Home რუბრიკები პოლიტიკა ელისო კილაძე: ყველაფერი, რასაც «ქართული ოცნება» აკეთებს, არის გარიგება ხელისუფლებასთან

ელისო კილაძე: ყველაფერი, რასაც «ქართული ოცნება» აკეთებს, არის გარიგება ხელისუფლებასთან

1168

რატომ ფიქრობს, რომ ოპოზიცია «გაყიდულია» და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რატომ აკრიტიკებს «ქართულ ოცნებას» და რას პასუხობს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» საზოგადოებრივი მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ხელმძღვანელი ელისო კილაძე ესაუბრება, რომელიც გვპირდება, რომ სულ მალე საზოგადოება სოციალურ ქსელებში ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის ჩანაწერის სრულ ვერსიას იხილავს.

_ ქალბატონო ელისო, საზოგადოებრივი მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ხელმძღვანელი ხართ. ქვეყანაში უამრავი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, თუმცა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენას ვერც ერთი ვერ ახერხებს. რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტეთ და ამ ხნის მანძილზე რა გააკეთეთ?

_ მაისში ერთი წელი სრულდება, რაც ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ სხვა ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ თავიდანვე განსხვავებული ნიშა გვქონდა, ვინაიდან ორგანიზაცია ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა დავაფუძნეთ, ჩვენ ვართ საარჩევნო შტაბის სამართალმემკვიდრე. ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო თავის დროზე დასახული მიზნების განხორციელება და უკვე მომავალი კვირიდან აქტიურ მოქმედებას ვიწყებთ.

რატომღაც პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ავიწყდება, რომ 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა პირველებმა ჩვენ დავიწყეთ. ჯერ კიდევ 2006 წლის მარტში, ბიზნესმენთა ფედერაციაში გამოსვლის დროს, ბადრი პატარკაციშვილმა პირველმა აღიმაღლა ხმა ამ ხელისუფლების უმსგავსო ქმედებების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ შეშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააშენებსო. მაგრამ ამას არ მოჰყოლია არანაირი მხარდაჭერა არც ბიზნესმენების და არც პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა წავაგეთ, წავაგეთ ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იყო მზად, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები მიეღო. ამას გარდა, ჩვენ არა მხოლოდ ხელისუფლებას ვებრძოდით, არამედ ოპოზიციის დიდ ნაწილსაც, რომელმაც დაწყებული ბრძოლა როგორც დაასრულა, კარგად ვნახეთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ლევან გაჩეჩილაძეს. სწორედ იმიტომ გახდა ხელისუფლების მთავარი სამიზნე ბადრი პატარკაციშვილი, რომ ის არ იყო ლევან გაჩეჩილაძე, გარიგებებზე რომ წასულიყო სააკაშვილთან.

ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელსაც, სხვათა შორის, ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა, ბადრის წინააღმდეგ აღმოჩნდა გაერთიანებული და შეგახსენებთ, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ბადრი პატარკაციშვილი მეგობრად მიიჩნევდა.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ მაგალითად, ვგულისხმობ დავით გამყრელიძეს. მე წავიკითხე მისი ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, ბადრი პატარკაციშვილი ჩემი მეგობარი იყოო და მის გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს. უკაცრავად, მაგრამ ეს ყველაფერი დავით გამყრელიძეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ ახსოვდა? გამყრელიძემ პირველმა მიიღო სააკაშვილის გამოწვევა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

ჩვენი ორგანიზაციის დაარსების მიზანი ისიც იყო, რომ დაგვემტკიცებინა სიმართლე. საქმე, რომელიც თავის დროზე აღიძრა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, იყო შეთითხნილი ბრალდებებით სავსე და არც ერთი მტკიცებულება ამ საქმეში არ არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ. გადავიღეთ ფილმი, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის სრული ვერსია ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, ამ ფილმის გაშვებაზე ყველა ტელევიზიამ უარი გვითხრა, მაგრამ დავარიგეთ მოსახლეობაში და ამ დღეებში სოციალური ქსელების მეშვეობითაც ვაპირებთ მის გავრცელებას.

ჩანაწერში საუბარი იყო, რომ დაგვეცვა ის ხმები, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოვიპოვებდით, საარჩევნო ყუთების დაწვას არავინ აპირებდა.

