Home რუბრიკები ისტორია ბერლინის შტურმი

ბერლინის შტურმი

1533

გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებულ ჩემს წინა წერილებში მკითხველს გავაცანი ბერლინის აღების ოპერაცია იმ სახით, როგორითაც მქონდა წაკითხული და გაგონილი. გამოქვეყნებული მასალის მოკლე შინაარსი ასეთი იყო:

1945 წლის 16 აპრილს სტალინმა მარშალ გიორგი ჟუკოვს მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის მიერ ბერლინის მიმართულებით წაწეული ბელორუსიის პირველი ფრონტის სარდლობა ჩააბარა, ხოლო უკანდახეული ბელორუსიის მეორე ფრონტის სარდლობა მარშალ როკოსოვსკის უბრძანა.

გამარჯვების აღლუმის მიმღებმა მარშალმა ჟუკოვმა თავისი მხედრული “გენიითა” და პირადი მამაცობით სასწაული აჩვენა მტერს. 30-წუთიანი საარტილერიო დარტყმების შემდეგ მოწინააღმდეგის პოზიციებს 140 უმძლავრესი, 2000-კილოვატ/საათიანი პროჟექტორები მიანათა, რამაც დააბრმავა მტრის მოიერიშე ნაწილები. საარტილერიო და საჰაერო ჭურვების აფეთქებით გამდნარი ფოლადის ზღვაში მცურავ ქალაქ ბერლინს თავის სათვალთვალო პუნქტიდან ჭოგრიტით უმზერდა “უბადლო” მხედართმთავარი, ბელორუსიის პირველი ფრონტის სარდალი, სტალინის მოადგილე მარშალი ჟუკოვი. ჟუკოვის უშუალო ბრძანებით რუსმა ეგოროვმა და ქართველმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგზე აღმართეს გამარჯვების წითელი დროშა…

მოგვიანებით, როდესაცათი სტალინური დარტყმისმასალებს ვეცნობოდი და ვამუშავებდი, უცნაურ ჩანაწერებს გადავაწყდი, რომლებსაც თავდაპირველად არ ვენდე, მაგრამ, როდესაც სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ჭეშმარიტებამდე მივედი, მკითხველს ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემ მიერ ადრე გამოქვეყნებული წერილისთვის ბერლინის აღების ოპერაციაზე და გაგაცნოთ მასალა, რომელსაც საფუძვლად უდევს არა ხრუშჩოვბრეჟნევის ეპოქისდროინდელი მკვლევარების ცნობები, არამედ ბერლინის დაცემის ჟამთააღმწერლის.

იალტის კონფერენციიდან (სადაც საბოლოოდ დამტკიცდა, რომ სტალინი არა მხოლოდ კოალიციისა და “დიდი სამეულის” ლიდერია, არამედ მსოფლიოს გადამრჩენი და მშვიდობის დამცველიც) მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა ბელორუსიის მეორე ფრონტის სარდალ კონსტანტინე როკოსოვსკის უბრძანა, განეხორციელებინა შეტევა დასავლეთის მიმართულებით _ მდინარე ვისლადან, გაენადგურებინა აღმოსავლეთი პომერანიის შენაერთები, დაეპყრო

დანციგისა (გდანსკის _ გრ. ონიანი) და გდინიას ტერიტორიები და გზა გაეხსნა ბერლინისკენ. შეტევა 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს წარმატებით დასრულდა.

1945 წლის 18 თებერვალს, საღამოს, სტალინს აცნობეს, რომ ბელორუსიის მესამე ფრონტის სარდალი ჩერნიახოვსკი სასიკვდილოდ დაიჭრა. სტალინმა სასწრაფოდ იხმო გენერალური შტაბის უფროსი ალექსანდრე ვასილევსკი და უბრძანა, სასწრაფოდ გამგზავრებულიყო ფრონტზე და ჩაებარებინა ბელორუსიის მესამე ფრონტის სარდლობა, დავალება დაუყოვნებლივ იქნა შესრულებული. ბელორუსიის მეორე ფრონტმა (როკოსოვსკი) 24 თებერვალს კვლავ განახორციელა შეტევა და 2 დღის შემდეგ 50-60 კილომეტრით შეიჭრა მტრის ზურგში.

