Home რუბრიკები ეკონომიკა ლიკბეზი ეკონომიკის მინისტრისთვის

ლიკბეზი ეკონომიკის მინისტრისთვის

1856


«ლიკბეზი» _ ეს სახელწოდება სახკომსაბჭოს 1919 წლის 26 დეკემბრის დადგენილებიდან მოდის, რომელმაც დაამტკიცა რსფსრ-ში უწიგნურობის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა _ Ликвидация безграмотности _ (Ликбез). უწიგნური ხელისუფლების გასანათლებელი საქმე, ჩვენი თხოვნით, თავს იდო ცნობილმა მეცნიერმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან ჯიბუტმა. დღეს ვაგრძელებთ წინა ნომერში დაწყებულ საუბარს.

2008 წლის მაისში საქართველომ 500-მილიონიანი ევრობონდი (ევროობლიგაცია) გამოუშვა; ამის სანაცვლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს 2013 წლისთვის დასაფარი ვალის გადახდა 2021 წლამდე გადაუვადეს.

ვალის გადახდის გადავადება რომ კარგია, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ გადავადება კვლავ ვალის აღების ხარჯზე და ისიც 6,9%-იანი საპროცენტო განაკვეთით გადახდის პირობით მთლად გონივრული გადაწყვეტილება რომ არ არის, ეს უდავოა.

მთავრობამ სესხის აღების შემდეგ დაიწყო ფიქრი, რისთვის უნდა გამოეყენებია ეს სესხი. იყო სხვადასხვა მოსაზრება, რომ ამ თანხებით კახეთის რეგიონში გაკეთებულიყო გაზსაცავი, ან აშენებულიყო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ბოლოს გადაწყდა, რომ ნასესხები ფული ჩადებულიყო მომავლისა და განვითარების ფონდებში, მაგრამ დაიწყო რუსეთთან ომი და მთლიანად შეიცვალა ამ თანხის გამოყენების მიზნობრიობა.ჩვენი აზრით, ეს მთავრობის სერიოზული შეცდომა იყო, 2008 წელს სესხის აღების არანაიარი გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საქართველოს 2013 წელს კრედიტორებისთვის უნდა დაებრუნებია სხვადასხვა დროს აღებული დაახლოებით 1.800.0 მილიონი ლარი. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალი 6-7 მილიარდი ლარია, ამ თანხის გადახდა პრაქტიკულად მართლაც ძნელი იქნებოდა. ამდენად, 2013 წლისთვის ძველი დავალიანების დასაფარავად ახალი ვალის აღება მართლაც იყო შესაძლებელი, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ვალი 4 წლით ადრე აიღო და არ იქნა გათვლილი მისი მძიმე შედეგები: საქართველოს 10 წლის შემდეგ ძირითადი ვალის 500 მლნ აშშ დოლარის გადახდასთან ერთად (წლიური 34,5 მლნ სარგებლის გადახდის კვალობაზე) 845 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოუწევდა.

ხელისუფლების განმარტებით, ვალად აღებული 500 მილიონი აშშ დოლარი დევნილებისთვის განხორციელებულ ჰუმანიტარულ ღონისძიებებს მოხმარდა, რაც ნაკლებად სარწმუნოა. როგორც ჩანს, ეს თანხა ომის შემდეგ ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემების მოგვარებას მოხმარდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ ევროგაერთიანების ქვეყნების მიერ საბერძნეთისთვის გამოყოფილი (8 მილიარდი ევროს) ფინანსური დახმარების მიღება-არმიღების შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო _ საბერძნეთს ევროკავშირისგან მიეღო ეს დახმარება თუ ქვეყანაში მძვინვარე კრიზისი საბიუჯეტო ეკონომიის გზით დაეძლია. რეფერენდუმმა პაპანდრეუს წინადადება არ მიიღო. მან თანამდებობა დატოვა. უმოკლეს დროში გაირკვევა, რომ პაპანდრეუ მართალი იყო.

