Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

928

სტალინისა და ჰიტლერის ყველაზე უფრო რთული დაუსწრებელი ორთაბრძოლა 1940 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ გერმანიის მთავრობის მიწვევით ბერლინში ჩავიდა საბჭოთა მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე პირი ქვეყანაში _ ვიაჩესლავ მოლოტოვი.

საბჭოთა დელეგაციის ჰიტლერთან შეხვედრის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს თარჯიმანი ბერეჟკოვი წიგნში «დიპლომატიური ისტორიის ფურცლები» (1982 წელი). იგი ხაზს უსვამს შეხვედრის დეკორატიულ რიტუალობას, რომელიც გამიზნული იყო სტუმრების ფსიქოლოგიურად დათრგუნვისთვის. ორმა მაღალმა ესესელმა, რომლებიც შავ უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი და თავის ქალის გამოსახულებიანი ქუდები ეხურათ, საზეიმოდ გახსნეს უზარმაზარი კარი, აქეთიქით დადგნენ, გაიჭიმნენ და ფაშისტური მისალმებით აღმართეს მარჯვენა ხელი. უზარმაზარი კაბინეტი, რომელიც დარბაზს ჰგავდა, უზარმაზარი საწერი მაგიდა, დიდი გლობუსი და ამ ანტურაჟთან შედარებით ფიურერის ციცქნა ფიგურა.

სტუმრებისადმი პატივისცემისა და კეთილგანწყობილებისთვის ხაზგასასმელად, ჰიტლერი მიეახლა მათ, ყველას ხელი ჩამოართვა და სასაუბროდ მიიპატიჟა. წარმოთქვა შესავალი სიტყვა იმის შესახებ, რომ ინგლისი ფაქტობრივად წელშია გატეხილი და მალე გამოაცხადებს კაპიტულაციას, გერმანია აკონტროლებს მთელ დასავლეთ ევროპას და დროა ბრიტანეთის იმპერიის გასანაწილებლადო.

ღერძის ქვეყნებმა _ გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ უნდა იცოდნენ საბჭოთა მთავრობის მოსაზრებანი ამ საკითხზე.

მოლოტოვმა უყურადღებოდ დატოვა ჰიჰტლერის განცხადება და შესთავაზა კონკრეტული, პრაქტიკული საკითხების განხილვა. კერძოდ, გვინდაო ვიცოდეთ, რატომ გაიგზავნა გერმანიის ჯარები ფინეთში, სამხედრო მისია კი _ რუმინეთში საბჭოთა მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე? ამით ხომ ირღვევა თავდაუსხმელობის პაქტი, რომელიც 1939 წელს დაიდო?

ფიურერი ცდილობდა მოლაპარაკება მისთვის სასურველი კალაპოტით წარემართა და მოლოტოვს მსოფლიოს განაწილებაზე ლაყბობით აბრუებდა. ამ განაწილებაში იგი საბჭოთა კავშირს იწვევდა, რაც, მისი სიტყვებით, განამტკიცებდა გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მეგობრულ ურთიერთობას.  სტალინს მითითება ჰქონდა მიცემული მოლოტოვისთვის, მტკიცედ დაეცვა საბჭოთა მთავრობის პოზიცია: გაერკვია აღმოსავლეთის მიმართულებით გერმანიის ჯარების კონცენტრაციის მიზეზები და დაეფიქსირებინა ჰიტლერის რეაქცია ამ საკითხებზე. როგორც ბერეჟკოვი წერდა: «სამსახიობო ნიჭის მიუხედავად, ჰიტლერმა ვერ შესძლო საკუთარი დაბნეულობის დამალვა»… იგი არეულ-დარეულად და არადამაჯერებლად უპასუხებდა. მოლოტოვმა დაამატა, რომ შექმნილი სიტუაცია მოსკოვის შეშფოთებას იწვევს და ამიტომ სურს მკაფიო პასუხის მიღება გერმანიის მთავრობისგან.