სტალინი კმაყოფილი იყო ბელორუსიის მეორე ფრონტისა (როკოსოვსკი) და უკრაინის პირველი ფრონტის (კონევი) საბრძოლო მოქმედებებით, მაგრამ აღელვებდა ჟუკოვის მდგომარეობა, ამიტომ დაუკავშირდა მარშალ როკოსოვსკის:

_ რას ცუღლუტობს ჟუკოვი?

_ ამხანაგო სტალინ! არ ვფიქრობ, რომ ჟუკოვი ცუღლუტობს, მაგრამ ფაქტია, ადგილიდან არ იძვრის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფრონტის ძალები ნელ-ნელა სუსტდება და მცირდება ბრძოლისუნარიანობა.

_ არ შეგიძლიათ, თქვენი ძალებით აიღოთ ნოიშტეტინი (პოლონეთის ქალაქი, ამჟამადშჩეცინეკი _ გრ. ონიანი)? _ ჰკითხა სტალინმა, _ თუ ამას შეძლებ, შენს სახელზე მოსკოვი სალუტს მისცემს.

_ შევეცდები, შევასრულო თქვენი ბრძანება, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება, თუ არ უბრძანებთ ჟუკოვს, ჯარი აამოქმედოს.

ჟუკოვმა მოქმედება დაიწყო და დაიკავა ქალაქი კოლბერგი, მაგრამ ბრძანება მიიღო, გადაეცა ერთი სატანკო არმია როკოსოვსკისთვის. როკოსოვსკის კი სტალინმა დანციგის აღება უბრძანა.

1945 წლის 8 აპრილს სტალინმა, როკოსოვსკისთვის ბრძანების პარალელურად, უკრაინის პირველი ფრონტის სარდალს კონევს უბრძანა, დაეკავებინა აღმოსავლეთი პომერანია და აღმოსავლეთი პრუსია. კონევმა შეტევა ქვემო სილეზიიდან დაიწყო. ალყაში მოაქცია ბრესლაუ და მძიმე ბრძოლებით მიიწევდა რეინის მიმართულებით.

კონევს გაახსენდა, რომ იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას სტალინმა გააფრთხილა, გერმანელები აპირებენ დაგარტყან რატიბორის მიმართულებით და წაგართვან სილეზიაო.

“გამართლდა სტალინის წინასწარმეტყველება, გერმანელებმა გააფთრებული შეტევა განახორციელეს ზემო სილეზიიდან, დაგვიშინეს ყუმბარები “ფაუ”, რის გამოც სერიოზული ზარალი განვიცადეთ. გვესროდნენ არა მხოლოდ სამხედრო ქვედანაყოფები, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრები. ბოლოს, როგორც იქნა, დავიპყარით მთიანი სილეზია და დავიკავეთ ხელსაყრელი ადგილი პირდაპირ ბერლინზე დასარტყმელად სამხრეთიდან”, _ იგონებს როკოსოვსკი.

როკოსოვსკის კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა დანციგის ასაღებად. ეს იყო ძლიერ გამაგრებული ქალაქი უმტკიცესი ციხესიმააგრეებითა და დაცვის სამმაგი ხაზით, რომელსაც მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა რკინა-ბეტონისა და ქვის კედლები.

12 აპრილს სტალინმა ბელორუსიის მესამე ფრონტის სარდალს (ვასილევსკის) უბრძანა, შტურმით აეღო ქალაქი კენიგსბერგი, რისთვისაც პირადი ფონდიდან გადასცა 5000 მსხვილკალიბრიანი ზარბაზანი და ყუმბარსატყორცნი. ქალაქ კენიგსბერგს ბომბავდა 1500 თვითმფრინავი. 12 აპრილის საღამოს მოწინააღმდეგემ კაპიტულაცია გამოაცხადა. 25 აპრილს დაეცა ციტადელი პილაუ.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, მისი დისკრედიტაციის მსურველებმა ბრალი დასდეს სტალინს, გერმანიასთან ომი გააჭიანურა, ბერლინის აღება მარტის შუა რიცხვებამდეც შეეძლოო.

