Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

გენიოსის გზის დასასრული

1122

მიხეილ ჯავახიშვილზე წერილების ციკლი უკრაინის მოვლენების გამო შევწყვიტე, ახლა კი განვაგრძობ თხრობას ამ დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე.

“ოციანი წლების პრესას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, როგორ მკაცრად არის გაკრიტიკებული მამას ყველა ნაწარმოები, რომანი თუ მოთხრობა. მწერალი ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ამიტომ იმხანად იგი გულჩათხრობილი და დაღვრემილი იყო” (ქალბატონი ქეთევან ჯავახიშვილის წიგნი “მიხეილ ჯავახიშვილი”, 1984 წელი, გვ.314).

1936 წლის 19 მარტს საბჭოთა საქართველოს დელეგაცია კრემლში პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელობამ მიიღო. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. შემდეგ გაიმართა დელეგაციის წევრთა დაჯილდოება ორდენებითა და მედლებით. დაჯილდოების ცერემონიას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ესწრებოდა იოსებ სტალინი. მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაჯილდოვდა “შრომის წითელი დროშის ორდენით”. დაჯილდოების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: მე მწერლობა დავიწყე 1903 წელს, მაგრამ ნამდვილი მწერალი მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს გავხდი. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლების 15 წლის განმავლობაში, 20-ჯერ მეტი დავწერე, ვიდრე ძველი რეჟიმის დროს…” (“საბჭოთა საქართველოს დელეგაციის მიღება კრემლში”, საქ. სკპ ცკ პარტგამომცემლობა, 1936 წელი, გვ. 103). ამ დოკუმენტური მასალის გამოქვეყნება იმიტომ დამჭირდა, რომ სიმართლის თქმისკენ მოვუწოდო იმ მუცლით მეზღაპრე ისტორიკოსებსა და მკვლევარებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ ჯავახიშვილს 1921 წლის შემდეგ არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდა სტალინურ რეჟიმს. 1933 წელს მიხეილ ჯავახიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს განათლების სახალხო კომისარს, ამხანაგ ერმილე ბედიას. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

პატივცემულო ამხანაგო ერმილე!

მეშამილისდაწერას ვაპირებ. ამისათვის მე მჭირდება, დავიარო დაღესტანი, კახეთი, დავიქირავე მეგზე, მდივანი, რომელიც მასალის შეგროვებას გამიადვილებს, მანქანაზე მბეჭდავი, შესაფერისი ლიტერატურის შეძენა, “შამილისდაწერას სულ ცოტა ორი წელიწადი დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში მე თვითონ ჰონორარით ვიცხოვრებ, რომელიც უკვე მერგება და შემდეგაც მერგება (“არსენასგადაკეთება კინოსურათისათვის და პიესისათვის)… რამდენიმე ჩემი მოთხრობა დაიბეჭდა და იბეჭდება ფრანგულად, ჩეხურად და ინგლისურად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა წიგნი. ამისათვის მე ვფიქრობ, გადათარგმნილ მოთხრობებს კიდევ რამდენიმე მოთხრობა დავუმატო. “არსენა მარაბდელივათარგმნინო ჯერ (ფრანგულად და ორი წიგნის მასალა გავგზავნო პარიზში). ამასაც 10.000 მანეთი დასჭირდება, რომელსაც მე თვითონ ვერასგზით ვერ გავიღებ”.

ასე რომ, მწერალი არც ისე შევიწროვებული უნდა ყოფილიყო როგორც მორალურად, ისე ფინანსურად და, როგორც ქალბატონ ქეთევან ჯავახიშვილის წიგნიდან ირკვევა, 1930-იან წლებში მოსკოვში არ ჩატარებულა რომელიმე დიდი ფორუმი ლიტერატურაზე თუ ხელოვნებაზე, მასში მონაწილეობა რომ არ მიეღო მიხეილ ჯავახიშვილს.

