Home რუბრიკები ისტორია ანტისტალინური უნამუსობა

ანტისტალინური უნამუსობა

1602

ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის კრიტიკის ეშხში ისე შევიდა, რომ «დახურულ მოხსენებაში» განაცხადა, თითქოს უმაღლესმა მთავარსარდალმა არ იცოდა, რა ხდებოდა ფრონტებზე. ამ აბსურდული მტკიცების «ბუნებრივ» არგუმენტად გამოიყენა პრიმიტიული მსჯელობა, რომ სტალინი არასოდეს ყოფილა ფრონტზე, არც ერთ გათავისუფლებულ ქალაქში არ ჩასულა, თუ არ ჩავთვლით «ელვისებურ ჩასვლას მოჟაისკის გზატკეცილზე ფრონტის სტაბილურობის პირობებში», სტალინის ბრძანებები არცთუ იშვიათად «არ ითვალისწინებდა სიტუაციას ფრონტის მოცემულ უბანზე» და ..

ჩვენს მკითხველებს მკვლევართა პუბლიკაციებზე დაყრდნობით უნდა ვუთხრა, რომ არავის, განსაკუთრებით კი, იმ სარდლებს, უპირველეს ყოვლისა, გენერალური შტაბის უფროსებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებისა და დირექტივების მომზადებაში, არავის, არასოდეს ასეთი სისულელე არსად წამოსცდენია.

მარშალმა ჟუკოვმა თავის მემუარებში, რომლებიც ხრუშჩოვის სიკვდილის შემდეგ დაწერა, პირდაპირ მიუთითა, რომ სტალინი განსაკუთრებით კომპეტენტური სტრატეგი იყო. მარშალი ვასილევსკი თავის წიგნში სპეციალურად ჩერდება ხრუშჩოვის აღნიშნულ შეფასებაზე და კატეგორიულად არ ეთანხმება მას. ავიაციის მთავარი მარშალი გოლოვანოვი სტალინს მოიხსენიებს როგორც უნიჭიერეს უმაღლეს მთავარსარდალს.

ხრუშჩოვს ეშმაკი არ ასვენებს და განაგრძობს ცილისწამებას, იმოწმებს მარშალ ბაგრამიანს, რომელიც იმ დროს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, და წერს, რომ 1942 წელს, როცა წითელი არმიის ნაწილებისთვის ხარკოვის რაიონში არახელსაყრელი ვითარება შეიქმნა, «ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხარკოვის ალყაში მოქცევის ოპერაციის შეწყვეტის შესახებ».

ამას კი მოჰყვა ის, რომ გერმანელებმა ალყაში მოაქციეს ჩვენი სამხედრო დაჯგუფებები, «რის შედეგადაც დავკარგეთ ასი ათასობით ჩვენი ჯარისკაცი. ესეც თქვენი სტალინის სამხედრო «გენია», აი, რად გვიჯდებოდა იგი ყველას».

ასე ამბობდა ხრუშჩოვი, მაგრამ მხედართმთავრების უმეტესობა სტალინს კი არა, თვით ნიკიტა ხრუშჩოვს ადანაშაულებს ხარკოვის ოპერაციის წარუმატებლობაში.

აკადემიკოსი სამსონოვი წერს, რომ მარშალი ჟუკოვი არ იზიარებდა ხრუშჩოვის აღნიშნულ შეფასებას.

მარშალმა ვასილევსკიმ აშკარა სიცრუე უწოდა ხარკოვის ოპერაციის ხრუშჩოვისეულ ვერსიას.

