Home რუბრიკები პოლიტიკა გეოპოლიტიკური სიკვდილის ფორმულა

გეოპოლიტიკური სიკვდილის ფორმულა

761

«სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნული, ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური ისტორიიდან წავა, ხოლო ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, ჩვენ მზად ვიქნებით ურთიერთობები წავრმართოთ, დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ, წავიდეთ ისე შორს, რამდენადაც ისინი მზად იქნებიან, რომ  წავიდნენ», _ ამ ფრაზამ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის 26 აპრილის ინტერვიუდან საქართველოში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მისმა პირველმა ნაწილმა ყველაზე მეტად პოლიტიკური სკანდალების მოყვარულები მიიზიდა, მეორე ნაწილმა «ნებისმიერი ლიდერის» მოხსენიებით ისინი დააფიქრა, ვისაც ყველაზე მეტად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე მომენტი და ტაქტიკური პერსპექტივა აინტერესებს, ხოლო დასკვნითი ნაწილი, რომელსაც პირობითად შეიძლება «სტრატეგიული» ვუწოდოთ, პრაქტიკულად, უყურადღებოდ დარჩა. არადა, დაფიქრება იმაზე, თუ «რამდენად შორს» და რა მიმართულებით წასასვლელად ვართ მზად ჩვენ (და შესაბამისად, ისინი), ნამდვილად საინტერესოა.

«მიუხედავად ყველა სხვაობისა»

«ქართული ოცნება» და «ნაციონალური მოძრაობა», ორი ძალა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების რეალური შანსი აქვთ, ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან, გარდა ერთისა _ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში ორივესთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. «ნატო არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსთვის, ამიტომ ეს საკითხი არ გადაისინჯება», _ განაცხადა «ქართული ოცნების» პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ბრიფინგზე. შტატებიდან დაბრუნებულმა თინა ხიდაშელმა კი თქვა: «ჩვენ გვსურდა, ჩიკაგოს სამიტის წინ ცალსახად გვეთქვა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ, მიუხედავად ყველა სხვაობისა, რომლებიც ხელისუფლებასთან ქვეყნის შიგნით გვაქვს, ნატო ქართველი ხალხის და არა რომელიმე ხელისუფლების არჩევანია, რომ ჩვენ ვდგავართ იმავე გზაზე და ამ კუთხით ქართული საზოგადოების ინტერესებს წარმოვადგენთ».

ცხადია, ეს პოზიცია გამორიცხავს საქართველო-რუსეთის სვლას ერთი მიმართულებით არა მხოლოდ «შორს», არამედ რამდენიმე ათეული მეტრითაც კი, რადგან მოსკოვმა არაერთგზის მკაფიოდ მიანიშნა, რომ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, მეტიც, ნებისმიერ ნაბიჯს ამ მიმართულებით განიხილავს როგორც საფრთხეს და რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას.

ასეთ სიტუაციაში მაქსიმალური შედეგი, რომლის მიღწევა შესაძლებელი გახდება საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე «სააკაშვილის შემდეგ», სავარაუდოდ, იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია, სავიზო რეჟიმის გამარტივება გაუქმების პერსპექტივით, და (ეს სათუოა) კონფლიქტის ზონის ნაწილობრივი დემილიტარიზაცია; რუსები, თავის მხრივ, დიდი ალბათობით, მოითხოვენ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით იმ აქტიურობის შეწყვეტას, რომელიც საეჭვოდ ეჩვენებათ, და ოფიციალური თბილისი მთელი რიგი  ჩრდილოკავკასიური პროექტების რეალიზებას, ალბათ, მართლაც შეწყვეტს. მხარეების რიტორიკა გაცილებით რბილი გახდება, სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა კი შემცირდება. სავარაუდოდ, მხოლოდ ამ შედეგების მიღწევას მოახერხებს ივანიშვილი ან ნებისმიერი სხვა ლიდერი (სააკაშვილის გარდა), თუ ინტეგრაცია ნატოში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად დარჩება.

