Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

1078

განვაგრძობთ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველორუსეთის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტების კრებულის გადმოქართულებული ვარიანტის გამოქვეყნებას. მკითხველი საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მასალებს შეძლებისდაგვარად გათანამედროვებული ქართულით წარმოგიდგენთ.

ეს ეხება როგორც ქართულ დედნებს, აგრეთვე,

რუსულიდან ნათარგმნ დოკუმენტებს.

1771 .

#4

1771 . 30 დეკემბერი. ქართლკახეთის მეფის ერეკლე II-ის წერილი იმპერატრიცა ეკატერინე II- რუსეთის მფარველობაში მისი სამეფოს მიღების თხოვნით

“ყოვლად უგანათლებულესს, დიდ ხელმწიფეს, იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნას, თვითმპყრობელს სრულიად რუსეთისა, ყოვლად უმოწყალესს ხელმწიფეს.

თქვენს დიდებულებას უღრმესი ჩემი მორჩილებით ვბედავ, წარვუდგინო ჩვენი ყველა ამჟამინდელ საქმეთა გასაჭირი, არა იმიტომ, რომ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომლითაც თქვენი დიდებულების ძლიერი და ვრცელი იმპერიით უდიდეს სარგებლობას გაგვიწევდით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ყოვლად მოწყალე მართლმადიდებელი დედოფალი და დედა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, ჩვენი თავშესაფარი ბრძანდებით.

ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ!

ჩვენ მოვესწარით იმ დროებას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ელოდნენ და რომლითაც დაიმედებული იყვნენ ღირსსახსოვარ დიდ ხელმწიფეთა მიერ, რომ ხელსაყრელ დროს სრულიად საქართველო გათავისუფლდებოდა თავსმოხვეული უბედურებისგან. ამას საქართველო ყოველთვის იმედოვნებდა და მიიჩნევდა, რომ ასეც იქნებოდა. თქვენი დიდებულების განკარგულებათა ძალით ამჟამადაც სრულად დაიმედებული ვართ, რომ გავთავისუფლდებით წარმართთა ხელთაგან.

თქვენი დიდებულების მონები _ ძმა ჩემი კათალიკოსი და ძე ჩემი ლეონი გამოვგზავნე თქვენთან, რათა მათ წერილობით (დოკუმენტით) დაუდასტურონ თქვენ დიდებულებას, როგორი სამსახური შეგვიძლია გაგიწიოთ მე და ჩემმა სამეფომ და, ამასთანავე, უმორჩილესად გთხოვთ მოწყალების დასტურს ჩემ მიერ წარმოდგენილ თხოვნაზე.

ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ!

მიიღეთ, მიიღეთ თხოვნა ჩემი თქვენი სიცოცხლის სამრავალჟამიეროდ, თუ ჩვენ, აზიელებმა ევროპულ წეს-ჩვეულებათა არცოდნის გამო რამე დავაშავეთ თქვენი დიდებულების წინაშე, ყოვლის შემძლე ღმერთისა და თქვენი, ყოვლად მოწყალეო ხელმწიფევ, განსასჯელია.

მოწიწებით, ერთგულებით და უმორჩილესი ჩემი სულისკვეთებით ვთხოვ თქვენს დიდებულებას, თქვენი ბრძანებით მოგვანიჭოთ ისეთი მფარველობა, რომ ყველამ, როგორც ჩვენმა მოკეთეებმა, ასევე, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დაინახონ, რომ ვართ რუსეთის სახელმწიფოს ნამდვილი ქვეშევრდომნი, და ჩემი სამეფო მიერთებულია რუსეთის იმპერიას ჩემი უმდაბლესი წარდგინების საფუძველზე.

ჩემს უმდაბლეს თხოვნაზე თქვენი დიდებულების მოწყალების მოლოდინით

თქვენი დიდებულების უმდაბლესი მონა, მეფე ერეკლე

დაწერილია ქალაქ თბილისში 1771 წლის 30 დეკემბერს.”

 

ქვემოთ წარმოგიდგენთ ეკატერინე II-სადმი ერეკლე მეფის მიერ გაგზავნილი წერილის დედანს, როგორც ილუსტრაციას ყოველგვარი სტილისტური და ორთოგრაფიული ჩარევის გარეშე. ერეკლე მეორემ რუსეთის თვითმპყრობელს გაუგზავნა ხელშეკრულების პროექტი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო ითხოვდა რუსეთის მფარველობაში შესვლას.