ნიშანდობლივია, ხრუშჩოვის გადადგომის შემდეგ გამოცემული დიდი სამამულო ომის «მოკლე ისტორია» ხარკოვთან დამარცხების პასუხისმგებლობას სტალინსა და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს კი არ აკისრებს, არამედ ფრონტის სარდლობას (იხ. მითითებული წიგნის 1970 წლის გამოცემა, გვ. 164-165). ასეთი შეფასება ემთხვევა 1942 წლის 26 ივნისის სტალინის წერილს, რომელიც მრავალგზისაა ციტირებული სხვადასხვა ნაშრომში, მათ შორის რ. პორტუგალსკის, ა. დომანკისა და ა. კოვალენკოს მიერ შედგენილ მარშალ ტიმოშენკოს ბიოგრაფიაში (1994 წელი), რომელშიც ავტორები პასუხისმგებლობას აკისრებენ არა მარტო ბაგრამიანს (რომელიც ნიკიტამ თავის მოხსენებაში მოწმედ დაასახელა), არამედ ტიმოშენკოსაც და ხრუშჩოვსაც.

აი, რა ფასი აქვს ნიკიტას ლაყბობას და მის «ობიექტურ» შეფასებებს: კულტის წინააღმდეგ «მებრძოლმა» ხრუშჩოვმაც და ბაგრამიანმაც ხელი გარდაცვლილ სტალინს შეაწმინდეს.

ხრუშჩოვს თავისი თავი ადარდებს და საკუთარი ცოდვებისგან განსაწმენდად იღვწის და არა ისტორიული სიმართლის დასადგენად. «დახურულ მოხსენებაში» იგი უნებურად «ხსნის კარტებს», როცა აცხადებს, რომ ვინც სტალინისადმი უსიტყვოდ მორჩილებაზე უარს განაცხადებდა ან «შეეცდებოდა თავისი შეხედულების, თავისი სიმართლის დამტკიცებას, განწირული იყო ხელმძღვანელი კოლექტივიდან გასარიცხად, მორალური და ფიზიკური განადგურებისთვის».

«ხელმძღვანელი კოლექტივიდან გარიცხვის» შიშის გამო დუმდა თურმე ნიკიტა, უფრო მეტიც, ხოტბას ასხამდა ბელადს.

კარიერისტის ვნებანი

ხრუშჩოვი რომ ტყუის, იქიდანაც ჩანს, რომ თავისი ნათქვამის დასადასტურებლად ვერც ერთ მაგალითს ვერ ასახელებს.

მორალურად და ფიზიკურად განადგურებას რაც შეეხება, თავად განსაჯეთ: მარშალი ტიმოშენკო სტალინის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 17 წელიწადს ცხოვრობდა, ხრუშჩოვი _ 18 წელიწადს, ბაგრამიანი _ 29 წელიწადს. მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი თავიანთ აზრზე იდგნენ ხარკოვის მარცხთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთ მათგანს პასუხი არ უგია, მით უფრო, არავინ «გაუნადგურებია».

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მკვლევარი და გენერალი ვოლკოგონოვი სტალინის მიმართ სიმპათიურად არ იყო განწყობილი, ობიექტურად მიიჩნევდა, რომ ხრუშჩოვს წლების შემდეგ ან მეხსიერებამ უღალატა, ან მოხსენების ამ ნაწილში იგი ელემენტარულად იტყუებოდა და ცდილობდა, «უკანა რიცხვით თავისთვის შეექმნა ისტორიული ალიბი» (Сталин. Политический портрет, მეორე ტომი, თავი მე-8, გვ. 771).

კიდევ ერთი სისულელე მოხსენებიდან, რომელიც ხრუშჩოვმა პარტიის XX ყრილობის დელეგატებს წარუდგინა:

«ვურეკავ ვასილევსკის და ვევედრები:

_ აიღეთ, ალექსანდრ მიხაილოვიჩ, რუკა, _ ვეუბნები. _ აჩვენეთ ამხანაგ სტალინს, რა მდგომარეობაც შეიქმნა.

