Home რუბრიკები ისტორია ერთი ფოტოსურათის ისტორია

ერთი ფოტოსურათის ისტორია

1006

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ფრონტული ფოტოა. მასზე აღბეჭდილი 12 კაცის სახეები არაფერს გეუბნება, სანამ წარწერას არ დახედავ დამერე ხვდები, რომ რელიკვიას ეხები ხელით! ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ცხოვრება, მათი ნამოღვაწარი და ბედი საქართველოს გასული საუკუნის ისტორიასთანაა გადაჯაჭვული. დღეს, 2013 წლის 6 ნოემბერს, ამ ფოტოსურათს ზუსტად 70 წელი შეუსრულდაჩემს უფროს კოლეგას, რესპუბლიკის დამსახურებულ ჟურნალისტ ლევან დოლიძეს სახლში ვესტუმრე და მისი უაღრესად საინტერესო მონათხრობი ჩავიწერე.

 

_ ჩემს პირად არქივში ამ ფოტოსურათს განსაკუთრებული ადგილი უკავია!.. კავკასიისთვის გრანდიოზული ბრძოლის დამთავრებისთანავე, ლავრენტი ბერიამ მოსკოვიდან დაურეკა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ მეორე მდივანს _ მიხეილ ბარამიას: «ამხანაგ ჩარკვიანს (საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანს. _ ლ. დ.) უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში გაემგზავრეთ გენერალ-პოლკოვნიკ ლესელიძის მე-18 არმიაში, ესტუმრეთ პოლკოვნიკ ყურაშვილის (მომავალში გენერალ-მაიორის. _ ლ. დ.) 414- ქართული მსროლელი დივიზიის ნაწილებს. კავკასიის გმირებისთვის ეს იქნება დიდი, მნიშვნელოვანი მოვლენა…»

და, აი, 1943 წლის ნოემბრის დასაწყისში თბილისიდან ქალაქ ნოვოროსიისკში გაემგზავრა სპეციალური დანიშნულების ეშელონი, რომელშიც იმყოფებოდა საქართველოს მშრომელთა დელეგაცია მიხეილ ბარამიას ხელმძღვანელობით. მთელს რესპუბლიკაში აგროვებდნენ საჩუქრებს კავკასიის ბრძოლის გმირი მეომრებისთვის. სალიტერო სპეცმატარებელი საქართველოს მთელი რკინიგზის მაგისტრალის ძირითად გაჩერებებზე ივსებოდა ქართული შემოდგომის ნობათით. ზუსტად მაშინ ფაშისტებისგან ახლად განთავისუფლებულ ნოვოროსიისკში, ქალაქში, რომელიც, იოსებ სტალინის ხატოვანი გამონათქვამით, «ამიერკავკასიის კარია», გადაიღეს ეს სამახსოვრო სურათი.

გავიდა წლები. მე-18 არმიის სარდლის შვილი _ ოთარ ლესელიძე მამის სამოცი წლის იუბილისთვის აგროვებდა მასალებს. მან გაიხსენა ეს სურათი, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერსად იპოვა. ოთარ კონსტანტინის ძემ წერილით მიმართა სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს _ ლეონიდ ბრეჟნევს. იგი ომის დროს ხელმძღვანელობდა მე-18 არმიის პოლიტგანყოფილებას. წერილში სარდლის შვილმა შეახსენა 1943 წლის ნოემბერში, როცა საქართველოს დელეგაცია სტუმრობდა მე-18 არმიას, გადაღებულ ფოტოსურათზე.

უნდა გითხრათ, რომ ჩემი ოჯახი ენათესავება ლესელიძეების ოჯახს და ერთხელ მე მოვუსმინე დედაჩემისა და ლეგენდარული გენერლის ქვრივის _ ნინო შეწირულის საუბარს ლეონიდ ბრეჟნევისადმი გაგზავნილ წერილზე და მისგან მიღებულ თბილ პასუხზე. დავინტერესდი და მივედი ქალბატონ ნინოსთან, ვთხოვე, მოეცა ეს სურათი. გავაკეთე მისი ასლი და წავუღე ის გაზეთ «Вечерний Тбилиси»-ს მაშინდელ მთავარ რედაქტორს _ პავლე ასლანიდის. ამ სურათთან დაკავშირებულ ამბებზე მე, დამწყებ ჟურნალისტს, რედაქტორმა შემომთავაზა, შემეგროვებინა რაც შეიძლება მეტი მასალა, თანაც ფარულად, სხვა რედაქციებს რომ არ გაეგოთ. «Мы им всем поставим фитиль», _ თვალი ჩამიკრა პავლე ვასილის ძემ. სიხარულით მოვეკიდე რედაქტორის ამ მნიშვნელოვან დავალებას და, რა თქმა უნდა, ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ეს საქმე დიდი ხნით გადაიდებოდა. შევახსენებ მკითხველს, რომ იდგა 1964 წლის სექტემბერი.