სამხედრო სპეციალისტთა აზრით, სტალინის მხედართმთავრული გენია და ალღო სწორედ გერმანიის მისადგომებთან ბრძოლებში გამოჩნდა. სტალინს არ აინტერესებდა, ორი-სამი თვით ადრე თუ გვიან აიტანდა წითელ დროშას რაიხსტაგზე. მან გათვალა, რომ წითელი არმიის სწრაფი შეჭრით ბერლინში ჰიტლერი სხვა უფრო გამაგრებულ ადგილს გამონახავდა, ვიდრე რაიხსკანცელარიის ბუნკერი იყო. ამას გარდა, იმ მომენტში გერმანიას ჯერ კიდევ ჰქონდა იმდენი სამხედრო პოტენციალი, რომ შეეძლო, სისხლისგან დაეცალა წითელი არმია. ამასთანავე, საათების განმავლობაში შეეძლო გერმანიის მთავრობას ზავის შეკვრა მოკავშირეებთან, რითაც თავს გადაირჩენდა, საბჭოთა კავშირი კი დარჩებოდა გადამწვარი და განადგურებული.

ბერლინის შტურმი სტალინმა იმ მომენტში დაიწყო, როდესაც საჭირო იყო, და ისე დაასრულა, როგორც მას სჭირდებოდა.

1945 წლის 1 აპრილს სტალინს სამხედრო დაზვერვამ მაგიდაზე დაუდო გაშიფრული რადიოგრამა, რომელშიც ჩერჩილი რუზველტს ატყობინებდა, რომ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა, რაც შეიძლება, ღრმად შეიჭრან გერმანიის ტერიტორიაზე და, თუ ბერლინსაც აიღებენ, სტალინთან უფრო გაბედული და თამამი საუბარი ექნებოდათ არა მხოლოდ გერმანიაზე, არამედ ევროპაზე. რადიოგრამაში აღნიშნული იყო ბერნში გამართული წინასწარი მოლაპარაკების ზოგიერთი დეტალი სეპარატულ ზავზე.

სტალინს 2 დღის წინათ მიღებული ჰქონდა რუზველტის წერილი ეზენჰაუერის წინადადების განმტკიცების შესახებ, რომელზეც სტალინმა 3 აპრილს წერილითვე უპასუხა, რომ ის (რუზველტი) ინფორმირებული არ არის სამოკავშირეო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი პირობის შესაძლო დარღვევის გამო, თვითონ მას კი აქვს ინფორმაცია, რომ გერმანელები თავს უყრიან 35 დივიზიას, მათ შორის, 11 სატანკოს, რაც უზარმაზარი ძალაა, ამიტომ საბჭოთა არმიას არ შეუძლია, დაყოვნდეს არც ერთი წუთით, მან სასწრაფოდ უნდა დაარტყას ბერლინს და დაამთავროს ომი.

იმავე დღესვე სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც ბერლინზე ოპერაციის განხორციელება და თვის ბოლომდე მდინარე ელბამდე მიღწევა დაევალა ბელორუსიის პირველ ფრონტს ჟუკოვის სარდლობით.

მეორე დღეს დირექტივა გაეგზავნა კონევსაც: “ბერლინში შევიდეს მას შემდეგ, რაც აღებული იქნება ქალაქი ლიუბეკი”. სტალინმა თავმოყვარეობა არ შეულახა კონევს და ბოლოს დაამატა: “ვინც პირველი გაარღვევს ფრონტის ხაზზს, ბერლინშიც ის შევიდეს”.

ეს ნიშნავდა, რომ ჟუკოვსა და კონევს შორის გამართულიყო შეჯიბრება, ვინ აიღებდა ბერლინს. ამ შეჯიბრებაში ჟუკოვი აშკარად დამარცხდა.