უნდა ითქვას, რომ სტალინი ოპერაციებს გლობუსის მიხედვით გეგმავდა (გამოცოცხლება დარბაზში). დიახ, ამხანაგებო, აიღებდა გლობუსს და მასზე გვიჩვენებდა ფრონტის ხაზს. ჰოდა, ამიტომაც ვეუბნებოდი ამხ. ვასილევსკის, აჩვენეთ რუკაზე ვითარება…»

ეს არის აშკარა ტყუილი, შეიძლება ითქვას, ყველაზე აშკარა ტყუილი ხრუშჩოვის მთელ მოხსენებაში. არავის უცდია, რამენაირად დაედასტურებინა ასეთი ურცხვი მონაჭორი. სამაგიეროდ ძალიან ბევრი ავტორი კატეგორიულად უარყოფს მას, ზოგი აღშფოთებულიც კი არის. ამას დაგიდასტურთ მრავალი სარდლის მოგონებები და, აგრეთვე, მოლოტოვის მიერ ამ საკითხზე გამოთქმული აზრი.

სტალინი აკნინებდა მარშალ ჟუკოვის დამსახურებას

ხრუშჩოვი იმდენად პატარა კაცი იყო, მსოფლაღქმის იმდენად ვიწრო ჰორიზონტით, რომ ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც პარტიის ყრილობის ტრიბუნა იყო, მოხსენებაში, რომელიც «პიროვნების კულტის» წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, საკუთარ პიროვნულ, შეიძლება ითქვას, დერეფნის საუბრებსა და განცდებს, როგორც წესი, მისი მწირი ფანტაზიით შექმნილ კოლიზიებს ყოვლად დაუსაბუთებლად სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციებიდან წარუდგენდა დელეგატებს.

თვითონ წვრილფეხა ინტრიგანი სხვის წარმოჩენას ცდილობს ამ როლში.

აი, ამის ერთ-ერთი მაგალითი.

ხრუშჩოვი: «სტალინი დიდ ინტერესს იჩენდა ამხ. ჟუკოვის, როგორც სამხედრო სარდლის (ასეა დედანში, თითქოს სარდალი არასამხედრო შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ლაპარაკია სამხედრო მოღვაწეზე. ასეთი «მარგალიტები» მთელ მოხსენებაშია გაბნეული. _ ა.ს.) შეფასების მიმართ. მას არაერთხელ უკითხავს ჩემთვის, რა აზრის ვიყავი ჟუკოვზე, და მეც ვეუბნებოდი:

_ ჟუკოვს ვიცნობ დიდი ხანია, იგი კარგი გენერალია, კარგი სარდალია.

(რამდენად უაზროდ ჟღერს ნიკიტას პასუხი, ჩვენმა მკითხველმა, ალბათ, უკვე მიაქცია ყურადღება: სტალინი ხშირად ეკითხებოდა ხრუშჩოვს, თუ რა აზრისაა იგი ჟუკოვზე და ხრუშჩოვიც ყოველ ჯერზე უპასუხებდა _ ჟუკოვს დიდი ხანია ვიცნობო… ან სტალინს სჭირდა ამნეზია, ან ხრუშჩოვი გვატყუებს. ან ამის დამწერს სულ არ აინტერესებდა, როგორ აღიქვამდნენ ყრილობის დელეგატები ასეთ უაზრობას.  რადგან უნდა მიეღოთ როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ თქმული ჭეშმარიტება!

ანტისტალინელებს თვითონ სჭირთ პიროვნების კულტის მონება. განვაგრძოთ).

ომის შემდეგ სტალინმა ჟუკოვზე ათასნაირი ჭორების მოყოლა (!) დაიწყო, იგი მეუბნებოდა:

_ აი, თქვენ აქებდით ჟუკოვს, არადა, იგი ამას არ იმსახურებს. ამბობენ, რომ ჟუკოვი ფრონტზე რომელიმე ოპერაციის წინ ასე იქცეოდა: აიღებდა ერთ მუჭა მიწას, დაყნოსავდა და შემდეგ იტყოდა, შეიძლება შეტევის დაწყება თუ, პირიქით, არ შეიძლებოდა დასახული ოპერაციის განხორციელება.

