Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ სარალიძე: 150 მანეთი მეც მყოფნიდა და დედასაც ვუგზავნიდი ახალდაბაში!

ზურაბ სარალიძე: 150 მანეთი მეც მყოფნიდა და დედასაც ვუგზავნიდი ახალდაბაში!

ხარატი?! ძნელად დასაჯერებელია! იერსახით «გამოჭრილი» კონსერვატორიის პროფესორია! მანერებიც შესაბამისი აქვს. ისე, პარადოქსებითაა გაჯერებული წუთისოფელი. აგერ, ბატონ ლევან ბერძენიშვილს საკუთარი პერსონა ნომერ პირველ ინტელექტუალად მიაჩნია, მაგრამ მისი ჰაბიტუსის მარად ბრიყვული გამომეტყველება ადასტურებს, რომ ეს რესპუბლიკელი არ განეკუთვნება მოაზროვნეთა კლასსან ქალბატონი ხიდაშელი თავისი სახით, ფიგურით, ქცევითა და ხმის ტემბრითაც კი ბაზრობის დახლის «მკვიდრთა» ასლია!.. უკვე ვორჭოფობ: ეს ნამდვილად ის ზურაბ სარალიძეა, სოციალისტური შრომის გმირი?! რატომღაც მზერა  მის ხელებზე გადამაქვს. აჰა! ნამუშევარი, დაკოჟრილი ხელები ყველა ეჭვს მიქარწყლებს _ «მისამართი არ შემშლია», რადგან ეს თითები საკმაოდ უხეშია სიმებისთვისაც და კლავიშებისთვისაც. თავის მხრივ, ჩემი მასპინძელი, როგორც ჩანს, დროს უქმად არ კარგავს _ გამომცდელად მიყურებს. ეჰ, რამდენი ჟურნალისტი უნახავს ცხოვრებაში! დუმილი რამდენიმე წუთს გრძელდება. უხერხულობას ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანს ლამის თავი დავაპატიჟებინედა 25-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება უკეთესს ვერაფერს მთავაზობს, გარდა იმისა, რომ რესპონდენტს ბიოგრაფიის გახსენებას ვთხოვ.

_ დავიბადე ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში 1932 წლის 11 დეკემბერს. მამაჩემი _ გიორგი ზეინკლად მუშაობდა ხეტყის დამმუშავებელ ქარხანაში და 1934-ში გარდაიცვალა, დედა _ ელისაბედი და ოთხი ძმა (უფროსი _ 12 წლის და მე ნაბოლარა _ სულ ორი წლისა) დავრჩით ბებია დაროს ანაბარა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მაინც გაჭირვებაში ვცხოვრობდით. ბებია დღეს და ღამეს ასწორებდა კერძო ნაკვეთში, რომელიც ჩვენი სახლიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ეს იყო ახო _ გაჩეხილი ტყის ნაკვეთი. იქ ითესებოდა ლობიო, სიმინდი და კვახი. 1940 წელს ბებია ტრაგიკულად დაიღუპა _ მატარებელმა გაიტანა. სანუგეშოდ, მაგ დროისთვის წამოზრდილი იყო უფროსი ძმა აკაკი, რომელმაც შემდგომ დანარჩენ ძმებს მამობა გაგვიწია.

დიდ სამამულო ომში სარალიძეების ოჯახის ორი წარმომადგენელი იბრძოდა _ აკაკი და ლევანი. პატარები კი _ გიორგი (მსახიობ ტრისტან სარალიძის მამა) და ზურიკო სოფლის ნახირს მწყემსავდნენ და დედას სახლის საქმეებში ეხმარებოდნენ.

_ მადლობა ღმერთს, ორივენი ცოცხლები დაბრუნდნენ, _ აგრძელებს თხრობას ბატონი ზურაბი. _ ოღონდ სასკდომმა ტყვიამ ლევანს ისეთი ჭრილობა მიაყენა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ უხორცდებოდა.