ჰიტლერი იძულებული იყო, განეცხადებინა, რომ საქმეში გარკვეული არ არის. მან კვლავ დაიწყო ლაპარაკი მსოფლიოს განაწილების თავისი იდეის შესახებ და ამით შეეცადა, დაემალა გერმანიის ჭეშმარიტი განზრახულება. საბჭოთა კავშირს სთავაზობდა განევრცო თავისი გავლენა სამხრეთის მიმართულებით ინდოეთის ოკეანემდე…

«აქ მოლოტოვმა შეაწყვეტინა ჰიტლერს, _ აღნიშნავს ბერეჟკოვი _ მიუთითა, რომ უაზრობად მიაჩნია ამგვარი ხასიათის კომბინაციების განხილვა. საბჭოთა მთავრობა დაინტერესებულია უზრუნველყოს იმ რაიონების სიმშვიდე და უშიშროება, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება საბჭოთა კავშირს».

უეჭველია, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელის ასეთი ქცევა აიხსნება სტალინის მითითებით, აღეკვეთა ჰიტლერის მცდელობა მოლაპარაკება წარემართა საბჭოთა კავშირისთვის აქტუალური პრობლემებისთვის გვერდის ავლით. ჰიტლერისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მას საქმე აქვს ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც არ უღალატებს თავის იდეოლოგიურ პრინციპებს. ჰიტლერი ორპირობდა, ეშმაკობდა, ტყავიდან ძვრებოდა, ცრუობდა, სტალინი კი, მოლოტოვის სახით, ნათლად აჩვენებდა, რომ მხოლოდ მოლაპარაკების პატიოსნად წარმართვას აპირებს თავისი ინტერესების დაუფარავად. როგორც ჩანს, ჰიტლერმა იგრძნო, რომ დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სტალინთან დიპლომატიური ორთაბრძოლის ეს ეტაპი წააგო. ამიტომ მან შეწყვიტა მოლაპარაკება საჰაერო განგაშის მომიზეზებით.

იმ პერიოდში ბრიტანეთის ავიაცია სისტემატურად განახორციელებდა ბერლინზე თავდასხმას და, როგორც ჩანს, ეს თავდასხმაც გერმანიის დედაქალაქში საბჭოთა კავშირის დელეგაციის ჩასვლასთან იყო მისადაგებული. ამით ხაზი ესმებოდა იმასაც, რომ ჰიტლერის განცხადება ინგლისის წელში გატეხვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დიდი ბრიტანეთი არც კაპიტულაციას აპირებდა და არც მესამე რაიხთან რაიმე სახის გარიგებას. გამორიცხული არ არის გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელების ასეთი ფანდიც: საბჭოთა წარმომადგენლებისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გერმანია კვლავაც განაგრძობს ომს ინგლისთან და ამიტომ არ ღირს ყურადღების მიქცევა გერმანიის ჯარების აღმოსავლეთის მიმართულებით კონცენტრაციისთვის; ამით განამტკიცებდნენ ჰიტლერის გეგმას აღმოსავლეთისკენ დაძვრის თაობაზე.

«მომდევნო დღეს მეორე შეხვედრა გაიმართა ჰიტლერთან, _ წერს ბერეჟკოვი, _ ამ დროისთვის მოსკოვიდან უკვე მივიღეთ დაშიფრული დეპეშა. გუშინდელი შეხვედრის შესახებ ანგარიში უკვე განეხილათ და დელეგაციამ მიიღო ინსტრუქციები შემდგომი მოქმედების თაობაზე. საბჭოთა მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა გერმანელების წინადადებაზე, არ დათანხმდა ჰიტლერის მცდელობას, ჩართულიყო «ბრიტანეთის ქონების» განაწილების შესახებ დისკუსიაში. ამასთან, კვლავ დაგვიდასტურეს მითითება, რათა გერმანიის მთავრობას განემარტა საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებასთან»…

ბერეჟკოვი არ წერს, თუ ვისგან მოდიოდა ეს მითითებები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ საკითხზე მოეწვიათ მთავრობის სხდომა, უნდა ვიფიქროთ, რომ მითითება მიღებული იყო ან პოლიტბიუროდან ან უშუალოდ სტალინის მიერ იყო გამოგზავნილი. მეორე ვარიანტი უფრო რეალური ჩანს, რადგან იმ დროისთვის სტალინი უპირობო ხელმძღვანელი იყო ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის. ამგვარი საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტა, როგორც წესი, მიზანშეუწონელია.

