ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის _ ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მიხეილ სააკაშვილის ახირებად, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად გასაღდა. არადა, რეალურად ასე არ ყოფილა. მართალია, სააკაშვილი ხშირად იღებს ერთპიროვნულად ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას _ ხან ქვეყნის მთავარ არქიტექტორად მოგვევლინება, ხან მთავარ პროკურორად, ფინანსთა თუ განათლების მინისტრად, მაგრამ ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა სააკაშვილმა თავისი ახლო გარემოცვის წევრთა 3-დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
«საქართველო და მსოფლიომ» მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, თუ სად, როდის და რა ვითარებაში გადაწყდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო თავისი ერთგული პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად _ ამ არაოფიციალურ სასამართლო პროცესში, პრეზიდენტის გარდა, 20 «ნაციონალი» მონაწილეობდა.წყაროს, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ამ თავყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ მოუთხრო. მიხეილ სააკაშვილი, როცა შეიტყო, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადებაო, ლამის ჭკუიდან გადასულა და სასწრაფოდ მოიწვია ვიწრო თათბირი პრეზიდენტის სასახლეში. ეს ხდება 7 ოქტომბერს, საღამოს, როცა ნიკოლა სარკოზი უკვე თბილისიდან გაემგზავრა. ჩვენთვის უცნობია, ვინ მონაწილეობდა ამ თათბირში, მაგრამ შედეგია ცნობილი _ პრეზიდენტმა კონკრეტულ პირებს დაავალა, შეემუშავებინათ ივანიშვილთან ბრძოლის პირველი ეტაპის გეგმა და მეორე დღეს ყველას ცალ-ცალკე წარმოედგინა ეს გეგმა. წყარო ირწმუნება, რომ სააკაშვილს მთელი ღამე არ სძინებია და მუშაობდა. მასთან მორიგეობით მიდიოდნენ «ნაციონალთა» ლიდერები, «ნაციონალთა» სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების შედარებით დაბალი რანგის ჩინოსნები, რომელთაც გარკვეული ინფორმაციები აინტერესებდათ.
მეორე დღეს, დილის 11 საათიდან სააკაშვილმა წინა დღით ნათათბირები ლიდერები დაიბარა. შეხვედრა შუადღის 3 საათამდე გაგრძელდა. სააკაშვილმა, დაახლოებით 7-8 სამოქმედო გეგმა განიხილა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ არც ერთი არ მოიწონა. ამის მერე, მან ყველა დაითხოვა და მარტო დარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის კონსულტაციებს გადიოდა მის გულშემატკივრებთან, რომლებიც მას საკმაოდ ჰყავს ამერიკის ხელისუფლებაში, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელობაში, საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებში. ამის თაობაზე სააკაშვილმა თავადვე განაცხადა, როცა დიდი თავყრილობა მოაწყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ სანუგეშო ვერავინ ვერაფერი ურჩია. ზოგს ისიც უკითხავს _ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, აგვიხსენი, გაგვაგებინე და რჩევა მერე გვკითხეო.
მოკლედ, 9 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში შეიკრიბნენ: ნიკა გილაური, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ლაშა თორდია, გრიგოლ ვაშაძე, ლევან რამიშვილი, პავლე კუბლაშვილი, კოტე კუბლაშვილი, ბათუ ქუთელია, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, გიგი უგულავა, აკაკი მინაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, თამარ ბურჯალიანი და გიორგი ვაშაძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილეები); ნიკა რურუა, გიორგი პაპუაშვილი, დიმიტრი გვინდაძე, გივი თარგამაძე, ზურაბ მელიქიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი. ამ დროისთვის «ნაცმოძრაობის» ბოსებს უკვე მკაცრად გადაეწყვიტათ _ ბიძინა ივანიშვილი, არამც და არამც, არ უნდა შემოეშვათ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, თუნდაც უკანონოდ, რომ მისი პოლიტიკური ამბიცია აელაგმათ და არანაირად არ დაეშვათ მომავალ არჩევნებში მისი და მისი პარტიის მონაწილეობა. ეს შეთანხმება, ეტყობა, 7 ოქტომბერს, სააკაშვილთან სხვადასხვა რანგის «ნაცლიდერთა» შეხვედრებისას, გადაწყდა და შესაბამისი შეტყობინება ყველა რანგის «ნაციონალმა» მიიღო. მერე ამის შესახებ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია.
