Home რუბრიკები საზოგადოება აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე: სტალინი, როგორც ქართველი, ჩემი სიამაყეა!

აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე: სტალინი, როგორც ქართველი, ჩემი სიამაყეა!

1669

ნუთუ ეს კაცი 90 წლისაა?! მაქსიმუმ, 75-ისა გამოიყურება! თანაც მუშაობს და როგორ! მხოლოდ მის კაბინეტთან იდგა რიგი! საგულდაგულოდ დავითვალე 11 პაციენტი; და ეს _ დღის ბოლოს! მოიცა, ძმაო, მოიცა… აზრები დაალაგე. ეს რა გამოდის? «ნაციონალების» «ქორონიკონის» მიხედვით, გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრის _ შოთა გამყრელიძის ასაკი უდრის 2,5 «ჩამოწერილისა» და თითქმის ორი «ჩარეცხილის» წლოვანებას?!

_ დავიბადე თბილისში 1922 წლის 28 თებერვალს და, აი, რატომ თბილისში, _ მიყვება ბატონი შოთა, _ მამაჩემი _ აკაკი გამყრელიძე კავალერისტი იყო, ოფიცერი, რომელიც ქართულ ჯარში მსახურობდა. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ის არ გაჰყვა ჟორდანიას მთავრობას ემიგრაციაში, სამშობლოში დარჩენა ამჯობინა; შეირთო ცოლად დედაჩემი, თავადის ასული აგრაფინა აბაშიძე და ჭიათურაში დასახლდა. დედაჩემს მშობიარობის დრო რომ მოუახლოვდა, მამამ თბილისში ჩამოიყვანა. მაგ დროს დედაქალაქში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლი არსებობდა, ზუსტად ის, რომელიც ახლანდელ კოსტავას ქუჩაზეა. მანდ მთავარ გინეკოლოგად მუშაობდა მამაჩემის სიძე, პროფესორი მიხეილ მგალობლიშვილი.

მშობიარობა მშვიდობით დასრულდა _ ქვეყანას კიდევ ერთი ქართველი, პატარა შოთა მოევლინა.

_ დედისგან ვიცი, რომ გალურჯებული და ბოთლივით წაგრძელებული თავი მქონდა, _ იცინის აკადემიკოსი.

აკაკი გამყრელიძის ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1924 წელს საქართველოში იფეთქა საყოველთაო აჯანყებამ ბოლშევიკების წინააღმდეგ. ჭიათურაც განზე არ იდგა და, რასაკვირველია, ყოფილი ოფიცერი, სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, ჩაება ამ უთანასწორო ბრძოლაში

_ დედაჩემი 21 წლისა დაქვრივდა. მამა რომ დახვრიტეს, მე 2,5 წლის ვიყავი, ხოლო ჩემი და _ 6 თვის… ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში კი გვქონდა ყანა, მაგრამ დედაჩემს, აბაშიძის ქალს, გაუჭირდა მიწის დამუშავება. მაგრად გვიჭირდა! მეზობლად ბაბუას ძმა ცხოვრობდა, ისიც ძალზე ხელმოკლე. ის ხანდახან მეკითხებოდა: ბაბუა, დღეს სადილზე რა მიირთვიო? ვპასუხობდი: პიტნაკალია და კვახიჭელა-თქო. იცით, რა არის პიტნაკალია? _ შინაურულად მეკითხება ბატონი შოთა.

_ არა!

_ რა იმერელი ხარ, ბიჭო, ასეთი?! პიტნას ჩაყრიდნენ მდუღარეში, უზამდნენ ნიგოზს, მოურევდნენ და, აი, ამას ბავშვები ვხვლიპავდით!

_ კვახიჭელა?

_ ბებიაჩემი კვახს ლენტივით გათლიდა და გასახმობად ჩამოკიდებდა. უზამდნენ მერე ნიგოზს, დაუმატებდნენ ძმარს და, იცოცხლე, კარგი საჭმელი იყო!

ბატონი შოთა გამზრდელად ბიძას, დედის ძმას _ სერგო აბაშიძეს მიიჩნევს.

_ ბიძაჩემმა დედაჩემი, ჩემს დასთან ერთად, საცხოვრებლად საჩხერეში გადაიყვანა. ორი პატარა ოთახი ჰქონდა და იქ დააბინავა. მე კი მესამე კლასამდე სოფელში ბებიასთან _ პლატონიდა ბარათაშვილთან ვცხოვრობდი, რომელიც ძალიან მიყვარდა. სწორედ მან მასწავლა სიმღერა და გიტარაზე დაკვრა. მერე დედასთან გადავედი საჩხერეში და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა.

