Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

950

10 სტალინური დარტყმა

(ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთი)

ჰიტლერს სამუშაო კაბინეტში, საძინებელ და დასასვენებელ ოთახებში კედელზე ჩამოკიდებული ჰქონდა უზარმაზარი ფერადი ტილო, რომელიც ასახავდა დედამიწის სფეროს კატასტროფას წარღვნის (მეორედ მოსვლის) დროს. სურათს ქვეშ ჰქონდა ბიბლიური მინაწერიასერგასის დღე”.

არ ვიცი, ქვეყნის შემოქმედი სად უნდა მდგარიყო იმ პერიოდში, როცა ერთმანეთში ირეოდა ცა და დედამიწა, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს, სად, რომელ ადგილზე უნდა ყოფილიყო ჰიტლერი ამ მეორედ მოსვლის შემთხვევაში.

1941 წლის 22 ივნისს მართლაც გაუთენა “ასერგასის დღე” ჰიტლერმა დედამიწას, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

კონტინენტებზე და კონტინენტთა შორის სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო გზებით მიმოდიოდა სიკვდილით სავსე რონოდები, სატრანსპორტო თვითმფრინავები თუ საზღვაო არმადები. მილიონობით ადამიანი იდგა დაზგა-დანადგარებთან და სიკვდილს ჭედავდა, ასხამდა და ამზადებდა. არავინ ამბობდა: “რას შვრები, ადამიანო!”. პირიქით ყველა ქუჩაზე, ყველა სახლსა თუ ხეზე მიკრული იყო აბრა წარწერით: “ყველაფერი ფრონტისათვის”.

“ასერგასის დღის” მიწურულს ევროპის შუაგულში ერთმანეთს დაუპირისპირდა კეთილი და ბოროტი.

სტალინი ევროპის მისადგომებთან არ მისულა არც ამბიციით, არც წუთიერი აღელვებითა და არც ხელცარიელი. თუ 1941 წელს თავდამსხმელი ჰაერშიც, ხმელეთზეც და ზღვაშიც ბატონობდა და სრულად გამოიყენა მოულოდნელობის ეფექტი, ახლა სტალინი წელგამართული, იმედიანი და ღრმად დარწმუნებული თავის სიმართლეში, ევროპის მომავალ ბედზე იყო ჩაფიქრებული. ჩაფიქრებული არა იმაზე, დაიპყრობდა თუ არა ევროპას, არამედ იმაზე, განვითარების რომელ გზას უნდა დადგომოდნენ ევროპელი ხალხები. სტალინმაც საბოლოოდ გადაწყვიტა ევროპის ბედი და 1944 წლის მეორე ნახევარში, როდესაც ევროპას მიადგა, მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი და ყველაზე დიდი არმიის მთავარსარდალი იყო, რომელიც მართავდა არა მხოლოდ საბჭოეთს, არამედ მსოფლიოს და მის სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული პლანეტის სიცოცხლეც.

სტალინი ევროპას მიადგა 7 109 000 ჯარისკაცით 15 100 ტანკით 15 815 თვითმფრინავით, 115 100 ზარბაზნით. ჰიტლერს კი ბრძოლის ველზე მხოლოდ 3 950 ტანკი, 1 960 საბრძოლო თვითმფრინავი, 28 500 ზარბაზანი და 3 100 000 ჯარისკაცი ჰყავდა.

ჰიტლერის “დახრჩობა” ასეთი თანაფარდობების პირობებში ეჭვს არ იწვევდა.

1944 წლის სექტემბრის დირექტივა ბერლინის აღებისა და გერმანიის უმოკლესი გზით დამარცხების შესახებ მოკლე ხანში იყო შესაძლებელი, მაგრამ სტალინი რისი სტალინი იქნებოდა, რომ ემოციებს აჰყოლოდა და მოესურვებინა, რაც შეიძლება მალე “დაეხრჩო” ჰიტლერი.

ბევრი უძილო ღამე გაატარა სტალინმა მსოფლიო და ევროპის პოლიტიკური რუკების წინ, მას მძიმედ აწვა მხრებზე მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე უზარმაზარი “წითელი ტერიტორია”, რომელიც უკიდურესი აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთამდე იყო გადაჭიმული.