ოცდასამი «ნაციონალის» თავშეყრა (პლუს სააკაშვილი) საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა. 8 საათი ბჭობდა ნაცელიტა, რა ხერხით დაპირისპირებოდნენ ივანიშვილს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მომხრე იყო, ივანიშვილთან ბრძოლის მეთოდები რაც შეიძლება დახვეწილი და კანონის ჩარჩოებში ყოფილიყო მოქცეული. მას მხარს უჭერდნენ გიორგი პაპუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ნიკა გილაური, მურთაზ ზოდელავა, გიორგი ვაშაძე… ამ ჯგუფს დაუპირისპირდა მეორე ჯგუფი. გივი თარგამაძის ინიციატივა იყო, ივანიშვილს გასწორებოდნენ ნებისმიერი აკრძალული მეთოდით, ოღონდ სამართლებრივი საფუძველი მაინც შეექმნათ უკანონო ქმედებებისთვის.
ამ იდეას მიემხრნენ გიგა ბოკერია, აკაკი მინაშვილი, ნიკა რურუა, გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი. მათ შორის დავა დიდხანს გაგრძელდა, თარგამაძე-ბოკერია-უგულავას გუნდი ამტკიცებდა, რომ ივანიშვილთან რაფინირებული, პოლიტიკურად და იურიდიულად დახვეწილი მეთოდებით ბრძოლის დრო და საშუალება არ არის.
«ეგ «გრეჩიხა» არ არის, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებს რომ ვერ არჩევს ერთმანეთისგან… ძალიან ჭკვიანი და განათლებული კაცია; თუ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში გადავიტანთ ბრძოლას, მოგვიგებს _ უცხოელ იურისტთა მთელ არმიას დაიქირავებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო მრჩევლად გაიხდის ისე, რომ ჩვენ არც გვეცოდინება და დედას გვიტირებს, ამიტომ უკანონო, უხეში მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, რომ როგორმე წყობიდან გამოვიყვანოთ, შეცდომები დავაშვებინოთ და თამაში ჩვენს მოედანზე გადმოვიტანოთ,» _ ეს გივი თარგამაძის, შესაძლოა, ყველაზე გრძელი მონოლოგია, რომელიც ცხოვრებაში წარმოუთქვამს. ბოკერია ეთანხმებოდა გივის, მაგრამ მაინც ფრთხილობდა _ კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მწყობრიდან გამოვიყვანოთ, მაგრამ ისე უნდა გაკეთდეს, რომ უცხოელები არ გადავიკიდოთ, განსაკუთრებით, ამერიკაო. გრიგოლ ვაშაძეს იქვე განუმარტავს, რომ უცხოეთის არც ერთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან ელჩი ჯერ სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ, დროს ითხოვენ სიტუაციაში გასარკვევად და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენო.
მიხეილ სააკაშვილს ვაშაძისთვის უთქვამს _ მაგათმა ვირეშმაკობამ დამღალა, ახლა, ერთი მხარდამჭერი განცხადების ნაცვლად, ათას რაღაცას მომთხოვენ, მაგათმა სიფრთხილემ დამღალა, ვიმოქმედოთ და მერე ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი საქციელი, თუ რამე შეგვეშალა, გაამართლონ. მაგათ თავი ქუდში აქვთ, ფეხებზე ჰკიდიათ სააკაშვილიც და თქვენც, ყველანი, აგერ, სილვიო ბერლუსკონის სწირავენ, თვითონ თავი რომ გადაირჩინონ და მე რასაც მიზამენ, წინასწარ ვიციო.
იდეა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმიათ, პალიკო კუბლაშვილს ეკუთვნის. შემდეგ გაირკვა, რომ პალიკო კუბლაშვილი იყო ერთ-ერთი იმ «ნაცლიდერთაგანი», რომლებიც 7-8 ოქტომბერს შეხვდნენ სააკაშვილს და რომლებსაც მაშინ «სამოქმედო გეგმა» დაუწუნეს. ახლა კი სააკაშვილს წინა დღეს უარყოფილი გეგმა მოსწონებია და ყველასთვის უკითხავს რჩევა, _ რა ვქნათ, ჩამოვართვათ მოქალაქეობაო? ვიდრე სხვები რამეს იტყოდნენ, კოტე კუბლაშვილმა იურიდიული განმარტება გააკეთა იქ მყოფთათვის, თუ რის საფუძველზე ართმევდა მოქალაქეობას ივანიშვილს, თუმცა იქვე უთქვამს, ეს იმას ჰგავს, კაცს ნაჩუქარი წაართვა უკან და დაუსაბუთო, რომ მართალი ხარო. მეტი დამაჯერებლობისთვის, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ სამართლიანია ეს ყველაფერი, კარგი იქნება, თუ მის მეუღლეს _ ეკატერინე ხვედელიძესაც ჩამოვართმევთ მოქალაქეობასო.
