Home რუბრიკები პოლიტიკა ამას მე გეუბნები _ «ნაციონალური მოძრაობის» ექსპერტი…

ამას მე გეუბნები _ «ნაციონალური მოძრაობის» ექსპერტი…

(ღია წერილი «ოპოზიციის ლიდერს»)

იყო დრო, უჩემოდ ბრიფინგებს არ იწყებდი თბილისის საკრებულოში _ ერთერთ პირველთაგანს მე მირეკავდა შენი მაშინდელი პრესმდივანი, პირმშვენიერი მარიკა ვერულაშვილი

ყველაფერი 2002 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ერთ საღამოს ჩემს მობილურში  მოულოდნელად გაისმა _ ბატონი დავითი ბრძანდებით? მე «ნაცმოძრაობის» გენერალური მდივანი გიორგი არველაძე ვარ, ბატონ მიხეილს თქვენი გაცნობა სურსო და ჩვენი პირველი შეხვედრაც შედგა ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე მდებარე «ნაცმოძრაობის» ჯერ კიდევ მოკრძალებულ ოფისში. სადაც მე, შენ, ვანო მერაბიშვილი და გენსეკი გვიან ღამემდე შევრჩით ფინჯან ყავა და სირჩა კონიაკთან ერთად გულითად საუბარს. იქამდე გვიანობამდე, რომ, როდესაც წასვლა დავაპირე, მეტრო იკეტება-მეთქი, არ გამიშვი და ნაშუაღამევს საკუთარი მანქანით გამამგზავრე. თავად კი, როგორც გზაში «დააწიე» მობილურით პირად მძღოლსა და იმავე დროს «ტელოხრანიწელს», თურმე ფეხით გაჰყოლიხარ რუსთაველის გამზირს _ მაშინ იუსტიციის მინისტრობიდან ოპოზიციაში ახლადგადაბარგებულ მიშიკოს, რომელსაც შევარდნაძის სტაგნაციით გაბეზრებული ხალხი იმედით შემოგყურებდა, მართლაც შეგეძლო, ჯერ კიდევ შეგეძლო, რუსთაველზე მარტოდმარტოს უსაფრთხოდ გესეირნა.

ვაჰ, ეს რა უბრალო და თავმდაბალი ბიჭი ყოფილა-მეთქი, გულუბრყვილოდ გავიფიქრე და შენს ნაჩუქარ წიგნზე «გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის» მიძღვნას _ «დათოს! დიდი პატივისცემით და თანამშრომლობის სურვილით», კიდევ ერთხელ დავხედე სიამოვნებით. აბა, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ სულ მალე დადგებოდა ჟამი, როდესაც შენს ნამდვილ, შეუბრალებელ, ამპარტავნულ სახეს გამოაჩენდი და შენი წიგნის სათაურად «გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ამოგდებისთვის» უფრო უპრიანი იქნებოდა!..

ამიტომ, როგორც «გუშინ», ათას სხვა სისულელესთან ერთად ისიც დაიქადნე, აღარც «ახრანა» მინდა და არც «ტარტალიოტ-სამალიოტები», ფეხით შემოვივლი მთელ ქვეყანასო. ამის გაკეთებას ნაღდად არ გირჩევთ არც შენ და არც შენს გარემოცვას _ ისე შეაზიზღეთ თავი სოფელ-ქვეყანას ამ 9 წლის მანძილზე, რომ საზოგადოებაში კი არა, სარტირშიც საშიშია დაცვის გარეშე თქვენი სიარული…

თუმცა მოდი ისევ იმ, ჩემი და, სამწუხაროდ, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის გულუბრყვილო იმედების დროში, ე. წ. ვარდების რევოლუციის წინარე საქართველოში დავბრუნდეთ:

იმჟამად გაზეთ «რეზონანსში»  ვმუშაობდი და შენს გაცნობამდეც სწორედ რომ «ნაციონალების» თემას ვქაჩავდი. შენი გაცნობის შემდეგ ხომ საერთოდ იმ დოზით «ვთოხლე» შენი კაიკაცობა, მთვარეზე მანდარინის პლანტაციების გაშენებაზეც რომ მეწერა, იქაც ვახერხებდი შენი სახელის  დადებით კონტექსტში მოხსენიებას.