მაშინ ამაზე ასე ვუპასუხე:

_ არ ვიცი, ამხ. სტალინ, ეს ვინ მოიგონა, მაგრამ ეს ტყუილია.

ეტყობა, სტალინი თვითონ იგონებდა ასეთ ამბებს, რათა დაეკნინებია მარშალ ჟუკოვის როლი და სამხედრო ნიჭიერება».

წიგნის ავტორი გროვერ ფერი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხრუშოვი ცრუობს.

ხრუშჩოვის გარდა სხვას არავის გაუგონია, რომ სტალინს რაიმე მსგავსი ეთქვას. ჟუკოვისავე თქმით, რომელსაც ხშირად იმოწმებენ სხვა ავტორები, სტალინს მისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია, თუმცა 1946 წელს თანამდებობრივად დააქვეითა. მარშლის სიტყვები ხრუშჩოვის მიმართ გამოთქმულ საყვედურადაც კი შეიძლება განვიხილოთ, რადგან ძნელად თუ წარმოვიდგენთ სხვა მიზეზს, რისთვისაც დასჭირდა ჟუკოვის ამ შენიშვნის ჩაწერა თავის მოგონებებში.

სტალინმა მართლაც გადაიყვანა ჟუკოვი ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე მაშინ, როცა გაირკვა, რომ მარშალმა სახელმწიფოს კი არ გადასცა გერმანული ალაფი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ომის დროს გერმანიის მიერ მიყენებული უდიდესი ზარალის დასაფარად, არამედ მიითვისა, თანაც დიდი რაოდენობით.

(ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ერთი, ბურუსით მოცული ფაქტი, რომელიც ამ მითვისებასთან არის დაკავშირებული. საქმის დეტალები გამოქვეყნდა, როგორც გროვერ ფერი მიიჩნევს, აშკარად ოფიციოზური ჟურნალის «Военные архивы России» 1993 წლის პირველ ნომერში, გვ. 175-245. მომდევნო ნომერი არ გამოსულა. ჟურნალმა შეწყვიტა არსებობა).

ჟუკოვის დაქვეითების მიზეზები ყველასთვის ცნობილი იყო. ხრუშჩოვი აშკარად ეპირფერებოდა ჟუკოვს. ძალიან მალე _ 1957 წელს ხრუშჩოვს მარშლის მხარდაჭერა დასჭირდა, რათა დაემარცხებია «სტალინისტები» _ მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და შეპილოვი, როცა ისინი ხრუშჩოვის გადაყენებას შეეცადნენ.

ლენინური ეროვნული პოლიტიკის პრინციპების ფეხქვეშ გათელვა.

ხალხთა მასობრივი გადასახლება

ხრუშჩოვი: «აღმაშფოთებელია ქმედებანი, რომელთა ინიციატორი იყო სტალინი და რითაც უხეშად ფეხქვეშ გაითელა საბჭოთა სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები. ლაპარაკია მშობლიური ადგილებიდან მთელი ხალხების მასობრივ გასახლებაზე, მათ შორის, ყველა კომუნისტსა და კომკავშირელზე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ამასთან, ასეთი გადასახლებები არ იყო ნაკარნახევი სამხედრო მოსაზრებებით.

არათუ მარქსისტ-ლენინელის, არამედ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ვერ თავსდება ასეთი ვითარება _ გარკვეული პირების ან ჯგუფების მტრული მოქმედების გამო როგორ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს მთელ ხალხებს, ქალების, ბავშვების, მოხუცების, კომუნისტებისა და კომკავშირელების ჩათვლით, და მათ წინააღმდეგ განხორციელდეს მასობრივი რეპრესიები…»

ხალხთა მასობრივ გასახლებაზე რომ ლაპარაკობდა, ხრუშჩოვმა დაასახელა ყარაჩაელები, ყალმუხები, ბალყარელები, ჩეჩნები და ინგუშები. რაღაც მიზეზების გამო მას «დაავიწყდა» ყირიმელი თათრებისა და ვოლგისპირელი თათრების დასახელება.