ახალდაბის საშუალო სკოლის რვა კლასის დამთავრების შემდეგ, შრომის მომავალმა გმირმა 1948 წელს სწავლა გააგრძელა ბორჯომის სახელოსნო სასწავლებელში.

_ სასწავლებელი 1951-ში დავამთავრე და თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში გამანაწილეს. როგორც წარჩინებით დამთავრებულს, მომანიჭეს უმაღლესი _ მეხუთე თანრიგი. მაშინ ქარხნის დირექტორი იყო ალექსანდრე მელაძე _ შემდგომში თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე, სულმნათი ვასილ მჟავანაძის, ასე ვთქვათ, თანამებრძოლი; ხოლო ჩემი საამქროს უფროსი გახლდათ ასევე დიდებული პიროვნება _ თეიმურაზ დავითაშვილი, რომელიც მომავალში, თითქმის 40 წელი ხელმძღვანელობდა ავტოტრანსპორტის სამინისტროს, რაც, დამეთანხმებით, არათუ ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოშიც უნიკალური შემთხვევაა!

იმ დროს ქარხანაში არამარტო ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მუშებიც კი, ძირითადად, არაქართველები იყვნენ.

_ მანქანათმშენებლობა საქართველოსთვის არ იყო ტრადიციული დარგი, _ მიხსნის ბატონი ზურაბი. _ ამიტომ, როცა ეს ქარხანა 1934 წელს დაარსდა, კადრები რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ეს, დღეს, ქართველ კომუნისტებს ადანაშაულებენ არაპატრიოტიზმში, თორემ სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არაქართველი პერსონალი ადგილობრივებით შეეცვალათ! აქ უნდა დავაზუსტო, რომ მათ მარტო «ნაციონალიზმი» არ ამოძრავებდათ. რუსი კაცი ძალიან ნიჭიერი და პატიოსანია, მაგრამ ცნობილია სმისადმი მისი  სიყვარულიც. მაგალითად, რუსი ხარატი დეტალს დასამუშავებლად დააყენებდა, მერე საამქროშივე დათვრებოდა და ბარბაცით სახლში წავიდოდა. მეორე დღეს მობრძანდებოდა და საამქროს უფროსს ულტიმატუმს წაუყენებდა: «ამდენს თუ არ გადამიხდი, ჩარხს არ გავეკარებიო!..»

ახალგაზრდა მუშას ბედმა გაუღიმა. მისი დამრიგებელი გახდა სახელგანთქმული ხარატი პავლე ზუბრიცკი.

_ მასთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მეხმარებოდა, მითითებებს მაძლევდა. მიზნად დავისახე, გამხდარიყავი ისეთივე სახელოვანი კაცი, როგორც პავლე ზუბრიცკი იყო.

მუშაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, როცა თბილისში ჩამოვიდა გამოჩენილი გამომგონებელი მარკოვი, რომელმაც სახარატო ჩარხი _ `Красный пролетарий~ შექმნა. ეს იყო ახალი ტიპის დანადგარი, მუშაობდა უმაღლესი სიზუსტით და საგრძნობლად გაუადვილა ხარატებს შრომა. მარკოვმა მიაქცია ზურაბს ყურადღება და შესთავაზა,  მონაწილეობა მიეღო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც უნდა მიეძღვნათ კონსტრუქტორის ამ გამოგონებისთვის. ფილმი გადაიღეს და მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ზურაბ სარალიძე გახდა.

_ ეს ჩემთვის, თვრამეტი წლის ბიჭისთვის უზარმაზარი სტიმული იყო, ბიძგი! ფილმი კინოთეატრებში გადიოდა და ასე სწრაფად გავხდი, ახლა რომ იტყვიან, ცნობადი სახე!

როცა ბატონმა ზურაბმა გაკვრით ახსენა თავისი მაშინდელი ხელფასი _ 150 მანეთი, უნებლიეთ შევაწყვეტინე თხრობა და შევეკითხე:

_ ეს არსებობისთვის საკმარისი იყო?

