Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მენშევიკური მთავრობა

სტალინი და მენშევიკური მთავრობა

1471

ნაწილი I

1956 წლის 9 მარტის მოვლენების აქტიური მონაწილე ვარ. ამ წლის 4 მარტს სტუდენტთა ქალაქიდან დაძრული ახალგაზრდების მცირე ჯგუფს პატივი უნდა მიგვეგო სტალინის ხსოვნისადმი და მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ღამე ძეგლთან, “მშრალ ხიდზე” უნდა გაგვეთენებინა.

გადაწყვეტილებები ქაოსურად იცვლებოდა, არ იყო ერთი ხელმძღვანელი. ვიყავით ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც ჩვენი ინიციატივით ვმოქმედებდით. მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც ხალხის ნაკადმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი), გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საორგანიზაციო კომიტეტი ხელმძღვანელის გარეშე. ახალგაზრდების ძირითადი მოთხოვნა იყო სტალინის სახელის დაცვა, რისთვისაც ქუჩებში გაისმოდა შეძახილები “ლენინი,სტალინი”, იქ არ ყოფილა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

მოძრაობა, რომელიც 9 მარტამდე გაგრძელდა, ტრაგიკულად დასრულდა. Gგავიდა ხანი და 1990-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდში დაიწერა წიგნი 1956 წლის 9 მარტზე, მასში ნათქვამია, რომ 1956 წლის 9 მარტს მღელვარება დაიწყო ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთიდან გამოყოფას. ისტორიული ფაქტის გაყალბების მცდელობა ისეთი დიდი იყო, რომ, როდესაც 9 მარტის აღსანიშნავად “მშრალ ხიდზე” სტალინის სახელისათვის დაღუპულთა მემორიალის გახსნა დავაპირე, ეროვნული მოძრაობის წევრებმა დაღუპულთა ბებიები და ახლო ნათესავები დამახვედრეს და გააპროტესტეს მემორიალზე სტალინის სახელის აღნიშვნა, რადგან, “მათი შვილები და შვილიშვილები ეროვნულ მოძრაობას შეეწირნენ და არა _ ბოლშევიკ სტალინსო”.

აფხაზებთან პოლიტიკური საკითხების განხილვისას ერთმა სახელმოხვეჭილმა ისტორიკოს-აკადემიკოსმა განაცხადა, სტალინმა და ბერიამ მოახდინეს აფხაზეთის რუსიფიკაციაო. ამ განცხადებაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ.

ისტორიკოსთაჟამთააღმწერელდოკუმენტებსა და წიგნებში, ესა თუ ის მოვლენა დიამეტრულად საწინააღმდეგოდ არის აღწერილი.

ისტორიაში ცნობილია ფაქტებით მანიპულირების შემთხვევები, მაგრამ ისე მასობრივად და მასშტაბურად, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ალბათ, არსად ყოფილა.

უმჯობესი იქნებოდა, ქვეყნის ისტორიის წიგნს ცალკე კატეგორია მიენიჭოს და მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდეს, როცა ის საზოგადოებრივი ავტორიტეტული კომისიის ფილტრს გაივლის.

სხვა ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე დაწერილი თხზულებები იმ კატეგორიის ნაწარმოებებს უნდა მიეკუთვნებოდეს, რომელსაც არ სჭირდება განსჯა. ის ავტორის ფანტაზიის ნაყოფად უნდა იყოს მიჩნეული.

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ მაქვს პრეტენზია, არც სამეცნიერო ხარისხის მოპოვების და არც ჩემი ნაწერების კომერციული მიზნით გამოყენებისა, საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვიხდი, თუ ჩემი ნაწერები თამამი და გაბედული აზრებით იქნება გაჯერებული!

კიდევ ერთხელ ვგმობ ისტორიის ფალსიფიკაციას და ვუბრუნდები ზოგიერთ ისტორიულ პერიოდს, რომლებზეც ნაკლებად არის ყურადღება გამახვილებული ან თუ გამახვილებულია, მხოლოდ სიმართლის საწინააღმდეგოდ.

