Home რუბრიკები საზოგადოება დამღუპველი პრაქტიკა, რომ საქართველო იყო გარკვეული უცხოური ძალების «საცდელი ბოცვერების» ლაბორატორია, კვლავაც...

დამღუპველი პრაქტიკა, რომ საქართველო იყო გარკვეული უცხოური ძალების «საცდელი ბოცვერების» ლაბორატორია, კვლავაც ძალაშია

ბატონო ბიძინა,

იმედი მაქვს, რომ გახსოვთ ჟურნალისტებთან გამართულ ბოლო საჯარო პრესკონფერენციაზე ჩემი დასმული კითხვა ID ბარათების ალტერნატივასთან დაკავშირებით მორწმუნე საზოგადოების სრულიად კანონიერი მოთხოვნის თაობაზე. ალბათ, არც ის დაგვიწყებიათ, რომ პრობლემის არსში გარკვევას დაგვპირდით.

 

იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ აბსოლუტურად ალალ, გულწრფელ ადამიანად მიმაჩნიხართ, აღნიშნული პრესკონფერენციის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება (და არა მხოლოდ მე), რომ თქვენ, თქვენი გარემოცვის მიზეზით, საკმაოდ დიდ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებით; თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი, ალბათ, ზედმეტ კადნიერებას იჩენს და თავს უფლებას აძლევს, ერთპიროვნულად, თვითნებურად გადაწყვიტოს ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, მათ შორის ზემოთ ხსენებულიც, რომელიც დიდ მღელვარებას იწვევს მთელს მართლმადიდებლურ (და არა მხოლოდ) სამყაროში _ ათონის წმ. მთაზე, უკრაინაში, საბერძნეთში, რუსეთში და ა. შ. თქვენი გუნდის წევრები, ალბათ, იმასაც გიმალავენ, რომ უამრავი საპროტესტო წერილი და ხელმოწერაა შესული იუსტიციის სამინისტროში, ალტერნატიული საბუთების დაუყოვნებლივ დაშვების მოთხოვნით.

როგორც ჩანს, თქვენთვის არც იმის თაობაზე მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომ უამრავ უსაბუთო ადამიანს, რომლებიც, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ ID ბარათის აღებაზე, შეუწყვიტეს ასაკობრივი თუ ინვალიდობის პენსია, სოციალური დახმარება, არ მისცეს ატესტატი, დატოვეს უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივის გარეშე და .., რითაც კიდევ უფრო დაუმძიმეს დუხჭირი ცხოვრება ისედაც არსებობისთვის ბრძოლაში ჩართულ ჩვენს თანამემამულეებს.

თქვენ არც ის გეცოდინებათ, რომ თქვენი გუნდის იმავე წევრებთან, რომლებიც მაშინ «ქართული ოცნების» «ადამიანის უფლებათა დამცველების სტატუსს» ატარებდნენ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვქონდა კომუნიკაცია და ჩვენ, როგორც საკუთარ, უღალატო ამომრჩევლებს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გვპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ფორმულა  «ხელისუფლება რყვნის» ამ შემთხვევაშიც უტყუარი აღმოჩნდა და ამ ხალხმა იკადრა საკუთარი ამომრჩევლის ასე უტიფრად მოტყუება.

მინდა გაცნობოთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში, საითაც აქვს პოლიტიკური ორიენტაცია თქვენს ხელისუფლებას, იმავე საერთაშორისო, ადამიანის უფლებადამცველი კონვენციებიდან გამომდინარე, ამ საბუთებთან დაკავშირებით მოქალაქეებს შენარჩუნებული აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. კერძოდ, თავად აშშ-ის უმრავლეს შტატში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და ა.შ. ელექტრონული და ბიომეტრიული საბუთების აღება ნებაყოფლობითია. ამ ფონზე ქალბატონი წულუკიანის არგუმენტი, _ ევროკავშირი  გვაძალებს მთელი ქვეყნის უალტერნატივო აიდიზაციასო, მხოლოდ ერთზე მეტყველებს: «ნაციონალების» დროიდან დანერგილი დამღუპველი პრაქტიკა, რომ საქართველო იყო გარკვეული უცხოური ძალების «საცდელი ბოცვერების» ლაბორატორია, კვლავაც ძალაშია. სწორედ ამ მოღალატური, მარიონეტული პრაქტიკის დასანგრევად მისცა ქართველმა ხალხმა ნდობის მანდატი ახალ ხელისუფლებას და პირველ რიგში _ თქვენ. ნებისმიერ ხელისუფლებას «მამაო ჩვენოსავით» უნდა ახსოვდეს, რომ იგი, უწინარესად, საკუთარი ამომრჩევლის და არა უცხოური ძალების მიმართაა ანგარიშვალდებული, რაც არ უნდა გავლენიანად გამოიყურებოდეს ესა თუ ის უცხოური სტრუქტურა.

ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ, ამ ხელისუფლებაში, შესაძლოა, ერთადერთმა ნათელმა წერტილმა, არ გაგვიმტყუნოთ იმედი და იუსტიციის თავნება მინისტრს მიაღებინეთ მისი ამომრჩევლის მოთხოვნის ადექვატური გადაწყვეტილება; იმ აბსურდულ, ყალბ სოციოლოგიურ კვლევებს ცხვირწინ ნუ გვიფრიალებს, რადგან მათი არავის სჯერა და კარგად გვახსოვს, თუ როგორ ხდებოდა წლების მანძილზე მათი მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის დეფორმირება, როცა თავად თქვენც ამომრჩევლის მხოლოდ 10%-ის მხარდაჭერას «გიწინასწარმეტყველებდნენ

სირცხვილია, რომ გვიხდება იმის შეხსენება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში, ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში, როგორ იცავენ ყველანაირი მორალსმოწყვეტილი უმცირესობის უფლებას, მაშინ, როცა უმრავლესობის, მართლმადიდებელი მრევლის, უფლებები ფეხქვეშ ითელება.

გვჯერა, რომ თქვენ აქამდე არ იყავით კარგად ინფორმირებული და ამიერიდან უკვე ხალხის მხარეს დადგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარაფერი გვრჩება, გარდა იმისა, რომ ასიათასობით მოტყუებულმა მორწმუნე ადამიანმა ბოიკოტი გამოვუცხადოთ არჩევნებს, რითაც თქვენი გამარჯვებაც ეჭვქვეშ დადგება.

ხათუნა საგინაშვილი,

ჟურნალ «ქვაკუთხედის» რედაქტორი

 

1 COMMENT

  1. რა არის ბოლოს და ბოლოს,ამიტომ გელოდებოდათ ხალხი და ამიტომ მოგცეს ხმა??დაუშვით ეს ალტერნატიული საბუთები,რა გახდა,სირცხვილია ასე დაიგნორება!!ბნელები გგონივართ?კი ბატონო,თქვენ გევლოთ სულ ნათელში,ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ,ოღონდ ამდენ ხალხს დააყენეთ საშველი და მიეცით არჩევანის საშუალება.

  2. დაჭირდებათ არჩევნების ჩატარება და ბოიკოტი უნდა გამოუცხადო მერე მოვლენ ჩკუაზე

  3. აუ როგორ უბერავთ , ამდენ გიჯს რა გაიზლებს, ცოტა ტვინი გაანზრიეტრა , ტქვენი გაუნეთლებლობა და სიბნელე რატომ უნდა უფმენიდეს ქვეყანას პრობლემებს, საბანკო კარტებს ხომ ხმარობთ, მანდაც ჩიპია, რა იცი რაცერია :D, ჩიპებია და მეხსიერების ბართებია ყველაგან , მობილურებში , აპართურაში,

  4. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ვისაც უნდა აიღოს, ვისაც არა მიეცეს არტერნატივა ისე როგორც არის ეს სხვა ქვეყნებში. რა არის ამაში საკამათო და გადაუწყვეტელი? ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს და გვეყო სხვების ჭკუაზე სიარული. გაიგონ, ქართველთა სულს ვერავინ დაიმონებს.დამარცხდება ყველა ვინც ამას შეეცდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here