1934 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება 1937 წლის ოქტომბერში შოთა რუსთაველის 750 წლისთავის აღსანიშნავი იუბილის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ. აღნიშნულ კომისიაში მიხეილ ჯავახიშვილიც იყო შეყვანილი. კომისიამ მიზანშეწონილად ცნო, რომ შოთა რუსთაველზე დაწერილიყო სრულფასოვანი რომანი, რომელიც რუსთაველის ნაწარმოებთან ერთად განიხილავდა მის ეპოქას. ეს მიხეილ ჯავახიშვილს შესთავაზეს. მიხეილ ჯავახიშვილმა რომანის დასაწერად წინასწარ მოითხოვა სოლიდური სუბსიდია, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, იმხანად მთავრობის თავმჯდომარე გერმანე მგალობლიშვილმა ვერ დაუფინანსა. და, თუ ზოგიერთი კრიტიკოსი ამას თვლის მწერლის შევიწროებად და დისკრედიტაციად, მაშინ გადავხედოთ თანამედროვე მწერლობის ბოლო 30 წელს და განსხვავებასაც ნათლად დავინახავთ.

1934 წლის საკავშირო მწერალთა პირველი ყრილობის სხდომას, რომელზეც საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე მალათია ტოროშელიძემ საქართველოს მწერალთა კავშირის ანგარიში წარუდგინა, სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი თავმჯდომარეობდა. ზედმეტად აფასებს მამის ავტორიტეტს მწერლის ქალიშვილი ქალბატონი ქეთევან ჯავახიშვილი, რომელიც თავის წიგნში “მიხეილ ჯავახიშვილი” წერს, რომ ყრილობის პრეზიდიუმში მჯდომმა მიხეილ ჯავახიშვილმა მის გვერდით მჯდომ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს შენიშვნის სახით უთხრა _ სვეტებზე სადაც მწერალთა სურათები კიდია, რატომ არ არის შოთა რუსთაველის პორტრეტიო და სულ რამდენიმე წუთში ერთ-ერთ სვეტზე დაკიდეს დიდი შოთა რუსთაველის პორტრეტი. დიდი გულუბრყვილო უნდა იყოს ამ წინადადების ავტორი ან მამაზე გადაჭარბებული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რომ კრემლის სვეტებიან დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდებოდა და, რომელსაც მთელი პოლიტბიურო ესწრებოდა სტალინის მეთაურობით, ასე ადვილი ყოფილიყო დარბაზის პირველი სვეტიდან ერთ-ერთი რუსი კლასიკოსის სურათის ჩამოღება და მის მაგივრად იმხანად მათთვის უცნობი შოთა რუსთაველის უზარმაზარი პორტრეტის ჩამოკიდება. და, თუ ეს მართლა ასე მოხდა, ადვილი საფიქრებელია, რომ მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკის ქონგურებზე კლასიკოსთა ბიუსტების განლაგებაში პირველ ადგილზე შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმაც ბატონ მიხეილ ჯავახიშვილის ბრძანებით უნდა მომხდარიყო…

მაქსიმ გორკი ქართველ მწერლებთან ერთად საქართველოს მწერალათა კავშირის სასახლის ბაღში. მიხეილ ჯავახიშვილი მეორე რიგში მარცხნიდან მეოთხე. 1928 წლის 24 ივლისი

როგორ მოხდა ის დიდი მეტამორფოზა, რომ 20-იანი წლების პრესაში ხშირად გაკრიტიკებული მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც მელანქოლიაშია, უცბად ხდება საჭირო არა მხოლოდ ქართული მწერლობისათვის, არამედ ის დიდი რუსი მწერლების კოჰორტაში იმკვიდრებს ადგილს?

