Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გერმანიძე: თუ ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრე დასავლური ძალები მიზანს მიაღწევენ, ეს...

გიორგი გერმანიძე: თუ ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრე დასავლური ძალები მიზანს მიაღწევენ, ეს იქნება სრული ჯოჯოხეთი დედამიწაზე

639

ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივებზე, მიმდინარე რეფორმებსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური ტენდენციების კვლევის ინსტიტუტის» პრეზიდენტი გიორგი გერმანიძე.

 

_ ბატონო გიორგი, გაფორმდა თუ არა ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულება და მოვაწერეთ თუ არა ხელი დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, შეტევა ეკლესიაზე გაათმაგებული ძალით განახლდა. დღეს უკვე ღიად აკრიტიკებენ სასულიერო პირებს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებიც (ამის მაგალითად ჩიორა თაქთაქიშვილისა და ლევან ბერძენიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც საკმარისია). თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს პროპაგანდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ გრძელდება ის . . მენტალური რევოლუცია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი დღემდე ამაყობს?

_ სააკაშვილი რადგან ახსენეთ, ორიოდე სიტყვით მასზეც ვიტყვი: ის არის ახალი მსოფლიო წესრიგის წარმომადგენელი და ამ პროცესში მას აქვს თავისი დანიშნულება… დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შენდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ამან უკვე მიიღო ერთგვარი შეუქცევადი ხასიათი. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უბოროტესი სისტემა, რომელიც კი არსებულა კაცობრიობის ისტორიაში. რაც შეეხება მიზანს, მათი მთავარი ამოცანაა მონობის შექმნა და ორფენიანი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელშიც იქნება ელიტა, შუაში, ფაქტობრივად, სიცარიელე და ქვედა ფენაში მონები, ანუ დანარჩენი ხალხი. ახლა რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამგვარი პროცესები საბოლოოდ, როდესაც დასრულდება ამ ახალი ადამიანის, იმავე მონის შექმნა, მთელი კაცობრიობა გახდება ბევრად უფრო იოლი სამართავი; ხოლო მოქალაქე, როგორც ინდივიდი, ფაქტობრივად, გაქრება და ცხოველივით, პირუტყვივით მას არ ექნება არც თავისუფალი ნება, არც ფასეულობები, ღირებულებები, რელიგია და ა. შ. აი, ესაა ის ე. წ. ნეოლიბერალიზმი, რომელიც არის ყოვლად ავადმყოფი ხალხის ყოვლად ავადმყოფური მოძრაობა.

_ სააკაშვილის დროს ეს პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა რა მიმართულებით მიდის ამ თვალსაზრისით?

_ ეს ხელისუფლება შეიძლება გამოკვეთილად არა, მაგრამ არსობრივად წინამორბედის კურსს აგრძელებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიიღეს.

_ რას გულისხმობთ?

_ წარმოიდგინეთ, რა ხდება: ბოლშევიკებმა თურმე ზიანი მიაყენეს სხვადასხვა რელიგიას და ქართველი ხალხი უნდა გახდეს ამის ადრესატი. უბრალოდ მაინტერესებს, ასეთი იდიოტობა ვის მოუვიდა აზრად, ჩვენ ხომ არ მივიჩნევთ თავს ბოლშევიკების მემკვიდრეებად?! აბა, რატომ უნდა ვუხადოთ ახლა კომპენსაცია ვიღაცებს?!

_ იქნებ დავაკონკრეტოთ, რას ისახავს მიზნად რელიგიური კონფესიების დაფინანსება?

_ კიდევ ვიმეორებ: ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილი და მისი მთავარი ამოცანაა ერთიანი საზოგადოებრივი მონოლითის დანგრევა, რომ უმცირესობები დაუპირისპირონ უმრავლესობებს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აქ მოქმედებს პრინციპი, დაყავი და იბატონე. მორჩა, ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ისინი ყველა დონეზე. 

_ ვინ და რა ძალები დგას ამ ყველაფრის უკან?

_ გლობალისტური სისტემა. ესაა მსოფლიო ბანკები, კორპორაციები, სხვადასხვა ორგანიზაცია, მოკლედ, ფინანსური ელიტა. მასში შედიან იგივე როკფელერები, მორგანები, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო, «300-თა კომიტეტი» და ა. შ.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არსებობს დღევანდელ მსოფლიოში ალტერნატიული პოლუსი თავისი იდეოლოგიით, რომელიც ამ პროცესს დააბალანსებს?

_ ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვამბობ: თუკი ახალი მსოფლიო წესრიგის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ყველაფერი ისე მოეწყობა, როგორც ამ იდეის აპოლოგეტებს აქვთ განსაზღვრული, კაცობრიობა მიიღებს სრულ კატასტროფას, ეს იქნება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, რომელიც დაღუპავს ადამიანთა მოდგმას.