პირველი, ვისაც მე მივმართე, გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი (გოგლა) ლეონიძე. მისი კაბინეტის ფანჯრები ჩვენს რედაქციას უმზერდა. ბატონი გიორგი დიდხანს დასცქეროდა ფოტოს. ვის ვის და მას _ სტალინური პრემიის ერთერთ პირველ ლაურეატს, ომზე დიდებული პატრიოტული ლექსების შემქმნელს, ბევრი რამ ჰქონდა გასახსენებელი. უცებ, თითქოს თავისთვის, ხმადაბლა წაიკითხა ლექსი და ასევე ხმადაბლა, ოდნავი სევდით მიამბო გამაოგნებელი ისტორია ფრონტულ მეგობრობაზე და სიყვარულზე. იმ დღეებში, როდესაც ბატონი გოგლა მე-18 არმიას სტუმრობდა, მან არაჩვეულებრივ საფლავებს მოჰკრა თვალი _ შუაში იყო მინდვრის უკვე გამხმარი ყვავილებით მოფენილი საფლავი, მის გარშემო კი გვირილის ფურცლებივით _ სხვა საფლავები. გაირკვა, რომ არმიაში მედდად მსახურობდა ულამაზესი ციმბირელი გოგონა, რომელზეც შეყვარებული იყო მზვერავთა მთელი ჯგუფი. ბიჭების გრძნობა იმდენად სუფთა და ამაღლებული ყოფილა, რომ დაუფიციათ, გამარჯვებამდე მოეცადათ და შემდეგ მისთვის გული გადაეშალათ; და ვისაც ეს მშვენიერი გოგო აირჩევდა, ის იქნებოდა მისი მეუღლე. მაგრამ ერთ დღეს მტრის ჭურვებმა იმსხვერპლა ყველა _ მედდაც და მზვერავებიც. ყველანი ერთად დაასაფლავეს. იქვე გიორგი ლეონიძემ ექსპრომტად დაწერა ლექსი… დღემდე თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ მოვიფიქრე და ლექსი მაშინვე არ ჩავიწერე. ორი წლის შემდეგ, 1966 წელს, გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა… სად არ ვეძებდი ამ ლექსს! ამაოდ.

ჩემი შემდეგი მასპინძელი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი უჩა ჯაფარიძე. სამწუხაროდ, დიდი მხატვარი მაშინ ავადმყოფობდა და საწოლში იწვა. მასთან შესვლისთანავე გამაოცა ერთმა დეტალმა. მისი საწოლის თავზე ეკიდა ფანქრით შესრულებული კუბოში ჩასვენებული სტალინის დიდი სურათი. გაირკვა, რომ გარდაცვლილი სტალინის დახატვის ნება მას მისცა თვით ლავრენტი ბერიამ. ბატონმა უჩამ სიხარულით გაიხსენა ამაღელვებელი შეხვედრები კავკასიის ბრძოლის გმირებთან, მე-18 სადესანტო არმიის მთავარსარდალ კონსტანტინე ლესელიძესთან, უბრალო ჯარისკაცებთან, აღტაცებული თვალებით რომ უყურებდნენ ახალგაზრდა მხატვარს, რომლის პიჯაკს ამშვენებდა სტალინური პრემიის ლაურეატის საპატიო ნიშანი. ბატონმა უჩამ ბევრი სურათი მანახა, რომლებიც მან შექმნა იმ მოგზაურობის დროს. მათ შორის, ფანქარში შესრულებული გენერალ ლესელიძის, კავკასიის მთავარი გმირის, პორტრეტი. იმ დაუვიწყარ დღეებზე ბევრი  საინტერესო რამ მიამბო გენერალმაიორმა ვლადიმერ ზარელუამ. მაშინ, 1943 წლის ნოემბერში, პოლკოვნიკი ზარელუა მეთაურობდა მე-18 არმიის განსაკუთრებულ განყოფილებას _ «სმერშ»- (სიკვდილი შპიონებს). ეს განყოფილებები უშუალოდ მოახსენებდნენ იოსებ სტალინს მდგომარეობას ფრონტებზე, ამიტომ ყველა «ოსობისტი» («სმერში»- მეთაურები) განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. «საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრი, _ იხსენებდა ვლადიმერ ზარელუა, _ უმალვე ხვდებოდა მებრძოლთა ყურადღების ცენტრში. ისინი აღტაცებით უყურებდნენ თითოეულ ქართველს. მაშინ სტალინის, ბერიას, განთქმული ქართველი სარდლების წყალობით, საქართველოს და, საერთოდ, ქართველების ავტორიტეტი გამაოგნებელი იყო». რაც შეეხება ლეონიდ ბრეჟნევს, მასზე გენერალი ზარელუა ასე ამბობდა: «ლეონიდ ილიას ძე შეყვარებული იყო ყველაფერ ქართულზე».

