურს, სლავებს თავს მოვახვიოთ საბჭოთა წყობა. ეს ლიტონი სიტყვებია. ჩვენ ეს არ გვინდა, ვინაიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის სურვილისამებრ გატანა საზღვარგარეთ არ შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი პირობები.

ჩვენ შეგვეძლო, ბულგარეთში დაგვემყარებინა საბჭოთა წყობა, იქ ეს უნდოდათ, მაგრამ არ წავედით ამაზე. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებში, გვინდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობა იყოს.

კავშირის შექმნით სლავები შეძლებენ ერთმანეთისათვის სამეურნეო და სამხედრო დახმარებას, ამჟამად ჩვენ წარმატებით შეგვიძლია ამის განხორციელება (სტალინის დებულებები ერთიერთზეა გამეორებული პუტინის არაერთ გამოსვლაში. _ გრ. ონიანი).

რა შესანიშნავი აზრებია, მთელი მრავალწლიანი პროგრამა. მე ისეთი აღელვებული და გაოცებული ვიყავი ამხანაგ სტალინის აზრების სიღრმით, რომ დიდხანს ვერ დავიძინე და დღესაც ამ სიტყვების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ბრძენი ადამიანია ამხანაგი სტალინი”, _ ასკვნის ვიაჩესლავ მალიშევი.

23 იანვარი, 1947 წ.

ამხანაგ სტალინთან ტარდებოდა თათბირი სამხედრო გემების მშენებლობის თაობაზე. თათბირი თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

მინდა, ჩავიწერო ამხანაგ სტალინის ყველაზე საინტერესო გამონათქვამები:

* უფრო სწრაფად უნდა შენდებოდეს მსუბუქი კრეისერები. პირველი ხუთი გემის მთავარი ამოცანა ფლოტის პირადი შემადგენლობის მომზადებაა. ეს იქნება ნახევრად საცდელი გემები მეზღვაურთა მოსამზადებლად.

* სახაზო გემებს ჯერ არ ავაგებთ, ვინაიდან ოკეანეებში ცურვას არ ვაპირებთ, ვიცურებთ ნაპირიდან 800-1000 კმზე.

ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მძიმე კრეისერი. კარგი იქნებოდა, შავ ზღვაში გვყოლოდა 2 მძიმე კრეისერი 12-დუიმიანი ზარბაზნებით, მაშინ თურქები უფრო მეტად იკანკალებდნენ, ვიდრე ახლა.

ამხანაგმა ვოზნესენსკიმ წინადადება შემოიტანა, ჩამოერთმიათ ჩემთვის მარიუპოლისა და იჟორის ქარხნები. მოტივაცია იყო ის, რომ მე გემების ჯავშანზე მუშაობის დრო არ მექნებოდა. მძაფრად შევეწინააღმდეგე და ვთქვი, რომ საკუთარ თავზე ვიღებ სამხედრო გემების მშენებლობის შეკვეთების შესრულებას, რაზეც ამხანაგმა ვოზნესენსკიმ რეპლიკა ისროლა, საეჭვოა, ამხანაგმა მალიშევმა დაპირება შეასრულოსო. სტალინმა კი თქვა: “ჩვენ ვიცნობთ მალიშევს, როგორც პატიოსან ადამიანს, რომელსაც ძალუძს თავისი დანაპირების შესრულება”.

“1 მაისი. 1949 .

ვიყავი სადილზე ამხანაგ სტალინთან. ვისადილეთ ბაღში, სუფთა ჰაერზე.

მოსკოვის პარტიული კომიტეტის მდივნის, ამხანაგ პოპოვის სადღეგრძელოში სტალინმა თქვა: “ხანდახან სადილის დროსაც ვიხილავთ ხოლმე საქმეებს. აი, კიდევ მინდა გამოვთქვა ერთი სურვილი ამხანაგ პოპოვისადმი. მართალია, რომ მოსკოვში გაქრა საზოგადოებრივი ტუალეტები? ამბობენ, რომ ასეა. და თუ ასეა, აუცილებელია ამის სასწრაფოდ გამოსწორება. მოსკოვში უნდა მოეწყოს კარგი ტუალეტები საკმარისი რაოდენობით. ქალაქის ცენტრში ტუალეტები მიწის ქვეშ უნდა გაკეთდეს. წითელ მოედანზეც აუცილებელია კარგი ტუალეტები. აი, მაგალითად, ხომ არ შეუძლია ხალხს, 6-7 საათის განმავლობაში იდგეს მავზოლეუმის რიგში და არ განიტვირთოს. ეს ძნელია. ამიტომ ვუსურვოთ ამხანაგ პოპოვს, სწრაფად შესძინოს ქალაქს კარგი საზოგადოებრივი ტუალეტები. დღესასწაულებზე იქ, სადაც ხალხმრავლობაა, ცუდი არ იქნებოდა მოძრავი ტუალეტები ავტომობილებზე”.

