Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

1308

#10

რწმუნების სიგელი, მიცემული ერეკლე მეორის მიერ იოანე ბაგრატიონისა და გარსევან ჭავჭავაძისთვის რუსეთთან ხელშეკრულების დასადებად

“არაერთგზის მიურთმევიათ თხოვნა ტახტისადმი ყოვლისა რუსეთის თვითმპყრობელთათვის წინაპართა ჩვენთა, მეფეთა ქართლისა და კახეთის; ხოლო მსგავსად მათსა ტახტისადმი აწ ბედნიერად მმეფობისა მისი იმპერატორებისა დიდებულებისა ეკატერინა მეორისა, იმპერატრიცასი და თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა: მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა, ნოვაგოროდისა, მეფისა ყაზანისა, მეფისა ასტრახნისა, მეფისა სიბირისა, ხელმწიფისა პსკოვისა და დიდისა თავადთათვის სმოლენსკისა, თავადისა ისტლანდისა, ლიფლანდიისა, კორელიისა, ტვერისა, იუღორისა, პერმისა, ვიატსკისა, ბულგარისა და სხვათა, ხელმწიფისა და დიდისა თავადინა ნოვოგოროდის ნიზოვის ქვეყნისა, ჩერნიკოვისა, იახანისა, როსტოვისა, იაროსლავისა, ბელაოზერისა, უდორისა, ობდორისა, კონდიკისა და ყოვლისა ჩრდილოეთისა მბრძანებელისა და ხელმწიფისა ივერთა ქვეყნისა, ქართლისა და საქართველოისა მეფეთა, და ყაბარდოს ქვეყნისა, ჩერქეზისა და მთიურისა თავადთა და სხვათა მემკვიდრისა ხელმწიფისა და მფლობელსა მივართვით უმდაბლესი თხოვა ჩვენ, ირაკლი მეორემ, მეფემ ქართლისა და მეფემ კახეთისა, მემკვიდრემ მთავარმა სამცხე-საათაბაგოსი, მთავარმა ყაზახისა, მთავარმა ბორჩალოსა, მთავარმა შამშადილოსა, მთავარმა კაკისა, მთავარმა შაქისა და მთავარმა შირვანისამ, მფლობელმა და მბრძანებელმა განჯისა, ერევნისა და სხვათამან, მიღებისათვის ჩვენისა და მონაცვლეთა ჩვენთა მფარველობასა ქვეშე მისი იმპერატორების დიდებულებისასა და აღსარებისათვის ჩვენ კერძო უზენაესი ხელმწიფების მისისა და მენაცვლეთა რუსეთის საიმპერატოროს ტახტისა, ქართლისა და კახეთისა მფლობელთა ზედა. და უკანასკნელ მივიღეთ მისი იმპერატორების დიდებულებისაგან მოწყალებითი ნება ამას ზედა, რომლის დასამტკიცებელად ცხადითა და ორითვე კერძოთა მსგავსითა განწესებითა აღვარჩიეთ და სრულისა ძალისა მქონებელ ვჰყავით ჩვენ საყვარელნი და ერთგულნი ყმანი ჩვენი; თავადი იოვანე კოსტანტინოვიჩი ბაგრატიონი, მხედრობისა ჩვენის მემარცხენე სპასპეტი, რომელსაცა აქვს რწმუნებულ საქმენი ერევნისა, და თავადი გარსევან რევაზოვიჩი ჭავჭავაძე, ჩვენი მანდატურთუხუცესი და ზედამხედველი ყაზახის სამთავროსი, რომელთათვის მიგვიცია სრული მინდობა, რათა მისი იმპერატორების დიდებულებისაგან განწესებულთა სრული ძალისმოქნებელთა თანა რაიცა განაწესონ, დაამტკიცონ და მოაწერონ ტრაქტატს მფარველობისა ჩვენ ზედა მისი იმპერატორების დიდებულებისა და მაღალთა მენაცვლეთა მისთა, და ჩემ მიერ აღსარებისათვის უზენაესი ხელმწიფებისა ყოვლისა რუსეთის თვითმპყრობელს ქართლისა და კახეთის მეფეთა მიერ აღუთქვამ ჩვენის მეფური სიტყვთა, რომ კეთილად მივიღებ და უეჭველად აღვასრულებ ყოველსა მას, რაც თავად იოანე ბაგრატიონისა და თავად გარსევან ჭავჭავაძისაგან ძალითა აწინდელისა სრული ძალის მქონებელობით აღითქმიან, განიწესებიან და მოიწერებიან. ასრთვე მიეცემათ მათ რატიფიკაცია ჩვენი განწესებული დროისა, რომლის დასარწმუნებლად ამას სრულსა ძალსა ჩვენ საკუთარითა ხელით მოვაწერეთ და ვუბრძანეთ დამტკიცებად სამეფო ბეჭდით.