გასახლების თემაზე საუბრისას ხრუშჩოვს არავითარი «საიდუმლოება» არ გამოუაშკარავებია, რადგან ყველამ საკმაოდ კარგად უწყოდა ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს აქციები ხორციელდებოდა. «ზეშთაგონებად» შეიძლება შევაფასოთ სტალინის წინააღმდეგ წამოყენებული მხოლოდ სამი ბრალდება:

1) გასახლება ტარდებოდა «ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე»; 2) იგი არ იყო ნაკარნახევი რაიმე «სამხედრო მოსაზრებით»; 3) «მთელი ხალხები» დაისაჯნენ «ცალკეული პირების ან ჯგუფების მტრული მოქმედების გამო».

სწორედ ამ «მხილებებს» განვიხილავთ თანმიმდევრობით.

მოვლენები, რომლებიც გასახლების მიზეზი გახდა, ოპერაციების განხორციელება და მათი შედეგები ძალიან კარგად არის წარმოდგენილი საბჭოთა არქივების დოკუმენტებით. თუმცა მთელი ეს ინფორმაცია საბჭოთა კავშირის დაშლამდე გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ უეჭველია, რომ ამ მასალებზე ხრუშჩოვს ხელი მიუწვდებოდა. მას ან მის თანაშემწეებს უნდა სცოდნოდათ, რამდენად შორსაა სინამდვილიდან «დახურული მოხსენების» კრიტიკული პასაჟები.

თავად განსაჯეთ.

1. გასახლებას დაქვემდებარებულ პირთა სიებიდან გამონაკლისების დაშვების მაგალითები მოჰყავს იგორ პიხალოვს თავის წიგნში იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც გამოქვეყნებულია რუსი ექსპერტის, ნ. ბუგაის ნაშრომებში;

2. სამხედრო თვალსაზრისით, დეპორტაციები უზრუნველყოფდა წითელი არმიის ზურგების უსაფრთხოებას.

ეროვნებათა გასახლების მიზეზებიც საყოველთაოდაა ცნობილი: მოსახლეობის უმეტესობა აქტიურად ან პასიურად მხარს უჭერდა გერმანიას, მონაწილეობდა ამბოხებებში საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებს. ამასთან ერთად, გამორიცხული არ იყო, რომ 1944 წელს გერმანია აღმოსავლეთისკენ კვლავ არ დაძრავდა თავის არმიებს, როგორც ეს წინა სამი წლის განმავლობაში ხდებოდა.

სათქმელია ისიც, რომ მკვლევარები ნ. ბუგაი და ა. გონოვი აშკარად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი დეპორტაციების მიმართ, მაგრამ ისინიც კი აღნიშნვენ: «საბჭოთა მთავრობამ, კაცმა რომ თქვას, სწორად აირჩია პრიორიტეტები და მათი გამომუშავების დროს ეყრდნობოდა თავის უფლებას, დაემყარებინა წესრიგი ფრონტის ხაზს უკან, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიაში…»

სწორედ აქაა უპრიანი, გავახსენოთ მკითხველებს ის, რაც ხრუშჩოვმა «დახურულ მოხსენებაში» იუმორისტული ელფერით თქვა: «უკრაინელები ასეთ ხვედრს გადაურჩნენ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და ვერსად გაასახლებდი, თორემ იგი მათაც გაასახლებდა (სიცილი, გამოცოცხლება დარბაზში)».