_ 150 მანეთი მეც მყოფნიდა და დედასაც ვუგზავნიდი ახალდაბაში!

_ იმდროინდელი ფასები თუ გახსოვთ, მაგალითად, პურზე?

_ როგორ არ მახსოვს! ერთი კილოგრამი თეთრი პური ღირდა 25 კაპიკი, რუხი პური _ 20 კაპიკი!

აქ მოსაუბრე ჩერდება და მიყურებს, თითქოს, მამოწმებს _ მესმის თუ არა, რას ნიშნავს 25 კაპიკი ერთ კილოგრამ თეთრ პურში! მეც არ ვაყოვნებ:

 _ მჯერა, ბატონო ზურაბ! არც ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორც ფიქრობთ. მე მახსოვს 10-კაპიკიანი ჭვავის 300-გრამიანი «აგური» პური, ახლა რომ ერთი ლარი და 80 თეთრი ღირს, თანაც _ ქიმიური საფუარით გაფუებული!

_ მაღაზიაში ერთი კილო ღორის ხორცი მანეთი და 80 კაპიკი ღირდა, საქონლის გაყინული ხორცი _ მანეთი და 90 კაპიკი, ხოლო ახალი _ ორი მანეთი! კაპიკებში ვყიდულობდით ხილსაც, ბოსტნეულს. ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში, რა თქმა უნდა, უფასოდ. გართობაც _ კინო, თეატრი, მუზეუმი _ კაპიკები! სამოსიც იაფი! ერთი სიტყვით, თვრამეტი წლის ბიჭი კმაყოფილი ვიყავი.

ბატონ ზურაბს დამატებით ბენზინის ფასის გახსენება ვთხოვე.

_ 50-60 წლებში ერთი ლიტრი ბენზინი, თუ არ ვცდები, რვა თუ ათი კაპიკი ღირდა.

მოხდა ისე, რომ ზურაბ სარალიძე შვიდი წლით გამოეთხოვა ჩარხმშენებელ ქარხანას. სტალინის გარდაცვალების წელს _ 1953-ში, იგი ჯარში გაიწვიეს.

_ მაშინ ჯარი სამწლიანი იყო და დემობილიზაციის შემდეგ ოჯახურმა პირობებმა მაიძულა სოფელში დაბრუნება. დავიწყე მუშაობა ახალდაბის საავეჯო ფაბრიკაში ხარატად.

ბატონმა ზურაბმა აქაც გამოიჩინა თავი. მექანიკოს ალექსანდრე ბლიაძესთან ერთად შექმნა მექანიკური თვითმავალი დაზგა მაგიდების პოლირებისათვის. ადრე ამ ოპერაციას ხელით აკეთებდნენ და უამრავი დრო იხარჯებოდა, თანაც ხარისხითაც ვერ შეედრებოდა დაზგურს. ბატონი ზურაბი ერთი გამოგონების და 40 რაციონალიზატორული წინადადების ავტორია!

_ 1960 წელს დავბრუნდი კიროვის ქარხანაში, ინსტრუმენტალურ საამქროში და აქედან 1979 წლამდე ფეხი არ მომიცვლია. ვმუშაობდი სახარატო ხრახნმჭრელ დაზგაზე _ 1M61-ზე, მერე «ДИП -500»-ზე.

ქარხანაში ნელ-ნელა რუსი პერსონალი ქართულით იცვლებოდა. ადგილობრივებმა აითვისეს ხარატის, მღარავის, მბურღავის, მხეხავის სპეციალობები. სერიოზული კადრები მოდიოდნენ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან _ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა საკავშირო დაქვემდებარებაში იყო!

_ ასეთი ვითარება, შესაძლოა, მოსკოვში, სამინისტროში, გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ რა ექნათ? მშვენივრად იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდნენ რუსი ეროვნების მუშები, რა თქმა უნდა, მე მათი გარკვეული ნაწილი მყავს მხედველობაში, თორემ, მაგალითად, ჩემი მასწავლებელი და დამრიგებელი პავლე ზუბრიცკი საერთოდ არ სვამდა!

