Home რუბრიკები საზოგადოება ჯანსუღ ჩარკვიანი: უგულავა ისე იქცევა, თითქოს წმინდა ძროხა იყოს

ჯანსუღ ჩარკვიანი: უგულავა ისე იქცევა, თითქოს წმინდა ძროხა იყოს

748

_ ამ დილანდელი ლექსი გინდა, წაგიკითხო? _ მკითხა ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

_ რა თქმა უნდა!

ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო (ღრმად რატომ ჩაისუნთქა, ამაზე _ ქვემოთ).


საქართველო

ჩემი თავშესაფარი ხარ,

მე ვარ შენი მორჩილი,

ხან სიო ხარ, ხან ქარი ხარ,

ხანაც მუხა მოჭრილი.

ხანაც ხვთისა წყალობა ხარ,

ხანაც რისხვით გამხობენ,

მოძმე მოძმეს არ მონახავს,

აღარც ერთად სამხრობენ.

აღარც ღვთისა დანაბარებს

აღარ ველით შარმიანს,

მაგრამ სხვას ნუ დავაბრალებთ,

რაიც ჩვენი ბრალია.

ძმის წინაშე კი ნუ ვმხედრობთ,

დავამარცხოთ მტარვალი,

ქართველებო, სულს მივხედოთ,

სული გახლავთ მთავარი!

ბატონმა ჯანსუღმა ორიოდ კვირის წინ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა _ შუნტირება, ოპერაცია ღია გულზე და ახლა თავისუფლად სუნთქვას ეჩვევა. ცოტაც და კალაპოტში ჩადგება, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ოპერაცია ვირტუოზმა ოპერატორმა სულხან ლომინაძემ გაუკეთა და სხვანაირი შედეგი წარმოუდგენელია.

_ მეჩვენება თუ მართლა მძიმე ლექსია, ბატონო ჯანსუღ? საყვედურნარევი ტონალობაც გავიგონე თითქოს. მომეჩვენა?

_ არა, არ მოგეჩვენა. ასეა.

პოეტი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, რა სჭირდება ერს და დროზე შეუძახოს. განა არ გვინდა, რომ აღფრთოვანებული ვიყოთ ჩვენი შესანიშნავი ქვეყნით, ამ საოცრებით?! მაგრამ ასე რომ არ გვაქვს საქმე?

ძმა ძმისა მტერიაო, ჩვენ გარდა ვის უთქვამს? ვერ გამიგია, რა გვინდა ერთმანეთისგან, რატომ გახდა სანატრელი ჩვენი ერთობა? უკვე დავიბენი, ცუდადა ვარ, იცი? აღარა ვარ… კი, ბატონო, ვიბრძვი, რა თქმა უნდა, და ესაა ჩემი გამოსავალი.

უნდა ვთქვათ, რა გვიჭირს, რა გვილხინს ქვეყანაზე. ხანდახან გულს ვიკეთებთ და ვიცით თქმა _ ილიას მშობელი ერი ხომ ვართ? კი, ვართ. მაგრამ ილიას მკვლელი ერიცა ვართ.

ვერ ვფარავ ყველაფერ ამას. ეს უბედურება ჩემში ბორგავს, დუღს, იძულებული ვხდები, ამოვთქვა.

_ «ლექსო, ამოგთქომ ოხერო»?

_ ზუსტად ასეა.

_ ეს ლექსიც ასე რომაა ამოთქმული, გასაგებია, მაგრამ, როცა ყოფნა-არყოფნის სასწორზე დებს ადამიანის სიცოცხლეს ისეთი ოპერაცია, თქვენ რომ გადაიტანეთ, სხვა ხედვა ეხსნება თითქოს კაცს, განსაკუთრებით, შემოქმედს. უფრო მომთხოვნი ხდება სიცოცხლის მიმართ, უფრო მეტი სიკეთის ხილვა სურს.

_ რადგან მოკლეა სიცოცხლის ჟამი? რადგან წუთია სოფელი?

_ დიახ. ჩვენს ქვეყანაზე გეკითხებით _ როგორსა ხედავთ?

