Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

1215

1943 წლის 5 ივლისს ცოცხალი ძალითა და იმ დროისთვის უახლესი სამხედრო ტექნიკით შევსებული ფაშისტური არმიები განახორციელებენ შეტევას ორიოლ-კურსკის რკალის მიმართულებით.

11 ივლისს სტალინი ჩერჩილს უგზავნის წერილს, რომელშიც მკაცრად გმობს დასავლეთელი მოკავშირეების პოზიციას ევროპაში მეორე ფრონტის გაზაფხულისთვის გაუხსნელობის გამო: «ეს გადაწყვეტილება უდიდეს სირთულეებს უქმნის საბჭოთა კავშირს, რომელიც, თითქმის 2 წელიწადია, უდიდესი დაწოლის პირობებში ომობს გერმანიის მთავარი ძალებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ».

ამ ფაქტს შეგნებულად უვლიან გვერდს თანამედროვე ვაიისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ უდიდესი დანაკარგები, რაც წითელმა არმიამ ომის დროს განიცადა, სტალინისა და მისი მარშლების უნიჭო ხელმძღვანელობის ბრალია. ამასთან ინგლისისა და აშშ-ის მმართველი წრეების _ მთავარი დამნაშავეების შესახებ კრინტს არ ძრავენ.

კურსკის «ცეცხლის რკალის» მინდვრები ჯოჯოხეთად იქცა. ორივე დაპირისპირებული მხარე უდიდეს ზარალს განიცდიდა, მაგრამ ამ დროისთვის წითელი არმია უკვე მარაგდებოდა საბჭოთა წარმოების ტანკებისა და თვითმფრინავების სულ უფრო მეტი რაოდენობით. მუდმივად იზრდებოდა მისი ძლიერება. აშკარა გახდა მიმდინარე ომში მომხდარი გარდატეხა სსრ კავშირის სასარგებლოდ. წითელმა არმიამ გაანადგურა გერმანელების ტანკების ნახევარი, მოიპოვა უპირატესობა ჰაერში და შეტევაზე გადავიდა. შედეგად გავათავისუფლეთ რუსეთის სამხრეთი რაიონები, დონბასი და მთელი დასავლეთ ნაპირის უკრაინა. ამან უზრუნველყო მარჯვენა ნაპირის უკრაინისკენ და ყირიმისკენ გაჭრა.

სტალინი დათანხმდა მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელზეც მანამდე უარს ამბობდა ფრონტზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო. უფრო მეტიც, მან წამოაყენა წინადადება 1943 წლის ნოემბერ-დეკემბერში «დიდი სამეულის» ირანში შეხვედრის თაობაზე.

კურსკის რკალის ბრძოლაში საბჭოთა შეიარაღებული ძალების გამარჯვებამ ფრიად შეაშფოთა ჩერჩილი. 1943 წლის 6 ოქტომბერს მან იდენს გერმანიის შესახებ უთხრა: «ჩვენ არ უნდა დავასუსტოთ იგი უკიდურესობამდე _ რუსეთის წინააღმდეგ დაგვჭირდება». ერთ-ერთი სტენოგრაფისტი ქალის ჩანაწერის მიხედვით, «მინისტრთა კაბინეტის წევრები გაოგდნენ, ეს რომ გაიგონეს».

სტალინმა, როგორც ჩანს, კარგად უწყოდა ჩერჩილის ორპირობისა და გაიძვერობის ამბავი, რაც ინგლისის პრემიერის სტრატეგიას განსაზღვრავდა და სსრ კავშირისა და გერმანიის თანაბარი დასუსტებისკენ იყო მიმართული. მას სჭირდებოდა აშშ-ის უფრო საიმედო მხარდაჭერა, ამიტომ იყო, რომ მინისტრების კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამერიკელებს დაჰპირდა, რომ გერმანიის დამარცხების შემდეგ იაპონიის წინააღმდეგ გაილაშქრებდა. აშშ ჩინეთთან ერთად იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართული ძირითადი ქვეყანა იყო და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდა. ინგლისი შედარებით ნაკლებად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის აზიურ თეატრში. მსოფლიოს ამ ნაწილის უზარმაზარი სივრცე ამერიკელებისგან მოითხოვდა უდიდეს ძალისხმევას. ჯარების ყველა სახეობის, უწინარეს ყოვლისა კი, სამხედრო საზღვაო ფლოტისა და ავიაციის ჩართულობას. პენტაგონის გათვლით, ამერიკის დანაკარგი საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე მილიონ კაცზე მეტი იქნებოდა. რუზველტი (ყოველ შემთხვევაში, ატომური ბომბის შექმნამდე) ფრიად დაინტერესებული იყო აზიაში საბჭოთა კავშირის სამხედრო დახმარებით.

