Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს სამშობლო «უსაზღვროდ» უყვარს

სააკაშვილს სამშობლო «უსაზღვროდ» უყვარს

683

საბჭოთა კინოკომედია «ივან ვასილევიჩი პროფესიას იცვლის» მიხეილ ბულგაკოვის 1935 წელს დაწერილი პიესის მიხედვით გადაიღო «კავკასიელი ტყვე ქალის» რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ. მისი ერთ-ერთი გმირი _ ქურდი ჟორჟ მილოსლავსკი მეფის მანტიამორგებულ «უპრავდომს» ქურდულად «აწვება»: _ Да ты что, самозванец, казенные земли разбазариваешь?! ქურდსაც კი ესმის, რომ სახელმწიფო მიწის გაჩუქების უფლება არავისა აქვს _ არც მეფეს და არც «უპრავდომს». სააკაშვილი და მისი უმეცარი მოხელეები კი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ბულგაკოვის კომედიის გმირი.

საქართველოს მორღვეული საზღვრები მთლიანად მათ კისერზეა, თუმცა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა არ იკმარეს და ახლა უკვე კახეთის მიწებსაც გადასწვდნენ. 6 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურისტებსა და მომლოცველებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უშვებენ. ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ უაპელაციოდ განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება.

 

ნინო კალანდაძეს თანაგუნდელმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ უმალ მეორე ხმა მისცა და დაუდასტურა, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნის: «სამწუხაროა ის, რომ უდაბნოს მონასტერი სადავო საკითხს არ წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ ის, 1994 წლის შეთახმების თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის».

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ, როგორც ეს «ქრისტიან-დემოკრატებს» სჩვევიათ, თან კვერი დაუკრა მმართველ პარტიას და თან კბილიც გაჰკრა: «1921 წლიდან არსებობს საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მცირე ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა გადასახედია თავად დოკუმენტი, რადგან 1921 წლის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა». საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ისტორიული (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ტყუილის გამო აღშფოთება ვერ დამალა: «ნინო კალანდაძე რომ გვიცხადებს _ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ იყო საქართველოს საზღვრებში _ ეს ტყუილია», _ წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ «ფეისბუკში» თავის გვერდზე. _ «ჩემი მინისტრობის გამოცდილებიდან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა: ორი მონაკვეთი დაუდგენელი იყო _ დავით გარეჯა და წითელი ხიდისა და პრეზიდენტების დონეზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. იყო ჩემი წინადადება მეტადრე, რომ ჩვენ არა ერთი არგუმენტი გვქონდა საჩვენოდ! სამწუხაროა და სამარცხვინო, როცა მინისტრის მოადგილემ არ იცის განსხვავება დაუდგენელი საზღვრის მონაკვეთისა და «ჩვენ საზღვრებში არშემავალ ტერიტორიას» შორის! სკანდალურია, როცა ხელისუფლების მთავარი დღევანდელი საქმე იმაში მდგომარეობს, ამტკიცოს, რომ არც სოხუმი და არც დავით გარეჯა საქართველოს ტერიტორიაში არ შედიოდა», – წერს საგარეო საქმეთა ყოფილი  მინისტრი და ხაზგახმით აღნიშნავს: «ხან ომით ასხვისებენ ტერიტორიებს და ხან სიტყვითმოღალატეობა სხვა კი არაფერია»!

«საქართველო და მსოფლიო» იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს მმართველი გუნდის განცხადება 1994 წელს აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემის შესახებ, ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს დაუკავშირდა.

ედუარდ შევარდნაძე: არც 1994 წელს, არც შემდგომ დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილება ეჭვქვეშ არავის დაუყენებია

_ საქართველოში ჩემი პირველ პირად ყოფნის დროს, _ თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში, _ ჩვენ მიერ წამოწყებული სახალხო მოძრაობის «მთას დაუბრუნდა მთიელი» მიზანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება, საქართველოს მთაში მოსახლეობის დაბრუნება იყო. ამ მოძრაობას კიდევ ერთი, თანმდევი მიმართულება იყო ქართული მოსახლეობისგან მიტოვებულ ძირძველ ქართულ მიწებზე ჩვენი თანამემამულეების დასახლება. მანამდე სხვებს თავისად მიაჩნდათ იქაურობა. ამ რამდენიმე წლის წინ სოფელ უდაბნოში მომიწია ჩასვლა, სხვათა შორის, იმ დღეს, როცა ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის შენაწირით განახლებული დავით გარეჯის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ ერთმა სვანმა მითხრა: ცხვრის ფარა სადაც გაივლის, იქ გველის სახსენებელი ისპობაო. რაც ჩვენ აქ დავსახლდით, უცხოტომელებმა უდაბნოდან ფეხი ამოიკვეთესო. უდაბნოს ველს თავზე გვირგვინად ადგას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კარგა ხანს ყველასგან მივიწყებული იყო. ჩვენ დავადგინეთ სახალხო დღესასწაული «გარეჯობა». გაკეთდა მისასვლელი გზა ლავრამდე, ხალხი დაიძრა ამ ქრისტიანული სიწმინდისკენ.

ამით რა მინდა ვთქვა, იცით? ის, რომ საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციას სათანადო არიერგარდის მოწესრიგება სჭირდება, შენი სახელმწიფოებრივი ბასტიონის აგება სასაზღვრო სივრცეში, რათა ყოველგვარი საეჭვო სიტუაცია აიცილო თავიდან.