“1934 წელს სსრკ მწერალთა კავშირის ყრილობამ თავისი პრეზიდიუმის 52 წევრი აირჩია. მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მალათია ტოროშელიძე და მამაჩემი იქნენ არჩეულნი. მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმის წევრად არჩევის გამო გუცა ნამორაძემ წერილი გამოუგზავნა მამაჩემს, სადაც იგი წერდა: “პრეზიდიუმის წევრად შენი არჩევა მესიამოვნა, თუმცა მართალია, ბევრ დროს წაგართმევს, უნდა დაეჩვიო ვაგონში მუშაობას, რას იზამ. კარგად კი გააცანით თავი ქართველებმა მოსკოვში. აქ ამბავი ჩამოიტანეს, მალათიას სოსომ გაუსწორა მოხსენება და წინდაწინვე მისცა გეზიო. ამას მიაწერდნენ თქვენი დელეგაციის გამარჯვებას” (. ჯავახიშვილი, წიგნიმიხეილ ჯავახიშვილი”, გვ. 385).

“1934-1935 წლები იქნებოდა. ვასო (საუბარია ვასო ეგნატაშვილზე _ გრ. ონიანი) მოსკოვში იყო. სტალინი უნახავს. მის სამუშაო ოთახში რომ შესულა, საწერ მაგიდაზე ჩემი “არსენა მარაბდელი” ედო თურმე. ვასო შეკითხვია: კითხულობ ამ წიგნს, მოგწონსო? სტალინს უპასუხნია: “ეს ჩემი სამაგიდო წიგნია, ისწავლონ ქართველმა მწერლებმა როგორ უნდა წერა. მიხეილ ჯავახიშვილი ილია ჭავჭავაძის ქართულით სწერს, იმის გზას აგრძელებს და მომწონს”. (ქ. ჯავახიშვილი, წიგნი “მიხეილ ჯავახიშვილი”, გვ. 38გ).

1934 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა სპარსეთის დიდი მწერლისა და მოაზროვნის, ფირდოუსის, 1 000 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. როგორც საღამოზე, ასევე საპატიო ვახშამზეც, ცენტრალურ ფიგურას მიხეილ ჯავახიშვილი წარმოადგენდა. იმავე წელს მწერალი გაზეთ “ტაგანროვსკაია პრავდის” რედაქციიდან წერილს იღებს. მას სწერენ, რომ 1935 წლის იანვარში უნდა ჩატარდეს ჩეხოვის დაბადების 79 წლისთავი და სთხოვეს, მიიღოს მის მოწყობაში აქტიური მონაწილეობა. 1934 წელს “ლიტერატურნაია გაზეტას” რედაქციამაც გაუგზავნა წერილი მიხეილ ჯავახიშვლის და სთხოვს, მონაწილეობა მიიღოს საღამოში, რომელიც ფოლკლორის საკითხებს ეძღვნება. იმავე წლის 7 ოქტომბერს გაზეთ “პრავდის” რედაქცია წერილით სთხოვს მწერალს, გაუგზავნოს თავისი მოთხრობები და წერილები “პრავდის” ფურცლებზე გამოსაქვეყნებლად.

1937 წლამდე თითქმის არ არის დღე, მიხეილ ჯავახიშვილი არ ყოფილიყო მიწვეული ღონისძიებაზე ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმული. ამას ადასტურებს მისი ქალიშვილი, ქალბატონი ქეთევანი. მაშ, ვინ არის ის მატრაკვეცა კრიტიკოსი თუ ჩიტირეკია მწერალი, რომელიც მრუდე სარკეში ხედავს დიდი მწერლის შემოქმედებას?!

მიხეილ ჯავახიშვილი

მკითხველს რომ არ ეგონოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილი მხოლოდ მწერლურ საქმიანობაში იყო აქტიურად ჩართული და მოიცავდა უკიდეგანო სოციალისტურ სამყაროს, ვიტყვი, რომ მას კიდევ უფრო დიდ საქმეზე ეკიდა ხელი, რომელსაც არანაკლებ აქტიურობით ემსახურებოდა. ეს საქმე გახლდათ სამშობლოსა და თავისი თავისგათავისუფლება”, მაგრამ საკითხავია _ რისგან და ვისგან? მიხეილ ჯავახიშვილი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში პრესტიჟულ ბინაში ცხოვრობდა, ქიაჩელის ქუჩაზე, სადაც იმჟამად პარტიული და ხელოვანთა ელიტური წრეები ცხოვრობდნენ, მათ შორის ქვეყნის (რესპუბლიკის) პირველი პირი _ ლავრენტი ბერია.