1937 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის მიხედვით, სკოლას ფრიადზე თუ დაამთავრებდი, უმაღლესში უგამოცდოდ მიგიღებდნენ. 1939 წლის ივლისში ფრიადოსანი შოთა გამყრელიძე მიადგა «ალმამატერის» _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიბჭეს.

_ აღმოჩნდა, რომ დავაგვიანე! 40-პროცენტიანი ლიმიტი, რომელიც იყო გამოყოფილი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მედალოსნებისთვის, შევსებული დამხვდა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კი წარჩინებულთათვის მარტო სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე იყო დარჩენილი ვაკანტური ადგილები; მაგრამ ჭიათურაში მუშებივით გამურულ სამთო-ინჟინრების შემყურემ იქ შესვლა გადავიფიქრე და სასოფლოზე ჩავაბარე. მართალია, ხუთებზე ვსწავლობდი, მაგრამ თეატრში უფრო დავდიოდი, ვიდრე ლექციებზე.

1940 წელს შოთა გამყრელიძე ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ვინიცის ოლქის ქალაქ ჟმერინკაში.

_ მაგ ნაწილში ქართველები ბევრნი ვიყავით. ჩვენი განათლების გამო პატივს გვცემდნენ. რუსს იშვიათად თუ ჰქონდა საშუალო განათლება მიღებული. ამიტომ, მეთაურებმა შემოგვთავაზეს, წავსულიყავით სასწავლებლად ლეიტენანტების სკოლაში, მაგრამ უარი ვუთხარით, რადგან ჩვენ _ ახალგაზრდებს, გარნიზონული ცხოვრება მისი სიმკაცრითა და ერთფეროვნებით გულზე ნამდვილად არ გვეხატებოდა.

1941 წლის აპრილის ბოლოს ნაწილი, რომელშიც რიგითი გამყრელიძე ირიცხებოდა, საზღვრისკენ დაძრეს.

_ გვითხრეს, ერთთვიან ლაშქრობაში მივდივართო. ჩვენთან მსახურობდნენ ოფიცრები _ ფინეთის ომის მონაწილეები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ ახალი ომის მოახლოებაში _ ან თურქეთთან იქნება ომი, ან გერმანიასთანო, _ ორჭოფოდნენ ისინი.

თურქეთთან სამხედრო კონფლიქტის პერსპექტივამ ძალზე გაამხნევა რიგითი გამყრელიძე.

_ თურქეთთან ომი ნიშნავდა ჩემს უსწრაფეს დაბრუნებას საქართველოში!  რამდენიმე ჯარისკაცი  შეგვარჩიეს და მიგვავლინეს ქალაქ ორშის ავიასკოლაში. გამგზავრების დღეს, შაბათს, კიევში ვიყავით. მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვინდოდა, დავსწრებოდით ხრუშჩოვის სახელობის ცენტრალური სტადიონის გახსნას. ჩვენი მეთაური ვერაფრით დავითანხმეთ და ღამის ორ საათზე მატარებლით გავემგზავრეთ კიევიდან. მოგილიოვში დილის ხუთს საათზე გავჩერდით. ამოვიდნენ ქართველი სამხედროები და გვითხრეს, ომი დაიწყოო.

ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს ფაშისტები ორშის დაბომბვას შეუდგნენ.

_ ავიასკოლის მთავარ შესასვლელთან, ჩემი საგუშაგოს წინ ლენინის ძეგლი იდგა. დაბომბვისას ამოვეფარე მის კვარცხლბეკს, ძეგლი კი ლამის შუაზე გააპო ჩამოგდებულმა ჭურვის ნამსხვრევმა. ილიჩის ძეგლს უნდა ვუმადლოდე, რომ 90 წელს მივაღწიე (იცინის).

გერმანელებმა დესანტი გადმოსხეს, რომელიც ქალაქის ახლოს მდებარე ტყეს შეეფარა.

_ აი, მაგ დესანტს ვებრძოდით, _ ყვება ვეტერანი. _ მერე ხმა გავარდა, რომ ფაშისტებმა მეორე დესანტი გადმოსვეს, რომელიც ორშაში შემოვიდა საბჭოთა მილიციელთა ფორმაში გამოწყობილიო. დავიწყეთ მილიციონერთა დაკავება და მათი კომენდატურაში გადაგზავნა. მადლობა ღმერთს, არც ერთი მათგანი გერმანელი არ აღმოჩნდა!

ბრძოლების მიუხედავად, ავიასკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა.