საგარეო დავალიანების სიმძიმე

დღეს საქართველოს საგარეო დავალიანების პრობლემის განხილვისას ლოგიკურად იბადება კითხვა, თუ რამდენად დიდია სავალო კრიზისის საშიშროება და, შესაბამისად, როგორია მისი დაძლევის რეალური შესაძლებლობანი.

ჩვეულებრივ, საგარეო დავალიანების სიმძიმის შეფასებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდუნარიანობის დადგენა.

გადახდისუნარიანობაში იგულისხმება დებიტორი ქვეყნის უნარი და შესაძლებლობა აღებული სესხის მაღალეფექტიანი გამოყენებით რამდენად უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მაღალ და სტაბილურ ტემპს, რაზეც უშუალოდ დამოკიდებულია საგარეო ვალის დროული გადახდა. ეკონომიკური ზრდის დასადგენად გამოიყენება მთლიანი ეროვნული პროდუქტისა და მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მაჩვენებლები. ორივე ეს ინდიკატორი ნათელ წარმოდგენას იძლევა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შესახებ, გადახდისუნარიანობის რეგულირების მოდელირების ძირითადი თავისებურებაა ის, რომ მისი გამოყენების შედეგად შესაძლებელი ხდება «გადახდისუნარიანობის დაკარგვის ფაქტის» დაფიქსირება, ანუ გადახდისუნარიანობის მაჩვენებლის «კრიტიკულ» ნიშნულს ქვემოთ გადაადგილება, რაც გვაძლევს კრიზისის დაწყების სიგნალს.

რაც შეეხება ლიკვიდუნარიანობას, მასში იგულისხმება განსაზღვრული პერიოდის შემდეგ (ვალების დაფარვის დადგენილი ვადებისთვის) საკმარისი ფულადი სახსრების (შემოსულობათა) არსებობა ქვეყანაში, რათა მან დროულად დაფაროს მიმდინარე სავალო ვალდებულებები. ლიკვიდუნარიანობის შეფასება ხდება საგარეო ვალის მიმდინარე გადასახდელების სიდიდესა და ქვეყანაში არსებული ლიკვიდური სახსრების (საექსპორტო შემოსავლების, ოქროსა და უცხოური ვალუტების რეზერვების, საბიუჯეტო შემოსავლების და სხვ.) მოცულობას შორის შეფარდების გზით.

თანამედროვე პირობებში გამოიყენება 20-30 და მეტი მაჩვენებელი. აღნიშნულ მაჩვენებლებს მიეკუთვნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მისი სავალუტო და ფინანსური მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრი: მეპ-ის ან მშპ-ის მოცულობა და მათი ზრდის ტემპი, საექსპორტო ფასების დინამიკა, ოქროსა და უცხოური ვალუტის დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა, საგადასახადო ბალანსის მდგრადობა, საგარეო ვალის მოცულობისა და მასზე გადასახდელების ზრდის ტემპი, ვალის მომსახურების ნორმა და სხვ.

ყველაზე გავრცელებულია საგარეო დავალიანების სიმძიმის შეფასების განმსაზღვრელი შემდეგი ე.წ. სტანდარტული კრიტერიუმები:

ა) რა სახისაა იგი _ სახელმწიფო შიგა ვალია თუ სახელმწიფო საგარეო ვალი;

ბ) როგორია სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთი _ მაღალი თუ დაბალი;

გ) ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი (მთლიანი ეროვნული პროდუქტის ან მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპი);

დ) საგარეო ვალის მოცულობის შეფარდება მთლიანი ეროვნული პროდუქტის ან მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობასთან;

ე) საგარეო ვალის მომსახურებისთვის (საპროცენტო განაკვეთის) გადასახდელი თანხის შეფარდება ბიუჯეტის შემოსავლებთან;

ზ) საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის შეფარდება წლიური ექსპორტის მოცულობასთან.