_ კაცურად ვიტყვი ერთ რამეს: ადამიანი, რომელიც მოვიდა და თავისი სიტყვა თქვა, საოცარი პიროვნებაა. ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. გაამარჯვებინა ხალხს. ზოგიერთები, ოღონდ ეს არ თქვან და არ აღიარონ, დაჟინებით იმეორებენ _ ერმა გაიმარჯვაო.

კი, ასეა. მაგრამ ერმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ერი მიიმხრო!

რაც ცოცხების შესახებ ტელეეკრანიდან გვაჩვენეს, რაც გადავიტანეთ და რაც ნერვები დავიწყვიტეთ, მსგავსი იშვიათად შეიძლება მსოფლიოში არსებობდეს.

შე «პირველო» ყველაფერში  (ჩვენმა პრეზიდენტმა ხომ ასე იცის თქმა), ამ ამბავში მართლაც პირველი ხარ, თორემ ჩვენი ქვეყანა, ხომ ვნახეთ, რომ 299-ე ყოფილა ამაში, 165-ე იმაში და ასე შემდეგ ბოლოდან პირველი.

მშიერ ქვეყნებში ვპირველობთ.

_ დღეს?

_ დღეს თავისუფლებაა საქართველოში, ნამდვილი თავისუფლება და გიხარია, გაღიმებულ სახეებს რომ ხედავ.

მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენს ხელისუფლებას საწყალი ხალხით უნდა დაეწყო _ პენსიონერებით. უფრო ზუსტად, არა პენსიის გაზრდის დაპირებით, ასეთი რამე სააკაშვილის ჰობი იყო, პიარი. არამედ დღეს, ხვალ, მაგრამ არა ზეგ, პენსიების რეალური მომატებით.

იცი, რამდენი გაუგებრობა მოიხსნებოდა ამით! სულსწრაფებმა ერთის მხრივ, მეორე მხრივ ნაციონალმა პროვოკატორებმა ახალი ხელისუფლების მოსვლის მეორე თვის თავზე დაიწყეს ყვირილი, _ სად არის დაპირებული კეთილდღეობა?

ვერ იქნება ასე მალე! აცალე, ბატონო, აცალე იმის გასწორება, რაც ცხრა წელიწადს ქვეყანაში უბედურება ტრიალებდა.

წინა ხელისუფლებას ხალხის აშენება, რაღაცას რომ ააშენებდა, ის ეგონა.

აშენება კი, უპირველესად, სულის აშენებაა. ეს კი ახლა დაიწყო!

ვერა და ვერ მივესალმები ზოგიერთი ადამიანის მეშჩანურ დამოკიდებულებას გაწეული სიკეთისადმი: იმას რომ დაეხმარა, იმდენი მე რად არ მომცა!

_ კახეთში სტიქიით დაზარალებულებს გულისხმობთ?

_ თუნდაც. ეს უბედურებაა. შე კაი კაცო, ყველაფერი შენით კი არ უნდა გაზომო. ასი მილიონი მოგცა, ბიჭო? მოგცა. აქედან დათვალე და შეაფასე სიკეთე, თუ საერთოდ შეიძლება სიკეთისა და მადლის დათვლა და შეფასება!

_ ეს უკმაყოფილებაც პროვოცირებულს რომ ჰგავს?

_ ჰგავს კი არა, ასეა. დარწმუნებული ვარ, კახელებს ეს გათვითცნობიერებული აქვთ. მაგრად იდექით, ჩემო ძმებო, და გჯეროდეთ იმათი, ვისაც ხმა მიეცით 1 ოქტომბერს.

ვიღაცას ძალიან სჭირდება «ოცნების» დაოკება და მაყეფართა მომძლავრება. უტევენ გამარჯვებულ კოალიციას. გალაღდა უმცირესობა პარლამენტში. გაყოყოჩდა.

_ ხალხი ხედავს ამას და არ მალავს უკმაყოფილებას _ მეტ სიმკაცრეს მოითხოვს სამართალდამცველებისგან. მაგრამ ბატონმა არჩილ კბილაშვილმა ასეთი რამ თქვა «საქართველო და მსოფლიოსთვის» მიცემულ ინტერვიუში: ბატონმა ბიძინამ მთავარი პროკურორობა რომ შემომთავაზა, მითხრა _ უნდა გავაადამიანუროთ პროკურატურაო.

