Home ახალი ამბები საქართველო დასავლელები გვირჩევენ,  პროდუქტი ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გავიტანოთ, მაგრამ… გატანის უფლებას არ...

დასავლელები გვირჩევენ,  პროდუქტი ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გავიტანოთ, მაგრამ… გატანის უფლებას არ გვაძლევენ

საქართველომ ამერიკული სანქციები, უბრალოდ, ფეხზე უნდა დაიკიდოს, რადგან ამერიკა თავის ინტერესს ატარებს და სულაც არ ანაღვლებს, ქართველ გლეხს ვაშლი დაულპება, ქლიავი თუ ვაშლატამა

ორი კვირაც და საქართველოში ატმისა და ვაშლატამას კრეფა აქტიურად დაიწყება, როგორც ფერმერები ამბობენ, მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამდენი ხილის გასაღება წარმოუდგენელი იქნება. ჰოდა, სად უნდა გავასაღოთ ჭარბი პროდუქცია? სწორია – რუსეთში, მაგრამ…

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ მწარმოებლებს ჯიუტად სთხოვენ, უცხოური ბაზარი იპოვონ და აქცენტი მხოლოდ რუსეთზე არ გააკეთონ. ჰო, ეს არის, როგორც დასავლელი „მეგობრების“ თხოვნა თუ მოთხოვნა, ისე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სურვილი. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ამის გაკეთება შეუძლებლია, მაგრამ ყოველ წელს, ყოველი ახალი მოსავლის აღების წინ, იწყება საუბარი არარსებულ ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე, სადაც თურმე სიხარულით გვლიან, სინამდვილეში კი არსადაც არ გველიან.

ამ ეტაპზე  რუსეთში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც მოსკოვის ბირჟის, ასევე მისი წევრების – ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. სწორედ ამის გამო, რუსეთში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა დროებით პარალიზებულია, ფასები კი – გაზრდილი. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ის არის, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს აკრძალვა ქართულ პროდუქციას, თუმცა მოლოდინი აშკარად არსებობს.

„სხვაგან გასატანი მიმართულება ამ ეტაპზე არ გვაქვს და, მიუხედავად იმისა, რომ რისკები რუსეთის მიმართულებით უკვე არსებობს, ქართველი ექსპორტიორები იძულებულნი იქნებიან, პროდუქცია მაინც რუსეთში გაიტანონ“, – განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაიშვილმა.

შარშანდელთან შედარებით რუსეთში ხილ-ბოსტნეულის გატანა აშკარად შემცირებულია, მაგრამ ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამინდის გამო ხილმა დამწიფება დააგვიანა, თუმცა ფერმერები არ მალავენ, რომ, როგორც კი მოსავლის აღებას დაიწყებენ, ჭარბ პროდუქციას მაშინვე რუსეთის გზას გაუყენებენ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ,  არ არის. და რას აკეთებს ამ დროს ევროპა და ამერიკა? – არაფერს ისეთს, რაც ჩვენ წაგვადგება. ისინი გვირჩევენ, რომ პროდუქტი ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გავიტანოთ, მაგრამ… გატანის უფლებას არ გვაძლევენ. ათასი რეგულაციის დაწესების გარდა, გვიმტკიცებენ, რომ ქართულ პროდუქციაზე დასავლეთში მოთხოვნა არ არის, მაგრამ.. ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, უნდა ვიწვალოთ და მერე რა, თუ შარშან  რუსეთში პროდუქტი უფრო ძვირად იყიდებოდა, ვიდრე ევროპაში და მერე რა, თუ გატანილი პროდუქციის 88% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ასე იყო შარშანწინაც, იმის წინაც და იმის იმის წინათაც, მაგრამ ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ მაინც დასავლურ ბაზარზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.