_ ამ ტერიტორიას რუსეთს ადრე თუ გვიან მაინც წაართმევენ, _ თქვა ერთხელ, როდესაც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკასთან იყო გაჩერებული, _ ამ ქვეყანას არა გაფართოება, არამედ დაცვა სჭირდება, მას მეგობრები სჭირდება და არა ტერიტორიები.

ალბათ, ამას ფიქრობდა მაშინაც, როდესაც ევროპის ქვეყნებს “კლიენტის” თვალით უყურებდა. სტალინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო:

ლვოვის აღების შემდეგ, ჰიტლერმა იგრძნო რა კარსმომდგარი უბედურება, მთელი ძალები მოლდავეთსა და რუმინეთში გადაისროლა. მოაწყო დაცვის სამი ზღუდე საფორტიფიკაციო ნაგებობებითა და საჯარისო ნაწილებით დააკომპლექტა.

სტალინმა 1944 წლის 31 ივლისს მოიწვია თათბირი, რომელზეც გამოძახებულნი იყვნენ: მალინოვსკი, ტოლბუხინი და ფრონტის ზედამხედველი სამხედრო საბჭოს წევრი ტიმოშენკო.

სტალინმა შეტევის თავისი გეგმა შესთავაზა მალინოვსკის და განუცხადა:

_ ეს მხოლოდ ზარბაზნებით ბრძოლა არ არის. ეს პოლიტიკური ბრძოლაცაა. მთელი ძალებით მოლდავეთზე დარტყმა და ამავე ძალებით და უფრო მეტით რუმინეთისკენ გაჭრა აიძულებს რუმინეთის მეფის მთავრობას, შეწყვიტოს ურთიერთობა გერმანიასთან და სამშვიდობო კავშირი შეკრას საბჭოეთთან.

სხვა პოლიტიკური გათვლები სტალინს მალინოვსკისთვის არ უთქვამს, მაგრამ, რაც უთხრეს, მისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო.

დავალების სწრაფად შესასრულებლად სტალინმა ბრძანება გასცა, მტრის გასანადგურებლად ძალები გამოეყენებინათ ასეთი შეფარდებით: ჯარისკაცები _ 6:1, ზარბაზნები _ 5,5:1, ტანკები_ 4:1, ყუმბარსატყორცნები _ 6,7:1, თვითმფრინავები _ 3:1.

როდესაც მალინოვსკიმ მოახსენა, რომ შეტევის ყოველ 22 კილომეტრზე განლაგებული იქნება 220 ზარბაზანი, სტალინმა არ მიიღო ეს წინადადება და თავისი გეგმის მიხედვით უბრძანა, შეემცირებინა მანძილი 16 კილომეტრამდე და შესაბამისად, გაეზარდა ზარბაზნების რაოდენობა.

1944 წლის 20 აგვისტოს დაიწყო შეტევა. პირველივე დღეს განადგურებული იქნა მტრის 6 დივიზია და საბჭოთა ჯარისკაცები მივიდნენ დაცვის მესამე ზონამდე.

მეორე დღეს, როდესაც ანტონოვისა და შტემენკოსგან ომის მიმდინარეობაზე ინფორმაციას იღებდა, სტალინმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელ სერგეი შტემენკოს დირექტივა უკარნახა:

 “ძირითადი მიზანი უკრაინის მეორე და მესამე ფრონტებისა არის ის, რომ სასწრაფოდ შეკრან წრე ხუშის რაიონის გარშემო და გაანადგურონ მოწინააღმდეგე”. ამასთანავე, დირექტივაში მკაცრად იყო მითითებული გზის სასწრაფოდ გათავისუფლებაზე, რათა წითელი არმია შეუფერხებლად შესულიყო რუმინეთში. 1944 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა მებრძოლებმა შტურმით აიღეს ქალაქი იასი და შეიჭრნენ რუმინეთის ტერიტორიაზე. გამართლდა სტალინის წინასწარმეტყველება _ რუმინეთში საბჭოთა ჯარების ტრიუმფალურმა შესვლამ, რომლებიც უზარმაზარი ძალებით მიიწევდნენ წინ, რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირება მოახდინა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეფე მიხაი I.

