Home რუბრიკები საზოგადოება დეფი მიდის! ვის იმედად ვრჩებით?

დეფი მიდის! ვის იმედად ვრჩებით?

553

ხმა გავარდა, _ დეფი საქართველოს ტოვებსო, და ქვეყანამ თითქოს ცხოვრების სიჩქარე 0.25 პროცენტით შეანელა. ჯერ ზუმბას წასვლა არ ჰქონდა მონელებული ერს, რომ ახლა მეორე დიდი ხელოვანი ტოვებს ბედკრულ სამშობლოს და ვინ იცის, საით მიიწევს პატრიოტული ხეთქებით დამძიმებული გული.

რა ხდება ჩვენს თავს? რატომ გვტოვებენ ბუმბერაზი ადამიანები და რატომ გვეცლებიან?

რომელი ერთი ჩამოთვალო, ლამის არის გასკდეს გული: მიხეილი, ზურაბი, ერეკლე, დათა, სანდრო, დათო, ზუმბა და ახლა უკვე _ დეფიც.

იქნებ ჩვენში ვეძებოთ “მარგალიტთა” კარგვის მიზეზები? იქნებ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ის, რაც მათ წასვლას არ აიძულებდა? იქნებ სწორედაც რომ ჩვენ ვაბრკოლებთ ქვეყნის წინსვლას? იქნებ ვცდებოდით და ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი ცოცხალი საგანძურების წინაშე?

ჩვენი ფარული წყარო დეფის ქვეყნიდან წასვლას შემთხვევით შეესწრო და, როგორც თვითონ ამბობს, ემოციისგან ლამის გული გაუსკდა.

წასვლის წინ გიულისთან მისულა და უთხოვია, მიშას ნაქონი რამე გამატანე, რათა უცხო ქვეყანაში ქართული სული ვიგრძნოო. ქალბატონ გიულის მისი შვილის ნაქონინაიკისსასპორტო ფეხსაცმელი მიუცია, _ აჰა, შვილო, და გამაგრდი, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხულიო.

ჩაუხუტებია დეფის “ნაიკი” და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩუმად უტირია. გიულის გვირილის ჩაი მიუწოდებია, _ აჰა, დალიე, შვილო, დაგამშვიდებსო. ახლა ჩვენ სიმშვიდე გვჭირდებაო. მოუწრუპავს დეფის ჩაი და მაღალმხატვრულად უთქვამს: “მე წავედიო”.

გზად ნუგზარ წიკლაური შეხვედრია, უკვე შუაღამე იყო, ცაზე მხოლოდ გაყინული მთვარე და ქარისგან აქა-იქ მიმოფანტული ღრუბლის ნაგლეჯები დანარნარობდა. დამუნჯებულ ნუგზარს ხმა ვერ ამოუღია მხოლოდ წაიღულლუღა თურმე: ვის იმედად ტოვებ ქართულ ხელოვნებას, დეფი?!”

მივიდა შინ განადგურებული, მთელი ღამის ნაქვითინარი და ლოგინს მიაწყდა, _ დილას ადრე იყო წასასვლელი.

გათენდა, დეფიმ დასიებული თვალები გაახილა და იქვე მდგარი ყავის ფინჯნიდან ნადგამი ყავა მოწრუპა.

ყველა მეგობარს დამშვიდობების “ესემესი” გაუგზავნა და გაემართა იქ, სადაც არც მან იცოდა…

თუმცა დიდი ხელოვანის წასვლას ასე იოლად დაუშვებს ნამდვილი პატრიოტი საზოგადოება? ის იყო აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც მოულოდნელად ხალხის ნაკადი გამოჩნდა. გააჩერეს ის ტაქსი, რომელშიც დეფი იმყოფებოდა ჩამოიყვანეს და წასვლის საშუალება არ მისცეს.

_ ჩვენ დასაკარგი შვილი არ გვყავს! _ კატეგორიულად განუცხადა ხალხმა დეფის და გულში ჩაიხუტა. _ ჩვენ ზუმბა უკვე დავკარგეთ და შენს დაკარგვას აღარ დავუშვებთ, არა!

მეტიც!

_ წამოდი, შვილო, ერი შენ გელოდება, შენს სიტყვას უსმენს, წამოდი და გახდი ჩვენი წინამძღოლიო, _ უთხრა შავებში ჩაცმულმა დედაბერმა.

დეფი გრძნობს, რომ მისი გული გახეთქვას ლამობს, ერთიორად ათრთოლებულია და სიხარულისგან სიტყვებს თავს ვერ აბამს, ცდილობს ძალების მოკრებას, მაგრამ რაღაც უხილავი არ უშვებს.

გრძნობს, რომ ერის სისხლმა იყივლა, გრძნობს, რომ გაიმარჯვა ჭეშმარიტებამ, უნდა იღრიალოს და ამ დროს მთავრდება მისი სიზმარიც, დეფის ეღვიძება ცივ ოთახში, ნადგამი ყავა ისევ ისე დგას, ტელევიზორზე კი მისი კატა შემომჯდარა და კნავის…

ეჰ… გათენდება და მართლა დატოვებს ბედკრულ ქვეყანას კიდევ ერთი დაუფასებელი ბუმბერაზი…

ელიკო სილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here