ყოველივე ჩამოთვლილი, რა თქმა უნდა, არც ისე ცოტაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან დარეგულირების მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამ მიზანს შეგვიძლია უზენაესი, «ზეპრიორიტეტული» ვუწოდოთ. სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL-ისა და გაზეთ «ბანკები და ფინანსების» სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 55% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ნატოში, მაშინ, როცა 23,3% ამის წინააღმდეგია, თუმცა, როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს, რას გააკეთებენ ისინი, თუ დადგებიან დილემის წინაშე: «ნატოში შესვლა ან  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა», 93,4%-მა განაცხადა, რომ უყოყმანოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიემხრობა. ამავე კონტექსტში, ალბათ, უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ფონდის «ღია საზოგადოება _ საქართველო» თანადაფინანსებით ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტების 47,7%-მა გაიზიარა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ «საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, აშშ-თან დაახლოებაზე უარის თქმის ჩათვლით». ხსენებული გაუმჯობესების გვირგვინად კი, როგორც ცნობილია, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ესახება.

ვლადიმერ პუტინს, რომელიც რუსეთს, ძალიან დიდი ალბათობით, მომავალი 12 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ამის შესაძლებლობა არ გამოურიცხავს. 2010 წლის 6 სექტემბერს სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» წევრებთან შეხვედრაზე (საინტერესოა, რომ ამ განცხადებისთვის «მოწმეებად» პუტინმა დასავლელი პოლიტოლოგები შეარჩია) მან თქვა, რომ «ოდესმე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოუწევთ, ერთად გადაწყვიტონ მათი მომავალი ურთიერთობების ფორმა და მან არ იცის, ეს ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი იქნება თუ არა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა» (სემუელ ჩარაპი საუბარში «ამერიკის ხმასთან»); «მას თითქოსდა უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები არსებობს» (რობერტ ლეგვოლდი საუბარში «უოლ სტრიტ ჯორნალთან»). იყო სხვა მინიშნებებიც (ცნობილი სადღეგრძელო ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე, უფრო დაბალი რანგის პოლტიკოსების განცხადებები და ა. შ.).

სცენარი, რომელიც პუტინს შეუძლია ამ მიმართულებით შემოგვთავაზოს, 99%-იანი ალბათობით, ნატოზე სამუდამო, საქართველოს კანონმდებლობაში დაფიქსირებული უარის თქმას გულისხმობს.

 მეტიც, თუ აგვისტოს ომამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სათუო, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი იყო საქართველოს «ფინლანდიზაციის» პირობით, დღეს კრემლი ამ თემაზე საუბარს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს (ეს გარანტირებული ნამდვილად არ არის), თუ საქმე საქართველოს რუსეთის მყარი კონტროლის ქვეშ გადასვლაზე მიდგება.

არადანი არჩევანის გარეშე

როდესაც «ნატო-რუსეთის დილემაზე» ან შესაძლო არჩევანზე ვსაუბრობთ, ხშირად მთავარი კითხვა გვავიწყდება: «რამდენად თავისუფალნი არიან ქართველი პოლიტიკოსები თავის მოქმედებაში?», შეუძლიათ თუ არა მათ ნატოზე საუბარს თავი დაანებონ და გეზი, მაგალითად, ნეიტრალიტეტისკენ აიღონ, ან რუსეთთან დაახლოების პროცესში გარკვეული ზღვარი გადალახონ? თეორიულად, ცხადია, ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა დღეს ასეთი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, ფაქტობრივად, ნულს გაუტოლდება; ამერიკელი პარტნიორები და ადგილობრივი კონკურენტები ერთობლივი ძალისხმევით მას, უხეშად რომ ვთქვათ, მყისიერად «შეჭამენ». შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ქართულ ელიტას ხელები შეკრული აქვს.

