Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

672

ბატონო პრემიერო, სამჯერ მოგმართეთ კონკრეტული კრიმინალური ქმედების შესახებ, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს უკავშირდებოდა, მაგრამ წერილები ერთ სივრცეში ტრიალებს სრულიად უშედეგოდ, თუმცა, თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი.

დანაშაულია, როცა მთავარი პროკურატურა თავიდანვე კბილაშვილ-ნაცვლიშვილის დაქვემდებარებაში მოხვდა. მთავარი პროკურორი და მისი სამივე მოადგილე, აგრეთვე, დეპარტამენტების, გენინსპექციისა და სხვა ქვედანაყოფების უფროსები ის ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყვლეფდნენ და ატერორებდნენ ქართველ ბიზნესმენებს. ისინი თავიანთ დანაშაულებს არ გამოიძიებენ ამ თანამდებობებზე ყოფნისას. რაც შეეხება მკვლელობებს, ამაში დამნაშავეა სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა და დღესაც მართავს პროცესებს, ხელისუფლებამ კი ვერ გაწმინდა ამ ადამიანებისგან სტრუქტურები. მართალია, მკვლელობის გამოძიების საქმეები შსს ქვემდებარეა, მაგრამ რა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ასეთმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ერთი გახმაურებული მკვლელობა არ გამოუძიებია?! სრულიად ზედმეტია ახალი დეპარტამენტის შექმნა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა. კარგად დასაბუთებული ბრალდების ფონზე არც ადეიშვილს მისცემდა რომელიმე ქვეყანა ლტოლვილის სტატუსს, არც ექსპრეზიდენტი მიიღებდა განსაკუთრებულ ვიზას ვაშინგტონიდან. ცნობილი ფაქტია, რომ არაპროფესიონალი ვერ ეგუება თავის სტრუქტურაში ჭეშმარიტ პროფესიონალს. სწორედ ახლა, როცა თქვენ სანთლით ეძებთ პროფესიონალებს და ახალი დეპარტამენტიც შეიქმნა, მთავარმა პროკურორმა მაღალი დონისა და კვალიფიკაციის კადრები გაუშვა პროკურატურიდან ბანალური მოტივით, რათა ახალი, მართული დილეტანტებით შეევსო სტრუქტურა. ამით ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების ნების თანახმად იმართებიან და პროფესიონალი კადრი არ სჭირდებათ. ამ კადრებისგან პროკურატურა უნდა გაიწმინდოს!

ბატონო პრემიერო, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიგიჩნიეთ გამორჩეულ პოლიტიკოსად, რადგან თქვენი განცხადებები პასუხობდა ხალხის მოთხოვნებს. მართალია, მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ, მაგრამ აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: ბუნება მთას იმდენს დაათოვს, რამდენსაც აიტანსო. ვიმედოვნებ, რომ გაუძლებთ ევროპა-ამერიკის ზემოქმედებას. აღმოსავლური სიბრძნე, ასევე, გვასწავლის: უზნეოს მეგობრად ნუ გაიხდი, რადგან დაგაზარალებს და გავნებსო. ეს თეზა ქართველმა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ ასე წარმოგვიდგინა: “ბილწთ არ შავეკვრი ზავითა”. ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ქართული ღირებულებების დამკნინებელმა პატარა არსებამ, ყიამყრალმა პარლამენტარმა ტალახი ესროლა. სამარცხვინოა, მსგავსი არსებები პარლამენტიდან რომ გვმოძღვრავენ და ლექციას უკითხავდენ ახალგაზრდობას, რომ თურმე ქართველები XVII საუკუნეში დედებს ყიდდნენ და ცხენებს ყიდულობდნენ. ამ ლოგიკით ეს ვაიპარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი დღესაც იმ ცხენს მიაჭენებს, რომელიც მისმა წინაპარმა დედის გაყიდვის სანაცვლოდ იყიდა. საზოგადოებას დღეს პარლამენტართა გაწვევის მექანიზმი რომ ჰქონდეს, ივანიშვილის რჩეულთაგან აღარავინ დაგრჩებოდათ. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ზნეობრივი სახე? გარკვეული წრეები პიარსვლების დიდოსტატი კრიმინალების რეპუტაციის შენარჩუნებაზე ზრუნავენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ჩვენი ქვეყნისთვის მტრული, მაგრამ ხელისუფლებისმეგობარიევროპაამერიკა ცდილობს ამ კრიმინალური სექტის რეანიმირებას უკრაინაში, რათა იქაც ისეთივე დამანგრეველი რეფორმები გატარდეს, როგორიც საქართველოში. ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას ამერიკის ინტერესებს დაუმორჩილებს, განწირულია. ვისურვებდი ჩემს სამშობლოს ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს, როგორიც არის ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელმაც, მიუხედავად იმ აგრესიისა, რომელიც მის მიმართ ამერიკამ გამოხატა და იმპიჩმენტი ემუქრება, ამერიკის ელჩს კარისკენ მიუთითა! XXI საუკუნის გმირია რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც არასდროს დაემორჩილება დასავლეთის დიქტატს და ამერიკის მარიონეტად არ იქცევა თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით. იქნებ მაგალითი ბელარუსისგან აიღოთ, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრია, რუსეთისგან ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში იღებს, ხოლო პრეზიდენტ ლუკაშენკოს პრაგმატული, ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში პენსია 250-დან 500 დოლარამდეა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ბელარუსისგან განსხვავებით, ევროკავშირი ვერ ახერხებს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, რადგან ამერიკის ეკონომიკაზეა მსოფლიო ეკონომიკის 30% დამოკიდებული და მისი დირექტივების მორჩილმა დასავლეთმა 21 მილიარდი იზარალა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად.

