Home რუბრიკები ბლოგი სანამ მეტეორი თავზე არ დაგვცემია…

სანამ მეტეორი თავზე არ დაგვცემია…

1621

სანამ მეტეორი თავზე არ დაგვცემია და ინტერნეტიც არ გაუქმებულა, გადავწყვიტე ბოლო ორი დღის „ტელეშთაბეჭდილება“ გამეზიარებინა. 

ნურავინ იტყვის, კრიტიკის მიუხედავად, ხომ მაინც ვუყურებთ ქართულ ტელეშოუებსო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, მართლაც ხშირად მაქვს ჩართული ტელევიზორი ხუთშაბათობით და ხან ასათიანის გადაცემაზე, ხან „ჯაჯანიძის გასაჭირზე“ გადავრთავ ხოლმე და ვუსმენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ასატანია ესა თუ ის ამბავი, რომელსაც იქ განიხილავენ.

„პროფილში“ ნაჩვენებ მცირეწლოვან გოგონათა გათხოვების ტრაგედიით რომ დავითრგუნები, ჯაჯანიძის მიერ რესპონდენტისადმი დასმული კითხვით – „ჯგუფური სექსი გქონია?“ – ვცდილობ გონების მსუბუქი შერყევით გავხალისდე… ორივე გადაცემას „ფსიქიატრის დაკვირვებთ“ ვუსმენ. ვუსმენ, რადაგ საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართული ტელესივრცეც, შესაბამისად, არცთუ ისე დიდია.

ამ წლის მიწურულს ერთობ „საინტერესო“ გადაცემა ჰქონდა მაია ასათიანს, – მან ხალხს დაუდგა მიზანსცენები, დააკვირდა მათ საქციელს და სტუდიაში მიწვეულ, „ხალხზე უკეთეს“ აუდიტორიასთან ერთად განიხილა ექსპერიმენტში მონაწილეთა საქციელი.

სანამ მეტეორი თავზე არ დაგვცემია...

ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ბავშვის მიერ ნაძვის ხის თრევას და ხალხის მისდამი უყურადღებობას ასახავს. თურმე, ბავშვს არავინ მიხმარებია, როცა თავისზე ლამის ორჯერ დიდი ზომის ნივთს მიათრევდა. ყოველივე ისე იყო გადმოცემული, რომ მაშინვე გინდოდა გეთქვა – როგორი უნამუსო ხალხი ვართ ქართველებიო!.. სტუდიაში მსხდომმა საზოგადოებამაც, რა თქმა უნდა, მომხდარი შეიცხადა და რამდენიმემ ამაყად განაცხადა, რომ ბავშვს უყურადღებოდ არ დატოვებდა და აუცილებლად მიეხმარებოდა. ყოჩაღ, მეგობრებო, – მასეთი გულისხმიერნი რომ ხართ, მაგიტომ მიგიწვიეს სტუდიაში თქვენ და არა ის ხალხი, რომელთაც ეს ექსპერიმეტი დაუდგეს. თუმცა, გადაწყვეტილებას, მაინც ვერ მოგიწონებთ…

ოდნავ დაკვირვებული ადამიანი მაშინვე აღნიშნავდა, რომ ხელოვნური ნაძვი, რომელსაც აქოშინებული ბავშვი ქუჩაში მიათრევდა, სულ ცოტა, 300 ლარი ღირს. მისი შემხედვარე, უნებლიედ კითხვა გიჩნდება – ბავშვმა ხომ არ ისარგებლა მაღაზიის გამყიდველის უყურადღებობით და ხომ არ მოიპარა ის ნაძვი? ამ შემთხვევაში, ბავშვს, საყვედურის გარდა, არაფერი ემუქრება, ხოლო თქვენ, თუკი მიეხმარებით და ნაძვის ხით ხელში დაგაკავებენ, რამდენიმეწლიანი პატიმრობა არ აგცდებათ. თუკი ქურდობას ადგილი არ ჰქონია, სიტუაცია კიდევ უფრო უცნაური ხდება – ვინ მისცა თითისტოლა ბავშვს 300 ლარი და გაუშვა მარტოკა იმხელა ნაძვის ხის საყიდლად, და მერე – მის სათრევად?

– რატომ იყავი ნაწყენი ნიკოლოზ? – ეკითხება მაია ბავშვს სტუდიაში.

– მძიმე იყო… არვინ დამეხმარა… ძნელი იყო „მიწის ქვეშიდან“ ამოტანა, – მიუგო პატარამ.

ახლა წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი ხნის მანძილზე ათრევინეს ეს „მძიმე“ ნაძვის ხე ბავშვს სიუჟეტის მოსამზადებლად?

– რას ფიქრობთ ეხლა ამ ყველაფერზე? – კითხულობს წამყვანი.