უნდა ჩავთვალოთ, რომ ხრუშჩოვი ხუმრობდა (!) და სერიოზულად არ განუცხადებია, რომ სტალინი უკრაინელების გასახლებას აპირებდა. თუმცა შესაძლებელია, ხრუშჩოვმა იმიტომ დაასახელა უკრაინელები, რომ ნაცისტების მხარეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკრაინის მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი მონაწილეობდა. მაგრამ ესეც კი სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა წითელი არმიის ზურგში დასავლეთისკენ მისი ძლევამოსილი წინსვლის დროს 1944-1945 წლებში. ყირიმელი თათრებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობის ანტისაბჭოთა აჯანყებების მასობრივი ხასიათის გათვალისწინებით, ქვეყნის ხელისუფლებას სრული საფუძველი ჰქონდა, ეფიქრა, რომ მსგავსი რამ შეიძლება უკრაინაშიც მომხდარიყო;

3. საკითხი, შეიძლება თუ არა მთელი ხალხის გასახლება, ორ ნაწილად უნდა გავყოთ.

პირველი. რამდენად მასობრივი ხასიათის იყო მეამბოხეთა მოძრაობა ამ ეთნიკურ ჯგუფებში? ნამდვილად იყო ისინი იმდენად ფართო, რომ მონაწილეობდა მოსახლეობის უმრავლესობა? ჩვენი მონაცემებით, რომელთაც ქვემოთ შევეხებით, აჯანყებები მასობრივი ხასიათის იყო და მათში მოსახლეობის არანაკლებ ნახევარი მონაწილეობდა.

მეორე. გენოციდის საკითხი. მცირე ეროვნული ჯგუფის დანაწევრება, რომლის წევრები ენით, ისტორიით, კულტურით მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები, ფაქტობრივად, მათ დაღუპვას გამოიწვევდა.

ჩეჩნების, ინგუშებისა და ყირიმელი თათრების შემთხვევაში, ნაცისტებთან თანამშრომლობამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ «მხოლოდ დამნაშავეების» იზოლაცია და დასჯა გაანადგურებდა მათ, როგორც ერს. ამის ნაცვლად ეროვნულმა უმცირესობებმა შეინარჩუნეს თავიანთი ერთობა, ხოლო მათი რაოდენობა ბოლოს და ბოლოს გაიზარდა.

ყირიმელი თათრები

ყირიმელი თათრები მასობრივად გაასახლეს. მათი დეპორტაციის ბევრი დოკუმენტი ამჟამად განსაიდუმლოებულია. სამწუხარო ისაა, რომ კომენტარები უაღრესად ტენდენციურია, მაგრამ თვით დოკუმენტები _ ფრიად საინტერესო.

აი, ზოგიერთი მონაცემი, რომლებიც ამ მასალებიდანაა ამოღებული:

1939 წლისთვის ყირიმელი თათრების რაოდენობა 218 000 იყო. ეს ნიშნავს, რომ 22 000, ანუ მოსახლეობის 10 პროცენტი წვევამდელი ასაკის მამაკაცები იყვნენ. საბჭოთა წყაროების უახლესი მონაცემებით, 1941 წელს 20 ათასი ყირიმელი წვევამდელი გამოიქცა საბჭოთა შეიარაღებული ძალებიდან; 1944 წელს იმავე რაოდენობის ყირიმელი მოხალისე გერმანელების მხარეს გადავიდა და იარაღით ხელში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.

მაშასადამე, ჰიტლერელებთან თანამშრომლობა ჭეშმარიტად მასობრივი იყო. მაგრამ აქ ვაწყდებით ერთ რთულ საკითხს: როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლება?

შეიძლებოდა, არც არაფერი გაეკეთებინა და ყველანი დაუსჯელად დაეტოვებინა, რაც ნაკლებად დასაშვები ჩანს.

შეიძლებოდა 20 000 დეზერტირი დაეხვრიტა. შეიძლებოდა ყველა, წვევამდელი ასაკის ახალგაზრდა ციხეში ჩაესვა, მაგრამ ერთიცა და მეორეც ნიშნავდა ყირიმელი თათრების ამოწყვეტას.

