Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ “ძლევაი საკვირველის” შემოქმედი

სტალინი _ “ძლევაი საკვირველის” შემოქმედი

1425

კაცობრიობის ისტორია მეტწილად ომების ისტორიაა. ადამის მოდგმამ ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა უომრად, ომებმა მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შვეიცარიელი მკვლევარის _ ჟაკ-ჟაკ ბაბელის გათვლებით, ბოლო 55 საუკუნის განმავლობაში ადამიანებმა ომის გარეშე მხოლოდ 292 წელი, ანუ 3 საუკუნეზე ნაკლები იცხოვრეს.

ადამიანებს ახსოვთ უამრავი ხანმოკლე და ხანგრძლივი ომი. ყველაზე ხანმოკლედ ითვლება ინგლისსა და ზანზიბარს შორის 1896 წლის ომი, რომელშიც ბრიტანელებმა 38 წუთში მოიპოვეს გამარჯვება. ხანმოკლე ომების რეკორდს უახლოვდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის _ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალში დაწყებული ომი, რომელიც დღე-ნახევარში კრახით დასრულდა.

ხანმოკლე იყო ისრაელ-ეგვიპტის 1967 წლის 6-დღიანი ომი, როცა ისრაელის არმიამ სრული გამარჯვება მოიპოვა. ყველაზე ხანგრძლივი კი იყო ჯვაროსნული ომები, რომელთა სამივე ეტაპი 195 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ყველაზე სისხლისმღვრელი და დიდი ზიანის მომტანი იყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც მოიცვა ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 80 პროცენტი. საომარ მოქმედებაში ჩაბმული იყო 72 სახელმწიფო, ომის ხანძარი მძვინვარებდა 40 ქვეყანაში, სამხედრო ფარაჯა ჩაიცვა 110 მილიონმა ადამიანმა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო საბჭოეთის მოსახლეობამ. საბჭოთა კავშირმა ომში დაკარგა 27 მილიონამდე ადამიანი, რომელთა შორის 7 მილიონი სამხედრო მოსამსახურე და ჯარისკაცი იყო (18 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე გერმანელებმა ამოხოცეს მათ მიერ დაპყრობილ საბჭოთა ტერიტორიაზე). დიდი სამამულო ომის პერიოდში საბჭოთა არმიის რიგებში მობილიზებული იქნა 12 მილიონი ჯარისკაცი, 5597 გენერალი და ადმირალი, 12 მარშალი. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია კაცობრიობის ისტორიაში.

ბოროტებაზე სიკეთის ძლევის ამ ჭეშმარიტად ღვთიურ საქმეში თავისი მოსახლეობის რიცხოვნებასთან შეფარდებით განუზომლად დიდი იყო საქართველოს წვლილი. ქვეყანამ, რომელშიც 3,8 მილიონი კაცი ცხოვრობდა ომის ფრონტებზე გაგზავნა 700ათასი მებრძოლი, მათ შორის _ 23 ათასი ოფიცერი და 82 გენერალი; ქართველი იყო ამ ომში გადამწყვეტი ძალის _ საბჭოთა არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, ომის ტრიუმფატორი გენერალისიმუსი იოსებ ჯუღაშვილი და გამარჯვებაში ჭეშმარიტად ლომის წილის შემტანი, საბჭოთა კავშირის მარშალი ლავრენტი ბერია.

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლსა და მნიშვნელობაზე ციფრები მეტყველებენ. საბჭოთა არმიამ გაანადგურა გერმანიისა და მისი მოკავშირეების 607 დივიზია, ხოლო მოკავშირეებმა გერმანიისა და მისი სატელიტების 176 დივიზია.

გრძნობდნენ რა ომის გარდაუვალობას სტალინმა და ბერიამ შექმნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უნიკალური სამსახური. ჯერ კიდევ 1940 წელს და 1941 წლის დასაწყისში ლიკვიდირებული იქნა გერმანული დაზვერვის 66 რეზიდენტურა და 1600-ზე მეტი აგენტი, რომლის შედეგად გერმანიის დაზვერვა საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, ლიკვიდირებული იქნა. ასევე წარმატებით მუშაობდნენ საბჭოთა უშიშროების სამსახურები საზღვარგარეთ, რომლებიც კრემლს რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის საომარი პოტენციალის შესახებ, არამედ უცხოეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური ლიდერებისა და ჩრდილში მყოფი ძალების საქმიანობაზეც. 1941 წლის 17 სექტემბერს მესამე რაიხის საიდუმლო თათბირზე ჰიტლერმა სინანულით თქვა: ჩვენ რუსეთის კარი ისე შევაღეთ, რომ არ ვიცოდით, რა იყო მის უკან!”