რაც შეეხება ამერიკულ აკრძალვას, რატომღაც გვგონია, რომ ქართულმა მხარემ ამერიკული სანქციები, უბრალოდ,  ფეხზე უნდა დაიკიდოს, რადგან ამერიკა საკუთარ ინტერესს ატარებს და სულ არ ანაღვლებს, ქართველ გლეხს ვაშლი დაულპება, ქლიავი თუ ვაშლატამა. ისინი, უბრალოდ, მითითებებს იძლევიან და მერე მაღალი ტრიბუნიდან ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ სიმართლეს ამბობენ, რომ თურმე არ შეიძლება რუსეთში რაიმე გავიტანოთ და, საერთაშორისო ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებს, პროდუქტი გავაფუჭოთ, თუნდაც ქართველი ფერმერები ვალებში დაიხრჩონ და შიმშილით მოკვდნენ, მთავარი ხომ ამერიკული ინტერესია?..

ვინმე აგვიხსნის, რას ნიშნავს ამერიკული აკრძალვა და რა ხელი აქვს ამერიკულ სანქციას გორელ თუ კახელ ფერმერთან? გორში რომ ვიღაცამ იწვალა, ვაშლი მოიყვანა, კახეთში რომ ატამი დაკრიფეს, რატომ არ უნდა გავიტანოთ რუსეთში? იმიტომ, რომ ამერიკას გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მაძღარ ძია სემს მშიერი კუჭით ტაში დავუკრათ? მხოლოდ საქართველოს რომ მოადგნენ, რატომ არ ეუბნებიან იმავეს თურქეთს, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მიმართულებით ევროპაში მალე მთავარ მოთამაშედ იქცევა (ისე, ეს იქაური მთავრობის მიერ მიღებული კარგი კანონების ბრალია, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანაზე გადასახადი რომ გაანულეს და შემოტანაზე გაზარდეს, ამით ადგილობრივმა წარმოებამ სული მოითქვა და ყველა ცდილობს, სოფლის მეურნეობის პროდუქტი აწარმოოს, რადგან იცის, სუფთა მოგება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე სხვა პროდუქციაზე). თურქულმა პროდუქციამ უკვე ლამის მთლიანად აითვისა გერმანული ბაზარი და ახლა იკითხავთ: თუ თურქულ პროდუქტს უშვებენ იქაურ ბაზარზე, ქართული რატომ ვერ შედის? იცით, რომ გერმანიაში 5 მილიონამდე თურქი ცხოვრობს და სწორედ მათ „დააქოაინეს“ ისტორიული სამშობლოს ეს სფერო და ცდილობენ, თურქული პროდუქცია იყიდონ. ზუსტად ისე, როგორც საქართველოში მცხოვრები თურქები ანიჭებენ თურქულ პროდუქტს უპირატესობას და ამით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას არნახულად ეხმარებიან. თავად განსაჯეთ, გერმანიაში მცხოვრებმა 5 მილიონმა თურქმა დღეში 2 ევროს თურქული პროდუქცია რომ შეიძინოს, ხომ არის თურქეთის ექსპორტისთვის ჯიბეში ჩადებული 10 მილიონი დღეში? არადა, 2 ევროზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და პატრიოტიზმი მხოლოდ „მე ვარ საქართველო“ და „არა რუსულ კანონს“ (მითუმეტეს, როცა რუსული არ არის) ყვირილი არ არის . ჰო, თურქეთმა პროდუქციის გატანის მაჩვენებელი ყველაზე მეტად ერაყის მიმართულებით გაზარდა (340%) და იცით, რატომ? მუსლიმანური სახელმწიფოა და ეხმარება, ჩვენ კი ამხელა მართლმადიდებელი მეზობელი გვყავს და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ. ჰო, მსოფლიო პოლიტიკა დღეს ყველაფერია, რელიგიაც, ემიგრანტებიც…  სამწუხაროდ, საქართველომ ვერა და ვერ მოიშორა „განვითარებადი“ ქვეყნის სტატუსი და ეს სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ნიშის არარსებობის გამოა. ვერ თუ არ ვიპოვეთ კონკრეტული ნიშა, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზზე თავს მოვიწონებთ. ნიშას და ლიდერობას ვინ ჩივის, ადრე ჩვენთვის საკმარისი ხილ-ბოსტნეული მაინც