1966 წელს ზურაბ სარალიძე დააჯილდოვეს «საპატიო ნიშნის» ორდენით! სხვა 33 წლის ახალგაზრდა მის ადგილას, შესაძლოა, თავს «დაფნის გვირგვინით» შეიმკობდა, მაგრამ ზურაბმა პარალელურად სწავლის გაგრძელება მოინდომა და 1968 წელს ჩააბარა თბილისის მანქანამთმშენებლობის ტექნიკუმში საღამოს დასწრებულზე.

_ იცით, საბჭოთა სისტემაში მუშა კარიერას გაიკეთებდა მხოლოდ პატიოსანი შრომით და საზოგადოებრივი აქტიურობით! _ «მზა რეცეპტს» მაწვდის ბატონი ზურაბი.

მართლაც, ზურაბ სარალიძის თავდადებული შრომა და აქტიურობა არ გამორჩენია რესპუბლიკის იმდროინდელ ხელმძღვანელობას. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ნარკვევის გმირი თბილისის პარტიის კომიტეტში დაიბარეს. აქ იერარქიას მკაცრად იცავდნენ. ზურაბს ჯერ მესამე მდივანი _ ნიკა ცხადაია გაესაუბრა; შემდეგ «ესტაფეტა» მეორე მდივანმა _ ჰიპოკრატე შევარდნაძემ მიიღო და ბოლოს, სახელგანთქმული ხარატი პირველმა მდივანმა _ ოთარ ლოლაშვილმა მიიღო. საქალაქო პარტკომიტეტიდან ზურაბ სარალიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გააგზავნეს. აქაც ჯერ მეორე მდივანი _ როდიონოვი გაესაუბრა, მისი ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალზე შეეკითხა. პასუხები როდიონოვს მოეწონა და რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთან _ ვასილ მჟავანაძესთან გაუშვა.

_ ვასილი პავლოვიჩმა, რატომღაც, რუსულად დამიწყო ლაპარაკი და შემეკითხა, შევძლებდი თუ არა რუსულ ენაზე გამოსვლას. მუშის დონეზე შევძლებ-მეთქი. მჟავანაძემ გაიღიმა და უკვე ქართულად მითხრა: ძალიან კარგი, ეს საკმარისიაო. მერე მეკითხება, _ ხალხი რაზეა ნაწყენიო. _ არაფერზე-მეთქი, ვპასუხობ. შენ, ზურაბ, სიმართლე მითხარიო, _ არ დამიჯერა ვასილი პავლოვიჩმა.

_ ხორცის ყიდვა ჭირს, არსად არაა და ეს გვაწუხებს, _ ვეუბნები.

_ ბიჭო, ხორცის მეტი რა არის მაღაზიებში?! _ გაუკვირდა მჟავანაძეს. 

_ გაყინულს არავინ კადრულობს, ვასილი პავლოვიჩ, _ გამოვუტყდი მას. ბატონმა ვასილმა გულიანად გაიცინა და თითი დამიქნია: «უ, შე მამაძაღლოო». შემდეგ სერიოზულად მითხრა: «ზურაბ, შვილო, შენ უნდა წარგადგინოთ ერთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზეო».

1970 წელს ზურაბ სარალიძე აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად და ამავე წელს აირჩიეს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს VIII მოწვევის დეპუტატად და საგარეო კომისიის წევრად.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 21- წლისთავზე ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას (თუ ყველას არა), ჩამოუყალიბდა მყარი აზრი: დეპუტატი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კანონიერი უფლება ქურდობისა და ყაჩაღობისა, აგრეთვე, ნაქურდალის და ნაყაჩაღარის ხელშეუხებლობისა! რა პრივილეგიებით სარგებლობდა უზარმაზარი ქვეყნის მშრომელთა რჩეული?

_ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ჰქონდა მხოლოდ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა, _ მტკიცედ მეუბნება ბატონი ზურაბი. _ პრივილეგიებზე, თუ არ შეწუხდებით, შეეკითხეთ ცრუოპოზიციონერებს! პრესიდან ვიცი, რა ხელფასები აქვთ დეპუტატებს და ყოველთვის მიჩნდება კითხვა:  რატომ აქვთ ამ პარაზიტებს ამხელა შემოსავალი?! რა არგეს ქვეყანას?! სამწუხაროდ, დადებით პასუხს ვერ ვპოულობ!

_ ბატონო ზურაბ, ვერ დავიჯერებ, რომ საკავშირო დეპუტატს პრივილეგიები არ ჰქონდა!

_ მოგახსენებთ. მე, როგორც საკავშირო დეპუტატს, მიხდიდნენ 100 მანეთს და არც ერთი კაპიკით მეტს! კიდევ, პრივილეგია მქონდა უფასო მგზავრობისა მოსკოვში და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში. უფასოდ მივემგზავრებოდი, როგორც საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, საზღვარგარეთ, და მთავარი პრივილეგია _ ჩემ წინ, როგორც მშრომელთა რჩეულისთვის, ყველა სამინისტროს და სხვა დაწესებულებების კარები იღებოდა. შემიძლია დავუმატო, რომ მქონდა უფლება, ასე ვთქვათ, «მუშტები მებრახუნა» ნებისმიერი მინისტრის მაგიდაზე (იღიმება). რა თქმა უნდა, როცა ამას საქმე მოითხოვდა.

_ აბა, საბჭოთა კავშირში დეპუტატებს ირჩევდნენ მხოლოდ «ხელის ასაწევადო»?

_ დეპუტატები ვმუშაობდით კომისიებში. როცა რაღაც ახალი კანონი განსახილველად შემოდიოდა, მერწმუნეთ, ვითარება ისე იძაბებოდა, რომ ხანდახან ლამის პირად შეურაცხყოფამდე მივდიოდით! როცა საკითხს ყოველმხრივ განვიხილავდით და ყველა მივიდოდით ერთ დასკვნამდე, მაშინ კანონი გამოგვქონდა სესიაზე და, რასაკვირველია, მას ერთხმად ვიღებდით!

_ და მაინც, ბატონო ზურაბ, თქვენ როგორც საკავშირო დეპუტატს, რა სარგებლობა მოგქონდათ საქართველოსთვის?

_ ერთხელ რესპუბლიკის მაშინდელმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, დარბაისელმა კაცმა _ გივი ჯავახიშვილმა მთხოვა: «ზურაბ, «მეტრომშენმა» უნდა დაასრულოს მეტროსადგურ «სამგორის» მშენებლობა, საჭიროა ცხრა მილიონი მანეთიო». ჩავედი მოსკოვში სესიაზე. სანამ სხდომები დაიწყებოდა, დავიარე ყველა საჭირო უწყება, ამაოდ! ფული არ გვაქვსო, _ მპასუხობდნენ. დავურეკე თბილისში გივის. მესმის მისი ხმა: «ზურაბ, შენი ჭირიმე! შეუძლებელი ქენი, მაგრამ ცხრა მილიონი უნდა იშოვოო!» სესიაზე სიტყვით გამოსვლის ჩემი ჯერი მოვიდა… მოვტრიალდი პრეზიდიუმისკენ და იქ მჯდომ ბრეჟნევს ვეუბნები: `Дорогой Леонид Ильич! В вашем лице великий советский народ обрел достойного вождя!~. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და უცებ იქუხა ხალხმა, უზარმაზარი დარბაზი «დაინგრა» ტაშით, შეძახილებით! აბა, გაებედა მერე ვინმეს და «რაღაც» 9 მილიონი მანეთი არ მოეცათ ჩემთვის!