_ იმ დღეებში ჩვენთან, ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად მოვიდა ორი ქართველი ოფიცერი _ ინასარიძე და ფრცქიალაძე. ორივენი მფრინავები იყვნენ. 3-4 დღის განმავლობაში ჩვენს თავზე აბსოლუტურად დაუსჯელად დაფრინავდნენ გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავები. ასეთი თავხედობისგან გაგიჟდა ინასარიძე! მივიდა სკოლის უფროსთან და კატეგორიულად მოსთხოვა, ფრონტზე გაეშვათ. ერთ თვეში ინასარიძე საბჭოთა კავშირის გმირი გახდა!

სულ მოკლე დროში ორშას უკვე გერმანული არმიის რეგულარული ნაწილები მოადგნენ. ავიასკოლა მთელი შემადგენლობით სასწრაფოდ გადაიყვანეს გორკის ოლქში.

_ გჯერა, რომ, მაგალითად, მძინარე კაცი დადიოდეს? _ გამომცდელი თვალით მეკითხება მოსაუბრე. _ მე დავდიოდი მძინარე, ვითარცა მთვარეული! ვიღვიძებდი, როცა კოლონა მიმართულებას იცვლიდა!..

გორკის ოლქში მდებარეობდა უზარმაზარი ტყე, რომელშიც განლაგებული იყო . . გოროხოვეცის სამხედრო ბანაკი.

_ აქ სარეზერვო ნაწილები იდგნენ. მიწურში ვიცხოვრე ორი კვირა. ყველაფერს შევეჩვიე, გარდა ტილებისა. უკეთესია მოწინავე ხაზზე დავიღუპო, ვიდრე აქ ტილებს შევაჭმევინო თავი-მეთქი და მოვითხოვე ფრონტზე გაგზავნა!

1941 წლის აგვისტოდან რიგითი შოთა გამყრელიძე იბრძვის მოსკოვის მიმართულებაზე, ქალაქ მალოიაროსლავეცთან.

უკვე მეოთხე ვეტერანს ვესაუბრები და მათ ერთი რამ აერთიანებს _ თავმდაბლობა! სიამოვნებით აღწერენ მეგობრების მიერ ჩადენილ გმირობას, თავისაზე კი მოკლედ გეუბნებიან: ვომობდი, ვისროდი მოწინააღმდეგის მიმართულებით, მოკლედ, დიდი არაფერიაი, ამ «დიდ არაფერში» 1941 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, რიგითი, შემდეგ ზემდეგი შოთა გამყრელიძე დაჯილდოვდა 12 მედლით და მესამე ხარისხის «დიდების ორდენით».

_ სულ ოთხი თვე ვიომე, თორემ «დიდების ორდენის» სრული კავალერობა არ ამცდებოდა! _ ხუმრობს ბატონი შოთა.

ზემდეგი გამყრელიძე მძიმედ დაიჭრა 1942 წლის პირველ დღესმკურნალობა რთულად მიმდინარეობდა. ჯერ იყო ოპერაცია მოსკოვის ჰოსპიტალში, მერე _ რეაბილიტაციის პერიოდი, ხოლო იმავე წლის აპრილში იგი საქართველოში დაბრუნდა. «Годен к нестроевои службе» _ გამოუტანა განაჩენი ახალგაზრდა ჯარისკაცს სამედიცინო კომისიამ.

_ სამხედრო კარიერა არასდროს მიზიდავდა. ასე რომ, გული დიდად არ დამწყვეტია. 1942 წელს გამოვიტანე დოკუმენტები სასოფლოდან და წარმატებით ჩავაბარე გამოცდები თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. წარჩინებით ვსწავლობდი, ვიყავი აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ვმღეროდი ინსტიტუტის გუნდში. აქვე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე _ ნათელა ფუტკარაძე, რომელიც ჩემსავით ექიმი-ფსიქიატრია.

პარადოქსურად ჟღერს, მაგრამ ჩემი რესპონდენტი ფსიქიატრიაში შემთხვევით მოხვდა.

_ ნეიროქირურგობაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ არსებობს, რომ ცხოვრებაში ყველა სურვილი შეგისრულდეს, თუმცა, ღვთის წყალობით, მთავარი სურვილი ამიხდა _ ვიქორწინე ნათელაზე და, მგონი, ერთად კარგი ქართული ოჯახი შევქმენით! ჩვენი უფროსი შვილი _ აკაკი, ცნობილი ფსიქიატრი იყო, სრული პროფესორი. საუბედუროდ, ორი წელია, რაც გარდაიცვალა… ქალიშვილი _ მარინა _ ბიოლოგია, ხოლო უმცროსი _ ხათუნა _ მხატვარი. გვყავს 6 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი!