გერმანიის დედაქალაქის დასაცავად ჰიტლერმა თავი მოუყარა ყველა შენაერთს და ყველა საშუალებას. ბერლინს იცავდა 2 არმია: “ვისლადაცენტრი”. დაცვაში მონაწილეობდა 48 ქვეითი, 4 სატანკო და 10 მოტორიზებული დივიზია. სულ ადამიანური რესურსი შეადგენდა 1 მილიონ ჯარისკაცს 1500 ტანკითა და 3300 თვითმფრინავით.

ბერლინის დაცვის კომენდანტად ჰიტლერმა გენერალ-ლეიტენატი ჰელმუტ რეიმანი დანიშნა, უმაღლეს კომისრად _ იოზეფ გებელსი.

12 აპრილს, საღამოს, გებელსს მოახსენეს, რომ გარდაიცვალა აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი. გახარებულმა გებელსმა ჰიტლერის კაბინეტის კარი შეაღო და შესძახა: გილოცავ, ჩემო ფიურერო, რუზველტი გარდაიცვალა! ვერმახტის მესვეურები ფიქრობდნენ, რომ ამით ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გერმანელების სიხარულს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

1945 წლის 16 აპრილს ბელორუსიის პირველი ფრონტისა (ჟუკოვის) და უკრაინის პირველი ფრონტის (კონევი) არმიებმა შეტევა დაიწყეს, ბელორუსიის მეორე ფრონტის (როკოსოვსკი) არმიები განლაგებული იყო წინწაწეული არმიების ზურგის გასამაგრებლად და ბრძოლაში მხოლოდ 18 აპრილს ჩაება.

ჟუკოვი ცენტრალურ ფრონტს განაგებდა, რომელიც შეავსო თვითონ სტალინმა 4000 ტანკით, 22 000 ქვემეხითა და ყუმბარსატყორცნით, აგრეთვე, 4000 თვითმფრინავით.

“ჟუკოვის მხრიდან ბელორუსიის პირველი ფრონტის სარდლობა უნაკლო არ იყო, _ აღნიშნავს მარშალი კონევი, _ მან ვერ გაითვალისწინა ბერლინის მისადგომებთან გამაგრებული მტრის ძალების წინააღმდეგობა და ზეელოვის მაღლობების მნიშვნელობა, რომელიც 7-8 კილომეტრზე იყო ფრონტის ხაზიდან დაშორებული. ჟუკოვი შეპყრობილი იყო თავისი ორიგინალურობის მანიით”.

ბერლინის შეტევა 16 აპრილს, დილის 5 საათზე, დაიწყო. 30-წუთიანი საარტილერიო ზალპის (1 236 000 გასროლა) შემდეგ, ქალაქში ტანკებისა და ჯარისკაცები შეჭრის წინ, უცაბედად, ერთმანეთისგან 200 მეტრით დაშორებული 140 მძლავრი პროჟექტორი ჩაირთო მტრის დასაბრმავებლად. მაგრამ, როგორც არტილერიის მარშალი, ვასილი კაზაკოვი წერს (ეს სხვა დოკუმენტებშიცაა აღნიშნული _ გრ. ონიანი), პროჟექტორებმა იმის მაგივრად, რომ მოწინააღმდეგე დაებრმავებინა, საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. გასროლილმა მილიონობით ჭურვმა, თვითმფრინავიდან ჩამოყრილმა ბომბებმა, კვამლმა და მტვერმა თითქოს ფარდა ჩამოაფარა მტერს და უხილავი გახდა, როგორც საბჭოთა ტანკებისთვის, ისე მეომრებისთვის. ზეელოვის მაღლობზე განლაგებულმა გერმანელებმა კი სამიზნეში ამოიღეს განათებული საბჭოთა ტანკები და ცოცხალი ძალა.

მარშალი კონევი განაგრძობს ჟუკოვის მიერ ბერლინის შტურმისას დაშვებული შეცდომების შეფასებას და ბოლოს ასკვნის:

“უძლიერესი საზენიტო და საავიაციო შეტევა, რომელსაც ასე ლამაზად აღწერს გიორგი კონსტანტინეს ძე ჟუკოვი, ფაქტობრივად, ცარიელი ადგილი აღმოჩნდა. 13 საათზე მისთვის ცნობილი იყო, რომ შეცდომა დაუშვა და დარწმუნდა, რომ სიმაღლეს ვერ აიღებდა. ჟუკოვი იფიქრა, რომ შეცდომას თვითონვე გამოასწორებდა და ზეელოვის სიმაღლეების ასაღებად ორი სატანკო არმია სტალინთან შეუთანხმებლად ჩააბა უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა”.