ამიტომ ჩვენი «თანამშრომლობა», რისი სურვილიც გაცნობისთანავე  გამიმხილე და ავტოგრაფითაც დამიდასტურე, სულ უფრო მასშტაბური და შინაარსიანი  ხდებოდა. გახსოვს, ალბათ, მაშინ, რომ იტყვიან, «საღერღელი აშლილი გქონდა» გლდანის ლიფტებისა და სახურავების შეკეთებაზე და ამ პიარაქციებზეც ბერგმანის კარლსონივით დაგყვებოდი. სხვათა შორის ელდარ კვერნაძეც მაშინ გავიცანი, რომლის საამშენებლო ფირმასაც უკვეთავდი ამ სამუშაოებს, და ელდარ ბატონი, რომელიც მოგვიანებით შენი პარლამენტის «ინტელექტუალური სახე» გახდა, ჯერ კიდევ მაშინ «შავი დედალივით კეთდებოდა»!

ერთი მე ვიყავი «იდეინნი ბორეცი» და ამიტომ მუქთად ვაკეთებდი შენი და შენი პარტიისთვის სასარგებლო სტატიებსა თუ ინტერვიუებს, ანუ იმ საქმეს, რისთვისაც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე გულუხვად უხდიდით სოროსის ყულაბიდან სხვა, ჩემს «კოლეგა-ჟურნალისტებს»…

თუმცა არა, ერთი «ცოდვა» მაინც მიმიძღვის, როდესაც «საქართველო შევარდნაძის გარეშე» დასახელების ერთჯერადი პარტიული გაზეთი გაგიკეთე. გახსოვს, მაშინ მე, შენ და ვანო ვიჯექით შენს კაბინეტში, ვანოს ხუმრობა გაშვებით  რომ უთხარი, _ დღეიდან შენი უფროსი დათოა, არ მოცდეს წვრილმან ამბებზე _ წასვლა-მოსვლა იქნება, სიგარეტი თუ საჭმელ-სასმელი, ანაზღაურებაც მიეციო!

აი, ასე, ჩემო მკითხველო, იმ ვანოს უფროსიც გახლდით მცირე ხნით, რომელიც ცოტა ხანში ქვეყნის ხერხემალი და ყოვლისშემძლე მინისტრი გახდა, ლამის მთელი თვე «ნაცების» ოფისში ვაღამებ-ვათენებდი, ვანოს მორთმეული «სუხოი პაიოკიც» მიმირთმევია და  ვანომ მცირე ჰონორარიც გადამიხადა. რაც შეეხება «ცოდვას», თუ ამ სიტყვას ბრჭყალების გარეშე ვიხმართ, ის მგონია, რომ «ნაცების» ერთჯერადი გაზეთი იქნებოდა თუ მრავალჯერადი «რეზონანსი», ყველგან ამ ნაძირალა მიშნაცების პროპაგანდას ვეწეოდი. იმედია, ამ ცოდვას შემინდობს უფალი, რადგანაც იმისი, რასაც ვწერდი, გულწრფელად მჯეროდა _ მაშინ არც სოროსის შესახებ მსმენოდა და არც ბევრი ისეთი რამ ვიცოდი, რაც დროზე ამიხელდა თვალს…

სიტყვამ მოიტანა და, თვალის ახელის პროცესი ჯერ კიდევ შენი ოპოზიციონერობის დროს ნელნელა მიდიოდა, ჩემო მიშიკო, მაგრამ, როგორც იტყვიან, საკუთარ თავთან გატყდომა მიჭირდა. პირველად გულმა რეჩხი მაშინ მიყო, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეობა გაინაღდე და მერიიდან ვიდრე მთაწმინდის პანთეონამდე ილიას საფლავზე პიარსვლა მოაწყვეთ _ პროცესიას ფეხით არ გავყოლივარ, რადგან მომავალმა «ხერხემელმა» მისი ძველი მერსედესით წასვლა შემომთავაზა და, როდესაც პანთეონამდე ავედით, მერაბიშვილი მანქანიდან არ გადმოვიდა _ რაღას უცდიმეთქი და მეო, კათოლიკე ვარო. ეგ რა შუაშია, ილიას საფლავზე ავდივართ და არა მართლმადიდებლურ წირვაზემეთქი, მაგრამ «უძრავ იყო ხერხემალი». აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ კონფესიების სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და «ნაცმოძრაობის» ნიღაბაფარებული მანქურთი ხლისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, პირველ რიგში სწორედაც რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ამოსაგდებად!