ბატონი ზურაბისთვის შარის მომდები კითხვა მქონდა გამზადებული, თუ რას აკეთებდა ხარატი, რომელსაც არ ჰქონდა დიპლომატიური განათლება, საგარეო საქმეთა კომისიაში. ამ ამბავის მოსმენის შემდეგ კითხვა «მოიხსნა დღის წესრიგიდან»! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიპლომატი ვერ გახდები, დიპლომატად უნდა დაიბადო!

_ უფრო კურიოზულ ამბავს მოგიყვებით, _ მპირდება ბატონი ზურაბი. _ საკავშირო დეპუტატი გორიდან იყო მერი ტატურაშვილი. შესვენების დროს მერი მეკითხება: «ამომრჩევლებმა დამაბარეს, გორში კულტურის სახლი უნდა აშენდესო, რა ვქნა, ზურაბ?» მე, როგორც უფრო გამოცდილმა დეპუტატმა, ვურჩიე _ შედი პოდგორნისთან და, სანამ თანხმობას არ მიიღებ, მისი კაბინეტიდან არ გამოხვიდე-მეთქი! პოდგორნი გახლდათ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დღევანდელი ენით, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. ჰოდა, შევიდა მასთან მერი და უარი მიიღო. მაშინ დეპუტატი ეკითხება პოდგორნის: `Николай Викторович, у вас есть подушка и одеяло?~ გაუკვირდა პოდგორნის, რისთვის სჭირდება მას ბალიში და საბანი. ეუბნება მერი: `Пока я от вас  не получу согласия, я буду жить в вашем кабинете!~. გადაიხარხარა პოდგორნიმ და საქმეც გაკეთდა!

_ ბატონო ზურაბ, თქვენ საზოგადოებრივი საქმით იყავით დაკავებული. მიუხედავად ამისა, 1977 წელს თქვენ მოგენიჭათ სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მიჩნდება კითხვა _ როდის მუშაობდით?

_ მე არა მხოლოდ ვმუშაობდი, არამედ 1971-76 წლებში დაუსწრებლად ვსწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც. სახლიდან დილის 7 საათზე გავდიოდი და ღამის 11-12 საათზე ვბრუნდებოდი. ჩემთვის არ არსებობდა შაბათ-კვირა და ნორმირებული სამუშაო დღე! ქარხანაში ბრიგადული სისტემა არ გვქონდა, რომ ჩემ მაგივრად სხვას ემუშავა, გამომუშავებაზე ვიყავით. ღამეც ვმუშაობდი, რომ ხელფასი მიმეღო და თანაც ჩემ გვერდით მომუშავესთვისაც საბაბი არ უნდა მიმეცა, რომ ეთქვა: მე ვმუშაობ, შენ კი დასეირნობ! ყოველთვიურად დაახლოებით 700 მანეთი შემომქონდა სახლში. გმირის «ვარსკვლავი» რომ მივიღე, ცოლს _ ნუნუს, ვუთხარი, რომ ნახევარი ვარსკვლავი მისია, რადგან ჩემი მძლავრი ზურგი იყო.

ქალბატონი ნუნუ 1991 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

_ როცა რუსთაველის გამზირზე საზიზღრობა მიმდინარეობდა, ნუნუ ცუდად გახდა. ღამე მივიყვანეთ «არამიანცის» საავადმყოფოში. მისაღებში ორი მთვრალი ექიმი დაგვხვდა. ერთი თერაპევტი, მეორე _ ქირურგი. ფულის გამო ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ! თერაპევტი ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ნუნუ თერაპიულ განყოფილებაში დააწვინეს. მეორე დღეს მოვიდა მშვენიერი პიროვნება, ქირურგი ზურაბ ცხაკაია, გასინჯა მერი და თქვა, რომ ეს მწვავე პერიტონიტია. საუბედუროდ, ოპერაცია დაგვიანებული იყო…

ზურაბ სარალიძემ, ისევე როგორც სხვა დეპუტატებმა, მრავალი მილიონი რუბლი «გამოჰგლიჯეს» საკავშირო ხაზინას და ეს ფული საქართველოს კეთილდღეობას მოხმარდა. ცხოვრების დონით, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, საქართველო, განსაკუთრებით ვასილ მჟავანაძის მმართველობისას, პირველობას არავის უთმობდა!