საქართველოს შს სამინისტროს არქივის მონაცემებით, არსებობდა საიდუმლო საქმე მუდმივი შენახვის გრიფით, რომელშიც თავმოყრილი იყო მოხსენებები საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმეზე და აგენტურის მონაცემები. აღნიშნულ დოკუმენტში ხშირად არის ნახსენები მიხეილ ჯავახიშვილის, მიხეილ ჯავახოვის, ჯავახოვადამაშვილის გვარი. ამ საიდუმლო დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია ქალბატონ ნესტან კირთაძის მონოგრაფიის მეშვეობით. ეს იყო პირველი მცდელობა იმ არქივის გაცნობისა, რომელიც შემდგომ ან შეგნებულად გადაიმალა, ანდა მართლა დაიწვა (1991 წელს). მკვლევარი მიუთითებს, რომ “ქართველი პატრიოტები ამზადებდნენ აჯანყებას. საქართველოს ჩეკასა და ზაკავკასიის (საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩეკა) აგენტურა კი ყოველდღიურ მასალას აგროვებს საქართველოს დამოუკიდებლობის გასაწირად (იხ. ნაშრომი. გვ. 329). სამწუხაროდ, აღნიშნულ დოკუმენტში ასეთ ჩანაწერებსაც წააწყდებით:

* “აგენტურის მონაცემებში რამდენჯერმე არის მოყვანილი მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენებებიდან აღებული ინფორმაცია. მაგალითად, ეროვნულდემოკრატთა ცენტრალური კომიტეტის წევრი მიხეილ ჯავახოვი აჩვენებს: შეთანხმების პუნქტებში იყო ასეთი: ყველა პარტია უარს ამბობს დამოუკიდებელ გამოსვლაზე, მათ მოქმედებას აერთიანებს პარიტეტული კომიტეტი. პარიტეტულ კომიტეტს ყოფილ მთავრობასთან ჰყავს საგანგებო კონტროლიორი”;

* “საზღვარგარეთ გასული ყოფილი მთავრობა დირექტივებს პარიტეტულ კომიტეტიდან იღებს და საერთოდ მათ უთანხმებს თავის მოქმედებას”;

* “საზღვარგარეთიდან მიღებულ მთელ თანხას პარიტეტული კომიტეტი საერთო მიზნისათვის ხარჯავს”;

* “თუ ბოლშევიკები საქართველოდან წავლენ, ძალაუფლება გადადის პარიტეტული კომიტეტის ხელში”;

* “. ჯავახოვი აჩვენებს, რომ კომიტეტის სხდომაზეგადაწყდა, ადგილებზე მუშაობის გასაერთიანებლად შეექმნათ პარიტეტული სამეულები, რაც განხორციელდა კიდეც”.

* “მ. ჯავახოვი პარტიის წევრის, იასონ ჯავახოვის ნათქვამით ამტკიცებს, პარიტეტულმა კომიტეტმა ჩოლოკაევს (იგულისხმება ქაქუცა ჩოლოყაშვილი _ გრ. ონიანი) 300-400 ლირა გაუგზავნაო, მაგრამ სად შოულობენ სახსრებს ავანტიურებისათვის, ისევ და ისევ ერთგვარ პასუხს გვაძლევს ჯავახოვი: ფულის საქმეები გადავიდა იასონ ჯავახოვის ხელთ, რომელმაც ერთხელ საზღვარგარეთიდან _ პარტიის კონსტანტინოპოლის განყოფილებისგან 500-600 ლირა მიიღო”. საგულისხმოა, რომ ეს ჩვენებები მიხეილ ჯავახიშვილმა მაშინ მისცა ჩეკას, როდესაც იასონ ჯავახიშვილი დაპატიმრებული არ იყო (ნესტან კირთაძის წიგნი, გვ, 346).