რას ვფიქრობთ და, გვაინტერესებს იმ „ყბადაღებული“, ე.წ. უფლებადამცველების მოსაზრება, რამდენად მისაღებია ბავშვის ექსპლუატაცია, ბავშვის ფიზიკური შრომის გამოყენება სიუჟეტის და გადაცემის მოსამზადებლად, რომ მერე ამაში თქვენ ხელფასი აიღოთ!

ექსპერიმენტების დადგმა ტელესივრცეში ხშირია, მაგრამ მათი ფორმატი ცოტა სხვაა – საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე არ უნდა დაუპირისპირო და არ ალაპარაკო, თუ რაოდენ უკეთესები არიან ისინი.

მაია ასათიანის „პროფილით“ დათრგუნული, ამჯერადაც, ჯაჯანიძის „რაკურსს“ მივაშტერდი. გადავრთე და… ცნობილი ასტროლოგის – ცაგარეიშვილის რჩევებიც მოვისმინე. ცაგარეიშვილმა გვირჩია, რომ საახალწლოდ, რადგან მაიმუნის წელიწადი მოდის, ბევრი ბანანი დავალაგოთ სუფრაზე.

ცოტა გამეღიმა…

ბანანი ქართული ხილი არ არის, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ მოდის, შესაბამისად, ასტროლოგის მიმართვა ან საქართველოში ასე მომრავლებულ ინდოელებისთვის და აფრიკელებისთვის იყო გამიზნული, ან ქართველებს აქამდე იმიტომ გვიცხოვრია ბედკრულად, რომ ყოველ მეთორმეტე ახალ წელს ვხვდებოდით „უბანანოდ“.

ახლა იმაზე დავფიქრდი, დავუშვათ და დავალაგე ეს ბანანები სუფრაზე, მაიმუნი კი არ მოვიდა. თავისთავად, ავდექი და მე შევჭამე ეს ბანანები. მერედა, მაიმუნი ვინ გამოდის – მე თუ ახალი წელი?

თუმცა, ცაგარეიშვილის რჩევა ხალხისადმი, მაინცდამაინც უადგილო არ არის…

აგერ, გუშინწინ, ქვეყნის პრემიერ მინისტრი ისე გადადგა თანამდებობიდან, ვერც გავიგეთ რატომ! მის გადადგომამდე ორიოდე დღით ადრე, ღარიბაშვილის მოხსენებას რომ ვუსმენდი, თავი ბედნიერ ქვეყანაში მეგონა და პრემიერის გადადგომაზეც არაფერი მეტყველებდა.

მთავარი კითხვა „რატომ გადადგა“ კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. ძირითადად ორ მიზეზს ასახელებენ – „ივანიშვილის ხუშტურებს“ და „რეიტინგს“.

არადა, თუკი იმიტომ გადადგა, რომ მას ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, გამოდის, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ქართველ ხალხს. ხოლო, თუკი მისი გადადგომის მიზეზი პირადი და, ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემაა, გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ს, გვარამიას და მის მასხარებს უფრო მეტი გავლენა ჰქონიათ ქართული პოლიტიკის ამინდზე, ვიდრე პრემიერ მინისტრს, რადგან იმიჯის შელახვა სწორედ „რუსთავი 2“-ის მიერ მათ გამასხარავებას უნდა დავაბრალოთ. საამისოდ, ბატონებო, საიმიჯმეიკერო კომპანიები არსებოს, ისინი უნდა დაიქირავოთ და არა – გადადგეთ! თუ საქმე მართლაც იმიჯს და რეიტინგს ეხება, მაშინ რა უნდა თქვას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც უკვე „გამასხარავების ფაზას“ გასცდა და გერმანელი ხალხი მას „ერის მოღალატეს“ ეძახის?!

„დაჭიმული სახე“, „დაჭიმული სახე“, – გაიძახოდნენ „დამოუკიდებელ“ ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე. თუმცა იმავე „დამოუკიდებელ“ არხზე არასდროს უთქვამთ „დორბლიანი სააკაშვილიო“, არც ის უხსენებიათ, სააკაშვილს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი რომ შეეშალა, არც მიშას მოტეხილი ხელი, ღრუბელ-ღრუბელ რომ მიფრინავდა, პრეზიდენტის მწვანე კომბინიზონი, მთავრობის სხდომა სახუროავზე თუ გამოქვაბულში, და სხვა მრავალი, მართლაც საარაკო ამბები, რომელიც მიშას გადახდა. ასე რომ, „რუსთავი 2“-ის ჩაძირვა და მის ხარჯზე ხელისუფლების რეიტინგის ამაღლება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და სხვა არაფერი, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, ადვილად განხორციელებადია.

პრემიერ ღარიბაშვილის მოღვაწეობას დადებითად თუ არა, მაინცდამაინც უარყოფითად ვერ შევაფასებთ. ევროინტერგაცია გვინდოდა – მივიღეთ, ჯანდაცვის პროგრამა გვინდოდა – კარგად თუ ცუდად, ესეც მივიღეთ, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება გვინდოდა – ნელ-ნელა ამასაც ვახერხებთ. არის კიდევ წვრილ-წვრილი „მიღწევები“, რომლის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ, რადგან მათი განხორციელება ხელისუფლების მოვალეობაა და „მიღწევებად“ არც უნდა ჩაითვალოს.

ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მოსახლეობის 99 პროცენტი, „ნაციონალების“ და „ქართული ოცნების“ „პოლიტბიუროს“ წევრთა ჩათვლით, ფაქტია, არ ელოდა ღარიბაშვილის გადადგომას და საამისოდ არც რაიმე წინაპირობა არსებობდა. აშკარაა, რომ დღეს ვისაც როგორ მოესურვება, შეუძლია ისე მოგვიხსნას და დაგვინიშნოს ქვეყნის მეთაური და ხალხს არც არაფერი გვკითხოს და არც არაფერი აგვიხსნას.

აქედან გამომდინარე, პირადად მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრის გადადგომით და ამ გადადგომის აუხსნელობით!

ასე რომ, თუკი ხელისუფლების ხალხისადმი დამოკიდებულებას გავიაზრებთ, ცაგარეიშვილის რჩევა ბანანებთან დაკავშირებით სწორედ რომ დროულია! ხელისუფლება, როგორც მაიმუნებს, ისე გვიყურებს და შესაბამისადაც გვექცევა. ჩვენც, მაიმუნების მსგავსად, მივშტერებივართ ტელევიზორს და გაფაციცებით ვუსმენთ ასათიანის თუ ჯაჯანიძის, უნიჭო „ნიჭიერის“ თუ იუმორსმოკლებული, სამასხარაო შოუების გადაცემებს… და ვიტანთ ხელისუფლების ჩვენდამი უპატივცემულობას…

შემდეგ, მოვა არჩევნები, იმავე ტელევიზორში გავა საარჩევნო რეკლამები და ჩვენც დარაზმულნი წავალთ არჩევნებზე ხმის მისაცემად იმისდა მიხედვით, თუ რომელი პარტიის რეკლამა უფრო მოგვეწონა.

P.S. ცხენის და თხის წელიწადმა ებოლას ვირუსი და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორი მოგვიტანა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა შეიძლება მოგვიტანოს მაიმუნის წელიწადმა.

გავიხსენოთ, თუ როგორი გამოდგა ჩვენთვის მაიმუნის წინანდელი წელიწადი. 2004 წელს „მაიმუნმა“ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტება და „ნაციონალცრი მოძრაობის“ გამარჯვება გვაგემა. მსოფლიო კი, ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად 230 ათასი ადამიანის დაყუპვამ შეძრა. ასევე, დაიწყო ფუნქციონირება Facebook-მა, რამაც ჩვენ მაიმუნობის და „ორთქლის გამოშვების“ საშუალება მოგვცა.

ასე რომ, არა მაიმუნის, არამედ, ზოგადად, ახალი წლის დადგომას, 2016-ისთვის მიღწევას გილოცავთ და გისურვებთ კიდევ მრავალი წლისთვის მიგვეღწიოს და როგორც მაიმუნის წელიწადისთვის, ისე ყველა მაიმუნისთვის ყოჩაღად გაგვეძლოს!

ლევან ზანგურაშვილი

1 COMMENT

  1. რას ვფიქრობთ და, გვაინტერესებს იმ „ყბადაღებული“, ე.წ. უფლებადამცველების მოსაზრება, რამდენად მისაღებია ბავშვის ექსპლუატაცია, ბავშვის ფიზიკური შრომის გამოყენება სიუჟეტის და გადაცემის მოსამზადებლად, რომ მერე ამაში თქვენ ხელფასი აიღოთ!

    ექსპერიმენტების დადგმა ტელესივრცეში ხშირია, მაგრამ მათი ფორმატი ცოტა სხვაა – საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე არ უნდა დაუპირისპირო და არ ალაპარაკო, თუ რაოდენ უკეთესები არიან ისინი.

  2. rac sheexeba asatians da jajanizes es mxolod tvinis gamorecxvas emsaxureba, ubralod mosabezrebeilia erti da igive adamianebis micveva, mati azris gaziareba, albat amasac tavisi datvirtva aqvs. magram daglili, mshieri, sheuracyofili xalxi mainc uyurebs am sashinel gadacemebs radgan…….. rac sheexeba premier ministris gadadgomas es martlac shoki iyo, megona sanam bat. garibashvili iqneboda ertsqesiani qorcineba saqartveloshi ver dakanondeboda da eklesiac myarad idgeboda, magram axla??????????

  3. ბაკურ სვანიძის სტატიები ძალიან მიყვარს. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მინდება მისი მოსაზრებების კითხვა და ხომ არ გაქვთ საშუალება, რომ ყოველდღე დადოთ მისი სტატიები?

    პატივისცემით, მირანდა ჯურხაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here