ჩვენ სიცრუეში ვცხოვრობთ. ევროამერიკელმეგობრებთანდა ტელეკამერებთან კეკლუცობა, ხალხისთვის ლოზუნგების სროლადემოკრატიაზებრიყვთათვის ოპიუმია ნიღბით მოსულიკეთილისმყოფელისგანდა ჩვენს სამშობლოში გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ხელისუფლებამ მახინჯი სისტემა მოირგო და ეს უნდა დამთავრდეს! ივანიშვილის პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა შესაძლებლობებმა პოზიტიური ასახვა ვერ ჰპოვა ქართულ სინამდვილეში, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი მისი ფინანსების მძევალი არ უნდა იყოს დასავლეთის ხელში. უნდა დასრულდეს ამაზრზენი რიტორიკა იმაზეც, რომ ქართველები, რომლებიც იბრძვიან და იხოცებიან უკრაინასა თუ ავღანეთში, საქართველოს მომავალს ემსახურებიან. არადა, ქართველი ბიჭები საზარბაზნე ხორცად აქციეს. შეგახსენებთ: გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი დღეს მომაკვდავ ერთა ხუთეულშია; სუიციდის მხრივ, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ჩვილ ბავშვთა მოკვდავობით _ მოწინავე პოზიციაზე.

 ბატონო პრემიერო, რომ ბრძანებთ, ევროპულ კურსს არ შევცვლიო, რა, დაფიცებული გაქვთ “ნაცებისა” და ალასანიას შიშით? მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას ძნელად თუ ვინმე გაუტოლდება სამშობლოს სიყვარულში. აი, რას ამბობს იგი 1992 წლის “ნაროდნაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში: “ჩემთვის უცხო არ არის პრორუსული განწყობა, მე მუდამ ვესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით, მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლეთს და მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისას”. ასე რომ, რუსეთის დასუსტებამ 1920-იან და 1990-იან წლებში მძიმე შედეგი მოუტანა საქართველოსაც.

დღეს იდეის დონეზეც არ უნდა იყოს განხილული ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, გონიერი ხელისუფლება ევრო-ამერიკული იმპერიალიზმის წისქვილზე წყალს არ დაასხამს და სასწრაფოდ დაიწყებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ულტიმატუმის გარეშე. ვის ვეჭიმებით, რუსეთს, რომელიც ატომურ დარგში კვლავ ინარჩუნებს პირველობას და “როსატომის” მიერ მიღებული შეკვეთები 69 მილიარდს შეადგენს”?! აშშ კვლავ ცდილობს თავისი გავლენის გამყარებას საქართველოში და, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველო ამერიკისგან 51 მლნ დოლარს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა მისი გავლენის ნებისმიერი გამოვლენისგან, ასევე, ზნეობისა და მორალისმარწუხებისგანსრულიად განთავისუფლდეს საქართველო, ხოლო ქვეყნის სათავეში ამერიკის მორჩილი ხელისუფლება მოვიდეს.