ხომ არ უპირისპირდება ეს ორი პოზიცია ერთმანეთს?

_ არა, არ უპირისპირდება. მაგრამ ზედმეტი არასოდეს არ უნდა მოგივიდეს. მთავარი რა არის, იცი? პროკურატურამ ბევრი დამნაშავე დაიჭირა, მაგრამ სასამართლომ გამოუშვა. სასამართლო ისეთ კაცთანაა დაკავშირებული, ისეთ პიროვნებაზეა დამოკიდებული, რომ, რაც სურთ, იმას აკეთებენ მოსამართლეები.

_ ამ პიროვნებაზე არიან ორიენტირებული?

_ დიახ. მაგრამ მე პიროვნებას არ ვერჩი, თანამდებობაზე მყოფ ადამიანზე ვლაპარაკობ _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილზე.

აი, დაკავებულია ბაჩანა ახალაია. ვინმეს ჰგონია, რომ დამნაშავე არ არის?

_ თეა თუთბერიძეს.

_ საშინელებაა! უბედურებაა! ჰოდა, უტევენ და უტევენ პროკურატურას _ უდანაშაულო კაცი გამოკეტა ციხეშიო.

იქით კი უგულავა ისე იქცევა, თითქოს წმინდა ძროხა იყოს, დელის ქუჩებში მოსეირნე, ხელშეუხებელი. ამ დროს მილიონების მითვისებას ედავებიან.

_ პროკურატურას ედავებიან ჩინოვნიკებზე «ზეწოლას», დაშინებას, საგამოძიებო ორგანოებში დაბარებას, რაც, მაგალითად, თბილისის საკრებულოს თითქოს ხელს უშლის სხდომების ჩატარებაში.

_ ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების დროს დაჭერილ-დაპატიმრებულები ციხეებიდან გამოუშვა. ამათი დაპატიმრებული კი ჯერ არავინ მინახავს, კაცო.

_ «პოსლეზე» ეშინიათ?

_ ეტყობა ეგრეა. მაგრამ სასამართლო უწინ არ არსებობდა, რადგან, ვისაც საქმეს «შეუკერავდა» პროკურატურა, უსიტყვოდ ციხეში ამწყვდევდნენ. არ არსებობს სასამართლო დღესაც, რადგან არ იჭერენ.

ხელისუფლებაში უამრავი მართალი ადამიანი მოვიდა. რა თქმა უნდა, შეეშალათ ზოგი რამ კადრებში, ვიღაც-ვიღაცები არაფერსაც არ წარმოადგენენ, მაგრამ უმეტესობა ხომ მოაზროვნე ხალხია, ვისაც ხელეწიფება სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტა.

_ «ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა», ასრულებს ამ ზეამოცანას დღევანდელი ქართული მწერლობა?

_ (პაუზა) ცდილობს.

სააკაშვილი პრეზიდენტად იმიტომ მოვიდა, რომ დაამხოს ქართული მწერლობა. შენ რომ ჭაბუა ამირეჯიბს ებრძვი, ე.ი. «დათა თუთაშხია» წაკითხული არ გაქვს. ვიღაც-ვიღაცები კი მის ნაბოძებ ორდენებს გულზე იბნევენ. არიან ასეთებიც.

მწერლობა მაინც ცდილობს ერის წინამძღოლობას. ჭაბუა ამირეჯიბი ამის ბრწყინვალე მაგალითია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. _ საზოგადოება «ლაზარეს» ამასწინანდელი სხდომა, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, ბატონმა რეზო ამაშუკელმა დაიწყო იმით, რომ მალე სრული გამოჯანმრთელება გისურვათ და იქ დამსწრე ხალხმა ტაშით დაადასტურა, რომ ყველანი გულწრფელად იზიარებდნენ მის სურვილს.

_ ვისაც გავახსენდები, ყველას ვენაცვალე და ღმერთმა ხელი მოუმართოს! ლოცვა მიხარია. როცა შენ საქვეყნოდ იტყვი, რომ ჯანსუღი კარგადაა, და კარგად ყოფნას მისურვებ, მართლაც კარგად ვიქნები და იმ რეზოს გაუმარჯოს, რომელსაც არასოდეს დასჭირდება ასეთი ოპერაციის გაკეთება!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here