_ მარტო მე, დეპუტატობისას, საქართველოში, სულ ცოტა, ოცი მილიონი მანეთი შემოვიტანე და, იცით, რაზე მტკივა გული? მაქვს 62 წლის სამუშაო სტაჟი და სახელმწიფო მიხდის 110-ლარიან პენსიას, ზუსტად იმდენს, რამდენსაც უხდის ერთ ჩემს ნაცნობს, რომელსაც ჯამში ერთი წელიც არ უმუშავია. მოხუც ადამიანს, მუშაობდა ის თუ არა, არსებობის მინიმუმი აუცილებლად უნდა მისცე, მაგრამ მშრომელსა და მუქთახორას შორის განსხვავება ხომ უნდა იყოს?!

2007 წელს საქართველოში დარჩენილმა ხუთმა სოციალისტური შრომის გმირმა რუსეთის საელჩოს მიმართა. განცხადებაში აღნიშნეს, ვინაიდან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციაა, ვთხოვთ რუსეთის მთავრობას, რომ უზრუნველგვყოს სოციალისტური შრომის გმირები პენსიით  _ 30 ათასი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 1200 დოლარი).

_ მიმიწვიეს საელჩოში და განმიცხადეს, პენსიას დაგინიშნავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ რუსეთის მოქალაქეობასო, რადგან არ გვაქვს უფლება არამოქალაქეებს პენსია მივცეთო. ჩვენ უარი განვუცხადეთ, მაგრამ ამ პატრიოტიზმს ვინ გიფასებს?! არადა, ოჯახში ხუთი სულიდან მხოლოდ ერთი მუშაობს _ შვილიშვილი ია.

დავინტერესდი კიროვის ქარხნის ბედით.

_ გაძარცულია! უნიკალური ავტომატური დაზგები მიჰყიდეს თურქეთს, ირანს, ინდოეთს! გვითხრეს, ჯართის ფასადო.

მაგრამ სასწაულიც მოხდა _ ზურაბ სარალიძის ჩარხი გადაურჩა «ექსპროპრიაციას»!

თოვლიანი დღეა, ყოფილ ინსტრუმენტალურ საამქროსთან ფინიების ხროვა ყეფით «გვესალმება». შენობაში გაპარტახება მეფობს. აი, ბატონი ზურაბის დაზგაც! ალბათ, ასე ეხებოდა თავის ვიოლინოს პაგანინი, ან ამატის თუ გვარნერის შედევრებს ასევე ეკარებოდნენ სხვა შემსრულებლები! ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ შენ _ ხარატი თუ მუსიკოსი. ორივე პროფესია გადაჯაჭვულია და უერთმანეთოდ ვერ იარსებებს! სახელმწიფოს სიძლიერეს და დოვლათს მუშა და გლეხი ქმნიან, ხოლო ამ სიმდიდრეზე ყვავის ის ძალა, რასაც ჩვენ ხელოვნებას ვუწოდებთ!

_ ამ დაზგას უნდა ვუმადლოდე, რომ მე _ უბრალო მუშა, სახელმწიფო მოღვაწე გავხდი! შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, უსაქმურობა და მუქთახორობა კი მაიმუნად აქცევს! ძალიან რომ მიჭირდა, ერთმა კოლექციონერმა ჩემს «გმირის ვარსკვლავში» ათი ათასი დოლარი შემომთავაზა, მაგრამ კატეგორიული უარით გავისტუმრე. ჩემი შრომით, ოფლით მოპოვებულ გმირობას არაფერზე გავცვლი! დეპუტატობა და სხვა თანამდებობა დროებითია, გმირობა კი _ მარადიული.

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here