ამ სიტუაციამ საინტერესო ასახვა ჰპოვა «ბანკებსა და ფინანსებში» გამოქვეყნებულ, უკვე ციტირებულ კვლევაში: რესპონდენტების 43% თვლის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ ზეგავლენას აშშის პოზიცია მოახდენს, ხოლო ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ნებას უმნიშვნელოვანესად გამოკითხულთა 32% მიიჩნევს. ფაქტობრივად, ეს იმის ირიბი დადასტურებაა, რომ საზოგადოება აცნობიერებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შეზღუდულია. არადა, საუბარი ამ შემთხვევაში მიდის არა ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებაზე ან სხვა ნაბიჯზე, რომელიც უცხო სახელმწიფოების პოზიციის გათვალისწინებას მოითხოვს, არამედ ისეთ უაღრესად საშინაო საქმეზე, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები.

ამ სიტუაციის შეცვლა, თეორიულად, ორი სცენარის ფარგლებში შეიძლება: ა) პროამერიკული (უფრო სწორად კი, შტატებზე მიბმული) ელიტის ტოტალური «ჩარეცხვა», დაახლოებით ისე, როგორც ეს კუბაში მოხდა, რისთვისაც დღეს საქართველოში არც შესაბამისი რესურსი და არც შინაგანი მზადყოფნა არსებობს; ბ) ხელისუფლებაში ისეთი (მინიშნებების გარეშე) პოლიტიკოსის მოსვლა, რომელიც არსებული სიტუაციის შეცვლას ნელ-ნელა «შიგნიდან» დაიწყებს, თუმცა დღეს ასეთი მოღვაწე, ნებისმიერ შემთხვევაში, იძულებული იქნება, საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა კი, ამერიკელი პარტნიორების წინაშე, გულმხურვალე «ნატოისტის» მანტიით წარსდგეს.

საქართველო კი ამასობაში ჰაერში გამოკიდებული რჩება, მას არ შეუძლია გადადგას არც ერთი, რამდენადმე შესამჩნევი, ნაბიჯი ნატოსკენ, ან, პირიქით, რუსეთთან დაახლოების მიმართულებით. შესაბამისად, საუბარი მეტწილად არა რეალურ პოლიტიკის წარმოებაზე, არამედ ილუზიების მართვაზე მოგვიწევს. რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკებები, ახალი ფორმატები, დეკლარაციები, რაღაც მიკროსკოპული შედეგებიც კი და ამას მოსახლეობას წარუდგენენ როგორც რეალურ წინსვლას, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გამთლიანების და უსაფრთხოების გარანტიების მიღების კუთხით ამ სიტუაციაში თითქმის წარმოუდგენელი ჩანს.

ნებისმიერი რეალური ნაბიჯი ნატოსკენ უდრის კონფრონტაციას რუსეთთან, ნებისმიერი რეალური ნაბიჯი რუსეთისკენ უდრის კონფრონტაციას შეერთებულ შტატებთან. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ულმობელ «სიკვდილის ფორმულას» თავი დავაღწიოთ? ალბათ, ეს მდგომარეობა, არა მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის და ომის შედეგია, არამედ იმის, რომ სრულიად საზოგადოებამ რაღაც მომენტში თითქოსდა დაკარგა კრიტიკული აზროვნების უნარი და სახიფათო ილუზიების ტყვეობაში მოექცა.

«გადატვირთვა» რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ქმნის გარკვეულ სივრცეს, რომელიც მანევრს შესაძლებელს ხდის, თუმცა მისი გამოყენებისთვის, სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს სააზროვნო სტერეოტიპები, რომლებიც გულისხმობს ამონაგების მიღებას ზესახელმწიფოების დაპირისპირებიდან და არა მათი თანამშრომლობიდან. იმისთვის, რომ ასეთი სიტუაციიდან მაქსიმუმი «ამოვქაჩოთ», უპირველესად, საკუთარი (და შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკოსების) თვალსაწიერის გაფართოება მოგვიწევს. ფინეთმა «ცივი ომის» წლებში იმდენი მოახერხა, რომ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის პრივილეგირებული პარტნიორი გახდა. შეძლებს თუ არა საქართველო «გადატვირთვის» პირობებში ასეთივე შედეგის მიღწევას? დღეს ამაზე საუბარი თითქმის სასაცილო ჩანს, თუმცა მით უფრო საინტერესოა ინტელექტუალური და პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტას უკავშირდება. სხვათა შორის, როდესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობების «გადატვირთვაზე» ვსაუბრობთ, ალბათ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის წარსულს ჩაბარდება, როგორც კი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტს დატოვებს, ამა თუ იმ სახელწოდებით თუ ფორმით ეს პოლიტიკა ძალიან დიდი ალბათობით გაგრძელდება მანამ, სანამ აშშ-ის მთავარი გლობალური კონკურენტი ჩინეთი იქნება.