პირადად მე ვერ ვიმარჩიელებ, რა დაკარგა ნეიროქირურგიამ, მაგრამ მსოფლიო ფსიქიატრიამ ნამდვილად იხეირა! აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე ქართულ ფსიქიატრიაში აღიარებულია მეცნიერული და კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიური მიმართულების მესაძირკვლედ. მის მიერ შესრულებულია და გამოქვეყნებულია 320(!) მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე, მათგან _ 18 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო.  2011 წელს გამოვიდა ბატონი შოთას უაღრესად საინტერესო წიგნი «აზარტომანია _ XXI საუკუნის ნარკომანია» პროფესორების _ აკაკი გამყრელიძისა და ირაკლი გიორგობიანის თანაავტორობით.

ვინაიდან ასეთი მასშტაბის პროფესიონალთან მქონდა საუბარი, არაა გასაკვირი, რომ დავუსვი ისეთი კითხვები, რომლებიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას და ხანდახან მის გარკვეულ ფენებს შორის დაპირისპირებასაც იწვევს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ფსიქიატრი?

_ ბატონო შოთა, თქვენ ცხოვრების დიდი გზა გაქვთ გავლილი. იყავით მონაწილე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომისა, რომელიც ფაშიზმის სასტიკი მარცხით დასრულდა. ამ ომის, თუ შეიძლება ასე თქმა, ყველაზე მთავარი ფიგურა იყო იოსებ სტალინი. მაინტერესებს და, ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, ამ პიროვნების თქვენეული შეფასება.

_ მე ახალს არაფერს ვიტყვი. სტალინი, თუ მას არა კონფორმისტული, არამედ ობიექტური ხედვით შეაფასებ, იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა და, აქედან გამომდინარე, ჩემთვის სტალინის ქართველობა საამაყოა!

_ მიუხედავად იმისა, რომ მამათქვენი 1924 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს?

_ ყველა ის ჯალათი, რომლებმაც საქართველოში 1924 წელს სისხლის ტბორები დააყენეს, სიკვდილით დაისაჯნენ 30-იან წლებში პირადად სტალინის განკარგულებით! ნებისმიერ მოვლენას მე ობიექტური კრიტერიუმით ვუდგები. დღევანდელი მსოფლიო ირყევა ყოველგვარი წინააღმდეგობებით: ეკონომიკური, რელიგიური და, წარმოიდგინეთ, კლასობრივითაც. ქაოსი და განუკითხაობა ბოგინობს დედამიწაზე და ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება წესრიგის სურვილი; და, აი, ამ დროს სტალინი წესრიგის და ჰარმონიის სიმბოლოდ იქცევა!

_ მიუხედავად ასეთი შეფასებისა, მისი ძეგლი, თანაც გორში, დაამხეს. ამ შემთხვევაში, რა ქმედებასთან გვაქვს საქმე?

_ ისეთ პრიმიტიულ ქმედებასთან, რომლის სახელია ბარბაროსობა!

_ ფაშიზმს თქვენ იცნობთ, რადგან იარაღით ხელში ებრძოდით. საინტერესოა, ფსიქიატრიული კუთხით როგორ შეაფასებთ ფაშიზმს, როგორც მოძღვრებას?

_ ფაშისტებმა პირველებმა მოინდომეს ადამიანის გენეტიკური სტრუქტურის შეცვლა! ისინი არც დროს, არც ენერგიას და არც თანხებს არ იშურებდნენ, ადამიანთა მასობრივი გაიდიოტების საშუალებების შექმნისთვის. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენდა ამ იარაღის ქიმიური საშუალებები, რადგან ისინი პირდაპირ აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და ანადგურებს მის ნერვულ სისტემას.

_ კაცობრიობის რომელი ნაწილის გაიდიოტებას ცდილობდნენ ფაშისტები და რა იგულისხმებოდა ამ გაიდიოტებაში?

_ გერმანელი ფაშისტები კაცობრიობას ბატონებად და მონებად ყოფდნენ. ბატონებში ისინი, რა თქმა უნდა, თვლიდნენ მარტო გერმანულ რასას, ხოლო მონებში _ ყველა დანარჩენს. მთავარი და საინტერესო აქ იყო ის, რომ მონები ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ თავისი მონობით!

_ ვერ გავიგე, ბატონო შოთა! როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს მონობაში?!