სტალინს გაცილებით უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა ვაშინგტონთან, ვიდრე ლონდონთან. ჩერჩილი, რასაკვირველია, ამას ამჩნევდა. მას ძალიან აშფოთებდა საბჭოთა კავშირ-ამერიკის დაახლოების პერსპექტივა და, აქედან გამომდინარე,  ინგლისის შედარებითი იზოლაცია. «დიდი სამეულის» შეხვედრაზე დათანხმებით სტალინი ჩერჩილს შეშფოთებას უძლიერებდა, რითაც უზღუდავდა ანტისაბჭოთა ხრიკების განხორციელების სურვილსა და შესაძლებლობას.

თავის ჭეშმარიტ განზრახვებს ჩერჩილი სიტყვაკაზმულობით ფარავდა. მაგალითად, 1943 წლის შედეგებს რომ აჯამებდა, განაცხადა: «გერმანული ძლიერებისა და ტირანიის საშინელი და შემზარავი მანქანა დაძლეული და განადგურებულია რუსული გმირობით, სამხედრო ხელოვნებითა და მეცნიერებით».

წელიწადი ჯერ არ იყო დამთავრებული და ჩერჩილს წინ ჰქონდა შეხვედრა ირანის დედაქალაქ თეირანში რუზველტთან და სტალინთან.

თეირანი

კურსკის რკალზე გერმანელების განადგურების შემდეგ აშკარა გახდა წითელი არმიის უპირატესობა. იგი შეტევაზე გადავიდა. ამ გარემოებამ აიძულა ჩერჩილი, განეხორციელებია გარკვეული ღონისძიებანი რუსების მოსათოკად. მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურებით, იტალიაში საომარი კამპანიის დუნედ ჩატარებით ინგლისელები და ამერიკელები რისკავდნენ, რომ დაკარგავდნენ გავლენას ევროპაში, რომელიც, გამორიცხული არ იყო, მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო.

რა უნდა მოემოქმედათ?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვალთმაქცმა უინსტონმა ამ სიტუაციაში ეშმაკური დიპლომატიური მანევრი განახორციელა: შეეცადა, მკვეთრად გაეუარესებია ურთიერთობა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის, ახლავე და გადაუდებლად. შექმნილი ვითარება ამას ხელს უწყობდა. და 1943 წლის 12 ნოემბერს სტალინმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო:

«ბრიტანეთისა და ამერიკის შტაბების უფროსები 22 ნოემბერს კაიროში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ინგლის-ამერიკის ჯარების ოპერაციების, აგრეთვე, იაპონიის წინააღმდეგ ომის დეტალების თაობაზე მოსალაპარაკებლად… არსებობს იმედი, რომ განხილვას, შესაძლებელია, პირადად ჩან კაიში და ჩინეთის სამხედრო დელეგაცია დაესწროს…

არსებობს დიდი იმედი, რომ ამ კონფერენციაზე თქვენ გააგზავნით სრულუფლებიან სამხედრო დელეგაციას, თუ შესაძლებელია, ბ-ნ მოლოტოვთან ერთად…»

მოლოტოვისა და ჩან კაიშის შეხვედრას განხორციელება არ ეწერა (რაც, უეჭველია, იაპონელების ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა). სტალინმა დაუყოვნებლივ უპასუხა: «მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს (რუზველტს. _ ავტ.) ვწერდი 22 ნოემბერს მოლოტოვის კაიროში ჩასვლის შესაძლებლობის შესახებ, უნდა განვაცხადო, რომ ზოგიერთი მიზეზისა გამო, რომლებიც სერიოზული ხასიათისაა, მოლოტოვი, სამწუხაროდ, ვერ შეძლებს კაიროში ჩასვლას…

თავისთავად ცხადია, რომ თეირანში უნდა მოხდეს მხოლოდ სამი ქვეყნის მთავრობების მეთაურების შეხვედრა, როგორც შეთანხმებული ვიყავით. სხვა რომელიმე  ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა უეჭველად გამორიცხული უნდა იყოს.