შემდგომ ამხანაგმა სტალინმა შესვა ჩვენი პოლიტიკის სადღეგრძელო. მან თქვა: “XIII საუკუნეში რუსებმა დაკარგეს იმიერკარპატების უკრაინა და მას შემდეგ ყოველთვის ოცნებობდნენ მის დაბრუნებაზე. სწორი პოლიტიკის წყალობით, ჩვენ შევძელით ყველა სლავური (უკრაინული და ბელორუსული) მიწების დაბრუნება და ამით განვახორციელეთ რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხების საუკუნოვანი ოცნება. შევსვათ ჩვენი სწორი პოლიტიკის სადღეგრძელო”.

“4 ივნისი, 1949 .

ვიყავი პოლიტბიუროს სხდომაზე. განიხილებოდა ტანკ Т-54-ის საკითხი. ამხანაგმა სტალინმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ტანკები, უპირველეს ყოვლისა, მანევრული და კარგი სვლის მქონე უნდა იყოს და, თუ ახალი შეიარაღება და ჯავშნის გასქელება ტანკების მანევრულობის დაქვეითებას იწვევს, მაშინ ჯავშნის გასქელებასა და ახალ შეიარაღებაზე უარის თქმაა საჭირო. თან დასძინა: ჩვენ მეზღვაურებსაც სულ ვუსწორებთ. ისინი გვექაჩებიან გემების ჯავშნისა და წყალწყვის გაზრდისკენ. არადა, გემი მოუქნელი ხდება და იქცევა სამიზნედ”.

 ტანკ Т-54-ზე ამხანაგმა სტალინმა თქვა: “ტანკები გვყავს, ბრძოლას არ ვაპირებთ. დრო გვაქვს, წარმოებამ კიდევ იმუშაოს და მოგვცეს უკეთესი ტანკი”.

“17 ივლისი, 1949 .

ტარდებოდა პოლიტბიუროს სხდომა მოსკოვის რეკონსტრუქციის 25-წლიანი გეგმის თაობაზე. ბოლოს გამოვიდა ამხანაგი სტალინი და თქვა დაახლოებით შემდეგი: “ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისე კარგად მოწყობილი დედაქალაქი, რომელიც სანიმუშო იქნებოდა. ავიღოთ პარიზი _ ეს საყოველთაოდ აღიარებული დედაქალაქია. ჩვენ სანიმუშო დედაქალაქი გვჭირდება. ჩვენი სახელმწიფოს ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენში დიდი ხნის განმავლობაში არ ცნობდნენ დედაქალაქად პეტერბურგს. პეტრე პირველმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პეტერბურგი გამოაცხადა დედაქალაქად. მართალია, ამას აქვს ახსნა _ პეტრეს ეშინოდა ბოიარების მზაკვრობისა მოსკოვში და უნდოდა მათი ზეგავლენის აღკვეთა. ამბობენ, რომ გერმანელების სიახლოვემ პეტერბურგთან 1918 წელს აიძულა ლენინი, დედაქალაქი მოსკოვში გადაეტანა. არა. ლენინი ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე ფიქრობდა მოსკოვის დედაქალაქად გამოცხადებას. მოსკოვს პატივი რომ სცენ, როგორც დედაქალაქს, ის ლამაზი უნდა გახდეს. Uუნდა გახსოვდეთ, რომ დედაქალაქი აძლიერებს სახელმწიფოს.

ცხადია, შეცდომა დავუშვით, როდესაც მოსკოველებს განვითარების 25-წლიანი გეგმის შედგენის ნება დავრთეთ. შეუძლებელია ყველაფრის გათვალისწინება და წინასწარ განჭვრეტა ასეთი ხანგრძლივი ვადით. კერძოდ, შეუძლებელია ტექნიკის განვითარების გათვალისწინებაც. უარი უნდა ვთქვათ 25-წლიან გეგმაზე. უფრო გონივრული იქნება 10-წლიანი გეგმის შემუშავება.

ახლა რამდენიმე შენიშვნა პროექტის არსის შესახებ: მოსკოვის უმეტესი ნაწილი 8-10-სართულიანი სახლებით უნდა განაშენიანდეს. ქალაქის 25-30% კი _ 12-14-სართულიანით. ეს უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე მოსკოვის 4-5-სართულიანი სახლებით განაშენიანება. მოსკოვში უნდა შეჩერდეს მრეწველობის განვითარება, ხოლო საწარმოები, რომლებიც ჰაერს აბინძურებს, ქალაქიდან უნდა გავიტანოთ.

პროექტი გულისხმობს ბევრი ცარიელი შენობის მშენებლობას (კლუბების, სასახლეებისა და სხვ.). ეს არ არის სწორი. მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და გადაიჭრას ამ სფეროში არსებული კრიზისი.

ნუ გაგიტაცებთ ქალაქი-ბაღის გაშენების იდეა. ხალხის დასასვენებლად უნდა განვავითაროთ აგარაკების მშენებლობა მოსკოვიდან 30-40 კმ-ის ფარგლებში 100-200 ათას ადამიანზე. მდინარე მოსკოვის გასწვრივ 20 მეტრის სიგანის გზები უნდა გავიყვანოთ.

საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებას უნდა მივაწვეთ”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here