ლავრენტი ბერია

თითქოს ეს სამხილები გაქრა (ან დაიწვა), მაგრამ არსებობს სხვადასხვა გზა “გამქრალი” მასალების მოსაძიებლად.

მე, გრიგოლ ონიანს, აღნიშნული ტომების დაწვაში, რომელიც მწერალთა და ხელოვან მუშაკებს ეხებოდა, ეჭვი მეპარება, რადგან, როგორც მწერალი ბულგაკოვი შენიშნავს, “ხელნაწერები არ იწვის”. აღნიშნულ საკითხზე განცხადებით მივმართე საქართველოს ვიცეპრემიერს, კულტურის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, შექმნას სამთავრობო კომისია 1937-1938 წლებში რეპრესირებულ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებზე შედგენილი საქმეების მოსაძიებლად და გაირკვეს სისხლის სამართლის ბრალდებათა 200 ტომის ადგილმდებარეობა, რომლებიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი ერთ განსაკუთრებულ ადგილზე. ტომები მოძიებული უნდა იქნას იმიტომ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა საფუძვლიანად გამოიძიონ როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, ასევე სხვა გამოჩენილი ადამიანების რეპრესირების ნამდვილი მიზეზები, რაშიც თითქმის პირდაპირ ადანაშაულებენ სტალინს და რითაც ელახება ბევრ სტალინისტს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ჩემი წერილი მთავრობისადმი.

საინტერესოა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ქალბატონ ნინო ხოფერიას ნათქვამი, რომ “პოლიტიკანობა იმ მასშტაბის მწერლისთვის, რომელმაც თავისი მრწამსი შემოქმედებაში გამოხატა, მართლაც წვრილმანი რამ არის”.

უფრო დაბნეული აზრი აქამდე არ წამიკითხავს. ამ აზრის გასაბათილებლად, საუბედუროდ, ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით თანამედროვისა და თანამებრძოლის აზრი უნდა გავუზიარო მკითხველს. ქალბატონი ნინა გეგჭკორი (ლავრენტი ბერიას მეუღლე) თავისივე საცხოვრებელ ქუჩაზე შეხვდა მეზობელ ქალბატონს _ ლუბა ჯაჭვაძეს (მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლეს) და მორიდებით გადასცა თავისი ლავრენტი ბერიას, რომ ბატონი მიხეილი მისთვის სასურველ საღამოს ეწვიოს შინ პირადი საუბრისთვის. ბატონმა მიხეილმა ბერიასთან სტუმრობა არ ისურვა. არ ისურვა ოჯახურ გარემოში საუბარი, შესაბამისად, ეს შეხვედრა არ შედგა. მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ მალევე ლავრენტი ბერიამ ვალდებულად ჩათვალა თავი, საკანში მოენახულებინა თავისი მეზობელი და სახელგანთქმული მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. საკანში ბერიამ ნდობით აღჭურვილი თანამშრომელიც ჩაიყვანა, რომელმაც ჩაიწერა მათი საუბარი. აი, ეს უაღრესად საინტერესო და ბერიას სიბრძნის კიდევ ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ამას დოკუმენტი ჰქვია). სულო ცოდვილო, მკითხველს უნდა გავენდო, რომ ეს მხოლოდ ბერიას სულგრძელობითა და სიბრძნით არ უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი. ბატონ მიხეილს სხვა ფარული ხელი იცავდა. აი საუბრის ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 1937 წლის 12 სექტემბრით (სტილი დაცულია).