მიეცათ ჩვენ სამეფოსა ქალაქს ტფილისს, ივნისის 28 დღესა, და ქრისტეს შობიდან 1773 წელს.

ერეკლე

თავადი დავით ორბელიანი თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი”

#11

იმპერატრიცა ეკატერინე II-ის სიგელი ქართლკახეთის მეფეს ერეკლე II აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღების შეუძლებლობის შესახებ

“ღმერთის წყალობით ჩვენ, ეკატერინე მეორე, სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და თვითმპყრობელი, და სხვა, და სხვა და სხვა.

ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფე ერეკლეს.

სიამოვნებით ვიხილეთ და მივიღეთ ჩვენის იმპერატორობის კარზე წარმოგზავნილი თქვენი უგანათლებულესობის ვაჟი, თქვენივე ნათესავებთან და თქვენი მხარის კათალიკოსთან ერთად.

თქვენი უგანათლებულესობის ჩვენდამი ამგვარად დადასტურებული გულმოდგინება და ერთგულება, კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენდამი ჩვენს დამოკიდებულებას ქრისტიანი მპყრობელისთვის დამახასიათებელი გონივრული კეთილგანწყობის გამო სრულიად რუსეთის სამეფო კვერთხის მიმართ.

თქვენო უგანათლებულესობავ, გიდასტურებთ, რომ ჩვენი ჩვეულებისამებრ, თქვენზე საუკეთესო აზრი რომ გვაქვს, ყურადღება არ მოვაკელით თქვენს მიერ მოწოდებულ ამ განსაკუთრებულ გზავნილს, რომელიც შეიცავს წინადადებებს, როგორც, საერთო ხასიათისას, ასევე თქვენი სამფლობელოს შესახებ.

(ეკატერინე II ხაზგასმით წერს, რომ ღვთის მიერ ბოძებული ძალაუფლებით და კაცთმოყვარეობით ებრძვის დაუმორჩილებლობას, იცავს სუსტს ძალადობისგან, და მისი კეთილი საქმენი იმპერიის საზღვრებით არ იფარგლება, ვრცელდება სხვა ხალხებზეც. ამის დამადასტურებლად ასახელებს საქართველოს, ქრისტიანული, ერთმორწმუნე ქვეყნის დასახმარებლად თურქეთის იმპერიასთან ომის პირობებში ჯარის გაგზავნას, ლაშქრობის სიშორის, სიძნელისა და მისი მომარაგების სირთულის მიუხედავად. მისი ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისადმი პატივისცემით).

ჩვენი ასეთი განწყობილებისა და თქვენი უგანათლებულესობის სურვილის მიუხედავად, რომელიც თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იყო გამიზნული, _ წერს რუსეთის თვითმპყრობელი, _ დღევანდელი ვითარება სულ სხვა მოქმედებას მოითხოვს, არა მხოლოდ ჩვენი იმპერიის საკეთილდღეოდ, არამედ საქართველოს მიწისთვისაც, რადგან, ჩვენი საქმეები თურქეთის იმპერიასთან შერიგებისკენ იხრება. მაშასადამე, თქვენი ყველა წინადადება, რომელთაც ითხოვდა საქართველო ჩვენი მტრისა და თქვენი საეჭვო მეზობლის წინააღმდეგ, წარმოჩნდება სულ სხვა ჭრილში, რომელსაც მიჩვეული ხართ თქვენი ძველი წარმოდგენით. ჩვენი ჯარის მხოლოდ გაგზავნაც კი შორეულ ქართულ მხარეში, გამოიწვევს ომის ხანძრის გაძლიერებას, რომელიც ისედაც დიდი ხანია ადამიანების სისხლისღვრის მიზეზია და გრძელდება ჩვენი სურვილის მიუხედავად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენს უგანათლებულესობას, იმ შრომისთვის, რომელიც გაწეული გაქვთ თქვენი ქვეყნისთვის და იჩენთ ჩვენი იმპერიისადმი მიმხრობის თვალსაზრისით, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ამით გიდასტურებთ, რომ თქვენ, როგორც შესანიშნავი თვისებებისა და ღირსების მქონე, გვახსოვხართ და კვლავაც გვეხსომებით, და შემთხვევას ხელიდან არ გავუშვებთ ქართველი ხალხის მდგომარეობისა და ხვედრის გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად… მაგრამ უდროო დროს საქართველოში მომხდარმა სისხლისღვრამ, მოუწყობლობამ და გაუგებრობებმა, რომლებიც ყოველთვის გრძელდებოდა იქაურ მმართველთა შეუთანხმებლობის მიზეზით, ბოლოს და ბოლოს, საქმე უკიდურესობამდე მიიყვანა და დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ჯარის იქ ყოფნა უაზრო და უსარგებლო იყო. ამიტომ იძულებული გავხდით უკან გამოგვეხმო იგი.