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ცნობილი ალენ დალესი კი მიუთითებს: “ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საბჭოთა უმაღლესი სარდლობა, დიდად განაპირობებს მათ წარმატებებს. საბჭოთა დაზვერვა წარმოადგენს ისეთ უწყებას, რომელზეც შეიძლება იოცნებოს ნებისმიერი ქვეყნის სპეციალურმა სამსახურმა”.

პირადად სტალინსა და საბჭოთა უშიშროების სამსახურს უწყვეტ ნაკადად მიეწოდებოდა ინფორმაცია გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე, მტერს კი არ შეეძლო, მიეღო აუცილებელი ცნობები საბჭოთა მთავარსარდლობის არც ერთი გადაწყვეტილების თაობაზე. ასე იყო მოსკოვის, სტალინგრადის, კურსკისა და სხვა გადამწყვეტი ბრძოლების დროსაც, როდესაც მტერს არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია საბჭოთა ჯარების რაოდენობის, შეიარაღებისა თუ გადაადგილების შესახებ.

ერთ კონკრეტულ ადგილზე გამართულ ბრძოლებს შორის თავისი მასშტაბით სტალინგრადისთვის ბრძოლას ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. სტალინგრადისთვის ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 2 მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერი, 5 ათასი თვითმფრინავი, 6 ათასი ტანკი. დაიღუპა 3 მილიონამდე ადამიანი.

როგორც ომის წინა წლებში, ასევე, ომის დროსაც, გაბრწყინდა სტალინის მხედართმთავრული და ორგანიზატორული ნიჭი. კაცობრიობისათვის ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს მან შეძლო, მოკავშირედ გაეხადა თვით საბჭოთა კავშირის მტრები _ აშშ და ინგლისი, აგრეთვე, ის ბიზნესმენებიც, რომლებიც თავის დროზე აფინანსებდნენ რაიხს და შეაქმნევინეს მძლავრი სამხედრო მანქანა. სიონისტთა ის ნაწილი, რომელიც 1941 წლამდე ჰიტლერის სამსახურში იდგა, ახლა უკვე საბჭოთა კავშირს ეხმარებოდა, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო იარაღითა და სურსათ-სანოვაგით. მათივე უშუალო დახმარებით შეიქმნა საბჭოთა კავშირში ატომური იარაღის სამეცნიერო ცენტრები და საწარმოო ბაზები. ამ მიმართულებითაც განუზომლად დიდი იყო საბჭოთა უშიშროების სამსახურის როლი და მათი მაღალი პროფესიონალიზმი.

ქართველებს განსაკუთრებით გვეამაყება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ომში გამარჯვების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი არის ქართველი იოსებ ჯუღაშვილი. კაცი, რომელიც იყო პირველი, ჭეშმარიტად სახალხო და სოციალური სამართლიანობის სახელმწიფოს შემოქმედი, რომლის დარი პატიოსანი და მშრომელი ადამიანი არასოდეს გაჩენილა; კაცი, რომელსაც თვითონ არც ერთი ომი არ დაუწყია, ნახევარი მსოფლიოს ხელისუფალი გახდა, ხოლო პლანეტის მეორე ნახევარს საკუთარ ნებას კარნახობდა და თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა.

სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირმა ფაშიზმისგან იხსნა არა მხოლოდ საბჭოთა ხალხი, არამედ კაცობრიობა. ასიათასობით საბჭოთა მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა ევროპის ხალხთა გათავისუფლებას. პოლონეთის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა 600 ათასი ადამანი, უნგრეთის _ 140 ათასი, ჩეხოსლოვაკიის _ 141 ათასი, რუმინეთის _ 68 ათასი, იუგოსლავიის _ 8 ათასი, ავსტრიის _ 26 ათასი.

თავისი შინაარსით, მიზნებითა და ამოცანებით ომები ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა. კაცობრიობას ახსოვს არაერთი დაპყრობითი, იმპერიული, სამამულო, სამართლიანი, უსამართლო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რევოლუციური, სამოქალაქო ომები. ძნელია ომის ცნების ერთმნიშვნელოვნად ახსნაც. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ ომი არის სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების, კლასების, იდეოლოგიური, ნაციონალური, რელიგიური, გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების, იმპერიული ზრახვების რეალიზაციის ძალით გადაწყვეტის პოლიტიკა.