ლაპარაკია უახლეს ისტორიაზე, რომელიც მოიცავს 1900-1921 წლებს და რევოლუციური და მენშევიკური საქართველოს პერიოდის სახელითაა ცნობილი.

იმ მრავალრიცხოვან მეცნიერთა და მკვლევართა შორიც, რომლებიც უახლეს ისტორიას იკვლევენ და სწავლობენ, ყველაზე ღირებულ და ავტორიტეტულ მეისტორიე მეცნიერად მიმაჩნია ვახტანგ გურული. მან შექმნა უამრავი ისტორიული დებულება, რომელიც თავის მნიშვნელობას არასოდეს დაკარგავს და, რაც დრო გავა, უფრო დაიწყებს კაშკაშს.

მეცნიერებისა და ხელოვნების ყველაზე სახიფათო ბილიკზე მემატიანეს უწევს გავლა და სწორედ ამიტომ უსწორდება მას სასტიკად დროცა და ხელისუფალიც. მეისტორიესთვის, როგორც მეურნე გლეხისათვის, კალამია გუთანი და პერგამენტი _ ხოდაბუნი. უფრთხის მემატიანე, გუთნის პირი არ ჩაუტყდეს ხოდაბუნების ამობრუნებისას და ულუკმაპუროდ არ დატოვოს ოჯახი, ამიტომაც ვალდებულად თვლის თავს, ხარკი გადაუხადოს დროსა და ხელისუფალს.

სწორედ ხარკის გადახდის ერთ-ერთი მაგალითია პროფესორ ვახტანგ გურულის მიერ თანამედროვეთათვის მიძღვნილი “ოდა”:

საქართველოს იგი არ სჭირდებოდა, რუსეთი კი მას არ ელოდა. იმხანად, რა თქმა უნდა, იოსებ ჯუღაშვილმა არ იცოდა, რომ ამ დასკვნამ განაპირობა იოსებ სტალინის, საქართველოსა და რუსეთის დიდი ტრაგედია”.

მკითხველი გააცნობიერებს, რა დოზით ასიამოვნა ბატონმა ვახტანგ გურულმა თავისი ციტატით ქართველ და რუს “ლიბერალებს”, “დემოკრატებსა” და ოლიგარქებს, რომლებმაც ნულამდე დაიყვანეს მსოფლიოს ზეძლიერი სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება და ერთ დროს მზიურ საქართველოს როგორ ჩამოაფარეს გლოვისა და სიღარიბის ფარდა. ზემომოყვანილი ფრაზები ბატონი ვახტანგის ხარკია და ჩავუთვალოთ, რომ ის გადახდილია.

ახლა კი მივყვეთ მოვლენებს:

*”სტალინის ნააზრევისა და ნაღვაწის შეცნობა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატება” (. გურული. “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”. გვ.5).

დაგარწმუნოთ ამ დებულების სისწორეში? _ შეუძლებელია, ადამიანმა ერთი დღის განმავლობაში იფიქროს სტალინგრადის დაცვაზე, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე (ვასილევსკი-ვოლსკი), ბომბდაცემული დიდი თეატრის შემჭიდროებულ ვადებში აღდგენაზე, ავიაკონსტრუქტორებთან განიხილოს ზებგერითი თვითმფრინავის ტექნიკური დეტალები, კონსტრუქტორ ვასილ გრაბინთან დააზუსტოს ქვემეხის ჭურვის გასროლის მანძილი და მიზნის დაზიანების ხარისხი, მარშალ მიხეილ კატუკოვს ურჩიოს, შეცვალოს ტანკზე ქვემეხის ლულის პარამეტრები, ასპინძის რაიონიდან გამოუძახოს რაიკომის პირველ მდივანს ან კოლმეურნეობის აგრონომს და ესაუბროს დატოტვილი ხორბლის თავთავზე, პარალეურად, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს დაავალოს, დასასვენებლად გამგზავრებულ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს დახვდეს რკინიგზის სადგურზე და მეგზურობა გაუწიოს, უხელმძღვანელოს სხვადასხვა მიმართულებით წარმოებულ წარმოუდგენელი მაშტაბების ფრონტებს, ყოველდღიურად შეაჯამოს ომის შედეგები და მომავალი დღისთვის გენერალურ შტაბს მისცეს ათამდე საბრძოლო დავალება, შესვენების დროს კი გადაიკითხოს სხვადასხვა სირთულისა და შინაარსის ხუთასამდე გვერდი.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყოველდღიური დატვირთვისა, რომელსაც სტალინი რეგულარულად ეწეოდა დიდი სამამულო ომის პერიოდში, როგორც სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალების მინისტრი.