(ეკატერინე ჰპირდება ერეკლე II-, რომ თუ მომავალში თურქეთის იმპერიასთან დაზავდება, მას მოსთხოვს ქართველი ხალხის უსაფრთხოების გარანტიას, რომლის განხორციელებას გააკონტროლებს რუსეთი. ეკატერინეს აზრით, ეს უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, ვიდრე ახალი საომარი მოქმედების დაწყება.

იმპერატრიცა იწონებს საომარი შფოთის გაგრძელების პირობებში 1773 წლის ზაფხულში ქართლკახეთის მეფის ერეკლე II-სა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეთანხმებას ურთიერთდახმარებისა და ერთობლივი მოქმედების შესახებ, ანუ სამხედრო კავშირს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც საჭირო და სასარგებლოა ქართველ ხელმწიფეთათვის, ურთიერთ საზიანოდ ერთმანეთთან ჩხუბსა და წაკიდებაში ამაოდ რომ ფლანგავდნენ დროს).

“რაც შეეხება საქართველოს სხვა, მაგრამ მარადიულ მოწინააღმდეგეს ლეკებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, თავიანთი ბოროტი დარბევების დროს მხედველობაში არ იღებენ არც ომს, არც მშვიდობას ჩვენს იმპერიასა და თურქების პორტას შორის, არამედ მომენტის ხელსაყრელობით ხელმძღვანელობდნენ, თქვენი უგანათლებულესობა უთუოდ დაგვეთანხმება იმ ჭეშმარიტებაში, რომ ამ ავაზაკთა მოთოკვა, რომლებიც არ იმსახურებენ ნამდვილი მოწინააღმდეგის სახელს და რომლებიც თავს ესხმოდნენი საქართველოს ჩვენი ჯარის იქ ყოფნის დროს და შემდეგაც, დამოკიდებულია არა იმდენად დროებით საომარ წარმატებებზე, არამედ უფრო მეტად ძალაში შესულ და მოქმედ განკარგულებებზე, რომლებიც ხელს შეუშლიდა ამ ბარბაროსებს ეძარცვათ სხვადასხვა ადგილები. თქვენი საზრუნავია, მონახოთ საშუალებანი თქვენს სამფლობელოში და სხვაგანაც ამ ვითარების მოსაგვარებლად, გადასარჩენად საქართველოსი, რომელიც შინაგანად იტანჯება და მოითხოვს განკურნებას.

ამასთან, არ ვცანით საჭიროდ თქვენი ვაჟის და კათალიკოსის ჩვენს კარზე დარჩენა და ყოვლად მოწყალედ ვუბრძანეთ ჩვენი იმპერატორის ამ სიგელითურთ უკანვე დაბრუნება. მათი აქ ყოფნითა და ქცევით ფრიად კმაყოფილი დავრჩით, და სამომავლოთაც გპირდებით ჩვენს სამეფო მფარველობასა და კეთილგანწყობას.

გაცემულია სანკტპეტერბურგში, ჩვენს რეზიდენციაში, დეკემბრის თვის 31-, ქრისტეს დაბადებიდან 1773 წელს, ჩვენი ხელმწიფობის მეათე წელს.

სიგელი ხელმოწერილია მისი საიმპერატორო დიდებულების მიერ:

ეკატერინა

კონტრასიგნებულია ვიცეკანცლერის,

თავად ალექსანდრე გოლიცინის მიერ”.