საგარეო ვალის და მისი მომსახურების შესახებ ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების ყოველდღიური მართვისთვის. აგრეგირებულ საფეხურზე კი იგი საჭიროა უცხოური ვალუტის მიმდინარე მოთხოვნების შესაფასებლად, ვალის მომსახურებისთვის გადასახადების დასაგეგმად, აგრეთვე, ახალი უცხოური სესხების მოზიდვის განსაზღვრისთვის და საგარეო რისკების გასაწევად.

სახელმწიფო ვალის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მიუთითებს: მთლიანი შიგა პროდუქტის ღირებულება (უცვლელ ფასებში) 2003 წლის 8.041.9 მლნ ლარიდან 2010 წლისთვის 20.791.8 ლარამდე, ანუ 2,6-ჯერ გაიზარდა. საგარეო ვალის მოცულობა 2003 წლის 1774.6 მლნ დოლარიდან 2012 წლისთვის 8520.3 მლნ დოლარამდე, ანუ 4.8-ჯერ გადიდდება.

მაშასადამე: ა) საქართველოში ადგილი აქვს მეტად არასასურველ ტენდენციას _ საგარეო ვალის ზრდის ტემპი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის შიგა პროდუქტის ზრდის ტემპი, 2012 წლისთვის ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან შეფარდებით საგარეო ვალების მოცულობა გაცილებით მაღალი იქნება.

ამასთან, საქართველოში მშპ-ის ზრდის ტემპი მკვეთრად მერყეობს და მეტისმეტად დაბალია. იგი შეადგენდა 2003 წელს _ 11.1; 2004 წელს _ 5.9; 2005 წელს _ 9.6; 2006 წელს _ 9.4; 2007 წელს _ 12; 2008 წელს _ 2,3; ხოლო 2010 წელს 6 პროცენტს. ასეთი მატებით თუნდაც 1990 წლის დონეს რომ მივაღწიოთ, სულ ცოტა 20 წელი დაგვჭირდება.

ბ) ამავე პერიოდში საქართველოში საგარეო ვალის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე 1129 დოლარს გადააჭარბებს (ხოლო შიგა ვალი _ 247 ლარს, ანუ 142 დოლარს), რაც ისეთი მცირებიუჯეტიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდ ტვირთს წარმოადგენს. საქართველოს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის მოსახლეობის ერთ სულზე საგარეო ვალის მოცულობით პირველი ადგილი უკავია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ თურქმენეთს (75 დოლარი), სომხეთსა (152 დოლარი) და მოლდოვას (167 დოლარი).

გ) საგარეო ვალის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადასახადები ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტის გასავლების სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, ამიტომ საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი და მზარდი სახელმწიფო ვალი ეკონომიკურ პრობლემათა ცენტრშია;

დ) საგარეო ვალის მთლიანი თანხის თანაფარდობა საქონლისა და მომსახურების ექსპორტთან (კრიტიკულ ზღვარს შეადგენს 275%) 290%-ს უდრის, რაც კრიტიკულ ზღვარს აღემატება. საქართველოში ექსპორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტის ზრდის ტემპს, ხოლო კრედიტზე გადახდილი საპროცენტო თანხა აჭარბებს ექსპორტის ზრდის ტემპს. საექსპორტო კვოტა (ქვეყნის ექსპორტის შეფარდება მთლიან შიგა პროდუქტთან) ჯერ კიდევ დაბალია და მიუთითებს მსოფლიო ბაზართან ეროვნული ეკონომიკის კავშირურთიერთობის ვიწრო მასშტაბებზე;

ე) საგარეო ვალის მოცულობის თანაფარდობა ქვეყნის სავალუტო რეზერვებთან კატასტროფულად გაიზარდა და 2500%-ს გადააჭარბა;

ვ) სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ძირითადი ვალის ზრდასთან ერთად იზრდება სარგებლის გადასახდელების თანხა. 2021 წლიდან საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველკვარტალურად გადასახდელი ექნება ასეულ მილიონობით ლარი საგარეო სესხების ძირითადი თანხისა და მასზე სარგებლის თანხის დასაფარავად.