_ საინტერესო ერთი რამაა: თუ ეს პროცესი მთელ მსოფლიოს დაღუპვასა და დამონებას უქადის, თუ ამაში კარგი და პოზიტიური არაფერია, რატომაა, რომ განსაკუთრებით ბოლო ოცი წლის განმავლობაში პროდასავლურობა ერთგვარ პანაცეად იქცა და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეიტინგის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს?

_ საქმე ისაა, რომ დასავლური ფასეულობები ოდესღაც მართლა არსებობდა. დღეს კი ეს ფასეულობები მკვდარია. შესაბამისად, ჩვეულებრივი სატყუარაა დემოკრატიაც, ე. წ. პროდასავლური სამართლიანობაც და ა. შ. ამის მიღმა არაფერი დგას, გარდა ეკონომიკური ინტერესებისა და პოლიტიკური გათვლებისა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რატომაა, მიუხედავად ყველაფრისა, პროდასავლურობა პოზიტიურობის ერთგვარი სინონიმი, ამაზე მარტივი პასუხი შეიძლება გაიცეს, _ არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის გაბრუებული. ადამიანებმა არ იციან, რეალურად რა გლობალური პროცესები მიდის საერთაშორისო ასპარეზზე და რა ბოროტი ჩანაფიქრი, ანტისაზოგადოებრივი ამოცანა დგას იმ . . დემოკრატიული დასავლეთის «კეთილშობილური» ნაბიჯების მიღმა. აქ უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია საერთოდ აღარ არსებობს, ეს არის რაღაც ქიმერა, აბსოლუტური მირაჟი, რომელიც შექმნილია მოსახლეობის «დასაბოლებლად».

_ ფაქტია, რომ ეს ქიმერა და მირაჟი ჯერჯერობით მუშაობს.

_ მუშაობს, მაგრამ ისევ და ისევ იმიტომ, რომ კარგადაა შეფუთული. სინამდვილეში კი მე გეტყვით, რაც არის ეს დემოკრატია ერთი კონკრეტული ფაქტის მაგალითზე: თავის დროზე, როცა ამერიკის ჯარი შეიჭრა ერაყში და თქვენ იცით, იქ რა საშინელებები დაატრიალა (საავადმყოფოებიც კი გაანადგურეს თავის პაციენტიან-ექიმებიანად), სასმელი წყლის გასაფლირტი ობიექტები  დაანგრიეს და მერე 10 წელი არ აღადგინეს, რამაც 500 ათასი ბავშვი შეიწირა. სხვათა შორის, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გამოვიდა და განაცხადა, სწორად მოვიქეცითო; და როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა: კი მაგრამ, წყლის გასაფილტრი ობიექტები რომ ააფეთქეთ და ნახევარი მილიონი ბავშვი მოკალით, ეს ყველაფერი ამად ღირდაო? მისი პასუხი იყო ასეთი: კი, ღირდა. აი, ესაა ამათი დასავლური ფასეულობები დღეს…

_ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ალბათ, საქართველოს დაახლოების პროცესი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მეტნაკლებად დაჩქარდება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტთა და საზოგადოების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. თქვენი აზრით, რას გვაძლევს რეალურად ეს ინტეგრაცია?

_ შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი, თუ იქ ჩვენი პირობებით შევალთ, მაგრამ საკითხავიც სწორედ ესაა: რა პირობებით გვღებულობენ? მაგალითად, უკრაინა, რომელიც თქვენ ახსენეთ, მთლიანად მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე და, თუ ისინი ჩამოშორდებიან რუსეთს, შიმშილით მოკვდებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიკვირს, რას ემსახურებიან ის ავადმყოფი ადამიანები უკრაინაში (ვითომ ოპოზიციის ლიდერებს ვგულისხმობ), რომლებიც სინამდვილეში გლობალისტური ძალები არიან და ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ; რას სთავაზობს მათ რეალურად ევროპა, რით იარსებებენ?! ანუ, მარტივად რომ შევხედოთ საკითხს, რის სანაცვლოდ მიდიან ამხელა მსხვერპლზე? _ ფაქტობრივად, არაფრისთვის.

_ იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც?

_ კიდევ ვიმეორებ: ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლაზე შეიძლება ვიფიქროთ, თუკი ის სიკეთის მომტანია ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ვხედავ, რომ არაა სიკეთის მომტანი. ნატო არის გლობალისტური მანქანა, რომელიც ემსახურება დემონურ ინტერესებს, ამიტომ საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, ვერ იქნება ეს ორგანიზაცია ის საიმედო ქოლგა, ზოგიერთები რომ ცდილობენ, მოგვაჩვენონ.

_ რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ განაცხადა: თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, «ქართული ოცნება» იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებსო. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს დღეს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში კოალიციას მართლა მოუწყონ «ევრომაიდანი»?

_ საქართველოში დღეს ისეთი სიტუაციაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამერიკელებისთვის მთავარი არაა, ვინ იქნება აქ ხელისუფლებაში, მთავარია მისი იდეოლოგიის გამტარებელი იყოს. ამ იდეოლოგიის გამტარებლები მათ ჰყავთ. ასე რომ, «ნაციონალური მოძრაობა» კი არა, თუ გინდათ, უცხოპლანეტელთა პარტია დაარქვით, საქმე კეთდება. მორჩა, სხვა მათ არ აინტერესებთ.

_ გლობალისტურ პროცესებს საქართველო მარტო თავისი ძალებით რომ ვერ შეეწინააღმდეგება, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. ვინ შეიძლება ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირე იყოს და, ზოგადად, რაში ხედავთ გამოსავალს?

_ აქ, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ალტერნატიული ძალა, რომელიც გააერთიანებს ჭეშმარიტად პატრიოტ ადამიანებს. სულ 200-300 კაცია ამისთვის საკმარისი და ვფიქრობ, საქართველოს ჰყავს ასეთი ხალხი. ახლა, ალბათ, მკითხავთ, რას მოგვცემს ეს? ეს მოგვცემს იმას, რომ გაჯანსაღდება პოლიტიკური სივრცე და გაჩნდებიან მართლა სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედი სუბიექტები. გასაგებია, რომ ამ ფლანგს ეყოლება სერიოზული მოწინააღმდეგეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თავი დავაღწიოთ ახალ მსოფლიო წესრიგის წამლეკავ ტალღას, რომელიც, დიდი ხანია, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და, ფაქტობრივად, მოანგრევს ყველაფერს; რაც ზოგიერთმა სახელმწიფომ გააკეთა ამ გლობალისტური პროცესების წინააღმდეგ, ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, მაგალითად, რა ზომებიც მიიღო ლუკაშენკომ, _ როდესაც მან დაინახა, რომ ბელარუსი საფრთხეების წინაშე დგებოდა, გაამკაცრა პოლიტიკა და გადავიდა ერთგვარ საგანგებო რეჟიმზე.

_ გინდათ, თქვათ, რომ საქართველო ბელარუსს უნდა დაემსგავსოს?

_ საკითხი სხვანაირად დგას. ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ლუკაშენკო ატარებს, მშვიდობიან დროს, შესაძლოა, არანორმალური ყოფილიყო, მაგრამ მან ჩართო საგანგებო რეჟიმი, რომელიც აუცილებელი იყო ამ პირობებისთვის. ეს აბსოლუტურად ნორმალურია; ხოლო ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ, როცა დაინგრევა გლობალისტური სისტემა, ბელარუსსაც აღარ დასჭირდება სიმკაცრე და, ბუნებრივია, ისიც გადავა ნორმალურ რეჟიმზე; ანუ მან დაინახა, რომ ებრძვის საშინელი დემონური მანქანა და, ფაქტობრივად, არჩევანი აღარ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რომ არა სიმკაცრე, რომელიც ამ ადამიანმა გამოიჩინა, ის დაკარგავდა ქვეყანას… მე ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ჰყავდეს გონიერი ადამიანები, რომლებიც დაალაგებენ ურთიერთობებს როგორც მეზობლებთან, ისე დასავლეთთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ იარაღი, რომელიც ებრძვის რუსეთს ამერიკის დაკვეთით, არამედ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად შეარჩევდა პოლიტიკურ მიდგომებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ განვითარდება და მუდმივად ვიქნებით ამ უბედურ მდგომარებაში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. თქვით პირდაპირ ბატონო გიორგი რომ რუსეთია ჩვენი მხსნელი და დაანებეთ თავი მიკიბულ მოკიბულ საუბარს.

  2. იმერელო არა ამერიკაა ჩვენი მხსნელი, მაგრამ კონკრეტულად გაგვაგებინეთ როდის გვიხსნის, დიდხანს გაგრძელდება ეს ხსნის პროცესი? აღარ დავრჩით ლამისაა გავქრით რუკიდან…

  3. ამერიკაა ჩვენი მხსნელი, მაგრამ რაღაცა აგვიანებს დახსნას… იმერელო იქნება დააჩქარებინო პატარა ჰა?

  4. ეს ვიღაცა კაი რუსეთუმე ტიპია, ერთი სიტყვა არ დაცდენიათ არც ჟურალისტს და არც რესპოდენტს რომ საქართველოს რუსეთს აქვს ოკუპირებული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here