1774 . 10(21) ივლისი. ამონაწერი რუსეთისა

და ოსმალეთის იმპერიებს შორის დადებული

სამშვიდობო ხელშეკრულებიდან

#12

მეცხრამეტე არტიკული

“რუსეთის იარაღით დაპყრობილი საქართველოსა და სამეგრელოს ციხეები ბოგდადჩიკი, ქუთათისი და შეგერბანი (ასეა დედანში) რუსეთი იმათ კუთვნილებად მიიჩნევს, ვისაც ძველთაგანვე ეკუთვნოდა. ასე მაგალითად, თუ ეს ქალაქები ძველი დროიდანვე ბრწყინვალე პორტას (ოსმალეთის) მფლობელობაში იყო, მის კუთვნილებად იქნება აღიარებული და ამ ტრაქტატით განსაზღვრულ დროს რუსეთის ჯარი გამოვა საქართველოსა და სამეგრელოს აღნიშნული პროვინციებიდან. ბრწყინვალე პორტა კი თავის მხრივ, პირველი არტიკულის დებულებიდან გამომდინარე, კისრულობს ვალდებულებას, ამნისტია გამოაცხადოს იმათთვის, ვინც ამ ომის დროს ამა თუ იმ სახით შეურაცხყოფდა მას (ოსმალეთის იმპერიას). ოსმალეთი საზეიმოდ და სამუდამოდ უარს ამბობს მოსთხოვოს ხარკი (საქართველოს) ყმაწვილებისა და ქალიშვილების სახით, და ყველა სხვა გამოსაღები, ივალდებულებს, რომ არ ჩათვლის თავის ქვეშევრდომებად (იქაურ მოსახლეობას), იმათ გარდა, ვინც ძველთაგანვე მას (ოსმალეთს) ეკუთვნოდა; ყველა ციხე და გამაგრებული ადგილი, რომლებიც ქართველებისა და მეგრელების მფლობელობაში იყო, მათსავე დაცვასა და მმართველობაში დარჩება; არავითარ შემთხვევაში არ შეავიწროებენ მათ სარწმუნოებას, (ხელს არ შეუშლიან) მონასტრებისა და ეკლესიების განახლებას, ახლების აშენებას, და არ იქნებიან შევიწროებული ჩილდირის გუბერნატორის (იგულისხმება ახალციხის ფაშა) და სხვა უფროსებისა და ოფიცრების მიერ მამულების ჩამორთმევის რაიმე მოთხოვნით. იმის გამო, რომ აღნიშნული ხალხები არიან ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომნი, რუსეთის იმპერიას კვლავაც არ აქვს უფლება ჩაერიოს (და) შეავიწროვოს ისინი”…

1782 .

#13

არა უადრეს 1782 წლის 6 დკემბრისა. ამონარიდი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტის, გენერალ ანშეფის ბრწყინვალე თავადის, გენერალ-პორუჩიკ გ.ა. პოტიომკინის მოხსენებიდან იმპერატრიცა ეკატერინე II-ს

“დოქტორი რეინეგსი (რუსეთის კომისიონერი ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის სამეფო კარზე) ატყობინებს გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს კავკასიელი და იბერიელი ხალხების რუსეთის ტახტისადმი ერთგულების შესახებ. წერილი მან გამოგზავნა ერთ-ერთი მთიელი მეპატრონის კაიტუკის ხელით, რომელიც ფრიად მარჯვე, გამორჩეული და უაღრესად ბეჯითია. იგი თან ახლდა დოქტორს კავკასიაში საქართველოსა და იბერიაში მოგზაურობის დროს, და ჰყავს სამოცი შეიარაღებული მეომარი, რომელთა სიმამაცეზე საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს, ამასთან, ირწმუნება, პირველსავე ბრძანებაზე მათი რაოდენობა გაიზრდება. დოქტორი კი გვაცნობებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია იყოლიოს 4000-მდე უმამაცესი ოსი, რომლებიც მზად იქნებიან გვემსახურონ, როცა ამის საჭიროება იქნება. თავისი ერთგულების დასამტკიცებლად ნახსენებმა კაიტუკმა მოგვთხოვა (ქრისტიანად) მონათვლა, და პეტრეს სახელით დაბრუნდა თბილისში. ნათლობის წეს-ჩვეულების დამსწრე ყაბარდოს მთავარი მფლობელის თათარხანოვის ვაჟი ჯანხათი აღფრთოვანებული დარჩა იმ დიდებულებით, რომლითაც, ეს საიდუმლოება შესრულდა და მოითხოვა იგიც დაუყოვნებლივ მიეღოთ ქრისტიანად. შედეგად იგი მონათლეს და დაარქვეს ნიკოლაი. (მას) სურს სამსახურში ჩადგომა.

გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი გვთავაზობს, მათ წასახალისებლად, ვინც ჩვენ კანონს აღიარებს, მივიღოთ სამსახურში რომელიმე ჩინის მინიჭებით.

გენერალ-პორუჩიკი გვატყობინებს, რომ მეფე ერეკლე ეჭვიანობს სოლომონ მეფისთვის ორდენის მინიჭების გამო, და ამგვარად სოლომონთან მის გათანაბრებას შერისხვად მიიჩნევს.

ეს დადასტურებულია სომხეთის არქიელის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მის (ერეკლეს) უმცროს ვაჟს მირიანს მიანიჭებენ წმინდა ანას ორდენს, ერეკლე ამას განსაკუთრებულ მოწყალებად ჩათვლის”…

(1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II მადლობის წერილს უგზავნის ეკატერინე II-ს მისი ვაჟიშვილის, მეფისწულ გიორგის წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოების გამო)

1783 .

#14

არა უადრეს 1783 წლის 31 იანვრისა. აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის აგენტის პატაკი კავკასიის კორპუსის სარდლის გენერალ-პორუჩიკს პ.ს. პოტიომკინს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მიერ ოსმალეთის იმპერიასთან სეპარატული მოლაპარაკების შესახებ

“საქართველოში ყოფნისას მეფის მდივნის მისაილისგან (მიხეილისგან?) შევიტყვე, რომ თურქეთის (სულთნის) კარზე გაგზავნეს ერთი სომეხი წერილით, რომლის შინაარსი ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ: ვითომ უმაღლესი ვეზირი, სომხისგან წერილის ჩაბარების შემდეგ, უაღრესად გააფრთდა და თქვა: რატომ აგზავნისო ერეკლე მეფე რუსეთის (მეფის) კარზე ელჩებად თავადებს, სპარსეთის მპყრობელებთან _ მოხელეებს, ხოლო ბრწყინვალე პორტაში _ სომეხს, თანაც ისეთი ყალბი ცნობით, თითქოს ერთგულებს ოსმალეთის იმპერიას, სინამდვილეში კი ჩვენი მოწინააღმდეგისგან ითხოვს დახმარებასა და მფარველობას. რაზეც სომეხმა მეფისთვის ნამუსის მოსაწმენდად უპასუხა, რომ უძლურობის გამოა იძულებულია რუსეთს ერთგულება დაუმტკიცოს, რადგან ერთ მხარეს მეზობლად ჰყავს ასეთი ძლიერი სახელმწიფო, მეორე მხარეს _ სპარსეთის შურიანი ყაენები, მესამე მხარეს _ დაღესტნელი და ლეკი ხალხები, ქართულ დასახლებებს გამუდმებით თავს რომ ესხმიან და ძარცვავენ. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ფრიად თბილად დაცილდა.

მეორე პაემანის (ასეა დედანში), რაზე ისაუბრეს, უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ ვეზირმა უბოძა ქურქი და გააყოლა თურქეთის პორტას ერთი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს საზღვარზე შეაჩერეს, შემდეგ, ქართული ტანსაცმელი რომ ჩააცვეს, ჩაიყვანა თბილისში მეფესთან შესახვედრად. ბოლოს ქართული ტანსაცმლითვე გადაკვეთა საზღვარი, ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი და უკანვე დაბრუნდა”.

#15

არა უადრეს 1783 წლის 31 იანვრისა. აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის აგენტების პატაკი კავკასიის კორპუსის სარდალს პ.ს. პოტიომკინს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მიერ ოსმალეთის იმპერიასთან სეპარატული მოლაპარაკების შესახებ

“თურქეთის კარმა ქართველ მეფესთან წარგზავნა ერთი მოხელე, რომელიც ქალაქ ახალციხეში მეფის სახელით მიიღო თავადმა აველიანოვმა. იქ (ახალციხეში) მას ჩააცვეს ქართული სამოსი და ფარულად ჩაიყვანეს თბილისში, სადაც ჰყავდათ ორი დღე-ღამის განმავლობაში და ფარულადვე დააბრუნეს ახალციხეში კვლავ ქართულ ტანსაცმელში.

რამდენიმე დღის შემდეგ ერეკლე მეორემ თურქეთის კარზე მიავლინა თავისი ეგერმეისტერი, რომელიც ვითომდა საკუთარი სურვილით მამის ანდერძის შესასრულებლად გაემგზავრა იერუსალიმში მოსალოცად. რა დავალება ჰქონდა მეფისგან მიღებული, ვერ გავარკვიე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here