დღის 3 საათზე ჟუკოვი იძულებული იყო, სტალინს დაკავშირებოდა და მოახსენა, რომ პირველი და მეორე თავდაცვის ზღუდე გადალახულია, მაგრამ უდიდესი წინააღმდეგობა შეხვდა ზეელოვის სიმაღლეების აღებისას. სტალინმა დამშვიდებით მოუსმინა და უთხრა:

_ კონევს სუსტი მოწინააღმდეგე შეხვდა და წინ მიიწევს. მოახმარე სატანკო არმიას ბომბდამშენი ავიაცია. საღამოს დამირეკე, როგორ იქნება საქმე.

ჟუკოვმა სტალინის ბრძანება არმიის გენერალ მიხეილ მალინინს გადასცა და სთხოვა, დახმარებოდა ზეელოვის სიმაღლეების აღებაში. მცდელობის მიუხედავად, ჟუკოვმა ვერც იმ საღამოს აიღო მაღლობი. ჟუკოვი იძულებული შეიქნა, დაკავშირებოდა მთავარსარდალს და ეთქვა, რაც მოხდა.

სტალინმა უსაყვედურა: _ სატანკო დივიზიები განალაგე არა იქ, სადაც გიბრძანეთ, არამედ, სადაც შენ გადაწყვიტე, ამიტომაც გაქვთ ასეთი შედეგები. მითხარით, აიღებთ თუ არა სიმაღლეებს ხვალ საღამომდე?

_ ხვალ საღამომდე აუცილებლად ავიღებთ, _ განუცხადა ჟუკოვმა მთავარსარდალს.

სტალინი უხალისოდ დაემშვიდობა მარშალს.

ბერლინის ოპერაციის ასე წარუმატებლად დაწყება სტალინისთვის რთული გადასატანი იყო. ის ბევრს ფიქრობდა და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. Bბოლოს კი უკრაინის პირველი ფრონტის სარდალ კონევს დაუკავშირდა:

_ ჟუკოვის საქმე ძალიან რთულად მიდის, აქამდე ელოდება ზღუდის გარღვევას.

“სტალინი გაჩუმდა არაფერს ამბობს, _ წერს კონევი, _ მეც არაფერს ვეუბნები, ველოდები, რას მეტყვის. უცბად სტალინი მეკითხება:

_ არ შეიძლება, ჟუკოვის არმია გადმოვისროლოთ და თქვენი ფრონტის მიმართულებით გავახსნევინოთ გზა ბერლინისკენ?

_ ამხანაგო სტალინ, ჟუკოვის სატანკო არმიების ამ მანძილზე გადმოსროლას დიდი დრო და საშუალება დასჭირდება. არ არის ამის აუცილებლობა. მიბრძანეთ და ჩემს სატანკო არმიებს შემოვაბრუნებ ბერლინისაკენ, _ ვუპასუხე მე. ამასთანავე, მივუთითე, რა მიმართულებით ივლიან ჩემი სატანკო არმიები და დავუსახელე ბერლინთან ახლოს ქალაქი ცოსენი, რომელიც 25 კილომეტრით არის დაშორებული ბერლინთან.

_ ძალიან კარგი, _ თქვა სტალინმა.

_ ხომ იცით, ცოსენში ჰიტლერის გენერალური შტაბია განლაგებული.

_ თანახმა ვარ. შემოაბრუნე შენი სატანკო არმიები ბერლინისკენ.

როგორც კი სტალინმა ყურმილი დადო, _ განაგრძობს კონევი, “ვეჩეთი” სასწრაფოდ დავურეკე სატანკო არმიების სარდლებს და არმიების ბერლინისკენ შებრუნება ვუბრძანე”.