ამიტომ იყო, რომ საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა მთელი ხალხის გადასახლება შუა აზიაში, რაც განახორციელა კიდეც 1944 წელს. მათ მისცეს მიწა და რამდენიმე წლით გადასახადებისგან გაათავისუფლეს. ყირიმელი თათრები ამოწყვეტას გადარჩნენ, ხოლო 1950-იანი წლების ბოლოსთვის მათი რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა.

ჩეჩნები და ინგუშები

1943 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაახლოებით 450 000 ჩეჩენი და ინგუში ცხოვრობდა. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის 40-50 ათასი წვევამდელი ასაკის მამაკაცი იყო. 1942 წელს, ანუ მაშინ, როცა გერმანელი ნაცისტები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ, 14 576 მამაკაცი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მათგან 13 560 ან დეზერტირი გახდა, ან დაიმალა, ან შეუერთდა მთიანეთში მოქმედ აჯანყებულთა თუ ბანდიტთა დაჯგუფებებს.

ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობის გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან მასობრივი თანამშრომლობა ეჭვს არ იწვევს. 2000 წლის 23 თებერვალს რადიო «თავისუფლებამ» გადასცა ჩეჩენი ნაციონალისტების ინტერვიუ, რომელშიც ისინი ტრაბახობდნენ, რომ 1943 წლის თებერვალში განახორციელეს პროგერმანული, ანტისაბჭოთა აჯანყება, ზუსტად იმ დროს, როცა გერმანიის შემოტევა კავკასიაზე ყველაზე წარმატებული იყო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს აჯანყება ნაცისტური დროშის ქვეშ მიმდინარეობდა და მისი მიზანი ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის შეკვრა იყო.

როგორც ბუგაი და გონოვი აღნიშნავენ, დეპორტირებულთა შორის მსხვერპლი მათი საერთო რაოდენობის 0,25 პროცენტს არ ასცილებია: «შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ანგარიშების მიხედვით, 493 269 ადამიანი ჩეჩენი და ინგუში, ასევე სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც დაპატიმრებულები იყვნენ, 180 ეშელონით გადაიყვანეს. ოპერაციის დროს დაიღუპა 50 კაცი, 1 272 _ გზაში გარდაიცვალა» თუ გავითვალისწინებთ, რომ დეპორტაცია ტარდებოდა ზამთრის თვეებში, იმ დროს, როცა მიმდინარეობდა უდიდესი ომი ევროპის და, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიაში, ეს ციფრები განსაკუთრებით მაღალი არ უნდა მოგვეჩვენოს.

დაბოლოს, შეგვიძლია დავასკვნათ: ხრუშჩოვის მიერ წამოყენებულ დებულებათა საწინააღმდეგოდ, რომ 1) გამონაკლისები მაინც იყო; 2) გადასახლების სერიოზული სამხედრო საფუძველი არსებობდა; 3) ღალატი მასობრივი ხასიათისა იყო.

ხრუშჩოვმა კიდევ ერთხელ იცრუა.

 

«ლენინგრადის საქმე»

«დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ, როცა ქვეყანა პოლიტიკურ აღმავლობას განიცდიდა, «უცებ გაჩნდა ეგრეთ წოდებული ლენინგრადის საქმე. როგორც ამჟამად უკვე დადასტურებულია, ეს საქმე შეთითხნილი იყო. უდანაშაულოდ დაიღუპნენ ამხ.ამხ. ვოზნესენსკი, კუზნეცოვი, როდიონოვი, პოპკოვი და სხვები.

როგორ მოხდა, რომ ადამიანები ხალხის მტრებად გამოაცხადეს და გაანადგურეს?

ფაქტები გვიჩვენებს, რომ «ლენინგრადის საქმეც» იმ თვითნებობის შედეგია, რომელსაც უშვებდა სტალინი პარტიის კადრების მიმართ».

«ლენინგრადის საქმე» საიდუმლოების ბურუსითაა მოცული. ბევრი მიზეზი არის, ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში ფალსიფიკაციასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ უმძიმეს დანაშაულობებთან. ხრუშჩოვის მტკიცება, რომ მთელი ეს საქმე შედეგია სტალინის თვითნებობის, ზუსტად ის შემთხვევაა, როცა «დახურული მოხსენების» ავტორი აბსოლუტურად უგულებელყოფს სიმართლეს.