იმ პერიოდში შეხვდი მე-18 არმიის პოლიტმუშაკს, მაიორ აპოლონ დოჭვირს, აგრეთვე, სტალინური პრემიის ლაურეატს, პოეტ სიმონ ჩიქოვანს. ბატონმა სიმონმა ამ მოგზაურობას მიუძღვნა საფრონტო ლექსების მთელი ციკლი. 1964 წელს აღარ იყო ცოცხალი ფოტოსურათზე ცენტრში მჯდომი, საქართველოს დელეგაციის მეთაური მიხეილ ბარამია _ 1951 წელს ე. წ. მეგრელთა საქმის მსხვერპლი; შემდეგ, 1953 წელს რეაბილიტირებული და აფხაზეთში 1955 წელს უცნაურ ვითარებაში დაღუპული! (მატარებელმა გაიტანა(?) _ ლ. დ.) სამწუხაროდ, ვერც 1943 წელს ახალციხის პარტიის რაიკომის პირველ მდივანს _ გიორგი კირვალიძეს მოვესწარი…

 სსრკ-ის სახალხო არტისტს _ აკაკი ხორავას სახლში ვესტუმრე. 1943 წლისთვის მას უკვე ორჯერ ჰქონდა მინიჭებული სტალინური პრემია და მისი სახელი ქუხდა საბჭოთა კავშირში. ბატონ აკაკისთან მე ვისაუბრე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც 1964 წლის 14 ოქტომბერს თანამდებობას «გამოამშვიდობეს» ხრუშვოჩი და მისი ადგილი დაიკავა ლეონიდ ბრეჟნევმა. ჩვენმა დიდმა მსახიობმა ძლივს დაიჯერა, რომ მის გვერდით მდგომი პოლკოვნიკი, რომლის გვარი ვერაფრით გაიხსენა, და უზარმაზარი ზესახელმწიფოს ხელმძღვანელი ერთი და იგივე ადამიანია! ხორავამ მთხოვა ეს სურათი, რომელსაც შემდგომ სიამაყით უჩვენებდა თავის მეგობრებსა და ნაცნობებს: ნახეთ, ვის გვერდით ვდგავარო!

 ვრცელი და საინტერესო მასალის შეგროვება მოვახერხე. ნარკვევიც, ვფიქრობ, არ გამომივიდა ურიგო, მაგრამ წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წარმოუდგენელი რამ მოხდა!

«Вечерний Тбилиси»-ს რედაქტორს მასალა მოეწონა და ნომერში ჩასვა. გვიან საღამოს ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ტიპოგრაფიაში მღელვარებით თვალს ვადევნებდი გაზეთის ბეჭდვას; მერე შინ დავბრუნდი. პავლე ასლანიდი კი ახალი ნომრის რამდენიმე ეგზემპლარით აეროპორტში გაქანდა, სადაც ელოდებოდნენ მოსკოვიდან გამომგზავრებულ საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს _ ვასილ მჟავანაძეს. მჟავანაძემ ინტერესით წაიკითხა ნარკვევი, შეხედა სურათს, რომელზეც ლეონიდ ბრეჟნევი დგას მეორე რიგში მარჯვნიდან პირველი; როდესაც მჟავანაძე მანქანაში ჯდებოდა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: «ისე, არ ეწყინება ლეონიდ ილიას ძეს, რომ ვაქვეყნებთ ისეთ სურათს, რომელზეც იგი მისთვის «შეუფერებელ» ადგილას დგას?»

ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აეროპორტიდან დაბრუნებულ მთავარ რედაქტორს შეეჩერებინა გაზეთის ტირაჟირება.

მეორე დღეს იმის იმედით, რომ ჩემს მასალას ვიხილავდი, მოწიწებით გავშალე გაზეთი. და ვაი! იმ გვერდს «ამშვენებდა» საქინფორმის პუბლიკაცია!..