#7

“ყოვლად უგანათლებულესსა, უმპყრობელესსა, დიდსა ხელმწიფესა, იმპერატრიცა ეკატერინა ალექსივნასა, თვითმპყრობელსა სრულიად რუსეთისასა, ყოვლად უმოწყალესსა ხელმწიფესა!

რომელიც არის უკაზებითა ყოვლად მოწყალითა ხელმწიფობისა თქვენისათა ბრძანებული მოწყალებით მიღება თქვენისა დიდებულებისა მფარველობასა შინა და ჩვენად განსაძლიერებელად ჯარის ბოძება საქართველოებში.

ამ ზემოხსენებულის მოწყალების სიმდაბლით მმადლობელნი ამასაც მთხოველ ვართ, რომ აწვე გამოგვიყვანოს მოწყალებამან დიდებულებისა თქვენისამან წარმართთაგან და გვებოძოს ჯარი, რიცხვით ოთხი ათასი, გასწავლებული, და, თუ სულ გასწავლებული არ იყოს, ნახევარი გაუსწავლებელი იყოს და ნახევარი გასწავლებული, საკუთრად ჩვენს მხარეს, რათამცა საერთოდ ვებრძოლოთ ოსმალთა, რადგანაც უწინდელს ჯარს ჩვენ კერძო არა აქუს მოცალება, და ვინც ჯარის თავი იქნება, ჩვენის შეძლებით, როგორც რჩევას იმას დაუჯერებდეთ, ეგრეთვე ისიც ჩვენს რჩევას მიიღებდეს და დაიჯერებდეს, ვინადგან ვართ აქაურთა საქმეთა შინა მყოფნი და მეცნიერნი ამისთვის.

კულად, ვითაც ძველად ყოფილა ჩვენის ჩამომავლობის მეფობა, ვითხოვთ თქვენისა დიდებულების მოწყალებისა გამო, ეგრეთვე საუკუნოდ უცვალებელად ეგოს მორჩილებასა ქუეშე დიდებულებისა თქვენისასა, იმ მსახურებითა, რომელიცა ქვემორე აღიწერება.

მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად.

ვინაითგან ღვთითა და ბედნიერობითა თქვენისა დიდებულებისათა ყირიმიდამ ეგოდენნი ჩუენის ქვეყნის კაცნი გამოიხსნენ, წყალობას ვითხოვთ ყოვლად დიდებულებისაგან თქვენისა, რათამცა იმათ თავისუფლება მიეცესთ თავიანთ ქვეყანაში მოსვლისა.

და როდესაც თქვენის იმპერატორების დიდებულების ჯარი ამ ქვეყანაში მოვა, და ჩვენ და ისინი საერთოდ მტერს ჩვენს წართმეულს ქვეყნებს რომ წავართმევთ, რაც კორპუსზედ ხაზინა დაიხარჯება, ამ დაჭერილის ქვეყნებიდამ რამდენსამე წელიწადში ისევ უნდა ხაზინაში მოგართვათ.

დაღათუ ამაზედ თავის წყენისათვის მოვერიდებით ყოვლად დიდებულებასა ხელმწიფებისა თქვენისასა, მაგრამ რადგან ამ საქმეზედ რამდენჯერმე ჯარების შეყრა მოგვიხდა, ჩვენთვის კმას-საყოფელი ხარჯები დაგვემართა და კიდემ გზებზედ ჯარისა და ბარგის გარდმოტანისთვის ბევრი დაიხარჯა, და თუ რამ დაგვჭირდეს რა, ერთიც ვითხოვოთ ვედრებით, რომ ხაზინიდამ სესხად ჩვენის ჯარისთვისაც თეთრი გვებოძოს, და ისევ მიირთვას ყოვლად დიდებულობამან თქვენმან.

და ამ წყალობებისათვის, რომელიც ზემორე აღიწერა, მივართმევთ ძესა ჩვენსა რომელსამე და ეგრეთვე რაოდენსამე კნიაზსა თქვენს ყოვლადდიდებულსა ხელმწიფესა და აზნაურთაცა შეძლებისაებრ ჩვენისა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რომლისაც ნივთის მადანი არის და ან გამოჩნდება, იქიდამ სარგებელი მოიპოება, ნახევარი თქვენის დიდებულების ხაზინას მიერთმეოდეს.

და კიდევ, რაც ჩვენს მორჩილებას ქვეშ კაცნი არიან, ყოველ წლივ ამათგან კვამლზედ თოთხმეტი შაური სახელმწიფოთ აიღებოდეს და მოგერთმეოდეს.