წარმატებას ვუსურვებ შორეული აღმოსავლეთის საქმეებზე ჩინელებთან თქვენს თათბირს».

ასეთი სურვილის გამოხატვით მან მიახვედრა ადრესატი, რომ ამოიცნო მისი მორიგი ფანდი, და ამიტომ ჩინელებთან შესახვედრად საგარეო საქმეთა მინისტრიეს _ ქვეყნის მეორე პირის გაგზავნას არ აპირებდა.

იქნებ, ტყუილად ვწამებთ ცილს პატივცემულ ჯენტლმენს, რომელიც არც აპირებდა განხეთქილების ვაშლის ჩაგდებას იაპონიისა და საბჭოთა კავშირის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში? რატომ იწვევდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს თათბირზე, სადაც იაპონიასთან ომის საკითხს იხილავდნენ? განა აქედან არ შეიძლება დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირი მალევე აპირებს ომის გამოცხადებას ამომავალი მზის ქვეყნისთვის?

სტალინი არ აპირებდა იაპონიასთან ომს, სანამ არ გაანადგურებდნენ ჰიტლერულ გერმანიას. ამ მომენტში მას აინტერესებდა ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი.

თეირანის კონფერენცია 1943 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა და 1 დეკემბერს დამთავრდა. ჩერჩილმა წარადგინა გეგმა მოკავშირეთა ჯარების ბალკანეთში გადასხმის შესახებ. სტალინი მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას საფრანგეთში. მანამდე კი დაარწმუნა მოკავშირეები, რომ საბჭოთა კავშირი გერმანიის განადგურების შემდეგ გაილაშქრებს იაპონიის წინააღმდეგ…

რუზველტი ამით დაკმაყოფილდა და მხარი დაუჭირა სტალინს, რითაც უარყო ჩერჩილის გეგმა. საფრანგეთში გადასხმა (ოპერაცია «ოვერლორდი») 1944 წლის მაისისთვის დაიგეგმა.

თეირანის შედეგის ასეთი მოკლე გადმოცემა მიახლოებითაც ვერ ასახავს თეირანის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების დიპლომატიური ბრძოლისა და მონაწილეთა ხასიათების დაპირისპირების სიმძაფრეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუზველტი დათანხმდა, დაბანაკებულიყო საბჭოთა საელჩოს ტერიტორიაზე. ეს არ ესიამოვნა ჩერჩილს. აშშ-ის პრეზიდენტსა და საბჭოთა ლიდერს საშუალება მიეცათ, პირადი საუბრებით უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. ისინი განიმსჭვალნენ პირადი სიმპათიითა და ერთგვარი ურთიერთნდობითაც კი, რაც აისახა ოფიციალური შეხვედრების შემდგომ მსვლელობაზე.

მეორე ფრონტის გახსნის შესახებ თანხმობა მოკავშირეებმა უცებ არ განაცხადეს. ჩერჩილი მთელ თავის მჭევრმეტყველებას იშველიებდა, რათა დაემტკიცებია, რომ ინგლისამერიკის ჯარების პირველი რიგის ამოცანა ხმელთაშუაზღვის რეგიონში საომარი ოპერაციების განხორციელებაა. როგორც ჩანს, მას სურდა, თავისი კონტროლი დაედგინა ბალკანეთში, ასევე _ ავსტრიაში, რუმინეთში, უნგრეთში მანამდე, სანამ იქ წითელი არმია შევიდოდა.