მივმართე გაზეთების «Молодежь Грузии»-, «Заря Востока»- რედაქციებს; მივმართე იმ წლებში გამომავალ ქართულ გამოცემებს. ამაოდ! ყველგან რეაქცია დაახლოებით თანაბარი იყო: ნარკვევი ყველას მოსწონდა, აქებდნენ, მთხოვდნენფოტოს ჩუქებას, მაგრამ თან მეუბნებოდნენ, რომ მისი გამოქვეყნება შეუძლებელია: ბრეჟნევი რაღაცნაირად გვერდით დგას და ისიც მეორე რიგშიო

გავიდა არც თუ ისე მცირე დრო. ერთხელ შევხვდი ჩემს მეგობარს და კოლეგას _ ედუარდ ელიგულაშვილს, რომელიც მაშინ გახლდათ საკავშირო გაზეთის _ «Литературная газета»-ს საკუთარი კორესპონდენტი. მე მას მოვუყევი იმ ტანჯვა-წვალებაზე, რომელიც გადავიტანე ამ წერილის გამო. ელიგულაშვილმა ყურადღებით მომისმინა და შემომთავაზა, ეს მასალა მისთვის გადამეცა _ ეგებ, რაღაც მოვახერხოო. მეც დავთანხმდი, თუმცა ძალზე მეეჭვებოდა ამ საქმის წარმატება. სამი თუ ოთხი დღის შემდეგ ედუარდი მირეკავს: ჩაიკოვსკიმ («Литературная газета»-ს მთავარი რედაქტორი. _ ლ. დ.) ვერ გარისკა შენი ნარკვევის დაბეჭდვა, მაგრამ მითხრა, რომ ამ დღეებში შეხვდება ბრეჟნევს და მას პირადად ანახებს წერილს და სურათსო.

 ელიგულაშვილის მომდევნო სატელეფონო ზარი ჩემთვის უბედნიერესი აღმოჩნდა: «ლევან, შენი მასალა ფოტოსთან ერთად ალექსანდრე ჩაიკოვსკიმ ბრეჟნევს აჩვენა, რომელმაც დიდი სითბოთი გაიხსენა ის დრო, თავისი ქართველი თანამებრძოლები, კონსტანტინე ლესელიძე კი გამოჩენილ მხედართმთავრად მოიხსენია! მან წაიკითხა შენი წერილი და პუბლიკაციაზე ნება დართოო». მართლაც, მალე ჩემი წერილი გამოქვეყნდა «Литературная газета»- ფურცლებზე, მართალია, ცოტათი შეცვლილი ფორმით; და მთავარი «სიურპრიზი» _ ბრეჟნევის «ავტორიტეტის ასამაღლებლად» ავტორობა მიაწერეს  არა უცნობ ლევან დოლიძეს, არამედ აკაკი ხორავას! წერილი გადმობეჭდა საქართველოს ყველა გამოცემამ. საავტორო ჯავრი «გამიქარწყლეს» კარგი ჰონორარით და გამოწერილი პრემიით. ახლა ამ ამბავს კეთილი ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდას, დამიჯერეთ, სულაც არ მეღიმებოდა! (იცინის).

ჩაიწერა

გიორგი კორძაძემ

საქართველოს მშრომელთა დელეგაცია სტუმრად მე-18 სადესანტო არმიაში.

სხედან (მარჯვნიდან მარცხნივ); ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი გიორგი კირვალიძე, მე-18 სადესანტო არმიის მთავარსარდალი, გენერალპოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე, საქ. კომპარტიის ცკის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, მე-18 არმიის სამხედრო საბჭოს წევრი, გენერალმაიორი . კოლონინი, პოეტი გიორგი ლეონიძე;

დგანან (მარჯვნიდან მარცხნივ): მე-18 არმიის პოლიტგანყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ლეონიდ ბრეჟნევი, მსახიობი აკაკი ხორავა, მე-18 არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ზარელუა, პოეტი სიმონ ჩიქოვანი, მხატვარი უჩა ჯაფარიძე, ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის პოლიტსამმართველოს მუშაკი, მაიორი აპოლონ დოჭვირი, არმიის მთავარსარდლის ადიუტანტი . დუბროვინი. 1943 წლის 6 ნოემბერი.  

3 COMMENTS

  1. შემახვედრეთ ამ ბატონ დოლიძესთან, თქვენი თანდასწებით!და გაიმეოროს ეს რაც მისი სახელით იბეჭდება! პატივისცემით.

  2. დამიტოვეთ თქვენი ტელეფონი, მოვილაპარაკოთ და ვესტუმროთ ბატონ ლევან დოლიძეს.

  3. ეს სურათი შესულია საქართველოს სსრ ენციკლოპედიის დამატებით ტომში რომელიც ორ ენაზე ქართულად და რუსულადაა გამოცემული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here