_ ანუ არანაირ შეთქმულებაზე ჩანაწერის სრულ ვერსიაში საუბარი არ ყოფილა?

_ რა თქმა უნდა, არა. ეს აბსურდია. გახსოვთ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატარკაციშვილის მკვლელობა ჩეჩნებს დაუკვეთეს. სწორედ ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად შეხვდა პატარკაციშვილი კოდუას. ის სხვა თემაა, რომ ჩანაწერი არ მოხვდა დანიშნულების ადგილზე და ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა, შემდეგ კი ჩანაწერი დამახინჯებული სახით გავიდა ეთერში, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ აქ გიორგი თარგამაძე არაფერ შუაშია.

_ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში თქვენ მთელ ოპოზიციას ფსევდოოპოზიცია უწოდეთ და განაცხადეთ, რომ ის გაყიდულია. შეიცვალა თუ არა ვითარება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ?

_ დღესაც ვადასტურებ, რომ ასეა. მეტიც, ჩვენ ბევრი რამ არ ვთქვით, რათა უფრო დიდ ნიჰილიზმში არ ჩაგვეგდო საზოგადოება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, იცით, თუ რამხელა იმედი გაჩნდა, მაგრამ დღეს მისი იმედი, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, აღარ მაქვს, პირველ რიგში კი, მისი გარემოცვიდან გამომდინარე. მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ ამ ხელისუფლებაში. ამასთან, არსებობს დადასტურებული და დაუდასტურებელი ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა

_ მაგალითად, რომელი ოპოზიციონერია ეჭვმიტანილი ხელისუფლებასთან კავშირში?

_ თქვენ იცით, რომ «სახალხო კრების» ბევრი მხარდამჭერი დღეს ციხეშია. მიტინგზე მისვლის გამოც კი დააპატიმრეს ადამიანები და შეთითხნილი ბრალდებებით გაასამართლეს. ახლა მე ვსვამ კითხვას: როგორ არის ოპოზიცია კობა დავითაშვილი, რომლის ცოლიც ჯანდაცვის კომიტეტში მუშაობს? თუ ბიძინა ივანიშვილს სჯერა მისი ოპოზიციონერობა, არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა, რომ კობა დავითაშვილი რეალური ოპოზიციაა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. აღარაფერს ვამბობ რესპუბლიკელებზე, რომელთა ფასეულობებიც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ისინი არიან ხელისუფლების  რადიკალური შტოს, .. ბოკერიას ფრთის დანაყოფები და აბსოლუტურად მსგავსი ფასეულობები აქვთ.

გახსოვთ, როგორ მიულოცა ალასანიამ უგულავას მერობა. შესაძლოა, ეს არის კიდევ ერთი გეგმა, ხელისუფლება რომ გავიდეს პირველ ადგილზე და ფაქტია, ხელისუფლება დათმობას არ აპირებს და, როგორც ჩანს, კოალიცია მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდება. მე მაქვს ეჭვი, რომ ყველაფერი, რასაც «ქართული ოცნება» აკეთებს, არის გარიგება ხელისუფლებასთან ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა. რეალური ბრძოლა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტროლის პალატამ თურმე ხალხი დაიბარა და ახსნა-განმარტებები ჩამოართვა, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, ვინაიდან ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაში ვყოფილვართ. ჩვენი შტაბის წევრებს პირდაპირ პროკურატურაში იბარებდნენ და აიძულებდნენ, დაეწერათ, რომ გელბახიანი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. როგორც ჩანს, გოგა ხაინდრავასაც დაავიწყდა, რომ დაჭერას ჩვენ გადავარჩინეთ, რადგან მის წინააღმდეგაც «იკერებოდა» საქმე და მოწმეებიც არსებობდნენ, რომლებსაც მიაცემინეს ჩვენებები, თითქოს იარაღის შესაძენად ფული ხაინდრავას მოჰქონდა.

_ ვალერი გელბახიანი თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აპირებს საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.