ცალკეულ შემთხვევაში ომები ხელს უწყობდა საზოგადოებრივ პროგრესს, უახლოესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებისა და ცივილიზაციათა სოციალიზაციას. ზოგი სპეციალისტის აზრით კი, ომები არის ადამიანთა რაოდენობის რეგულირებისა და კაცობრიობის ყველაზე დიდი მოსალოდნელი პრობლემის _ დემოგრაფიული კატასტროფისგან თავის დაღწევის საშუალება.

არც სამყაროს ადამიანისეული აღქმა ყოფილა ყოველთვის ერთნაირი. ადამიანთა თვალში დედამიწა ესოდენ ახლო და ესოდენ პატარა არასოდეს ჩანდა, როგორც ეს დღესაა. ამასთანავე, საოცარია ადამიანთა დიდი ნაწილის ცნობიერების ესოდენ დაბნელება, რაშიც დიდია საინფორმაციო საშუალებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების, მიმდინარე პროცესების გაუკუღმართებული წარმოჩენის, სახელმწიფოთა სათავეში “ფარული ხელის” ლოცვა-კურთხევით მოსული მეფუკების როლი, როცა ზესახელმწიფოთა ლიდერები თვალყურს ადევნებენ და ერთობიან თავიანთი მარიონეტების ბაქიაობითა და კინკლაობით, წაქეზებული ფინიების მათი პატრონებისთვის მიუღებელი ქვეყნებისადმი ყეფითა და წკავ-წკავით.

დემოკრატიისბაირახტარმა აშშმა შექმნა ისეთიახალი მსოფლიო წესრიგი”, რომ მტყუანსა და მართალს თვითზეციური აპოკალიფსის ინსპექტორიცკი ვერ არჩევს. რა გამართლება ან რა ახსნა მოეძებნება ქმედებებს, როდესაც ამერიკამ მსოფლიოზე ბატონობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 25-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის ომი გააჩაღა და 160-ზე მეტი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ამა თუ იმ ქვეყანაში.

11 სექტემბრის ჯერაც დაუდგენელი ტერორისტული აქტის შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში “მშვიდობის მტრედმა” ამერიკამ ასიათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, რომელთაც 5 ტრილიონი დოლარი დაახარჯა. ამას შედეგად, ასიათასობით მსხვერპლთან ერთად, უდიდესი კულტურულ-ისტორიული ზარალი მოჰყვა, დაიკარგა 3 ათასამდე უნიკალური ისტორიული ექსპონატი.

უზნეობამ დაისადგურა დედამიწაზე; ფასი დაკარგა ღირსებამ, პატიოსნებამ, სამართლიანობამ; წესად იქცა “შეურაცხყოფა ღირსეულისა უღირსისაგან”. საქმე იქამდე მიდის, რომ არად დაგიდევენ მეორე მსოფლიო ომში ბოროტების დამამარცხებელ ადამიანებს, თვით გამარჯვების ტრიუმფატორებსაც კი. ამ “ძლევაი საკვირველის” შემოქმედ სტალინს, ფაშიზმისა და რასიზმის ბაირახტარის _ ჰიტლერის დარადაც კი მოიხსენიებენ ანტიქრისტეს ემისრები.

აქ ეგების გახსენება კოსმა აიტოლისის სიტყვებისა: “დადგება ჟამი, როდესაც მტრები ყველაფერს წაგვართმევენ, თვით ნაცარსაც კი არ დატოვებენ კერაზე, მაგრამ არ დაკარგოთ რწმენა”.

ღრმად გვწამს, რომ სატანა და ანტიქრისტეც ვერაფერს დააკლებენ ბელადს, კაცს, რომელიც ყველა დედამ თავის შვილად აღიარა, შვილებმა _ მამად.

ქართველი ხალხი, ვალმოხდილი ღვთისა და კაცობრიობის წინაშე, ზეიმით აღნიშნავს ადამიანთა ისტორიაში ყველაზე დიდ და სისხლისმღვრელ ომში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 70 წლისთავს. იგი ამაყობს ამ ზოგადსაკაცობრიო საქმეში შეტანილი თავისი წონადი წვლილით. არ აშინებს ისტორიის კატაკლიზმები, რამეთუ გათავისებული აქვს ბრძენი წინაპრის სიტყვები: “დიდსა, მაღალსამ ნათელსა მზესა, ზოგჯერ ღრუბელი შეუცვლის ფერსა”.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ომის ვეტერანებს, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ხალხების გათავისუფლებისთვის ომში, კიდევ ერთხელ ვულოცავთ დიადი გამარჯვების 70 წლის იუბილეს!

რევაზ ნაცარიშვილი,

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო

ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის

გამგეობის თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here