1944 წლის 22 აგვისტოს რუმინეთის მეფის სასახლეში ჩატარდა საიდუმლო თათბირი. მეორე დღეს კი, 23 აგვისტოს, მეფე და მისი მთავრობა დააპატიმრეს და რადიოთი გამოცხადდა, რომ რუმინეთი წყვეტს კავშირს ფაშისტურ გერმანიათან და სამოკავშირეო ხელშეკრულებას აფორმებს საბჭოთა კავშირთან. წლების განმავლობაში საბჭოეთის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი რუმინეთი მისი ერთგული მოკავშირე გახდა. აღსრულდა სტალინის ჩანაფიქრი.

რუმინეთის “ღალატმა” და საბჭოეთთან მისმა კავშირმა გააცოფა ჰიტლერი, რომელმაც ბრძანა, ავიაციის მეშვეობით მიწასთან გაესწორებინათ რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი. 1944 წლის 31 აგვისტოს საბჭოთა ჯარები რუმინეთის სახალხო არმიასთან ერთად შევიდნენ ქალაქ ბუქარესტში, სადაც ხალხი მათ აღტაცებით შეხვდა. რუმინეთში არაფერი შეცვლილა, აირჩიეს მხოლოდ ახალი მეფე და ქვეყანა განაგრძობდა ცხოვრებას ფაშისტების გარეშე.

სტალინთან გამართულ ერთ-ერთ თათბირზე ანტონოვმა და შტემენკომ სტალინს მოახსენეს, რომ რუმინეთში მეფის მთავრობა და მეფის სახლი ყოველთვის იქნება იმპერიალიზმის დასაყრდენი ძალა და იგი ყოველთვის შეუქმნის პრობლემებს საბჭოთა კავშირს.

სტალინი, როგორც ყოველთვის, დინჯად და აუჩქარებლად მიმოდიოდა ოთახში და ჩიბუხს აბოლებდა. ცოტა ხნის მშემდეგ მან სიარულშივე წარმოთქვა:

_ სხვისი მეფე ჩვენი საქმე არ არის, მოთმინება ჩვენთვის სასარგებლოა ჩვენი მოკავშირეების წინაშე. მეფის ანტიფაშისტური განწყობა ჩვენს ინტერესებში შედის, რომელსაც ჯერჯერობით რუმინელი ხალხიც ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ რუმინელი კომუნისტები ხელჩამოშვებული არ დასხდებიან და თავიანთი ხალხის ინტერესებს დაიცავენ. აქედან გამომდინარე, მათ, ჩვენ უნდა მივცეთ პოლიტიკური განათლება.

სტალინმა თავისი სიტყვები საქმით დაამტკიცა. მან რუმინეთის მეფე ერთგულ მოკავშირედ გაიხადა (რისი ოსტატობაც სტალინს უზომოდ ჰქონდა. _ გრ. ონიანი) და მან ეს ორიგინალურად გააკეთა.

როცა შეიტყო, რომ ახალგაზრდა მეფე მოყვარული მფრინავი იყო, მას თვითმფრინავი “პო 2” აჩუქა, რომლითაც მეფე ნადირობდა და ერთობოდა.

მეფე მიხაი I სტალინის ნდობა დაიმსახურა და მან რამდენიმე სასიკეთო ნაბიჯი გადადგა, როგორც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე საბჭოეთთან მეგობრობის განსამტკიცებლად, რის გამოც ის, სტალინის ინიციატივით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა “გამარჯვების ორდენით” დააჯილდოვა.

რუმინეთის შემდეგ ჯერი ბულგარეთზე მიდგა. 1944 წლის 5 სექტემბერს საბჭოთა მთავრობამ ბულგარეთის მთავრობას შემდეგი ნოტა გაუგზავნა:

“საბჭოთა კავშირი შედის საომარ მდგომარეობაში ბულგარეთის წინააღმდეგ, რადგან ბულგარეთი იბრძოდა და იბრძვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”.

ნოტის მიღებისთანავე ბულგარეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედება წითელი არმიის წინააღმდეგ და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ ბულგარეთის ტერიტორიაზე. 1944 წლის 7 სექტემბერს ბულგარეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა გერმანიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის თაობაზე და მეორე დღესვე თანამშრომლობა დაიწყო საბჭოთა კავშირთან. 8 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა უკვე დაიკავეს ბულგარეთის ტერიტორია.