ნეტამც ბადაგი არ დაელია და იმ დღეს ხმალი არ აელესა

საუბარმა მომავალზე შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს და, ალბათ, მიზანშეწონილია, ვნახოთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს დღეს. კომენტატორების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა მედვედევის განცხადებას წარმოუდგენლად არაადეკვატური პასუხი გასცა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ანალოგი, უბრალოდ, არ აქვს: «ჩემი და ჩვენი მთავრობის  ხელისუფლებიდან წასვლას ვცვლი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე. ხომ ამბობენ, რომ აღადგენენ ურთიერთობას, თუ მათ უნდათ მთლიან საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა თავის ტერიტორიებში, ამაზე დღესვე ვაწერთ ხელს. მივდივარ ამ ხელშეკრულების თანახმად, თუ ისინი დათანხმდებიან დაგვიბრუნონ აფხაზეთსა და ცხინვალზე კონტროლი, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, თუნდაც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოხდეს ეს ყველაფერი. ასევე მზად ვარ, დამატებით, მოვიჭრა და მათ გავუგზავნო ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლების მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. მზად ვარ, ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე» (მედიანიუსი).

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, როგორც სააკაშვილის ადმინისტრაციამ, ისე ე. წ. ნაციონალურმა არხებმა ფრაზა, რომელშიც შესაძლო თვითდასაჭურისების აქტი აღიწერებოდა, თავიანთი სიუჟეტებიდან  (ადმინისტრაციის შემთხვევაში, _ რელიზიდან) საგულდაგულოდ ამოჭრეს, მაგრამ გამოსვლის ჩანაწერი მაინც ფართოდ გავრცელდა და განხილვის საგნად იქცა.

საგაზეთო წერილის ფორმატში საკმაოდ ძნელია იმ ტკივილის აღწერა, რომელიც აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვამ მოგვაყენა. ყველაზე ზუსტი მეტაფორა ამისთვის, ალბათ, ერთმა უბრალო ლტოლვილმა ქალმა მოძებნა, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი უმშვენიერეს თეთრ ტაძრად წარმოუდგება ხოლმე, რომელიც ძალიან ახლოს დგას, თუმცა მასთან მიახლოებას, მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ვერა და ვერ ახერხებს. შესაძლოა, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სულიერი და ფიზიკური ტკვივილი ერთმანეთს ერწყმის და ცხოვრებას თითქმის აუტანელს ხდის. რა გააკეთა სააკაშვილმა თავისი განცხადებით? ფაქტობრივად, დადგა ჩვენსა და ამ ტაძარს შორის და შარვლის გახდა დაიწყო.

 შეფასებამ შეიძლება ოდნავ რადიკალურად გაიჟღეროს მაგრამ, ალბათ, შეშლილი ჯამბაზიც კი არ იტყოდა იმას, რაც 26 აპრილს ქვეყნის პირველმა პირმა იკადრა.

რაც შეეხება განცხადების პოლიტიკურ, უფრო სწორად კი ფსიქოლოგიურ  შემადგენელს, სააკაშვილს, შესაძლოა, ჰგონია, რომ მისი სკამი და მისი «სხეულის ის ნაწილები» რამდენადმე ღირებულ, საერთაშორისო ურთიერთობებში წონად აქტივს წარმოადგენს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ერთადერთი (მეტად საეჭვო) აქტივია, რომელიც მის ხელთ ჯერჯერობით რჩება. ამ პრობლემის შემდგომი გამოკვლევა, ალბათ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს უნდა გადავულოცოთ და ვაღიაროთ, რომ ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლება და საგარეო პოლიტიკა სულ სხვა ფუნდამენტზე უნდა ავაგოთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here