საბჭოთა დელეგაციის მეორე შეხვედრას ჰიტლერთან არაფერი შეუცვლია. მოლოტოვი განაგრძობდა სტალინის მითითების ზუსტად შესრულებას, ფიურერი და რიბენტროპი კი კვლავ ცდილობდნენ, შეენიღბათ გერმანიის მზადება საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად. მოლოტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა გერმანული მოწყობილობა-დანადგარების საბჭოთა კავშირისთვის მოწოდების შეფერხებით; ასეთი პრაქტიკა დაუშვებელია, რადგან საბჭოთა მხარე ზუსტად ასრულებს გერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჰიტლერმა უპასუხა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს ინგლისთან და ამიტომ იძულებულია, მოახდინოს მთელი თავისი რესურსების მობილიზება.

და აქ, როგორც ბერეჟკოვი წერს, მოლოტოვმა მკვეთრად შეუტია:

_ მაგრამ ჩვენ ეს-ესაა მოვისმინეთ, რომ ინგლისი, ფაქტობრივად, უკვე წელშია გატეხილი. მაშ, რომელი ქვეყანა იბრძვის სასიკვდილოდ და რომელი სასიცოცხლოდ?!

ჰიტლერი ამჯერადაც გაოგნდა პასუხით, თუმცა ამჯობინა შეეკავებინა თავი, გაუგებრად წაიბურტყუნა, რომ ინგლისი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გატეხილი და ამ მიმართულებით ზოგი რამ გასაკეთებელი დარჩა, საერთოდ კი საუბრის თემა ამოწურულია და მოლაპარაკებას განაგრძობს რიბენტროპი.

მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საბჭოთა კავშირს შესთავაზა, მიერთებოდა სამთა პაქტს (გერმანია, იტალია, იაპონია). საჰაერო განგაშმა კვლავ აიძულა ბუნკერში გადასულიყვნენ. მოლოტოვმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ინგლისის სწრაფად განადგურება რეალისტური არ ჩანს, ის, რაც დელეგაციამ ამ საკითხზე მოისმინა, ისევე ნაკლებსარწმუნოა და ნაკლებდამაჯერებელი, როგორც განმარტება რუმინეთსა და ფინეთში გერმანიის ჯარების ყოფნის შესახებ. რიბენტროპმა განაცხადა, რომ ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხები განხილულ უნდა იქნას ჩვეულებრივი დიპლომატიური არხებით. ამით დამთავრდა საბჭოთა დიპლომატიური დელეგაციის ვიზიტი გერმანიასთან.

დღეს ცნობილია, რომ უკვე მაშინ ამუშავებდნენ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის სტრატეგიას, ჰიტლერმა კი მოლოტოვთან შეხვედრის კვირაძალს ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას, რომელშიც ნათქვამი იყო: «უახლოესი მომავლის რუსეთის პოზიციის გასარკვევად პოლიტიკური მოლაპარაკება იწყება. იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ამ მოლაპარაკების შედეგი, უნდა განვაგრძოთ ადრე გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაო აღმოსავლეთისთვის. ამ საკითხის შესახებ შემდგომ მითითებას მოგაწვდით, როგორც კი დავამტკიცებ ოპერაციის გეგმის ძირითადი დებულებებს». ეს «ბარბაროსას გეგმა» 18 დეკემბერს დაამტკიცეს. დირექტივა იწყებოდა ასე: «გერმანიის შეიარაღებული ძალები ინგლისთან ომის დამთავრებამდე მზად უნდა იყოს საბჭოთა რუსეთის გასანადგურებლად ელვისებური ლაშქრობითმზადება უნდა დამთავრდეს 1941 წლის 15 მაისამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ამ თავდასხმისათვის მზადება არ გახმაურდეს».