სტალინმა მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, მოიშველია წონადი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა განხორციელებულიყო ოპერაცია «ოვერლორდი». უშედეგო კამათის შემდეგ სტალინმა პირდაპირ იკითხა:

_ თუ შეიძლება წინდაუხედავი შეკითხვის დასმა, ინგლისელებს შევეკითხებოდი, სჯერათ თუ არა მათ ოპერაცია «ოვერლორდის», თუ ისინი მის შესახებ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ რუსების დამშვიდება სურთ?

_ თუ შეიქმნება ის პირობები, რომლებზეც მინიშნებული იყო მოსკოვის კონფერენციაზე, _ უპასუხა ჩერჩილმა, _ მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გადავისროლოთ ჩვენი ყველა შესაძლო ძალები გერმანელების წინააღმდეგ, როცა ოპერაცია «ოვერლორდი» დაიწყება.

ამ მიკიბულმოკიბულობის მიღმა იკითხებოდა აზრი: გარკვეულ პირობებში ჩვენ არ გადავისვრით რამდენადმე მნიშვნელოვან ძალებს საფრანგეთის ნაპირზე, ხოლო, როცა ოპერაცია დაიწყება, ამის გაკეთება დაგვიანებული იქნება, ამიტომ მისი განხორციელება საერთოდ მიზანშეუწონელია.

სტალინმა არ უპასუხა. იგი ფეხზე წამოდგა და მოლოტოვსა და ვოროშილოვს მიმართა.

_ წავიდეთ. აქ საქმე არა გვაქვს. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ფრონტზე.

ჩერჩილი გაოგნდა, ჩაიბურტყუნა, რომ მას არასწორად გაუგეს. რუზველტმა სიტუაციის შესარბილებლად შესთავაზა, შეესვენათ სადილისთვის, «რომლითაც დღეს მარშალი სტალინი გვიმასპინძლდება».

სადილის დროს, რომელიც სადღეგრძელოების სიუხვის გამო დიდხანს გაგრძელდა, ჩერჩილმა უმაღლესი შეფასება მისცა სტალინგრადისათვის ბრძოლაში საბჭოთა ჯარისკაცების გამძლეობასა და გმირობას და გამოთქვა სურვილი, რომ ქალაქის ნანგრევები ხელშეუხებლად დაეტოვებიათ შთამომავლობისთვის სამაგალითოდ და ჭკუის სასწავლებლად. რუზველტმა მხარი დაუჭირა ამ შეთავაზებას, მაგრამ სტალინი შეეპასუხა:

_ არ ვფიქრობ, რომ ღირს სტალინგრადის ნანგრევების მუზეუმის სახით დატოვება. ქალაქი აღდგება. შეიძლება მისი რომელიმე ნაწილი ხელუხლებელი დავტოვოთ _ კვარტალი ან რამდენიმე შენობა _ როგორც დიდი სამამულო ომის ძეგლი. მთელი ქალაქი კი ფენიქსებრ ფერფლისგან აღდგება, და ეს თავისთავად იქნება სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ძეგლი.

ამგვარი სადილების დროს სერიოზულ საკითხებსაც განიხილავდნენ, მაგრამ კომიკურ შემთხვევებიც არ იყო გამორიცხული.

ერთხელ, ჩერჩილი რომ გაეკენწლა, სტალინმა თქვა, რომ გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება, რაც შეიძლება მალე სამხედრო დამნაშავეების დახვრეტა _ გერმანელი გენერლებისა და ოფიცრების, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 50 ათასია.

ჩერჩილი, რომელსაც სომხური კონიაკი მოკიდებული ჰქონდა, ამ სიტყვებმა მწყობრიდან გამოიყვანა. აღშფოთებული წამოიჭრა და ემოციურად განაცხადა:

_ ამგვარი შეხედულება ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ინგლისურ სამართლიანობის გრძნობას! ინგლისელები ვერასოდეს მოითმენენ ამგვარ მასობრივ წამებას!

რუზველტის შვილმა, რომელიც მიხვდა, რომ სტალინი ხუმრობდა, მხარი დაუჭირა საბჭოთა ლიდერს, რითაც ჩერჩილის აღშფოთების ახალ ტალღას მისცა ბიძგი. აქ ჩაერთო რუზველტი და ღიმილით განაცხადა:

_ აუცილებელია კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნა. შეიძლება 50 ათასი სამხედრო დამნაშავის დახვრეტის ნაცვლად შევთანხმდეთ ორმოცდაცხრა ათასზე?