ეს, ალბათ, პირველი შემთხვევაა მსოფლიო ომების ისტორიაში, რომ გამოცხადებული ომი საბრძოლო მოქმედებების გარეშე დამთავრდა.

საბჭოთა ჯარების მოქმედება აღებულ ქალაქებში სტალინის ბრძანების საფუძველზე ადგილზე გაიყინა. ბრძანებაში ნათქვამი იყო: “შეწყდეს წითელი არმიის მოქმედებები და გადაადგილებები ბულგარეთის ტერიტორიაზე. საბრძოლო იარაღი და მასალები, რომლებიც ეკუთვნოდა ბულგარეთის არმიას, დატოვებული იქნას ადგილზე, რის განაწილებასაც თვითონ მოახდენენ ბულგარელები. თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეს და დაელოდონ თავიანთი მთავრობის ბრძანებას”.

მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის ფრონტის სარდლებს _ მალინოვსკისა და ტოლბუხინს სტალინმა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭა.

სტალინი განვლილი ბრძოლებით კმაყოფილი იყო, მაგრამ ძალიან დაღლილიც. გადაწყვიტა, უფრო მყუდრო გარემოში გაეგრძელებინა მუშაობა და როგორც საცხოვრებლად, ისე სამუშაოდ კუნცევოს აგარაკზე გადაბარგდა, სადაც ასევე გადაინაცვლა მთელი მსოფლიოს მართვის ცენტრმა, რადგან სტალინის გარეშე მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე წერტილიც კი არ ჩნდებოდა.

1944 წლის 14 სექტემბერს სტალინმა ბრძანება გასცა, ბალტიისპირეთის მე-3 და ლენინგრადის ფრონტის სარდლებს შეტევა დაეწყოთ ბალტიისპირეთზე. პირველი გასროლისთანავე ტალინში დაბინავებულმა გერმანიის “ჩრდილოეთის” ჯგუფის სარდალმა შიორნერმა ტელეგრამით აცნობა ჰიტლერს, რომ მას არ შეუძლია, დაიცვას ბალტიისპირეთი შემოტევისგან და დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი გზა _ გაქცევა. ჰიტლერმა სასწრაფოდ გადაწყვიტა, გაეყვანა სამხედრო ძალები ფინეთის ყურიდან მათთვის დარჩენილი ერთადერთი გზით, მაგრამ ამის საშუალება საბჭოთა მეომრებმა არ მისცეს მათ.

ესტონეთის დედაქალაქი ტალინი 22 სექტემბერს, დღის 2 საათზე, უკვე გათავისუფლებული იყო.

სტალინი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ბალტიისპირეთის გათავისუფლებას და ყოველდღიურ რჩევა-დარიგებას აძლევდა ფრონტის სარდალ ვასილევსკის ყოველი ოპერაციის დაწყების წინ.

ლიტვის გასათავისუფლებლად შეტევა 5 ოქტომბერს, დილით, დაიწყო. მთავარი ბრძოლები ქალაქ მემელთან გაიმართა. მემელის დაცემის შემდეგ, 10 ოქტომბერს სტალინმა ლიტვის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან სნეჩკუსს დაურეკა და ჰკითხა:

_ როგორ არის ლიტვურ ენაზე მემელის სახელწოდება?

_ ეს ქალაქი კლაიპედა იყო, _ უპასუხა ცეკას მდივანმა.

_ მაშ ასე, მოემზადეთ, აღმართოთ კლაიპედზე ლიტვის დროშა. გილოცავთ კლაიპედის ლიტვისთვის შემოერთებას!

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქალაქი კლაიპედა და კლაიპედის ოლქი შემოერთებული იყო ლიტვის რესპუბლიკასთან (რასაც ასე უმადლიან დღეს ლიტველები სტალინს _ გრ. ონიანი).

1944 წლის 13 ოქტომბერს ბალტიისპირეთის მეორე და მესამე არმიებმა აიღეს ლატვიის დედაქალაქი რიგა.

P.S. მარშალ გოლოვანოვის ამბის გაგრძელება იხილეთ შემდეგ წერილში.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here