Home რუბრიკები საზოგადოება დემურ გიორხელიძე: საგარეო ვალი იზრდება, საქართველოს მდგომარეობა სავალალოა!

დემურ გიორხელიძე: საგარეო ვალი იზრდება, საქართველოს მდგომარეობა სავალალოა!

548

«ვალი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების პერიოდშიც არ შემცირებულა  და გამოდის, რომ ბოლო 10 წელია, ჩვენ სტაბილურად ვზრდით საგარეო ვალს, თუმცა ამ ვალის გამოყენების ეფექტიანობა ძალიან დაბალია. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სესხები და მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების ვალები, გვაქვს მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის ვალიც, გარდა ამისა, საქართველოს აქვს სახელმწიფოების ვალები, როგორც აშშის, ასევე ევროპული ქვეყნებისაც».

 

ქვეყანას, რომლის ეკონომიკაც გამართულია, საგარეო ვალის აღების არ ეშინია. მაგრამ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც სავალალო მდგომარეობაშია, სადაც უმუშევართა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, მთლიანმა საგარეო ვალმა კი 13.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, გამოსავალის პოვნა მარტივი არ არის. დიახ, «არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია»…. საქართველო, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში 13.6 მილიარდი დოლარი დაედო ვალი. თუ ვინ და რატომ გახვია ჩვენი ქვეყანა საშვილთაშვილო ვალებში, ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდება _ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, ვალს ვალზე იღებდა, თუმცა ქვეყანას, მის რიგით მოქალაქეებს ეკონომიკურად და ფინანსურად არაფერი დასტყობიათ. შემდეგ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და დაგვპირდა, «ქარული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წელი «ისე რა» იქნება, 2014 წელი _ გაცილებით უკეთესი, აი 2015 წელს კიახლა 2014 წელია და საქართველოს ეკონომიკას «გაცილებით უკეთესობისა» არაფერი ეტყობა. ამას ეკონომიკის ექსპერტებიც აღნიშნავენ და დამაიმედებელ პასუხსაც ვერ გვაძლევენ, საქართველოს ეკონომიკა დადგება თუ არა ოდესმე ფეხზე.

გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე:

_ საგარეო ვალი სახელმწიფომ აიღო და მანვე უნდა გაისტუმროს. ვინაიდან სახელმწიფოს, საბიუჯეტო თანხების გარდა, სხვა ფული არ აქვს, ვალი საქართველოს მოსახლეობის გადასახდელია. მთლიანობაში სახელმწიფო ვალი მთლიანი შიგა პროდუქტის ას პროცენტს მიუახლოვდა, რაც არ არის კარგი მდგომარეობა, მით უმეტეს, როდესაც ძალიან სუსტი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სუსტია და შეიძლება უახლოეს წლებში ეს ვალი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ამ ვალის გასასტუმრებლად შიგა რესურსების მობილიზაცია, სამწუხაროდ, არ ჩანს. ქვეყანაში ფულის როგორი დეფიციტიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ახლაც ისეთივე დეფიციტია. მცირე და საშუალო ბიზნესი უყურადღებოდ არის მიტოვებული და ამ ფულის შიმშილის ფონზე თაღლითური სქემებით ამუშავდნენ გარკვეული ჯგუფები, რაც, ვფიქრობ, მთავრობის ხელშეწყობით ხდება. რაკი ძალიან უჭირს ხალხს და ფული არ აქვს, ეს ორგანიზაციები ცდილობენ, ფანტასტიკურად მაღალ პროცენტებში გაასესხონ თანხები. მაღალ პროცენტში ფულის გასესხების შესახებ განცხადებები ინტერნეტსივრცეშიც ქვეყნდება, რაც ძალიან საშიში სიმპტომია. ქვეყნის საგარეო ვალი იზრდება, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა!

_ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რა რაოდენობის საგარეო ვალია აღებული და რაში დაიხარჯა?

_ ამ საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშია აღებული. არადა, «ვარდების რევოლუციამდე» საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2 მილიარდ 125 მილიონს შეადგენდა. შემდეგ ამ ვალმა სწრაფი ტემპით დაიწყო ზრდა, რადგან ინფრასტრუტურული პროექტები სწორედ ნასესხები ფულით კეთდებოდა და, საბოლოო ჯამში, 13 მილიარდს გადააჭარბა. ვალი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების პერიოდშიც არ შემცირებულა და გამოდის, რომ ბოლო 10 წელია, ჩვენ სტაბილურად ვზრდით საგარეო ვალს, თუმცა ამ ვალის გამოყენების ეფექტიანობა ძალიან დაბალია. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სესხები და მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების ვალები, გვაქვს მსოფლიო ბანკისა და მსოფლიოს სავალუტო ფონდის ვალიც, გარდა ამისა, საქართველოს აქვს სახელმწიფოების ვალები, როგორც აშშის, ასევე ევროპული ქვეყნებისაც. ცხადია, ამ ვალების გასტუმრებას უნდა მოემსახუროს ეს ხელისუფლებაც, მოვა შემდეგი მთავრობა და მასაც ეს მემკვიდრეობა ერგება წილად… ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ამ ვალების გასტუმრებისთვის იმსახუროს, სხვანაირად გამორიცხულია მისი დაფარვა.

_ დღევანდელმა ხელისუფლებამ რა რაოდენობის საგარეო ვალი დაიდო?

_ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოს საგარეო ვალი 538.7 მილიონი ლარით გაიზარდა. აღებული ვალი რომ გავისტუმროთ და ვალს ვალი აღარ დავამატოთ, პირველ რიგში, სახელმწიფომ ეკონომიკის ამუშავებაგაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ დღეს ამის ნიშნები ძალიან სუსტად ჩანს. თუ ვალების ზრდის სისტემა შეჩერებული არ იქნა და ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში დარჩა, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი სერიოზული პრობლემა იჩენს თავს. არადა, ამ გადასახედიდან, დიდია ალბათობა, რომ ძველ ვალს ახალმა ხელისუფლებამაც დაუმატოს ვალები.

_ 2014 წელს თუ არის რაიმე შანსი, საგარეო ვალების გასტუმრების დაწყებისა?

_ მნიშვნელოვანი ძვრების რა მოგახსენოთ, ნეტა, ნიადაგი მაინც მომზადდეს, მაგრამ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ქვეყანაში, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი უმუშევარია, საგარეო ვალების გასტუმრებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here