_ აბსურდია. გელბახიანს სამართლებრივად არჩევნებში მონაწილეობის უფლება საერთოდ არ აქვს, ვინაიდან, 4 წელია, საქართველოში არ ყოფილა. ჯერ გამოძიება არ დასრულებულა. საზოგადოებამ კარგად ვერ გაიგო, რომ გელბახიანი საპროცესო გარიგებაზე არ წასულა ხელისუფლებასთან, ის გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ. საერთოდ, ჩემთვის მიუღებელია, როცა ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა პოლიტიკა დგას. გელბახიანს დედა გარდაეცვალა და კოალიციის არც ერთ წევრს არც კი მიუსამძიმრებია მისთვის.

უბრალოდ, ვალერი გელბახიანის გამოჩენის შემდეგ ივანიშვილის გარემოცვა პანიკაში ჩავარდა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ გელბახიანს შეუძლია არჩევნები მოუგოს ივანიშვილის კანდიდატს საჩხერეში, სადაც მან ამდენი რამ გააკეთა მოსახლეობისთვის, მაშინ გაუგებარია, როგორ აპირებს ის სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებას არჩევნებში? მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა მობილიზაცია გამოაცხადა და ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებს.

 შეაგროვოს, მაგრამ ვურჩევ, სააკაშვილს ებრძოლონ და არა გელბახიანს. ამას გარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებს საჩხერეში მიხეილ მაჭავარიანი წარადგინოს მაჟორიტარ დეპუტატად.

_ თქვენ ხშირად აკრიტიკებთ «ქართულ ოცნებას», რატომ, რა არ მოგწონთ?

_ ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოეცხადებინა გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და უნდა ეთქვა: ყველა მინუს სააკაშვილი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამართულიყო შეჯიბრი, ვინ უფრო კარგი ოპოზიციონერია _ ირაკლი ალასანია თუ ნინო ბურჯანაძე. შეექმნა მაგალითად, თანხმობის დარბაზი. მისი ფინანსური რესურსი ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა.

ამას გარდა, ივანიშვილი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ვიღაცები დაისჯებიან და ვიღაცები _ არა. თუ ვიღაც დასაჭერია, ეს ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს. სააკაშვილსაც მიაჩნია, რომ მისი პირადი შეხედულებების მიხედვით უნდა დაისაჯონ ადამიანები. განცხადება, რომ ორსამ მინისტრს დაიჭერს და სხვებს არა, არასწორია. რიგითმა პოლიციელმა, რომელიც ნარკოტიკს უდებს ვიღაცას ჯიბეში, უნდა იცოდეს, რომ ხვალ ამისთვის დაისჯება.

_ თქვენ ხშირად ახმაურებთ კულუარულ ინფორმაციას. ქალბატონო ელისო, საიდან ფლობთ ამ ინფორმაციებს, აგენტები გყავთ ხელისუფლებაში?

_ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია, თუმცა, უნდა ვთქვა, ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვფლობთ ამ ინფორმაციას, ნიშნავს, რომ გვენდობიან. სხვათა შორის, უამრავი ინფორმაცია გაგვიჟღერებია, მაგრამ ყველაზე რეზონანსული იმ ოპოზიციონერების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აღმოჩნდა, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

_ სხვათა შორის, ხელისუფლების აგენტობაში თქვენც ხშირად გადანაშაულებენ

_ აგენტები თავისთან მოიკითხონ. რასაკვირველია, ეს ბრალდება არასერიოზულია. რამდენი პოლიტიკოსია თუნდაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში, რომლებიც ხელისუფლების მოლაპარაკების მაგიდასთან არაერთხელ იჯდა, ხან «რვიანებს» ქმნიდა და ხან «ექვსიანებს»? აღარაფერს ვამბობ იმ მატერიალურ სიკეთეებზე, რაც ამ მოლაპარაკებების დროს მიიღეს. თავად ესაუბრებიან ხელისუფლებას და მე მაბრალებენ? ოპოზიციის მხრიდან ამ ხმების გავრცელებას მე შიშს ვუკავშირებ. ბადრი პატარკაციშვილი ამ ოპოზიციას წლების განმავლობაში აფინანსებდა და 18 მილიონზე მეტი აქვს მათთვის გადახდილი. ბევრი ინფორმაცია გვაქვს მათ შესახებ. სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიებისა თუ ხელისუფლების მხრიდანაც ჩვენ ბევრი წინადადება მივიღეთ, მაგრამ არც ერთს არ დავთანხმდით. მოვა დრო და ამაზეც ვილაპარაკებ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here