ვინ გაიმარჯვა ამ დიპლომატიურ ორთაბრძოლაში? სტალინი _ მოლოტოვის სახით ღიად და პატიოსნად იბრძოდა. ფიურეს გასაგებად აუხსნეს, რომ საბჭოთა კავშირი შეშფოთებულია გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკით, არ გამორიცხავს ომისთვის სამზადისს, მაგრამ, ამასთანავე, არ ეშინია ამისა და არ აპირებს უღალატოს პრინციპებს და გაურიგდეს ფაშისტებს. ჰიტლერი, რა თქმა უნდა, მიხვდა: მისი დიპლომატიური ხრიკები სტალინმა გაშიფრა, რამაც ფიურერი დაამცირა. ჰიტლერმა ვერ შეძლო სტალინის სიფხიზლის მოდუნება.

ხომ არ დამარცხებულა სტალინი ამ ორთაბრძოლაში? შესაძლებელია დაიბადოს ასეთი შეკითხვა, რადგან ნახევარი წლის შემდეგ ჰიტლერელები მაინც თავს დაესხნენ სსრკ-ს. ამ ომის დაწყება საბჭოთა ბელადმა ვერ გათვალა, რითაც უნდა აიხსნას ჩვენი საშინელი დამარცხებანი პირველ პერიოდში. მხოლოდ მიამიტი ადამიანი დაიჯერებს, რომ ეს მართლაც ასე იყო. ზემოთ აღწერილ შეხვედრას სტალინი თავისი სცენარით წარმართავდა, მან იცოდა, რამდენად საშიშია გერმანიის პოზიცია სსრ კავშირის მიმართ და რომ ომი გარდუვალია. უფრო მეტიც, სულ მალე სტალინს უკვე მაგიდაზე ედო დაზვერვის პატაკი მოსალოდნელი ომის დაწყების სავარაუდო თარიღის შესახებ. ეს იყო 15 მაისი.

როგორ უნდა ემოქმედა საბჭოთა კავშირს ამ ვითარებაში? სამხედრო თვალსაზრისით, ლოგიკური იქნებოდა, დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და პირველს დაერტყა. მაგრამ ამის პოლიტიკური შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩენილიყო საბჭოთა კავშირისთვის. იგი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა, როგორც გერმანიასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების დამრღვევი მხარე. გერმანიას შესაძლებლობა მიეცემოდა, ან კავშირი დაედო ინგლისთან, ან მიეღწია მისი ნეიტრალიტეტისთვის, მოეპოვებინა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა და ადეკვატური პასუხი მიეგო მტრისათვის. იაპონიას კი ყველა საფუძველი ექნებოდა, საბჭოთა კავშირისთვის ომის გამოსაცხადებლად.

სტალინს ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა, განეგრძო დაძაბული მზადება ომისთვის, ამასთან, ეცადა, რაც შეიძლება გადაეწია საომარ მოქმედებათა დაწყების თარიღი.

იმ ფაქტმა, რომ ჰიტლერმა 15 მაისს არ დაიწყო ომი, შექმნა შთაბეჭდილება, რომ აგრესიამ გარკვეული ხნით გადაიწია (ამას იტყობინებოდა დაზვერვაც). ივნისის დასაწყისიდან ყველა საფუძველი არსებობდა, ევარაუდათ, რომ გერმანიის თავდასხმა ერთი წლით გადავადდა, და შესაძლებელი იყო გაეგრძელებინათ წითელი არმიის გადაიარაღება.

როგორ უნდა ემოქმედა სტალინს? იგი დარწმუნებული იყო, რომ ომი ცხრა მთას იქით არ არის. ერთი შეხედვით, ასეთ სიტუაციაში მას სასწრაფოდ უნდა შეეგროვებინა ჯარები დასავლეთის საზღვართან და გამოეცხადებინა საყოველთაო მობილიზაცია. მაგრამ ეს აღიქმებოდა საბჭოთა კავშირის აგრესიულობის დადასტურებად, ხოლო ჰიტლერი ისარგებლებდა ვითარებით, რათა სტალინი ომის ვერაგ გამჩაღებლად წარმოედგინა მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრისთვის.