ამრიგად, საგარეო ვალების მომსახურების საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და მთავრობის ფისკალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე არსებული საბიუჯეტო კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების რეალური საფრთხეა მოსალოდნელი.

უცხოური კრედიტებისა და დახმარებების, აგრეთვე, შიგა ვალის, არაფექტიანი და სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებელი ხარჯვა საზოგადოების საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. ეს სფერო განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ელიტური კორუფციის ერთ-ერთ ძირითად ასპექტად არის მიჩნეული.

ამასთან, ყოველწლიურად იზრდება სამთავრობო ხარჯები, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. სახსრები ძირითადად ხმარდება ტრანსფერებს, პოლიციის შენახვას, საზღვარგარეთ უშედეგო მოგზაურობებს, ლარის კურსის განმტკიცებას და ა. შ. რაც მთავარია, აღებული სესხები არ გამოიყენება წარმოების შემდგომი გამოცოცხლებისა და განვითარებისთვის.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი გაიფლანგა. მისი მნიშვნელოვანი ოდენობა მოხმარდა სურსათისა და მედიკამენტების იმპორტს, მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზისა და საწვავის შეძენას, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული კრედიტები გამოყენებულ იქნა ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის.

თუ სამთავრობო ხარჯების გადიდება ისეთი მიმართულებით განხორციელდება, როგორიცაა სუბსიდიები პარლამენტისა და მთავრობის სახელმწიფო მომსახურებისთვის ლიმუზინების, მერსედესების, ჯიპებისა და ა.შ. შესაძენად, მაშინ ვალის აღების სიმძიმე ნამდვილად დაეკისრება მომავალ თაობას. მაგრამ, თუ სამთავრობო ხარჯები მომავლისთვის მაინც გამოყენებული იქნება მატერიალური წარმოების სფეროს გაფართოებისთვის, ეს ღონისძიებები განამტკიცებს ეკონომიკის საწარმოო პოტენციალს, აამუშავებს საწარმოო სიმძლავრეებს, მიიღწევა სრული დასაქმება და გაიზრდება მეპ-ის მოცულობა. ამ შემთხვევაში საგარეო ვალი საერთო-სახელმწიფოებრივ საშიშრებას არ წარმოადგენს.

ნულოვანი ვარიანტი: გონივრული გადაწყვეტილება თუ შეცდომა?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთაშორისო ნორმებისა და «სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო აქტივებისა და სახელმწიფო ვალის სამართალმემკვიდრეობის შესახებ» ვენის კონვენციის დებულების შესაბამისად, შედგა ყოფილი სსრკ-ს სახელმწიფო ვალისა და აქტივების სამართალმემკვიდრეობის ნუსხა. 1991 წლის 4 დეკემბერს გაფორმდა შესაბამისი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა ქონებრივ მემკვიდრეობაში ე.წ. მოძმე რესპუბლიკების წილი. შესაბამისად, დადგინდა საქართველოს წილიც, როგორც არსებულ ქონებაში და გაცემულ სესხებში, ისე მის მიმართ ვალებში (აქტივებსა და პასივებში) 1,62%-ის ოდენობით. რუსეთის წილი განისაზღვრა 61,34%-ით.

თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის წილი გაანგარიშებულ იქნა აგრეგირებული კრიტერიუმების გამოყენებით, რასაც საფუძვლად დაედო ისეთი მაჩვენებლების ფაქტორული ანალიზი, როგორიცაა 1986-1990 წლებში თითოეულის ხვედრითი წილი საბჭოთა კავშირის ექსპორტში, იმპორტში, წარმოებული ეროვნული შემოსავლის მოცულობასა და მოსახლეობის რიცხოვნობაში.

საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ისე, როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, საქართველოსაც შესაბამისი წილი უნდა მიეღო:

ა) საზღვარგარეთ არსებული ყოფილი სსრ კავშირის უძრავ-მოძრავი ქონებიდან;

ბ) ოქროს ფონდიდან და სავალუტო რეზერვებიდან;

გ) საზღვარგარეთ არსებული ინვესტიციებიდან;

დ) ყოფილი ალმასის ფონდიდან.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალისა და აქტივების სამართალმემკვიდრეობის შესახებ, 1991 წლის 4 დეკემბრის შეთანხმებით, აღნიშნული ქონება მოკავშირე რესპუბლიკებს შორის უნდა განაწილებულიყო, მაგრამ 1993 წლის 14 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას «მოკავშირე რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებისა და საგარეო სახელმწიფო ვალების სამართალმემკვიდრეობის საკითხების რეგულირების შესახებ». ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა იკისრა სსრკ-ის მთელი საგარეო დავალიანების გადახდა. სამაგიეროდ, მოკავშირე რესპუბლიკებმა დათმეს საზღვარგარეთ არსებული სსკ-ის აქტივები. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს წარმომადგენელმაც, მაგრამ შემდგომში აღნიშნული შეთანხმების (ნულოვანი ვარიანტის) რატიფიცირება არ მოუხდენია მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს. დანარჩენმა რესპუბლიკებმა «ნულოვან ვარიანტს» ხელი მოაწერეს.

საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ოთარ ფაცაციამ მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა დოკუმენტი, რომლითაც უარი ითქვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქონებაზე, არამედ საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კუთვნილ ანაბრებზეც «ვნეშეკონომბანკში». როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს პრემიერმა ერთი დოკუმენტი წაიკითხა, ხელი კი მეორეს მოაწერა. უფრო სწორად, შეთანხმებული ვარიანტის დედანი ქართულმა მხარემ დაკარგა, ხოლო, რომელიც დარჩა, სწორედ ის აღმოჩნდა სასარგებლო რუსეთისთვის. შვიდი წლის განმავლობაში თვით პარლამენტშიც კი ეგონათ, რომ ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც ყოველწლიურად ხდებოდა, თურმე ანაბრების შესახებ პუნქტს არ შეიცავდა.

საბოლოოდ, ექსპერტთა შეფასებით, რატიფიკაცია გაუკეთდა დოკუმენტს, რომელიც, პრაქტიკულად, ბუნებაში არ არსებობდა. ქართულმა მხარემ პარაფირებული ვარიანტი დაკარგა, რუსებს არ დაუკარგავთ, მაგრამ ცხადია, არ გამოაჩინეს და საქართველოს შედარების იურიდიული საფუძველი მოუსპეს.

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ არსებობს 1969 წლის ვენის კონვენცია. ამ კონვენციის 49-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულება ორ მხარეს შორის ერთ-ერთი მხარის მოტყუების საფუძველზე დაიდო, მეორე მხარეს უფლება აქვს, მისი ბათილად ცნობა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში «ნულოვანი ვარიანტის» პარაფირებისას, პრაქტიკულად, რუსულმა მხარემ მოატყუა საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს პრემიერს ხელმოწერის ცერემონიაზე შეცვლილი ტექსტი შეაპარეს. ცხადია, პრემიერ-მინისტრს ხელმოწერის ცერემონიაზე ტექსტის წაკითხვისა და მისი ავთენტურობის შემოწმების საშუალება არ ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დაკარგული იყო, საქართველოს პარლამენტმა მას რატიფიცირება გაუკეთა 7 წლის შემდეგ და ამით საქართველომ საბოლოოდ უარი თქვა თავის წილ აქტივებზე საბჭოთა კავშირის ქონებიდან. მას პირველ რიგში შეეწირა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ანაბრები.

