Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: დასავლეთი საქართველოს ვერაფერს დაუშავებს, რადგან მას უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე...

თამარ კიკნაძე: დასავლეთი საქართველოს ვერაფერს დაუშავებს, რადგან მას უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ – ის

“ხელისუფლებამ პოლიტიკა, რომელსაც ახლა აწარმოებს, უნდა განაგრძოს”

248
თამარ კიკნაძე

ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ, თუ მთავრობა განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგების საფასურს”, განუცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. ბორელმა დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, რომელშიც განმარტებული იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება.

ქართველი ხალხის მიმართ ბორელის მიერ გამოთქმულ მუქარასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ როგორც კი საქართველო შეეცდება ხოლმე, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, მაშინვე იწყებს შეტევას დასავლეთი. ეს ახალი ამბავი არ არის.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ფინანსური მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს, ეს სიტყვები უმიზეზოდ არ უთქვამთ, კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ფინანსები, რომლებიც დასავლეთიდან მოდის და არასამთავრობოების ხელში ხვდება, საქართველოს დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ეს თანხები რევოლუციური სცენარების გასავითარებლად იხარჯება. ახალგაზრდებს ურეცხავენ ტვინს, რათა მათ მოაწყონ არეულობა. ამის დამადასტურებელი ფაქტები გამოაქვეყნა ხელისუფლებამ და სწორედ ეს არის დასავლეთის გაღიზიანების მიზეზი.

დასავლეთი საქართველოსთვის ვერაფრის დაშავებას ვერ შეძლებს, რადგან მას უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ _ ის. მთავარია, დასავლეთთან ღირსეულად ვივაჭროთ და გავხდეთ ჩვეულებრივი სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავის ეროვნულ ინტერესებს ატარებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველო სჭირდება დასავლეთს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში, ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლებამ პოლიტიკა, რომელსაც ახლა აწარმოებს, უნდა განაგრძოს.

_ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი ქართველ ხალხს ემუქრება, ამბობს, ხალხი გადაიხდის მთავრობის მოქმედების საფასურსო. ეს ხალხს სჯერა, უფრო ზუსტად, ცდილობენ, დაარწმუნონ სატელევიზო ეთერებიდან

_ ბორელი ხალხს ემუქრება, რადგან დასავლეთის დაკვეთით მოწყობილი ყველა ფერადი რევოლუცია, ხალხის სახელით ხორციელდებოდა… მათ სურთ, თქვან, რომ ხელისუფლება სხვაა და ხალხი სხვა… არადა, ჩვენი ხალხი მხარს უჭერს იმას, ვინც თვითონ აირჩია, ხალხის ლეგიტიმური ინტერესია ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მართალია, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც დესტრუქციისთვის იყენებენ, მაგრამ მათ არ უწყიან, რას სჩადიან, ისინი თავიანთ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ, უპასუხისმგებლონი არიან.

_ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები, სიჯიუტე და დასავლეთის წინააღმდეგ სიარული ახალგაზრდებს მომავალს უსპობს, რომ ჩვენი სტუდენტები სწავლას ვეღარ განაგრძობენ ევროპის უნივერსიტეტებში. სწორედ ასე აღიქვა საზოგადოების ნაწილმა ბორელის ზემოაღნიშნული განცხადებამუქარა

_ სიმართლე გითხრათ, დასავლეთში სწავლა სახარბიელო აღარც არის, რადგან იქაური სწავლება გენდერულ პოლიტიკაზეა აგებული და სწავლის დონე არც ისეთი მაღალია, როგორც ამბობენ. რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა სწავლის გაგრძელებას ის ახალგაზრდები, რომლებსაც დასავლეთში სურთ განათლების მიღება, გეტყვით, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი არ არის, საქმე ამ დონემდე არ მისულა, რომ ჩაგვიკეტონ გასასვლელი გზა. ასე რომ, ამაზე ნუ ინერვიულებენ, ეს ასეთი ადვილი პროცესი არ არის. ვისაც წასვლის სურვილი აქვს, შეუძლია წავიდეს. თუკი ჩაგვიკეტეს გზა და ვიზები გაგვიუქმეს, მით უარესი დასავლეთისთვის. ვთქვი რამდენიმეჯერ და კიდევ გავიმეორებ: დასავლეთს სჭირდება საქართველო, რომელიც უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ რეგიონში.

_ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ყველა თემა გადაფარა. ბევრს არ მიუქცევია ყურადღება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვოიაჟზე ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში. რა მნიშვნელობა ჰქონდა პუტინის ვიზიტებს ამ სახელმწიფოებში?

_ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები იყო, როგორც ფხენიანში, ისე ჰანოიში. რუსეთის გავლენა იზრდება, რუსეთს ჩინეთთან ერთად დიდი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კორეაზე, რომელიც ატომური იარაღის მფლობელია და

ხელწამოსაკრავი სახელმწიფო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ვიეტნამიც. ჩვენ ვიხილეთ, რა დიდი პატივით მიიღეს რუსეთის პრეზიდენტი ორივე ქვეყანაში. ვიეტნამში ვლადიმერ პუტინს უაქცენტოდ ესაუბრებოდნენ რუსულ ენაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვიეტნამელებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. ზემოაღნიშნული ორი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი აქვს ამერიკას, რომელიც ცდილობს იქ ფეხის მოკიდებას, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა და მის მიმართ გამოჩენილმა უდიდესმა ყურადღებამ და პატივისცემამ დაგვანახვა, რომ მსოფლიოში, გარდა დასავლეთისა, რუსეთის გავლენა იზრდება. საბედნიეროდ, დასავლეთი სრულიად მსოფლიო არ არის. ვიეტნამი და ჩრდილოეთი კორეა უმნიშვნელოვანესი ქვეყნებია თვითონ ამერიკისთვისაც და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მსოფლიოს დაენახა, სადაა ძალა. ნელ-ნელა ხდება გამოხატვა იმისა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ გეოპოლიტიკური ინტერესები რუსეთთან…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here