ივანიშვილის განცხადება პრემიერის რანგში ასეთი იყო: რუსეთს მანამ არ დაველაპარაკებით, სანამ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო; შემდეგ, როგორც ჩანს, გონების თვალი გაეხსნა და ბრძანა, მეზობელი ქვეყნის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთო, თუმცა მის სიტყვებს საქმე არ მოჰყოლია. მანვე დააანონსა სოციალური ფონის გაუმჯობესების პერსპექტივა 2030 წლისთვის, მაგრამ დღეს რეალურად მხოლოდ ხელისუფლების ზედა ეშელონის წარმომადგენელთა ინტერესებია გათვალისწინებული: შეიძინეს 247 მლნ ლარის ღირებულების მანქანები, დაირიგეს 250 მლნ ლარზე მეტი პრემიები და ხელფასები, ანუ გაიცა თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის საკმაო ნაწილს შეადგენს და შედეგად ეკონომიური კრიზისიც მივიღეთ. ქვეყანაში არ იქმნება პროდუქცია, ხოლო მცირე მეწარმეობა 2006 წლიდან კანონგარეშე გამოცხადდა. რეგულირებული არ არის საბიუჯეტო თანხების პროპორციული განაწილების პრინციპი, ხელისუფლებამ სააკაშვილისეული მოდელი მოირგო და, საარსებო მინიმუმთან შედარებით, 33-ჯერ მეტ ხელფასს უხდის მინისტრს. ქართველმა ხალხმა იმიტომ მოიყვანა “ოცნება” ხელისუფლებაში, რომ თვითონ იშიმშილოს და კისერდასიებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც “ბაკულას ღორები” შეარქვეს, ფუფუნებაში აცხოვროს?! ექსპრემიერმა თავისი ჯიბიდან გადაუხადოს ფული მის მიერვე არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტს, ბიუჯეტი კი ხალხს მოახმარეთ!

თქვენი რეალური მხარდამჭერი მხოლოდ ქართველი ხალხია, თუკი მათი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, რაც ნამდვილად არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას თქვენგან:

*სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან ევროპის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე;

*გათავისუფლდეს პროკურატურა საფინანსო პოლიციის კადრებისგან და სამართლიანობის დამკვიდრება ინტენსიურ ფაზაში შევიდეს;

*საბიუჯეტო თანხების განაწილება სახელფასო ფონდში მოხდეს პროპორციული სისტემით _ საარსებო მინიმუმის არაუმეტეს ხუთმაგი ოდენობისა;

*დაბრუნდეს დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილზე, ასევე, სტალინის ძეგლი გორში.

 *გადაეცეს მწერალთა სახლი მწერლებს, ხოლო საგამომცემლო სახლი _ ჟურნალგაზეთების რედაქციებს;

* შეჩერდეს ჰუდონჰესის მშენებლობა.

*შეჩერდეს უძველესი კულტურის ძეგლის _ საყდრისის აფეთქება, ეს ხელისუფლების სირცხვილია!

*თბილისის აეროპორტს დაერქვას ზვიად გამსახურდიას სახელი.

ბატონო პრემიერო, რატომ იბლოკება აკადემიკოს გენო უშვერიძის გამოგონება სოფლის მეურნეობაში _ ხორბლის სადღეღამისო თესვის ნოვატორული მეთოდი, რომლის შემდეგაც მთლიანად დაკმაყოფილდებოდა საქართველოს მოთხოვნა ხორბალზე, მაშინ, როცა საქართველოში მოხმარებული ხორბლის 80% შემოგვაქვს? იმიტომ ხომ არა, რომ შემომტანის კერძო ინტერესია გათვალისწინებული?

 რატომ იბლოკება აკადემიკოს პაატა გიორგაძის მიერ ინიცირებული მტკნარი წყლის ინდუსტრიალიზაციის პროექტი და რატომ ეწინააღმდეგებით, რომ თითოეული მოსახლე 460 ათასი დოლარის მატერიალური ფასეულობის მფლობელი გახდეს, ხოლო საქართველოს შემოსავალი წელიწადში 12 მილიარდით გაიზარდოს? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ბუნებრივი სიმდიდრე კონკრეტული პირების საკუთრებად აქციოთ, როგორც _ ბორჯომის წყალი?

აი, ამ გამოგონებებს ბლოკავს სახელმწიფო და ქვეყნის წინსვლას აფერხებს _ ეს ვის დავაბრალოთ?

შეწყდეს ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა, რაც ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ განხორციელებული შეგნებული ბოროტებაა. დღეს უცხოელებზე გაყიდულია 32 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა. საქართველოს მიწა-წყალი ხელისუფლების საკუთრება არ არის, რომ ქართველ ხალხს გაუყიდოს მიწა, რომელიც გლეხმა და ფერმერმა უნდა დაამუშაოს!

ეს თქვენი საქართველოა, ბატონო პრემიერო!

ჯერ კიდევ პატივისცემით,

იზა თამაზაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here