«ვნეშეკონომბანკში» საქართველოს მოქალაქეების ანაბრების საერთო რაოდენობა «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირების მომენტში 50 მლნ დოლარს აღემატებოდა. სსრ კავშირის აქტივებისა და პასივების დადებითი სალდო ყველაზე მოკრძალებული ეკონომიკური გათვლებით 400 მილიარდამდე დოლარს უტოლდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის ასეთი უგუნური გადაწყვეტილებით საქართველო დაემშვიდობა საბჭოთა კავშირის ქონებიდან და ვალდებულებებიდან კუთვნილ წილს 1,62%-ის ოდენობით.

საბოლოოდ, გაურკვეველი დარჩა, ვინ და რატომ დაკარგა «ნულოვანი ვარიანტის» როგორც დედანი, ისე პარაფირებული ტექსტი, რომლის ასლებიც ოთხ სახელმწიფო უწყებაში ინახებოდა და რომლის შენახვაზე, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირებიც არსებობდნენ.

მოვლენების მსვლელობა ასეთი იყო: 1991 წლის ბოლოს მოსკოვში, სასტუმრო «პრეზიდენტჰოტელში» (ყოფილი «ოქტიაბრსკაია») თორმეტი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მთავრობების მთაურები შეიკრიბნენ (ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკამ საბჭოეთის სამართალმემკვიდრეობაზე უარი თავიდანვე თქვა).

რუსეთის სასარგებლოდ აქტივებისა და ვალების დათმობის შეთანხმებას, იგივე «ნულოვან ვარიანტს», ხელი ათი რესპუბლიკის მთავრობათა მეთაურებმა მოაწერეს. მათ შორის არ იყვნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს წარმომადგენელი.

მოგვიანებით, როცა საქართველომ რუსეთთან «ნულოვანი ვარიანტის» შეთანხმების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთმა საქართველოს წამოუყენა ულტიმატუმი _ ან ვალების დაუყოვნებლივ გადახდა, ან «ნულოვან ვარიანტზე» ხელის მოწერა.

საქართველოს ექსპერტთა პირველი ჯგუფი მოსკოვში 1993 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა. ექსპერტებმა თავდაპირველი ვარიანტის ტექსტში ქართული მხარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის დაფიქსირება მოახერხეს. მათ შორის იყო «ვნეშეკონომბანკში» დაგროვილი ანაბრების გადმოცემა საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და მოლაპარაკებების დაწყება ალმასის ფონდის გაყოფაზე. მომდევნო ჯგუფში, რომელმაც პრემიერის ხელმძღვანელობით საბოლოო ვარიანტი შეიმუშავა, საქართველოს საგარეო უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა. თუ რატომ, ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია და ამას არც არავინ იძიებს.

თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი: თბილისში დაბრუნებულ პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილით აცნობა, რომ რუსულმა მხარემ პირობა დაარღვია და შეთანხმება უკვე აღარ შეესაბამება ექსპერტთა მიერ პარაფირებულ ტექსტს. წერილს თან ახლდა პარაფირებული დედნის ასლი, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობას დამატებითი კონსულტაციები არ მოუთხოვია.

ყბადაღებული «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიკაციას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. მომხრეთა მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიკაციის გარეშე რუსეთი ვალის გადავადების წინააღმდეგი იქნებოდა. იმ პერიოდში იწურებოდა შეღავათების 3-წლიანი პერიოდი და ხელისუფლება რუსეთის 179-მილიონიანი ვალის სამომავლოდ გადადების გზებს ეძებდა.

1995 წლის 30 ნოემბერს რუსეთის მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით აცნობა, რომ მან დაამთავრა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული შიგა სახელმწიფო პროცედურები და საქართველოს პარლამენტის მიერ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება მოითხოვა.

სამწუხაროდ, საქართველოს არ აღმოაჩნდა სსრკ-ის აქტივებისა და პასივების ზუსტი რაოდენობის შესახებ რუსეთთან შეჯერებული ოფიციალური მონაცემები.