რაც ამ ქვეყანაში რჩეული ცხენი იშოება, თოთხმეტი ცხენი ნიადაგ წელიწადს ყოვლად დიდებულებასა თქვენსა მიერთმეოდეს.

როდესაც სპარსთ რომ ვეჭირენით მძლავრებით და ხან ოსმალსა, სპარსნი ჩვენს სამეფოს ორს წელიწადში ერთხელ წაართმევდნენ ცხრას ტყვეს და კვამლზედ თოთხმეტს შაურს, და ამასაც _ იმ ტყვეების მოსამზადებელის ხარჯისათვის; და კიდევ ორმოცდაათს საპალნეს რჩეულს ღვინოს თავისის ხარჯით თვით წაიღებდნენ სახელმწიფოთ, და ახლა ჩვენ ამ ღვინოს, რიცხვით ორი ათას ვედრას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში რჩეული ღვინო იშოება, ყიზლარს ჩვენის ხარჯით მივიტანთ სახელმწიფოთა.

როდესაც დიდებულის ხელმწიფის ჯარი მოვა ჩვენს ქვეყანაში, იმათის შემწეობით სხვის ქვეყნების დაპყრობამდის ჩვენის ქვეყნებიდამ, რომელიც ქვეყანა დღეს გვიჭირავს, ეს ზემოხსენებულნი აღთქმულნი მივართვათ უდიდებულესსა ხელმწიფებასა თქვენსა, და როდესაც სხვებს ქვეყნებს დავიპყრობთ თქვენის დიდებულების ძალით, მაშინ იმ ადგილებიდამ, როგორც ქვემორე მოიხსნება, იმ სახით ვამსახურებთ.

როდესაც ძალითა და შეწევნითა თქვენისა დიდებულების კორპუსისათა, რაც ოსმალთაგან წართმეული მამულები გვაქუს და იმ ადგილებს დავიჭერთ, იმათ მოგართვან ხარჯი თქვენ ყოვლად დიდებულსა ხელმწიფესა, რაც რომ რუსეთის იმპერიაში თავადის ყმა აძლევს, იმისი ნახევარი ხარჯი.

თუ რომ კახეთის წართმეული ადგილები დავიჭირეთ ბედნიერებითა თქვენის დიდებულებისათა, ამასაც, როგორც ზემორე დაგვიწერია, იმ სახით ვამსახურებთ: კომლზე თოთხმეტს შაურს წელიწადში და იმავ ადგილებიდამ წელიწადში აბრეშუმს ორას ფუთსა იმ ქვეყნიდამ, და, თუ მეტი შევიძელით, მეტს მოვართმევთ დიდებულობასა თქვენსა.

კუალად ვედრებით მოვახსენებთ თქვენს ყოვლად მოწყალებასა, რათა ამავე გაზაფხულსა არ უტეონ დაუპყრობელად ქვეყანას ახალციხისა, და უკეთუ შერიგება მოხდეს თქვენის დიდებულებისა სულტანისა, მაშინც გარეთ არ დარჩეს ქვეყანა ახალციხისა, ვინაიდგან საქართველოს მიწა არის და ქართული ენა აქუსთ და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში, და სხუანიცა ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზედ.

როდესაც დიდებულის ხელმწიფის ბედნიერობით წარმართთაგან განთავისუფლდება და დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა, მაშინ ჩვენის ძველად ქონებულის სამეფოდამაც და ახლად დაჭერილის ქვეყნებიდამაც მოვართმევთ თქვენის იმპერატორების დიდებულებას, რაც რუსეთის იმპერიაში სულზედ სალდათი აძეს, ჩვენ იმდენს კვამლზედ მივართმევთ სალდათს თქვენს დიდებულებასა.

უკეთუ ღვთითა და ბედნიერობითა თქვენითა, რომელიც სხვა მტერის ქვეყანა თქვენის დიდებულის კორპუსის ძალით დავიჭიროთ, იმისი სრულიადი ნება თქუენის დიდებულებისა არის.

ჩვენ რაც რამ სამსახურის აღთქმა შეგვეძლო და წყალობის ვედრება გვეჭირებოდა, ის მოვახსენეთ თქვენის იმპერატორების დიდებულებასა და როგორც თქვენ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ნება იყოს, ეგრეთ დედობრივითა მოწყალებითა განაგოს ყოვლად მოწყალებამან დიდებულებისა თქუენისამან.

ყოვლად დიდებულებისა თქვენისა უმდაბლესი მონა მეფე

ერეკლე

დაიწერა ქალაქსა ტფილისს,

დეკემბერს 30 დღესა, წელსა 1771.”

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here