მერე იყო და, არანაკლები ენთუზიაზმით ვეხმარებოდი «ნაცმოძრაობის» კიდევ ერთ «ნათელ სახეს», ენაბრგვილ გივია თარგამაძეს, რომელიც საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ცნობილი მხატვრისა და ნაღდი ქალაქელის, თემო გოცაძის, წინააღმდეგ. ეეეჰ, მიშა, მიშა, რამდენი ღირსეული პიროვნება გახდა მაშინ ჩემი კრიტიკის (და ეს რბილად ნათქვამია) სამიზნე  ნაც-მანქურთების სასარგებლოდ!.. ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო. ეს ფოტოც გივი თარგამაძის «გამარჯვების» დღეს არის გადაღებული, როდესაც სპორტის სასახლის წინ შევარდნაძის «დარჩენილი დღეების» ათვლის სტენდი დადგით, არც ეგ გახსოვს მიშა? გახსოვს, მაგრამ მაგისთვის არ გცხელა, რადგანაც 1 ოქტომბერს შენი დარჩენილი დღეების ათვლა დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და 5 იანვარს, როდესაც შენი სამარცხვინო პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, ქართველი ხალხი საბოლოოდ დაგიდასტურებს «კოაბიტაციას». მერე წადი და ჯონ მაკკეინთან იჩივლე ამერიკაში…

კიდევ ერთ «რელიქვიას» ვინახავ პირად არქივში _ საკრებულოში ჩემს სახელზე გამოწერილ მუდმივ საშვს, რომელზეც გვარ-სახელის გარდა ისიც წერია, რომ მე «ნაცმოძრაობის» ექსპერტი ვყოფილვარ(?!), პირადად დათა ახალაიამ გადმომცა «ბატონ დავითს». ასე მომმართავდა მაშინ ბუნჩულა ბავშვი, რომელიც შენ გამო სისხლისმსმელ სადისტად იქცა. დიახ, შენ გამო, მიშა, რადგანაც მახსოვს, პირადად მე შემომჩივლა პარლამენტს მიღმა დარჩენითა და კუდში გამწესებით უკმაყოფილო დათამ, _ დეპუტატობა მერჩივნაო. ეგეც რომ გაგედეპუტატებინა, როგორც არაერთი დათასავით «შესტიორკა», არც პარლამენტი გახდებოდა უარესი და საზოგადოებაც დათას სადისტობას ასცდებოდა!

სიტყვამ მოიტანა და, შენ გაავსე პარლამენტი თუ სამინისტროები ლაწირაკი «დედიკოს ბიჭებით», რომლებმაც «ძველბიჭობა» თანამდებობებზე დაიწყეს.

ერთ-ერთ მასეთ «ძალად ძველ ბიჭს», შენ რომ «ჩვენი დროის გმირი» უწოდე,  რომელიც კომუფლიაჟის ამერიკული ფორმით დადიოდა პარლამენტში, დავით კირკიტაძეს, არ ვაპატიე თავხედობა, საკადრისი მივუზღე და არა მხოლოდ შენ გაგემიჯნე საბოლოოდ, ჩემო მიშიკო, არამედ, სამწუხაროდ, საკუთარი მამაც მოვიმდურე კაი ხნით…

ახლა არის და სულ გარეკე, ისეთ რამეებს როშავ, შენა ხარ «უშიში, ვითარცა უხორცო», ამას წინათ რომ წაიტრაბახე, ქუთაისში ქვები რომ დაგაყარეს, _ მაგათი შემეშინდება, პუტინმა ვერ შემაშინაო?!

შენ გორში მიწაზე მგორავი ის მთავარსარდალი არა ხარ, თბილისში რომ ჰალსტუხს ლოღნიდი?

ან ვინღა დაგრჩა, შე საწყალო, სიტყვა რომ შეგაწიოს, «დიდი მწერალი» დეფი, რომელსაც წიგნებს თურმე პრეზიდენტის ფონდიდან უფინანსებდი, თუ «დიდი ხელოვანები» _ აჩიკო გულედანი, ზუმბა ან ბუბა კიკაბიძე, რომლებსაც იმავე ფონდიდან, ანუ ჩვენი ფულით აჯეჯილებდი?