“ბინაზე რომ მწვეოდით სტუმრად, ჩვენ უფრო ღრმად და დეტალურად განვიხილავდით ჩვენი სასაუბრო თემის დედააზრს, მაგრამ რატომღაც არ ჩათვალეთ თქვენ ეს საჭიროდ. საუბრის დასაწყისშივე გითხარით ეს და ახლა აქ, ამ საკანში, მიწევს თქვენთან ამ თემაზე საუბარი. არადა, სულ მაინტერესებდა თქვენი აზრი”.

ქრისტე რომ მოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებთ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: “ბიჭო იესო, როგორ ხარ? რასა იქმ, შე ჩემო ნალავ? წამო ერთი ჩარექა დამალევინე”. ასეთი ლაზღანდარა ხალხია ქართველები? ისე, თქვენი ნაშრომების სათაურები უმალ ამჟღავნებენ ხოლმე თქვენს გულისნადებს, მიხეილმართლა ესეთ ერად მიგაჩნიათ ქართველი ხალხი?! ანდა ჯაყოს ხიზანად გადაქცეული თეიმურაზი, რომელშიც საქართველო გყავთ ნაგულისხმევი, გაბახებული მარგოს ჩათვლით?! უბედურებისადმი ესეთ შემგუებლად მიგაჩნიათ ქართველი კაცის ბუნება?! კარგი, ამაზე აღარ შევჩერდები. შემდეგ მივყვეთ _ “ჩანჩურა”, “უპატრონო”, “კურკას ქორწილი” “მეჩექმე გაბრო”, “ეკა”… ქართველი კაცისა თუ ქალის დანიშნულება ყველანაირად ზნედაცემულ და გამოუდეგარ არსებად რატომ გყავთ გარდაქმნილი?.. აი, მაგალითისთვის, ვინ არის ჩანჩურა? აინტერესებს კი ვინმეს ეს საცოდავი, უბედური ადამიანი, გონჯი და ფუთ-ნახევარი წონით? ადამიანია ის თუ პირუტყვი?! _ ეს ძნელი გასარკვევია, რადგანაც თავისი მდგომარეობით და იმ ხალხის თვალშიც, ვინც მას გარს ახვევია, ის კიდევ უფრო პირუტყვია, ასეა ხომ?.. ქართველი კაცის მთელი ავლადიდება, მისი გარეგნული იერ-სახე, თქვენ ერთ სიტყვაში გამოხატეთ _ ჩანჩურა! და ასევეა მთლიანად თქვენი შემოქმედებითი მიმართულება. არადა, გაძლევდით დიდ შანსს. თქვენს ყოველ ნაწარმოებზე თვალს ვხუჭავდით, ბევრჯერ მიწევდა პატრონთან თქვენი დაცვა. თქვენ და, საერთოდ, ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები არ იყავით ამის ხილული მოწმენი. გგონიათ, რომ მე ქართული ცხოვრების ბედი სულაც არ მანაღვლებდა?! მაქსიმალურად ვცდილობდი, შემერბილებინა თქვენი დედააზრის მიმართულება. სულ რაღაც ორი წლის წინათ, თვითონ პატრონმა კრემლში დაგაჯილდოვათ კიდეც; თბილისში ჩამოსულს კი გამსახურდიასთან გითქვამთ _ “მე მაგათ ვერ ვუკმევ, ვერაო”. სრულიად გასაგებია, მიხეილ, ის, რომ შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ესა თუ ის უცხო ერი, ესა თუ ის ქვეყანა წარსულით თუ აწმყოთი, სულაც არ ანაღვლებდეს მისი მომავალი, მაგრამ თქვენს შეხედულებებში გაცილებით დიდი ზიზიღი დავინახე ყოველივე ქართულის მიმართ. ვიცით, რომ ცხოვრებაზე ხართ გაბრაზებული. ვიცით, რომ დედათქვენი ყაჩაღებმა გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. ეს ამბავი კი თქვენ შემთხვევით ამოიკითხეთ გაზეთის ერთერთ ნაგლეჯზე, რომელიც ოდესის იალტის სასწავლებელში მიიღეთ თქვენთვის განკუთვნილი ამანათის გადმოცემისას, რომელიც განზრახ იყო შეხვეული იმ გაზეთში, რომელშიც დედათქვენის ამბავი ეწერა. იცოდნენ, რომ კითხვა გიყვარდათ და იმ გაზეთის წაუკითახაობას არ დაუშვებდით ისიც ვიცით, რომ ბავშვობაში, დილაობით, ძველი აღთქმის სჯულის კანონებს კითხულობდით, რომ თქვენი რეალური გვარი ტოკლიკიშვილია და შემდგომ ოჯახს რამდენჯერმე შეგიცვლიათ გვარი. მამათქვენი კი ადამაშვილის გვარს ატარებდა, იმიტომ, რომ თქვენს დიდ პაპას კაცი შემოკვდომია, შემდეგ ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი აუღია _ ტოკლიკიშვილი. შემდეგ ბორჩალოში გადმოსულხართ და იქ ადამაშვილის გვარით ცხოვრობდით.