1) საზღვარგარეთ სსრკ-ის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება, კანადის სააგენტო პინკერტონის მონაცემებით, 300-400 მლრდ დოლარს შეადგენდა; ხოლო რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ მსოფლიოს 112 ქვეყანაში 1996 წელს აღრიცხული და შეფასებული 1509 ობიექტის ღირებულება 324 მლრდ დოლარი იყო. აქედან საქართველოს წილი დაახლოებით 5 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა;

2) 1998 წლისათვის რუსეთის ოქროს მარაგი შეადგენდა 480 ტონას, რაც საბაზრო ფასებით შეფასებული იყო 4,6 მლრდ დოლარად. აქედან საქართველოს წილი 74 მლნ დოლარს უდრიდა;

3) სსრ კავშირის სავალუტო რეზერვებიდან (რომლის ღირებულება ათეულობით მილიარდი დოლარი იყო) საქართველოს ეკუთვნოდა ათეულობით მილიონი დოლარი;

4) სსრ კავშირის ინვესტიციები საზღვარგარეთ ათეულობით მილიარდი დოლარი იყო და მასში საქართველოს წილი რამდენიმე ასეული მილიონ დოლარს შეადგენდა;

5) სსრ კავშირის მიმართ სხვა სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი დებიტორების ფინანსური ვალდებულებები 150 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, საიდანაც საქართველოს 2,5 მილიარდი დოლარი ეკუთვნოდა;

6) რაც შეეხება ალმასის ფონდის გამოყოფას, აქ რუსეთის პოზიცია ცალსახა იყო _ რადგან ალმასი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მოიპოვება, არ უნდა განაწილებულიყო და მისი მეპატრონე მხოლოდ რუსეთი უნდა ყოფილიყო.

ამრიგად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გაანგარიშებით, ყოფილი სსრკ-ის აქტივებიდან საქართველოს წილი ყველაზე შემცირებული გაანგარიშებითაც კი არანაკლებ 5 მილიარდი დოლარი იყო.

ოფისის გაანგარიშების მიხედვით, სსრ კავშირის მიერ მემკვიდრეობით დატოვებული პასივების რაოდენობა 80,1 მილიარდ შშ დოლარს არ აღემატებოდა (42 მილიარდი დოლარი _ საზღვარგარეთის ქვეყნების ვალი, 32 მილიარდი დოლარი _ კომერციული ბანკების და 6,1 მილიარდი დოლარი _ სავალუტო ობლიგაციების დავალიანება).

1994-1997 წლებში მსოფლიოს ფინანსურ კლუბებთან მოლაპარაკების შედეგად რუსეთს ამ ვალებიდან მნიშვნელოვანი თანხა ჩამოეწერა, რის შედეგად კრედიტორი ქვეყნის წინაშე მას საბჭოთა კავშირის დროინდელი დავალიანება 38 მილიარდი დოლარი, ხოლო უცხოეთის კომერციული ბანკებისათვის 350 მილიარდი დოლარი ჰქონდა გადასახდელი. ექსპერტების გაანგარიშებით, «პარიზის კლუბის» წინაშე რუსეთის მთლიანი დავალიანება 44 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.

საბოლოოდ, «პარიზის კლუბის» (კრედიტორი ქვეყნები) და «ლონდონის კლუბის» (კრედიტორი ბანკები) მიერ ვალების რესტრუქტურიზების შემდეგ ყოფილი სსრკ-ის ვალიდან საქართველოს წილად მოდიოდა 964 მლნ აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს 2-3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ყოფილი სსრკ-ის აქტივებზე შეიძლებოდა ჰქონოდა პრეტენზია. ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს დაახლოებით 1 მლრდ დოლარის გადახდაზე მოუწევდა ვალების აღება და, საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის ქონებიდან მას შეეძლო 1-2 მლრდ დოლარის მოთხოვნა.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here