იქნებ გგონია, რომ «ახალი მემარჯვენეები» შეგაწევენ სიტყვას, რომლებმაც ახლა წამოყვეს თავი და ივანიშვილის დიქტატურაზე დაიწყეს საუბარი? _ იოზეფ გებელსის ერთი ნათქვამი გამახსენდა, რაც მან 1944 წლის ბოლოს, ანუ მაშინ, როდესაც ომის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, ფიურერთან წვეულებიდან დაბრუნებულმა ცოლს, მაგდა გებელსს, უთხრა: _ ფიურერთან ერთად ან ფერფლიდან აღვდგები, ან ფიურერთან ერთად დავიღუპები, მესამე არ არსებობსო.

«ახლი მემარჯვენეებიც» მასე არიან, მათი პოლიტიკური რეანიმაცია მხოლოდ თქვენი, მიშნაცების, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს კი შენც კარგად იცი, რომ აბსურდია, რადგან გერმანელი ფაშისტების ფიურერის არ იყოს, «ნაცების» ფიურერსაც «სიკვდილის ბუზი დაგტრიალებს» და პოლიტიკური სიკვდილის წინ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად _ ჯერ ერთი, არ გაბედო და ეს ახალი წელი მაინც აღარ მოგვილოცო და მერე, ნაახალწლევს, 5 იანვარს, როდესაც საპრეზიდენტო ვადა ამოგეწურება, საკუთარი ნებით უმტკივნეულოდ გადადექი, თორემ ისე გა-და-გა-ყე-ნე-ბენ, ვინძლო ძალიან გეტკინოს!

ამას მე გეუბნები _ «ნაციონალური მოძრაობის» ექსპერტი

დავით მხეიძე

 

5 COMMENTS

  1. არც კი გრცხვენია,დავით…იმდენი გაქვს ნაჭამი,ეს პოლიტიკური აღსარება არ გიშველის,მოძღვართან განიწმინდე და ეცადე,შორს პოლიტიკისაგან…

  2. ბატონო დავით ჩვენ ყველა თქვენსავით ვფიქრობდით. ოღონდ შევარდნაძე წასულიყო და ყველაფეზე მივდიოდით. მაგრამ როგორც ჩანს რევოლუცია არასდროს არ ამართლებს. ეს მრავალმა რევოლუციამ გვიჩვენა. ხომ ხედავთ 21-ე საუკუნეშიც როგორი დიქტატურა წარმოშვა. მეც ახლოს ვიყავი ალასანიების ოჯახთან. ერთი ჩვეულებრივი ხუთოსანი ბიჭი იზრდებოდა, მაგრამ ეტყობა პირველკაცობა, რომელიც ძალაზე დაყრდნობით აქვს მიღებული, სუსტი ნერვების და პატივმოყვარე ადამიანს აგიჟებს, რისი მაგალითი სახეზე გვაქვს. ნებისმიერი ფსიქიატრის აზრით ეს კაცი უკვე სერიოზული სამკურნალოა თანაც სტაციონარში.

  3. მაგას მკურნალობა არ უშველის..სამკურნალო საქარტველოს მოსახლეობაა…ამ სატანებს რომ ვიტანტ ეხლაც. აბა ტურმე სამკურნალოა…რა ცოდოა…ტყვია უნდა ერტი ესაა მისი მკურნალობა…

  4. შევარდნაძის უარესს ვინ წარმოიდგენდა მაშინ. შევარდნაძემ კი იცოდა ვინ იყვნენ ესენი. ამ დორბლიანმა თანამებრძოლი ;სამარცხვინოდ; მოკლა . ეს ავადმყოფი პრეზიდენტობისთვის ორივე შვილსაც გაწირავს . არსებობს მისი განკურნების მხოლოდ ერთი მეთოდი , მკურნალობა ხანგრძლივი იქნება მინიმუმ 9 წელი დასჭირდება. ყოველ ტყუილზე ენაზე ერთი ჭინჭარი აზიარო, რომელიც გამოუმუშავებს რეფლექსს . მე შემიძლია ვუმკურნალო უანგაროდ კომპენსაციის გარეშე, თუმცა 9 წლიანი ბოღმა მეც მომშორდება ეს ანგარებაში ჩამეთვლება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here