სხვას ვის შეეძლო, განკარგულება გაეცა, სასწრაფოდ დაეწყოთ ტრანსციმბირული სარკინიგზო მაგისტრალის დემონტაჟი და გადმოეტანათ იგი კასპიის ზღვისპირა ქალაქების _ ასტრახანისა და მახაჭყალის _ დასაკავშირებლად, რომლის საერთო სიგრძე 600 კილომეტრს აღემატება და მისი მშენებლობა მოკლე ხანში დასრულდა.

ხუთი ზღვის _ კასპიის, შავი, ბარენცის, აზოვისა და თეთრის _ შეერთება და ერთ სანაოსნო სისტემად შექმნა ხომ სტალინის გენიისა და შემოქმედების ნაყოფია. კოსმოსი ადამიანის მასპინძელი რომ გახდა, ეს მხოლოდ სტალინური ნიჭის გამონათების დასტურია.

კავი და ატომი, ურემი და წყალბადის ბომბი _ ეს შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის სტალინური ტექნოლოგიების აპოგეაა!

*”იოსებ სტალინის იდეური მოწინააღმდეგენი, თუმც ნიჭიერი, ღრმად განსწავლული მოღვაწეები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ, იოსებ ჯუღაშვილი კი განგებამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩია და მას სხვა დიდი და გამორჩეული მისია დააკისრა. მიუხედავად ამისა, იოსებ სტალინმა იმხანად (1901-1904 ..) თავის თანამემამულეებთან: ნოე ჟორდანიასთან, ისიდორე რამიშვილთან, ნოე რამიშვილთან, კარლო ჩხეიძესთან, პარმენ ჭიჭინაძესთან, არჩილ ჯორჯაძესთან ყველა ბრძოლა წააგო. ფეხი ვერ მოიკიდა ვერც თბილისში, ვერც ბათუმში, ვერც ქუთაისსა და ჭიათურაში. და მაინც, თავისი არჩევანის სისწორეში დარწმუნებული . სტალინი არაადამიანური ენერგიით განაგრძობდა ბრძოლას, ჯიუტად იმკვიდრებდა ადგილს საზოგადოებრივპოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა ყოველი ცდა ამაო იყო, _ ქართულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ იოსებ სტალინი არ მიიღო” (. გურული. “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ.15).

საქართველომ სტალინი არ მიიღო, საქართველომ არ მიიღო ვახტანგ გორგასალი და იგი ქართველმა კაცმა მოკლა, საქართველომ არ მიიღო დავით აღმაშენებელი, რომელიც იძულებული შეიქნა, საქართველოში ჩამოესახლებია 40 000 ყივჩაღი, საქართველომ არ მიიღო თამარი, რომელიც ტახტს ორჯერ გამოეთხოვა, საქართველომ არ მიიღო არც გიორგი სააკაძე და არც ერეკლე მეორე _ ორივე ნაღალატევი წავიდა ამ ქვეყნიდან. საქართველომ არ მიიღო ილია ჭავჭავაძე და მას ტყვია დაახალეს. ქართველებმა არ მიიღეს არც ეფრემ მეორე და სიცოცხლე მარტყოფის ლავრაში მოუსწრაფეს. არ მიიღეს არც სულხანსაბა ორბელიანი, წვერით ათრიეს და სამჯერ შემოატარეს სვეტიცხოველს; მოკლეს და საჯინიბოში დაასვენეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მაშ, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ქართველმა ხალხმა არ მიიღო სტალინი?!