ჟუკოვმა კი სიმაღლეები 17 აპრილსაც ვერ აიღო.

წარმატებული თავდაცვით გახარებულმა ჰიტლერმა განაცხადა:

_ ჩვენ მოვიგერიეთ ეს დარტყმა, რუსებმა ბერლინთან ყველაზე სისხლიანი დამარცხება განიცადეს.

19 აპრილს, როგორც იქნა, ზეელოვის სიმაღლეები დაეცა და ჟუკოვსაც გზა გაეხსნა ბერლინისკენ.

სტალინმა გადაწყვიტა, ხელში აეღო არა მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდლობა, არამედ ცალკეული ფრონტების სარდლობაც. ბერლინის მიმართულებით მებრძოლ 4 ფრონტს უშუალოდ სტალინი ჩაუდგა სათავეში და 2 სატანკო არმიაც _ რიბალკოსი და ლელიუშენკოსი _ უშუალოდ მის განკარგულებაში იქნა გადაყვანილი.

მსოფლიო ომების ისტორიაში ძნელად მოიძებნება ისეთი რთული და მრავალმხრივი ბრძოლის მაგალითი, როგორიც ბერლინის ოპერაცია იყო. სწორედ ბერლინის შტურმის ხელმძღვანელობისას გამოჩნდა სტალინის ზებუნებრივი მხედრული ნიჭი, შორსმჭვრეტელობა, დიპლომატიის გასაოცარი უნარი და მისი პოლიტიკის შეუვალობა.

კონევისა და როკოსოვსკის ხედვა, გამბედაობა და ჯარების მართვის ხელოვნება გაცილებით აღემატებოდა ჟუკოვისას. ბერლინის მისადგომებთან განხორციელებულ ოპერაციებში სტალინი გრძნობდა ორი მარშლის აშკარა უპირატესობას ჟუკოვის მიმართ, მაგრამ ეს არ აღიზიანებდა მთავარსარდალს. მისი ნება უცვლელი იყო, რის გამოც კონევს დაუკავშირდა და ცოტა ირონიულად და ცოტაც საყვედურის ტონითაც მიმართა:

_ სიტყვა სიტყვაა, კრემლში ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვა არ უნდა გავტეხოთ.

კონევი მიხვდა, რომ სტალინი ფარულ საყვედურს ეუბნებოდა იმაზე, რომ მისი დავალება _ ბერლინი რუსმა მარშალმა უნდა აიღოს, ეჭქვეშ დგებოდა.

სტალინი პირადად დაუკავშირდა სატანკო არმიების სარდლებს _ ლელიუშენკოსა და რიბალკოს და უბრძანა, ერთს ჩრდილოეთიდან და მეორეს სამხრეთიდან შეეტიათ ბერლინისთვის, ხოლო როკოსოვსკიმ და კონევმა ბერლინს ერთდროულად შეუტიეს, წინა პოზიციებზე კი, დავალების მიხედვით, ჟუკოვი წამოსწიეს.

1945 წლის 24 აპრილს ორი გიგანტური ფრონტის არმიები ლეგენდარული მხედართმთავრებით _ ბელორუსიის პირველი ფრონტი და უკრაინის პირველი ფრონტი, საბჭოთა კავშირის მარშლების კონევისა და ჟუკოვის სარდლობით ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეერთდნენ. ბერლინი ვერ იტევდა ორი ფრონტის მეომრებსა და სამხედრო ტექნიკას. ქალაქი ზანზარებდა მტერზე გამარჯვების სიხარულისგან, საბჭოთა ჯარისკაცი ბერლინში ამაყად დააბიჯებდა.

რაიხსტაგზე კი ფრიალებდა გამარჯვების წითელი დროშა. რაიხსტაგის კედლები გაივსო სხვადასხვა ფერის, ფორმისა და შინაარსის წარწერებით. მათ შორის ყველაზე მაღლა, სადაც სტალინისგამოსახულებიანი წითელი დროშა ფრიალებდა, გუმბათის რკინის საყრდენზე ეწერა უკვდავი შოთას სიტყვები:

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here