მოგვყავდა, ახლა კი წლიდან წლამდე შემოტანის რეკორდს ვხსნით. მაგალითად, თურქეთის მიერ გაყიდული პომიდვრის 18% (ყველაზე მეტი) საქართველოზე მოდის და ეს მაშინ, როცა იყო დრო, პომიდორი იმდენი მოგვყავდა, მხოლოდ საქართველოს კი არა, მეზობელ რესპუბლიკებსაც ჰყოფნიდათ. ამ ამბავში, იცით, რა არის ცუდი? ჩვენს მეზობლებს ბევრი პროდუქტი, შხამ-ქიმიკატების კი არა, თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე მოჰყავთ და სიამაყით ამბობენ, რომ იქაურ პროდუქტში გაცილებით ნაკლები ნიტრატები და მავნე ქიმიკატებია, ვიდრე საქართველოში წარმოებულში. და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? სწორია – არაფერს და სამაგიეროდ, ყოველწლიურად მილიარდები სადღაც და რაღაცაში იხარჯება და დღემდე ვერავინ გაიგო, სად მიდის ეს ფული. ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ. საკმარისია, ამ ქვეყანასთან  ნებისმიეერი მიმართულებით ურთიერთობის დათბობა დაიწყოს, რომ გამორიცხულია, დასავლეთმა რამე არ მოიფიქროს, მორიგი აკრძალვა არ გამოაგდოს და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლება დასავლური კურსიდან გადახვევაში არ დაადანაშაულოს. მერე ამ ისტერიკას აჰყვებიან არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიები და ტელევიზიები, მერე ეძებენ ბნელ ოთახში კატას, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რუსეთში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, აგენტად ნათლავენ და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. ახლაც, დიდი მოსავლის მოლოდინის პირობებში, გლეხები იმედოვნებენ, რომ პროდუქტს სწორედ რუსეთში გაასაღებენ, კრედიტებს დაფარავენ, რამეს შეიძენენ… და ამერიკა უკვე მიგვანიშნებს, მანდ სანქციები მაქვს დაწესებული და რაიმეს შეტანამ, შესაძლოა, პრობლემა შექმნასო. ჰო, ჩვენ გვეუბნებიან ამას, თორემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატსა და ნატოს წევრ თურქეთს არაფერს ეუბნებიან. არც აზერბაიჯანს უკრძალავენ რამეს. მთავარი სამიზნე საქართველოა, ჩვენ არ უნდა შევიტანოთ, ჩვენ არ უნდა ვიხეიროთ…

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოს და ამის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს არ მოერიდოს. რუბიკონი უკვე გადალახულია, არც ამერიკელები და არც ევროპელები არ მალავენ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში შედეგებს არ აღიარებენ და ხალხის ნებას გაყალბებულად გამოაცხადებენ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ არ აინტერესებს დიდი სახელმწიფოს მიზნები და რომ მთავარი პრიორიტეტი საქართველოა. მართალია, ამას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვება, მაგრამ ისედაც წინააღმდეგობაში ვართ, ისედაც გვემუქრებიან, რომ ჩვენი, რიგითი ადამიანების, ნება არ აინტერესებთ და ოქტომბერში ხელისუფლებას ყველა ვარიანტში შეცვლიან, ამიტომ,   თუ ომია, ომი იყოს, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს და დასავლეთი ვერ გაბედავს შეიარაღებულ დაპირისპირებას, პოლიტიკური ბრძოლა კი… არაერთხელ მოვიგეთ ბოლო თვეებში და კიდევ მოვიგებთ. დეზინფორმაციის ნიაღვრის მიუხედავად, ქართველი ერი მაინც ახერხებს თეთრისა  და შავის გარჩევას და ახლა, კეკლუცობის კი არა, მოქმედების დროა.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here