სწორედ ამას დასტირის დიდი ვაჟა: “თუ ვერ ვიგუეთ ვერ შევიფერეთ, კარგი შვილები რად გვებადება?”

ვფიქრობ, შვილების ბრალი ნაკლებია მათ მიუღებლობაში, თუმცა ისინიც ხომ საზოგადოების წევრები იყვნენ, რომელიც სხვას არ იღებდა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმღებნი და მისაღებნი, ამ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად მაინც “სცოდავდნენ”.

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ლორთქიფანიძე თავის ,პოლიტიკურ ანდერძში” წერს: “თითქოს თბომატარებლებისგან ვართ ნაკეთები: მალე ვთბებით, სწრაფად ვხურდებით, ჩქარა აღვიგზნებით, მაგრამ ასევე სწრაფად ვგრილდებით. გვიყვარს იოლი პარტიზანობა და მჩატე გაჯირითება ყოველგვარ ასპარეზზე, გვაკლია ბეჯითობა, მუყაითობა, ფოლადი ნებისყოფაში, ვართ ერი-პოეტი ყველგან”.

თემაზე მუშაობა დაწყებული მქონდა, როდესაც საჭირო ლიტერატურის მოძიებაში დახმარება ბატონ ომარ გოცაძეს ვთხოვე. მან მითხრა, ახლახან წიგნების მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ენვერ ნიჟარაძის 700-გვერდიანი დიდი ფორმატის წიგნი სათაურით “გრიგოლ (აველონ) რობაქიძე”. ეს წიგნი, სამწუხაროდ, არ მაქვს და, თუ შეიძენთ, უამრავ დოკუმენტურ მასალას გაეცნობიო.

ეს წიგნი ახლა ჩემს საწერ მაგიდაზე დევს. 25 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ გადახვეწილი ემიგრანტი ენვერ ნიჟარაძე ლეგენდარული ბესარიონ ნიჟარაძის ოჯახის შვილია, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი რაინდი და ზვიად გამსახურდიას ორდენის კავალერი. არის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალე კალმოსანი და პოეტი.

გულდასმით წავიკითხე მისი წიგნი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს _ სად ნახა, სად მოიძია, როგორ თარგმნა, როგორ მოიყვანა სისტემაში ის ზღვა მასალა, რომელიც ამ წიგნშია მოქცეული!

ემიგრანტი პოეტი ენვერ ნიჟარაძე 25 წლის განმავლობაში დაუღალავად მიმოდიოდა ასევე ემიგრანტი პოეტისა და მწერლის _ გრიგოლ რობაქიძის ნაკვალევზე და ყველასგან მიტოვებულ და შერისხულ დიდ მამულიშვილზე მასალებს აგროვებდა. ცივილიზებული ევროპის თითქმის ყველა ქალაქის წიგნსაცავებისა და არქივების გულდასმით გაჩხრეკის შემდეგ შეიქმნა ეს, არც კი ვიცი, რა ვუწოდო _ წიგნი თუ ბიბლია, რომელიც უძღვნა ბიბლიურ ადამიანს გრიგოლ რობაქიძეს.

უდიდესი საარქივო მასალისა და მოხმობილი ლიტერატურის გაცნობამ გამახსენა იოსებ გრიშაშვილის ლექსი “აპრილი თბილისში”, სადაც ის დანანებით წერს:

რას ვეჭიდები

ამ ბურჯებს,

ამ ცხრათავიან დევებსა,

მე ერთ რითმაშიც

არ გავცვლი,

 ამდენსა გამოკვლევებსა”.