რიგი წლების განმავლობაში ხრუშჩოვი წამოსწევდა საკითხს, თუ კერძოდ ვინ უნდა აგოს პასუხი «ლენინგრადის საქმის» გამო, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვაგვარად ამბობდა, როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, თუ რას მოითხოვდა მომენტი.

სტალინის სიკვდილის შემდეგ «ლენინგრადის საქმის» შესახებ საკითხი პირველად ლავნეტი ბერიამ წამოაყენა. 1953 წლის 25 ივნისს, ანუ მის დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე მან ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმს გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის _ მ. რიუმინის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ბერიამ რიუმინს ბრალი დასდო «ლენინგრადის საქმის» საგამოძიებო მასალების ფალსიფიცირებაში. ეტყობა, დოკუმენტმა გარკვეულად ჩააფიქრა ხრუშჩოვი, რადგან იქ პირდაპირ ბრალი ედებოდა სემიონ იგნატიევს სსრკ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის _ მ. რიუმინის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ბერიამ რიუმინს ბრალი დასდო «ლენინგრადის საქმის» საგამოძიებო მასალების ფალსიფიცირებაში. ეტყობა, დოკუმენტმა გარკვეულად ჩააფიქრა ხრუშჩოვი, რადგან იქ პირდაპირ ბრალი ედებოდა სემიონ იგნატიევს, სსრკ სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მინისტრს, ხრუშჩოვის პროტეჟეს, რომელიც ამ თანამდებობიდან სტალინის სიცოცხლეში გაათავისუფლეს.

ერთი წლის შემდეგ, 1954 წლის 3 მაისს, სკკპ ცკ პრეზიდიუმმა, რომელსაც სათავეში ხრუშჩოვი ედგა, დაამტკიცა დადგენილება «ლენინგრადის საქმეზე». მთავარ დამნაშავედ დასახელდა იგნატიევის წინამორბედი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტზე, ვიქტორ აბაკუმოვი. რამდენიმე დღის შემდეგ ლენინგრადის პარტიული აქტივის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ხრუშჩოვი და აბაკუმოვთან ერთად პასუხისმგებლობა ბერიას დააკისრა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმის გამოძიების დროს ბერიას არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა არც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და არც ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ევალებოდა მათი კონტროლი.

ორი წლის შემდეგ კი, როცა პარტიის XX ყრილობის ტრიბუნიდან თავის «დახურულ მოხსენებას» კითხულობდა, ნიკიტამ მთელი პასუხისმგებლობა სტალინს დააკისრა. წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 1957 წლის ივნისში განაცხადა, რომ სტალინი თურმე ვოზნესენსკის და სხვა «ლენინგრადელების» დაპატიმრების წინააღმდეგი იყო და რომ მთავარი როლი მათ დაპატიმრებასა და დახვრეტაში ბერიამ და მალენკოვმა ითამაშეს!

რას უნდა დაუჯერო, რა უნდა ირწმუნო? აშკარაა ერთი რამ: როგორიც გინდა ყოფილიყო მალენკოვის როლი, ბერიას ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონდა. არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია, ვიფიქროთ, რომ 1957 წელს ხრუშჩოვი სიმართლეს ლაპარაკობდა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დროს.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. გენერალი ჟუხრაი, სტალინის უკანონო ვაჟი, ერთ ვიდეოში ყვება, რომ სტალინი დაცინოდა ხრუშოვს, რომელმაც ერთხელ მანქანაში ჩაიფსა თვითმფრინავის (გერმანელების თვითმფრინავი ეგონა) გუგუნის ხმის გაგონების გამო. ეტყობა, მერე ამაზეც იძია შური ხრუშჩოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here