ამასთანავე, ჯარების დისლოკაციის მასშტაბური შეცვლა და მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაციის განხორციელება ორ-სამ დღეში წარმოუდგენელია. ასეც რომ მომხდარიყო, დასავლეთის საზღვრებთან წითელი არმიის ნაწილების კონცენტრაციის შემთხვევაში გერმანელებს შეეძლებოდათ ერთი მძლავრი დარტყმით გაენადგურებინათ ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები და სწრაფად დაეპყროთ რუსეთის მთელი ევროპული ნაწილი, რისი იმედიც ჰიტლერს ჰქონდა.

ეს რომ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი არ არის, დამტკიცდა 1967 წელს ახლო აღმოსავლეთში, როცა არაბებმა მარცხი განიცადეს, უწინარეს ყოვლისა, იმის გამო, რომ დემონსტრაციულად შეაგროვეს თავიანთი ჯარები ისრაელის საზღვართან. ისრაელმა დაარტყა ავიაციით, შეუტია მიწაზე და უცებ დაამთავრა ყველაფერი. აი ამის მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო, საბჭოთა კავშირს ჯარების კონცენტრირება რომ მოეხდინა თავის დასავლეთ საზღვრებთან 1941 წლის გაზაფხულზე.

ჰიტლერმა თუ შეგნებულად გადასწია საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დრო 15 მაისიდან 22 ივნისამდე, ეს უნდა ჩაითვალოს გონიერ გადაწყვეტილებად, რადგან მან ამით შესძლო სტალინის სიფხიზლის მოდუნება. მაგრამ საბჭოთა ლიდერს იმედად ყოფნაღა დარჩენოდა, კერძოდ იმისა, რომ ჰიტლერი, უწინარეს ყოვლისა, შეეცდებოდა ინგლისელების მხრიდან საფრთხის მოცილებას და შემდეგ იაპონელებთან გამართავდა მოლაპარაკებას ერთობლივი მოქმედების კოორდინაციის საკითხებზე.

ყველა შემთხვევაში, საბჭოთა ლიდერის აქტიური მოქმედება გამორიცხული იყო. იგი იმთავითვე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ 1941 წლის იანვარში თავდაცვის სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა გიორგი ჟუკოვი. ასე რომ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ მას უნდა დაესახა და განეხორციელებინა ღონისძიებები აგრესიის მოსაგერიებლად. და თუ დღეს უმაღლეს მთავარსარდალს კი არა, მას მოიხსენიებენ «გამარჯვების შემოქმედად» (რაც სრულიად უსამართლოა), წითელი არმიის აშკარა მოუმზადებლობის გამო სწორედ მან უნდა აგოს პასუხი. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი პირველი დამარცხებების მთავარი მიზეზი მარტივად შეიძლება აიხსნას: მტერი ჩვენზე ძლიერი იყო.

წინადღე

1941 წლის 22 ივნისი მნიშვნელოვანწილად დღემდე რჩება ისტორიულ ამოცანად. ჩვენი ამოცანა არ არის მისი ამოხსნა. გამოვიყენებთ კომპეტენტური ისტორიკოსის, ო. ვიშლევის ცნობებსა და დასკვნებს. იგი დიდი ხნის მანძილზე სპეციალურად სწავლობდა ამ პრობლემას და გამოწვლილვით აქვს გაანალიზებული პირველწყაროები და ლიტერატურა მის შესახებ.

სტალინს ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა, რომ 1941 წლის ივნისში დაწყებული ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 1940 წლის ზაფხული «თაფლობის თვე» იყო გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობაში, მაგრამ ეს პერიოდი მალევე დამთავრდა.

საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, როცა ჰიტლერმა ბრიტანეთის ჯარებს ნება მისცა, სამშობლოში გაქცეულიყვნენ, ვერმახტის ნაწილებმა საბჭოთა საზღვრებთან დაიწყეს კონცენტრირება. ინგლისიდან თავდასხმის შიში გერმანიას არ ჰქონდა.