როდესაც ამ წიგნს ვკითხულობ, მგონია, რომ აქ მოდის ელისეს მინდვრებზე დაღლილი, მაგრამ არქივში მუშაობით კმაყოფილი ენვერ ნიჟარაძე. ხან კიდევ მგონია, რომ ტრაფალგარზე ვხვდები. წარმოდგენაში ვხედავ ევროპის ყველა დიდი თუ პროვინციული ქალაქის სამეცნიერო ცენტრებში, მაგრამ წიგნში არის ადგილები, სადაც ენვერ ნიჟარაძე სვანური ქუდით, კეეშწამოსხმული (კეეში _ ჯიხვის ტყავი, ტანზე შემოსაცმელად გაკეთებული) დგას წინაპართა მიერ მტკიცედ ნაშენი კოშკის გალავნის ზღურბლზე და თავის ახლობელს, ამასთანავე, მეზობელს ხმამაღლა ედავება გუშინ ჩადენილ საქციელზე. ეს არის ამ წიგნის შნო და ლაზათი, სიმტკიცე და ჯავარი.

გრიგოლ რობაქიძე გამორჩეული პერსონაა, როგორც ქართულ ცხოვრებასა და აზროვნებაში, ასევე მენშევიკურ მთავრობაში, როგორც სამშობლოში, ისე ემიგრაციაში.

მე ყოველთვის ტენდენციური ვიქნები გრიგოლ რობაქიძის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა უნდა დავუთმო ჩემს მეგობარსა და გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო მკვლევარს, ბატონ ენვერ ნიჟარაძეს, რომელიც ამბობს: “მას ძალუძდა რეალურად არსებულ, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე პიროვნებებზე შთამბეჭდავად წერა, შეეძლო მათი ცაში აყვანაც და ძირფესვიანი მოთხრაც. ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეფასებანი და სჯანი ყოველთვის ობიექტური იყო. ასე გაასწორა მიწასთან ერთ შემთხვევაში სტალინი, სხვათა შორის ბევრ რამეში დაუმსახურებლად.

განადიდა მეორე შემთხვევაში ჰიტლერი და მუსოლინი, ბევრ რამეში, ასევე დაუმსახურებლად (ე.ნიჟარაძე. “გრიგოლ რობაქიძე”, გვ. 142.)

 ენვერ ნიჟარაძეს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია გრიგოლ რობაქიძის დამოკიდებულება, როგორც მუსოლინის ბავშვობისა და ოჯახის მიმართ, ასევე, სტალინის ოჯახისა და ბავშვობის მიმართაც: “თუ მუსოლინის ოჯახს ასეთ იდილიურ შუქში წარმოაჩენს, სამაგიეროდ, “ჩაკრულ სულში”, თავში “სტალინის ჰოროსკოპი” მწერალი სტალინის ოჯახს დაუნდობლად ანადგურებს… არ ვიცი, რას ეყრდნობოდა გრიგოლ რობაქიძე, როდესაც ამას წერდა, მაგრამ სტალინის ოჯახური სიტუაციის აღწერაში სიმართლის რაღაც ნაწილიც რომ იყოს, ის მაინც სრულიად გადაჭარბებული და გაზვიადებულია. რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობდა სტალინი, თუ როგორ სძულდა მას საკუთარი მამა, ეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა არც გრიგოლს და არც არავის ქვეყანაზე. სტალინი იყო რეალური პიროვნება და არა მხატვრული პერსონაჟი, რომ მასზე წარმოსახვითი დასკვნები გავრცელებულიყო. აღმოსავლეთში, ალბათ, ცოტა თუ ყოფილა ოჯახი, მამას შვილი რომ არ უცემია, მაგრამ ამის გამო შვილებს მამები არ შეუძულებიათ… თუ გრიგოლ რობაქიძე, მარგარიტა სარფატის კვალდაკვალ, მუსოლინის სტატიასაც კი ბრილიანტად ნაწახნაგევს უწოდებს, სტალინის ყოველგვარ ნიჭს მხოლოდ უარყოფით ჭრილში განიხილავს: “პოეტურ თრობას სტალინის გულში არასოდეს შეუღწევია, თუმცა, ის მოწაფეობის ჟამს, ხავერდოვანი ალტით საეპისკოპოსო გუნდში მღეროდა. მაგრამ ეს იყო უეჭველად დაცემული ანგელოზის ხმა, თუმცა ამ დაცემულ ანგელოზსაც შეეძლო მომაჯადოებლად სიმღერა”.