თუმცა გულახდილად გეტყვით: ის ურთიერთობა, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის ხელმძღვანელებს შორის, ასეთ სიტუაციებს გამორიცხავდა. ჩვენ _ მე, ჰეიდარ ალიევი და კარენ დემირჭიანი ყოველ თვე ვხვდებოდით ერთმანეთს საქმიან ვითარებაში, განვიხილავდით მიმდინარე ვითარებას, საკითხებს, რომლებიც ამ პერიოდში წამოიჭრებოდა. არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ არ დასმულა, არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია საკითხი, არც ერთხელ _ არც უწინ, არც დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ _ არ დასმულა საკითხი დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, ამ ტერიტორიის საქართველოს კუთვნილების შესახებ.

დიდი და სერიოზული სამუშაო ჩაატარა საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის სამთავრობათაშორისო კომისიამ. საზღვრის დადგენა მხოლოდ ხაზის გავლება არ არის. სამუშაო ურთულესია, ამას უდიდესი შრომა და უამრავი დრო სჭირდება, მაგრამ არა უაზრო გაჭიანურება. კიდევ უფრო მიუღებელია მივიწყება და სახვალიოდ გადადება.

საქმე თანდათან საერთო შეთანხმებამდე მიდიოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, 2003 წლის ნოემბერში გადავდექი და რა მოხდა მას შემდეგ, ჩემთვის უცნობია.

ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ: არც 1994 წელს, არც შემდგომ წლებში სახელმწიფოთა შორის შეთანხმება დავით გარეჯის მიმდებარე საზღვრის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არ შემდგარა.

«საქართველო და მსოფლიო» ასევე ესაუბრა სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსს 1993-2004 წლებში _ ვალერი ჩხეიძეს და რამდენიმე შეკითხვით მიმართა საქართველოაზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებულ კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ვალერი ჩხეიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სანახები აზერბაიჯანისთვის არავის გადაუცია

_ ბატონო ვალერი, თქვენ ეგებ არც იცით (ვალერი ჩხეიძე უცხოეთშია წასული), რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისიდან მართლმადიდებელ მომლოცველებს აღარ უშვებენ _ აზერბაიჯანის ტერიტორია არისო, და როგორც ყველა სხვა უცხო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, აქაც დაცული უნდა იყოსო საერთაშორისოდ მიღებული წესები. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დაადასტურეს, რომ 1994 წლიდან საქართველოაზერბაიჯანის სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის.

_ თუ მართლა ასე თქვეს, ისინი აბსოლუტურად არ ყოფილან საქმის კურსში.

1994 წელს არავითარი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადიოდა, არ შემდგარა.

ამ პერიოდში და შემდეგაც, როცა მე საზღვრის დეპარტამენტის უფროსობიდან წავედი, ფუნქციონირებდა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობდა. ამ კომისიაში საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თუ არ ვცდები, მაშინ ეს თანამდებობა მიხეილ უკლებას ეკავა.

უნდა გითხრათ, საზღვრის საკითხი ყველაზე უფრო მოწესრიგებული საქართველოს ჰქონდა, თავისთავად ცხადია, თურქეთთან (ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან) და შემდეგ _ რუსეთთან.

კარის მეზობლებზე, მათ შორის, აზერბაიჯანზე იმავეს ვერ ვიტყვი.

_ ცალკეულ დეტალებზე შეთანხმებული ვიყავითო, რომ თქვით, რას გულისხმობდით?

_ მაგალითად, საზღვრის დაცვის რეგლამენტს. თუ რომელიმე მონაკვეთზე საზღვრის დადგენა გართულდებოდა, მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები ჩვენს პოსტებს პირობითი საზღვრიდან ერთნაირი მანძილით _ 1,5-2 კილომეტრით გადავწევდით და ისე განვაგრძობდით სამსახურს.

_ დავით გარეჯშიც?

_ დიახ, დავით გარეჯშიც ასე იყო.

_ ესე იგი, თქვენც და აზერბაიჯანელებსაც გქონდათ პოსტები იქ დაყენებული.

_ დიახ, გვქონდა.

_ ამას იმიტომ ვაზუსტებ, რომ ამჟამად ქართული პოსტი იქ აღარ არსებობს. აზერბაიჯანელების _ არის.

_ ესე იგი, ან დაარღვიეს უწინდელი შეთანხმება, ან, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დათმო ჩვენმა მხარემ. ჩვენი იქ ყოფნის დაფიქსირება ყოველთვის აუცილებელია.

_ დავთმეთ?

_ შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა ამ საკითხზე. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, თუმცა გარედან ასე ჩანს.

_ ახლა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენი მეზობლების მესაზღვრეები დავით გარეჯის თხემზე პატრულირებენ.

_ ასეთი რამ დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ უხეშად ირღვევა საზღვრის დაცვის საერთაშორისო ნორმები და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ასეთი შემთხვევებისთვის დადგენილი ღონისძიებები ჯერ საგარეო სამინისტროების მოლაპარაკების დონეზე, თუ საჭირო გახდა, მთავრობათა დონეზე.

უნდა გითხრათ, რომ დავით გარეჯის მონაკვეთთან ერთად გადაუწყვეტელია წითელ ხიდთან საზღვრის საკითხიც.

_ ესე იგი, ბატონო ვალერი, 1994 წელს საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის სანახები აზერბაიჯანისთვის არ გადაუცია?

_ დარწმუნებით გეტყვით: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სანახები აზერბაიჯანისთვის არავის გადაუცია. ცუდია, რომ სადავო საზღვრის საკითხი დღემდე გადაუწყვეტელი რჩება, რაც ისტორიული ქართული მიწა-წყლის კუთვნილების საკითხს ასე ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here