ჩერჩილის მოგონების მიხედვით, ამ სიტყვების შემდეგ მან სუფრიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დასამშვიდებლად მომიჯნავე ოთახში შევიდა და ფანჯარასთან დადგა. უცებ იგრძნო, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. შემობრუნდა და სტალინი და მოლოტოვი დაინახა. სტალინმა გაიღიმა და განაცხადა, რომ იხუმრა. ჩერჩილი მიხვდა, რომ მას მართლაც გაეხუმრნენგულახდილი საუბარი გაგრძელდა, რომლის დროსაც სტალინმა მიახვედრა, რომ შეგნებულად გაამწვავა ეს პატარა კონფლიქტი:

_ მტკიცე მეგობრობა გაუგებრობით იწყება.

ჩერჩილმა თავის მემუარებში აღნიშნა: «სტალინს შეუძლია იყოს მომხიბლავი, როცა მას ეს სურს».

ჩერჩილმა, შესაძლოა, სამაგიეროს გადახდა მოისურვა, და როცა მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ინგლისის გენერალური შტაბის უფროსმა ალან ბრუკმა პროვოკაციული სადღეგრძელო წარმოთქვა:

_ ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი ინგლისელებმა გაიღეს, სხვებზე მეტი იომეს და სხვებზე მეტი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად…

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სპონტანურად კი არ იყო წარმოთქმული, არამედ _ ჩერჩილთან შეთანხმებით, რათა ყოველთვის მშვიდი სტალინი მწყობრიდან გამოეყვანათ. მას, ცხადია, არ ესიამოვნა, მაგრამ თავი შეიკავა და აუღელვებლად წამოდგა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი დაძაბული იყო ჩერჩილი ამ მომენტში. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ბრუკი თავხედურად ცრუობდა, რადგან საბჭოთა დანაკარგები შეუდარებლად ჭარბობდა ინგლისელებისას.

_ მე მინდა ვთქვა, _ დინჯად წარმოთქვა სტალინმა, _ რა გააკეთეს პრეზიდენტმა რუზველტმა და შეერთებულმა შტატებმა გამარჯვებისთვის. ამ ომში მთავარია მანქანები. მათ შეუძლიათ ყოველთვიურად აწარმოონ 8-10 ათასი თვითმფრინავი, ინგლისს _ 3 ათასი. მაშასადამე, შეერთებული შტატები მანქანების ქვეყანაა. ეს მანქანები, რომლებსაც ლენდ-ლიზით ვიღებთ, გვეხმარება ომის მოგებაში…

სტალინს სიტყვაც არ წამოსცდენია საბჭოთა კავშირის დანაკარგებზე, თითქოს არც შეუნიშნავს ინგლისელი გენერლის გაიძვერობა, არ მიაქცია მას არავითარი ყურადღება, რითაც აჩვენა, რომ არ აპირებს, პასუხი გასცეს ამგვარ ბინძურ ინსინუაციებს. ამასთან ერთად, მან დაანახა ყველას, რომ ფაშისტებზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის პირველობაში ეჭვის შეტანა სისულელე და უგნურებაა. ხოლო ორი დანარჩენი მოკავშირისგან უპირატესობას იმსახურებს ის, ვინც გაცილებით მეტი რაოდენობის ტექნიკით ამარაგებს მას, ეხმარება «ომის მოგებაში». აქ ერთგვარი ორაზროვნებაა: ან მხოლოდ საბჭოთა კავშირი იგულისხმება, რომელიც ჰიტლერელთა ურდოებს ანადგურებს, ან _ ყველა მოკავშირე ერთად.

დაბოლოს, აშშ-ის როლისთვის ხაზგასმით სტალინმა სამომავლოდ განსაზღვრა ორი ზესახელმწიფოს პირველობა, რომელთა ინდუსტრიული ძლიერება გაცილებით მაღალია, ვიდრე დიდი ბრიტანეთისა. ამას ჩერჩილი ყურს ვერ მოუყრუებდა. მან მიიღო ღია და პატიოსანი დიპლომატიის გაკვეთილი, ამასთან, ღრმად გააზრებული დიპლომატიისა. თავისი მოკლე სიტყვით სტალინმა ბევრი რამის თქმა შეძლო.