ცნობილია ისიც, რომ სასწავლებელში, რომელშიც თქვენ სწავლობდით, წესად ჰქონდათ, რომ ყოველ დილით, სწავლის დაწყების წინ, ჯერ საღმრთო სჯულს კითხულობდნენ ხოლმე. იმ დღეს თქვენი ჯერი ყოფილა და ხმამაღლა უნდა წაგეკითხათ ლოცვა, მაგრამ დედათქვენის ამბავი სულ ორი დღის გაგებული გქონდათ და რწმენა დაგკარგვიათ და მასწავლებელს, ღმერთსა და მთელ ქვეყნიერებას წყევლა-კრულვას უთვლიდით თურმე. ვიცით რომ 1921-ში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი თქვენი გაცემულია, რადგან, რატომღაც გეგონათ, რომ მისი ხალხი იყვნენ დედათქვენის საქმეში გარეულნი. არადა, რეალურად, ეს მართლა ესე არ იყო. ყველაფერი ეს, ამ მასშტაბის პირადი ტრაგედიები სუსტი ნებისყოფის ადამიანებზე დამღუპველად მოქმედებს და, როგორც წესი, ისინი სამუდამოდ ბოროტდებიან და მთელი ქვეყნიერებისადმი სამაგიეროს გადახდის გრძნობაღა ამოძრავებთ მთელი დარჩენილი ცხოვრება. სწორედ აქედან გამომდინარეა მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებზე თქვენი ულმობელი შეტევა”.

ქალბატონ ქეთევან ჯავახიშვილის მონათხრობი თავის წიგნში დედისა და მამიდის ტრაგედიის შესახებ მეტად საეჭვოდ მეჩვენება. მიხეილი ჯავახიშვილის ოჯახის თავს დატეხილი ტრაგედია მწერლის მიერ სხვა სახით უნდა იყოს ინტერპრეტირებული, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა. სწორედ ამაზე უნდა მიანიშნებდეს ბერიას სიტყვები: რეალურად, ეს მართლა ესე არ იყო”. ქალბატონი ქეთევანი კი ადასტურებს, რომ ბაბუამ, ესე იგი, საბამ, შვილს ნამდვილად არ შეატყობინა თავს დატეხილი უბედურება, სხვადასხვა მიზეთა გამო. მიხეილ ჯავახიშვილის საზოგადოებრივი აქტიურობა მწერალთა კავშირში და მის გარეთ, თუნდაც მისი დელეგაციასთან ერთად გამგზავრება კრემლში დაშრომის წითელი დროშის ორდენითდაჯილდოება, ეს ხომ ყველაფერი ცენტრალური კომეტეტისა და პირადად ბერიას თანხმობითა და ინიციატივით მოხდებოდა, თანაც, ბერიამ, ალბათ, კარგად იცოდა, რომ ჯავახიშვილი სტალინს ხვდებოდა.

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here