_ ახლავე აგიხსნით. ფაშისტების სქემა ამგვარი იყო: არასრულფასოვანი რასის წარმომადგენელი გაივლიდა ფსიქო-ქიმიურ დამუშავებას, რის შედეგადაც სრულიად კარგავდა მეხსიერებას. ამის გამო, მასთან ვერ აღწევდა ვერანაირი გარე ინფორმაცია. რისგან იტანჯება ადამიანი ყველაზე მეტად? _ ეკითხებოდნენ ფაშისტი იდეოლოგები საკუთარ თავს. _ რა თქმა უნდა, შედარებისგან! ვიღაც უკეთ ცხოვრობს, ვიღაც უფრო ნიჭიერია, ვიღაც უფრო მდიდარია, ვიღაც უფრო ძლევამოსილია. ამისგანაა ყველა უბედურება! მაშ, როგორ გავაბედნიეროთ მონა?  უნდა მოვუსპოთ მას შედარების გრძნობა! ამიტომაა საჭირო, რომ არასრულფასოვანმა გაიაროს ფსიქო-ქიმიური დამუშავება, რის შემდეგ მას უწყვეტი სიხარული ელის! გაუხარდება, რომ თბილა, რომ ბალახი მწვანეა, რომ მზე ანათებს, რომ ზუსტად დღის ორ საათზე, ქვეყანა რომც დაინგრეს, იგი აუცილებლად მიიღებს სადილად თავის ნოყიერ სალაფავს, ღამით კი _ ქალს; და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბეჯითად იმუშავებს! წარმოიდგინეთ: ადამიანი-მუშა, ადამიანი-ხაბაზი, ადამიანი-მძღოლი… ამასთან, მას არ გააჩნია არავითარი სხვა მოთხოვნილება. არ აქვს არანაირი არასრულფასოვნების კომპლექსი. აი, ხომ არა აქვს, დავუშვათ, ღორს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ის ღორია?!  ანუ ფაშისტებს უნდოდათ, შეექმნათ ბიორობოტი, რომელიც არაფერზე ფიქრობს, ყოველთვის კმაყოფილია და მრავლდება, აწარმოებს თავისნაირ ადამიან-რობოტებს… რასაკვირველია, ეს იყო სრული ბოდვა, მაგრამ მთელი სირთულე იმაშია, რომ ამგვარი სისაძაგლე არ დასამარდა ფაშისტურ გერმანიასთან ერთად!..

_ ბატონო შოთა, მომდევნო კითხვა საკმაოდ სახიფათოა და შეგიძლიათ პასუხი არ გამცეთ

_ ახალგაზრდავ! მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მოსკოვის მისადგომებთან იგერიებდა «ესესის» დივიზიის შეტევებს! შეგიძლიათ დამისვათ ეს კითხვა და გიპასუხებთ!

_ როგორც ფსიქიატრი, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას?

_ მე, როგორც ფსიქიატრი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი, ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია!

_ ბოდიში, რას გულისხმობთ «ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში»?

_ ვგულისხმობ, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი სრულად აცნობიერებს თავის ნებისმიერ ქმედებას და მათზე პასუხისმგებელია! მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც სპეკულირებს, თანაც უნიჭოდ, პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობით, რითაც ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს! აი, თქვენ რას იფიქრებთ იმ ოჯახზე, სადაც მისი წევრები ოჯახის უფროსს თვლიან პედერასტად და ამ თავის მოსაზრებას სამეზობლოში ავრცელებენ!.. სირცხვილია!

გამოგიტყდებით, ასეთი პასუხი მე ხელს არ მაძლევს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ადამიანს ფსიქიატრიაში ვერ ვეპაექრები, რადგან ჩემ წინაშეა ამ დარგის არა რიგითი სპეციალისტი, არამედ ადამიანი, რომლის ბიოგრაფია, ოქსფორდის უნივერსიტეტის წარდგინებით, შეტანილია XXI საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალების საპატიო წიგნში და რომელიც დაჯილდოვებულია შესაბამისი ვერცხლის მედლით.

_ რაც შეეხება შიშს, _ აგრძელებს ბატონი შოთა, დედამიწაზე არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია დააშინოს ადამიანი. თავად ადამიანი აშინებს საკუთარ თავს და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გაუაზრებლად მოსწონს თავისი ასეთი მდგომარეობა…

დღეს, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ქალაქ ჭიათურის საპატიო მოქალაქე, «ღირსებისა» და «ბრწყინვალების» ორდენების კავალერი, აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე კვლავ ხალხის სამსახურშია! ჩვენს ნევროზულ დროში იგი მთელ თავის უმდიდრეს გამოცდილებას იყენებს ადამიანის ფსიქიკის გადასარჩენად, რაც, დამეთანხმებით, ფასდაუდებელია!

გიორგი კორძაძე

 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here