გახსოვთ, ალბათ, რა ამბავი ატყდა დედაქალაქსა თუ რეგიონებში, როცა საქართველოს პარლამენტი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განიხილავდა; მხოლოდ საქართველოში კი არა, „პარტნიორ ქვეყნებშიც“ დიდი ხმაური იყო, აქაოდა, საქართველო ამ კანონით რუსეთს უახლოვდება და დასავლეთს შორდება, არიქა, ასეთი რამ არ დაუშვათო. რაც მთავარია, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი კონკრეტულად არ ამბობდა, კანონის რომელი მუხლი გვაახლოვებდა რუსეთთან და მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ კანონი იყო რუსული.
ოპოზიცია და დასავლეთი ერთობლივად ცდილობდნენ, დემონსტრაციები არეულობაში და შემდეგ რევოლუციაში გადაზრდილიყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და, საბოლოოდ, რევოლუცია ოქტომბრის არჩევნებისთვის გადადეს. დიახ, რევოლუცია გადადეს, რადგან, როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ: თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ გაყალბების ხარჯზე მოხდება, სხვაგვარად მმართველ ძალას თურმე გამარჯვების შანსი არ აქვს.
დასავლეთი ემზადება, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რათა შემდეგ მოსახლეობას ხმების დაცვისკენ მოუწოდოს და შეეცადოს, ქუჩაში გამოსული ხალხი ისევე შეუსიოს პარლამენტს, როგორც 2003 წელს. საგულისხმოა, რომ იმხანადაც მთავარი მიზეზი ხმების დაცვა იყო და ხმების დაცვის მოტივით ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა დასავლეთის დაფინანსებითა და წაქეზებით ე.წ. ვარდების რევოლუცია მოაწყვეს და ჯერ ქართული პოლიტიკური ელიტა დაიმონეს, მერე კი მათი მეშვეობით მოსახლეობის „დაჩმორება“ და დამონება გადაწყვიტეს, რაც, ერთი შეხედვით, გამოუვიდათ, მაგრამ 2012 წელს მოსახლეობამ დასავლურ და აქაურ რეჟიმს პასუხი გასცა – ეს იყო ჩუმი, უტყვი აჯანყება, რომელშიც ქართველმა ერმა გაიმარჯვა. ახლაც კი ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებზე „ოცნების“ გამარჯვებას არავინ ელოდა, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი იმ ოდენობით უნდა შესულიყო პარლამენტში, რომ ნაციონალებს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონოდათ, მაგრამ ტოტალური გაყალბების ფონზე ნაცები მაინც დამარცხდნენ და სწორედ ეს იყო ნამდვილი, უსისხლო რევოლუცია, რომელიც ხალხმა მოაწყო…
გასულ კვირას კანადის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური ჩარევის შეკავებას, გამოძიებასა და დასჯას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სენატის სპიკერმა ოფიციალურად განაცხადა და აღნიშნა, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ კანონმდებლობა არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და პოტენციურად, შესაძლოა, შელახოს ძირითადი თავისუფლებები, კანონპროექტი მაინც დამტკიცდა. ამასთანავე, პარლამენტარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის ბოლო მოხსენებაში ხაზგასმულია საგარეო ჩარევის მასშტაბების ზრდა, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან, რომელთა სამიზნეც კანადაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებია(?!). კანონპროექტი, რომელიც ცნობილია, როგორც C-70, ისეთ უცხოური ჩარევის სპეციფიკურ დანაშაულებს ითვალისწინებს, როგორიც პოლიტიკურ პროცესებზე ფარული ზემოქმედება და უცხოური გავლენის გამტარებელთა ყალბი საბაბით დახმარებაა. კანონპროექტი კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურს უფლებას აძლევს, მოიპოვოს მგრძნობიარე ინფორმაცია, რათა გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. გარდა ამისა, გამჭვირვალობის რეესტრი ფიზიკური პირებისგან მოითხოვს, უცხოურ სუბიექტებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება დაარეგისტრირონ.
რა გამოდის? კანადელებმა საფრთხე იგრძნეს და საინტერესოა, რომ დასკვნაში „ხაზგასმულია საგარეო ჩარევის მასშტაბების ზრდა, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან, რომელთა სამიზნეც კანადაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებია…“ ანუ, კანადელებმა ბოლომდე არც კი შეისწავლეს, ისე დაამტკიცეს კანონპროექტი და ხმაც არავის ამოუღია. კანადელებს არავინ მოსთხოვა, კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის გადაეგზავნა, ამერიკელი სენატორების აზრი მოესმინა, ევროკომისიას განეხილა, ეუთო-ოდირის ანგარიშები წაეკითხა. ჰო, ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველომ გაიარა და, იმის მიუხედავად, რომ საქმიანი შენიშვნა არავის ჰქონია, მაინც ყველა ერთ ხმაში გაჰკიოდა, კანონი რუსულიაო. არადა, კანადის სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტშიც ნათლად წერია: „კანონპროექტი კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურს უფლებას აძლევს, მიიღოს მგრძნობიარე ინფორმაცია, რათა გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. გარდა ამისა, გამჭვირვალობის რეესტრი ფიზიკური პირებისგან მოითხოვს, უცხოურ სუბიექტებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება დაარეგისტრირონ“.