სტალინმა იცოდა, რომ ბერლინში შეუდგნენ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმების დამუშავებას და იძულებული გახდა ქვეყანა, მომავალი ომისთვის ინტენსიურად მოემზადებინა. ვიშლევი ხაზს უსვამს: «სტალინი ცდილობდა თავიდან აეცილებინა გერმანიასთან შეტაკება, რადგან საღად ჰქონდა გაანალიზებული ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა, მისი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არასაკმარისი დონე და ის, თუ რა უდიდეს საშინელებას უქადდა საბჭოთა კავშირს გერმანიის აგრესია. სწორედ ამით, და არა «ჰიტლერისა და ფაშიზმისადმი სიმპათიით», არა გერმანიასთან «მეგობრობის» ილუზიით, რის საზოგადოებისთვის თავს მოხვევასაც ცდილობს ზოგიერთი ავტორი, განსაზღვრული იყო ის ყველაფერი, რასაც მოსკოვი აკეთებდა 1941 წლის გაზაფხულიდან იმისთვის, რომ არ ჩაბმულიყო მესამე რაიხთან ომში.

საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი რამეს კი არ უთმობდა ჰიტლერს, არამედ ცდილობდა, დიპლომატიური გზებით გაეძნელებინა მოსალოდნელი აგრესიის დაწყება, ამასთან, აძლიერებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვით პოტენციალს. ბერლინის მიმართ საკმაოდ მკაცრი კურსი ხორციელდებოდა. დიპლომატიის უკომპრომისობასთან ერთად გერმანიისთვის ნედლეულის რესურსების მიწოდების დაბრკოლება იყო გამოყენებული. საბჭოთა ხელმძღვანელობის ძირითადი მოთხოვნები იყო: გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებათა შესრულება და ბერლინის მიერ აღმოსავლეთ ევროპის იმ რაიონების ექსპანსიაზე უარის თქმა, რომლებსაც საბჭოთა კავშირი თავისი უსაფრთხოების ზონად მიიჩნევდა. ამასთან ერთად, კრემლი ცდილობდა ურთიერთობის გაუმჯობესებას მოსაზღვრე ქვეყნებთან».

არც ერთი ამ ამოცანის ბოლომდე გადაწყვეტა არ მოხერხდა. სამაგიეროდ სტალინმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა: 1941 წლის მარტის ბოლოს თურქეთმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში იგი დაიცავდა ნეიტრალიტეტს, ამით გავიმაგრეთ ჩვენი სამხრეთის საზღვრები; დაიდო სსრკ-იაპონიის პაქტი ნეიტრალიტეტის შესახებ, რამაც შეამცირა ორ ფრონტზე საომარ მოქმედებათა წარმოების საშიშროება.

მაგრამ არ დარჩა იმედის ნატამალი, რომ გერმანია ხანგრძლივ ომში ჩაეფლობოდა იუგოსლავიასთან და საბერძნეთთან. მაშასადამე, საბჭოთა კავშირზე თავდასხმა უახლოეს დროში იყო მოსალოდნელი.

მაშინ, 1941 წლის აპრილ-მაისში სტალინმა სხვა ტაქტიკა აირჩია: ერთდროულად კომპრომისის ძიება და სამხედრო ძალის დემონსტრირება. ყველა შესაძლებლობით თავდასხმის დრო უნდა გაწელილიყო შემოდგომამდე, როცა ჯერ გზების ატალახების და შემდეგ დიდი ყინვების გამო ვერმახტი საბჭოთა კავშირზე არ გამოილაშქრებდა.

ჰიტლერს უნდოდა სტალინის მოტყუება ვერსიის შემოგდებით, რომ თითქოს საბჭოთა საზღვრებთან გერმანიის ჯარების გადმოსროლა ბრიტანეთის მთავრობის ყურადღების მოდუნების მანევრია, ვერმახტის ძალების ინგლისში გადასხდომის წინ. მაგრამ ეს ეშმაკობა ჩაეშალა. 1941 წლის მარტში სტალინმა მიიღო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ ჰიტლერმა ვერ მოიპოვა უპირატესობა ვერც ჰაერში, ვერც ზღვაზე და ამიტომ უარი თქვა, გადაესხა ჯარები ბრიტანეთის კუნძულებზე. ლონდონში არ გამორიცხავდნენ მასთან გარიგების შესაძლებლობას. ჰესის გადაფრენამ დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი ამ მიმართებით. არც ის იყო დიდი საიდუმლო, რომ ამ ქვეყნის არაერთი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე ჰიტლერთან დაახლოების მომხრე რჩებოდა.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here