შეიძლება სტალინი მართლაციყენებდაესპერანტოს, მაგრამ სიჭაბუკეში მის მიერ დაწერილი ლექსიდილაგანა ისევ ისე მშვენივრად არ ჟღერს?

ვარდს გაეფურჩქნა

კოკორი,

გადახვეოდა იასა,

ზამბახსაც გაღვიძებოდა

 და თავს უხრიდა ნიავსა”…

სტალინის დამცირების ფონზე ჰიტლერისა და მუსოლინის განდიდება აშკარად მიუთითებს, რომ მწერალი ამას საგანგებოდ აკეთებს, რომ ამ გეგმას თავისი მიზანი და დანიშნულება გააჩნია” (ენვერ ნიჯარაძე, “გრიგოლ რობაქიძე”, გვ. 254).

ბოლოს ბატონი ენვერი მიდის დასკვნამდე, რომ: რა თქმა უნდა, ქართველი მწერალი სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მის მიერ ქებულ პიროვნებებში ამდენი ბოროტება, სისასტიკე და სიგიჟე გამოვლინდებოდა. ეს რომ სცოდნოდა, არავითარ შემთხვევაში, არავითარი მიზეზით, თუნდაც საკუთარი სამშობლოს სასიცოცხლო აუცილებლობისათვისაც კი, არ დაწერდა თავისწიგნაკებს” (ენვერ ნიჟარაძე. “გრიგოლ რობაქიძე”, გვ. 290).

სრულებითაც არ მიკვირს, რომ გრიგოლ რობაქიძეს ადრეც დაეწერა ისეთი შეუსაბამო პასაჟები, როგორიც მან ნოე ჟორდანიას მიუძღვნა:

ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველ ღმერთებს, ალბათ, ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე არა მარტო გურიის ველების, არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი, რუსთაველის ტარიელი, რაინდია ყოვლის გადამლახველი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომელი, მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშვის გვერდული მზერაა. გიორგი სააკაძე, რისხვით შემართული, საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არაცეცხლი სიავის” (ყოველკვირეული გაზეთიბარრიკადი”, 1920 .).

გარეგნული წარმოდგენითა და იერსახით, შეიძლება, ნოე ჟორდანია მისაღები იყო, მაგრამ ისეთი მაღალინტელექტუალური სიტყვის ოსტატს, როგორიც გრიგოლ რობაქიძეა, როგორ უნდა მოსწონებოდა, ისეთი პროვინციული აზროვნებისა და მეტყველების პიროვნება, როგორიც ნოე ჟორდანია გახლდათ. წავიკითხოთ, რას წერს იგი იმავე ნოე ჟორდანიას კალმის შესახებ:

“ქართველი პოეტისთვის საამაყოა, რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. მის ნაწერებში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც დაგრაგნილი ხვეული. აქ ყოველი სიტყვა სადად მოკვეთილია და ყოველი ფრაზა _ სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმებით ლაპარაკობს, ვიდრე დისკურსიული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა…”

ეს მაშინ, როდესაც “არაქართველი” და “ქართულის არამცოდნე” სტალინი მიწასთან ასწორებდა პოლიტიკურ მეტყველებაში შემოტანილ ჟორდანიასეულ კილოკავებს: “გარედმიდან შემოტანილი”, “რომლისკენაც უკვე კლასი მივიდა” და სხვა მრავალი პროვინციული ჟარგონები, რომლებსაც სტალინი აზრის სიღატაკეს უწოდებდა. ან კი რა იყო ნოე ჟორდანიას გამოსვლებში ისეთი საინტერესო, რომ ასეთ აღტაცებაში მოეყვანა დიდი მწერალი?!

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here