კანადელი სენატორები ამ კანონპროექტის დამტკიცებას იმით ხსნიან, რომ იქაურ დემოკრატიას შეექმნა საფრთხე. ამ დროს კი ჩვენ დასავლეთი გვეუბნება: ეს კანონი რომ მიიღეთ, დემოკრატიას საფრთხე სწორედ ამის შემდეგ შეექმნაო. ვინმე გვეტყვის, სად არის ლოგიკა? ერთი შეხედვით, ეს ხომ ალოგიკური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ლოგიკურია. ამერიკელებს კანადელებთან უთანხმოება ხელს არ აძლევთ. ლამის მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ დემოკრატიის კუთხით კანადა გაცილებით წინ არის ამერიკაზე და ცხოვრების დონეც უკეთესია, ვიდრე შტატებში, ამიტომ ამერიკელები არასოდეს აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებმაც შეიძლება კანადელ პოლიტიკოსებში ვნებათაღელვა გამოიწვიოს, ამიტომ ეს კანონპროექტიც ისე გაუტარეს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჰო, თუ ქართული მხარე იტყვის, – კანადელებს რატომ არაფერი უთხარითო, უპასუხებენ: კანადამ სხვანაირი კანონი მიიღოო… ჩვენმა ხელისუფლებამ კანადელების მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვასიტყვით რომ გადმოიწეროს და დაამტკიცოს, დასავლეთი მაინც წინააღმდეგ წავა. რატომ? კანადა თავს თურმე ჩინეთისა და ინდოეთისგან იცავს, საქართველო კი აპირებს, თავი დასავლეთისგან დაიცვას. ანუ, უცხო გავლენა ნიშნავს უცხო ქვეყანას და, თუ არ არის ქართული გავლენა საქართველოში, გამოდის – უცხოურია. სწორედ ეს აშფოთებს ამერიკასა და ევროპას. მათ კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ ძალიან ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ქართველი ერისთვის ისეთი სასურველი და საოცნებო აღარ იქნება დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცება, როგორც ახლაა. მერე ისიც გაირკვევა, რომ დასავლური ორგანიზაციები საქართველოში ფულს არეულობების მოსაწყობად, ლგბტ ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ნარკოლიბერალიზაციის დასამკვიდრებლად რიცხავენ; რომ მხარს უჭერენ იმას, რისი წინააღმდეგიც მთელი ერია. აგერ, ამის ნათელი მაგალითი – გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ისინი დამოუკიდებლად კი არა, იმ პაკეტში ითხოვენ, რომელიც პარლამენტში შევიდა, ანუ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ვგულისხმობთ. ჰო, დასავლეთმა ზუსტად იცის, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლება და მხოლოდ წერილობით ამცნობენ ხოლმე ხელისუფლებას. ოპოზიციური პარტიები და სატელევიზიო არხები ამაზე ხმას არ იღებენ, იციან, წამგებიანი თემაა, „ქართული ოცნების“ პიარი კი… არც მანამდე ვარგოდა, არც ახლა ვარგა და ისე ჩანს, არც მომავალში ივარგებს, რადგან მმართველი ძალა ამ მიმართულებით არაფრის შეცვლას არ აპირებს და რამდენჯერაც დააპირა, იმდენჯერ უარესი გამოუვიდა.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთმაც და ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ჩვენი ხელისუფლება რომ გააკრიტიკა, სალომე ზურაბიშვილს კი გამჭვირვალობის კანონისთვის ვეტოს დადების გამო ტაში რომ დაუკრა, ზუსტად იცის, რომ ეს კანონი კარგია იმ ქვეყნისთვის, რომელიც მიიღებს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ისეთმა ქვეყანამ მიიღოს, როგორიც საქართველოა, რადგან საქართველოში დასავლეთს სტრატეგიული ინტერესი აქვს. ინტერესის გარდა, ამერიკასა და ევროპას ქართულ არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ პარტიებში მილიარდები აქვთ ჩასხმული გავლენის გასამყარებლად და ეს ინვესტიცია იკარგება, ქრება. როგორ გინდა, იმ არასამთავრობოებს დაუჯერო და დაუჭირო მხარი, რომლებიც ლგბტ თემის არათუ ინტერესებს იცავენ, არამედ პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ, ლგბტ თემა სკოლებში შეიტანონ?! როგორ გინდა, მხარი დაუჭირო იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, პარლამენტში, უმრავლესობაში ყოფნის შემთხვევაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონონ?! ეს არის მწარე რეალობა, რომლის აღიარება და დანახვა თითქოს არ გვინდა.
რამდენიმე დასავლელ პოლიტიკოსს, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად განწყობილთ, ქართულმა მხარემაც რომ დაუწესოს სანქციები ცუდი არ იქნება. თუნდაც იგივე მაკრონი, მერე რა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტია? კაცი ამბობს: ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავ და, თქვენ რომ ზრუნავთ, ცუდია, მე უნდა მქონდეს თქვენზე გავლენაო. ჰო, რასაც დასავლთი და კონკრეტულად თუნდაც მაკრონი აკეთებს, პირდაპირი განცხადება და სურვილია იმისა, რომ საქართველოზე დასავლეთის გავლენა არ შესუსტდეს და დროა, ამაზეც ხმამაღლა ვისაუბროთ.
ლევან გაბაშვილი