სავარაუდოა, რომ სწორედ თეირანის კონფერენციის დროს განიმსჭვალა ჩერჩილი პატივისცემითა და ნდობით სტალინისადმი. თუმცა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, არ თაკილობდა, მის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებას, ცდილობდა მის მოტყუებას. აქვე უნდა ითქვას, რომ ბატონ უინსტონის ამგვარი მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა.

ბრიტანეთის პრემიერის მდგომარეობა ამ კონფერენციაზე მარტივი არ იყო. იმის გარდა, რომ რუზველტი ხშირად მხარს უჭერდა სტალინს და არ მალავდა მისდამი სიმპათიას, აშკარად იკვეთებოდა, რომ ინგლისი ორ ზესახელმწიფოსთან შედარებით მეორე პლანზე გადადის. ჩერჩილმა თავის მეგობრებთან აღიარა, რომ მაშინ შეიგნო, «რა პატარა ქვეყანაა ბრიტანეთი». მისი სიტყვებით: «ერთ მხარეს უზარმაზარი რუსული დათვი მეჯდა, მეორე მხარეს _ უზარმაზარი ამერიკელი ბიზონი. და მათ შორის იჯდა საწყალი, პატარა ინგლისელი ვირი… და მხოლოდ მან, ერთმა სამთაგან, იცოდა სწორი გზა შინისკენ».

სასაცილოა მოხდენილი სტალინის უზარმაზარ დათვად წარმოდგენა, ძონძროხა ჩერჩილის კი ვირუკად, გასაგებია, რომ ჩერჩილი ამ ალეგორიით ქვეყნებს წარმოგვიდგენდა. მაგრამ შინისკენ სწორი გზის ცოდნის საკითხში აშკარად გადააჭარბა. იგი კმაყოფილდებოდა თავისი მორიდებული როლით კონფერენციაზე არა ინგლისის სიმცირის გამო, არამედ იმიტომ, რომ დიპლომატიურ ორთაბრძოლაში მას აშკარად ჯაბნიდა სტალინი.

თავის მრავალტომიან ნაშრომში «მეორე მსოფლი ომი» მან აღნიშნა, რომ თეირანში რუზველტმა ასეთი აზრი გამოთქვა: ომის შემდეგ მსოფლიოს 4 პოლიციელი გააკონტროლებს, ანუ მათი სამეული ჩინეთთან ერთად. სტალინი არ დაეთანხმა: ჩინეთი ასე ძლიერი არ არის, ევროპული ქვეყნებისთვის კი იგი უცხოა. ამიტომ უმჯობესია ცალცალკე განვიხილოთ ევროპა და აზია. «ამ საკითხში, _ დაასკვნა ჩერჩილმა, _ საბჭოთა ბელადი გაცილებით შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და გამოამჟღავნა არსებული მდგომარეობის უფრო სწორი გაგება, ვიდრე პრეზიდენტმა».

და კიდევ. როცა სერიოზულად განიხილავდნენ ნაცისტურ დამნაშავეთა ბედის საკითხს, ჩერჩილმა წამოაყენა წინადადება გაუსამართლებლად მათი სიკვდილით დასჯის შესახებ. მისი აღიარებით (რუზველტისადმი გაგზავნილ წერილში) «სტალინმა მოულოდნელად ულტრაწესიერი პოზიცია დაიკავა. სიკვდილით დასჯა გაუსამართლებლად არ შეიძლება: წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო იტყვის, რომ ჩვენ მათი გასამართლების შეგვეშინდა. მე მივანიშნე იმ სიძნელეებზე, რომლებიც საერთაშორიო სამართალშია, მაგრამ მან მიპასუხა, რომ, თუ არ გავასამართლებთ, მათ უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ არა სიკვდილი».

საბჭოთა ლიდერმა ჩერჩილს ამით კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუტარა, თუ როგორი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ძნელ სიტუაციაში.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here