ეს იდეა ბევრს მოსწონებია, თითქმის ყველა მომხრე ყოფილა იმისა, რომ სამართლებრივი სივრციდან გაეყვანათ ბიძინა ივანიშვილი, არალეგალური პოზიციიდან კი უფრო ეფექტურად შეუტევდნენ. კრება თითქმის ერთსულოვანი იყო, რომ ეს იყო შესანიშნავი საშუალება, ივანიშვილი და მისი მეუღლე აეძულებინათ, დაეტოვებინათ საქართველო, ამით დროს მოიგებდნენ. «რაც მთავარია, აქედან გავაგდოთ და მერე უკან აღარ შემოვუშვებთ. ამას მე ვიღებ ჩემს თავზეო,» _ ეს უკვე იუსტიციის მინისტრისა და გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სიტყვებია. მათდა საუბედუროდ, იმ დროს არავის გახსენებია, რომ საფრანგეთის მოქალაქეს _ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, ჰქონოდა ევროკავშირის ვიზა. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით თავიანთი თავის გადასარჩენად იბრძოდნენ და ესოდენ მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. როცა «ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვით შეპყრობილნი დასხდებიან ბჭობად», მაშინ ხომ საერთოდ თავს ძალას არც დაატანენ (და არც ატანენ _ ეტყობა ეს ხალხსაც და ქვეყანასაც!).
მიხეილ მაჭავარიანს არ გაუზიარებია კრების აღფრთოვანება და უკითხავს: ივანიშვილმა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაც რომ დატოვოს და პრეზიდენტს ხელახლა მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, მერე რას ვშვრებითო? სააკაშვილს პავლე კუბლაშვილისთვის უთქვამს, _ უპასუხეო. პავლეს უპასუხია: _ თუ მიზეზს მოვიძიებთ, ცოტა საფუძვლიანს, არ მივცემთ მოქალაქეობას, მანამდე უნდა იმოქმედონ ძალოვანებმა, რამე უნდა მოჩხრიკონ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღუძრან და მერე თავისთავად ვეღარ შემოვა ქვეყანაშიო.
ვანო მერაბიშვილს უკითხავს _ დავუშვათ, ვერ აღვძარით ეგ სისხლის სამართლის საქმე. ბიძინა ივანიშვილია, ვიღაც ხომ არა, სად მივდივართ ასეთ შემთხვევაშიო?
პრეზიდენტს ახლა გიორგი პაპუაშვილი აუყენებია «მერხიდან», _ გვიპასუხეო. პაპუაშვილს უთქვამს, თუ საკონსტიტუციოში შემოიტანა სარჩელი და მოითხოვა მოქალაქეობა, თან არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ იქნება, კი, უარს ვეტყვი და უზენაესის გადაწყვეტილებას კონსტიტუციურად ვაქცევ, მაგრამ ეს არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილებაო. ანუ რა ხდება მერეო? _ უკითხავს მიშას. რა ხდება და, საერთაშორისო სასამართლოში გვიჩივლებს, მოგვიგებს პროცესს და გვაიძულებენ, სასწრაფო წესით მივანიჭოთ მოქალაქეობაო. პავლე კუბლაშვილსა და თამარ ბურჯალიანსაც თავის ქნევით დაუდასტურებიათ _ კი, ბოლო ეგ იქნებაო. სააკაშვილი მაინც კმაყოფილი დარჩენილა _ მთავარია, დრო მოვიგოთ და ვიდრე ეგ საერთაშორისო სასამართლოს მოგვიგებს, მანამდე არჩევნებიც ჩაივლისო.
მაგრამ სააკაშვილს ისიც კარგად ესმის, რომ მარტო მოქალაქეობის ჩამორთმევით, თუნდაც ქვეყნიდან გაძევებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოერევა. ამიტომ, დაუვალებია გვინდაძისთვის, ადეიშვილისთვის, ნიკა რურუასთვის, ნიკა გილაურისთვის და პეტრე ცისკარიშვილისთვის კანონის ფარგლებში მოიფიქრეთ რამე ისეთი, რაც მას ფინანსური რესურსის გამოყენების საშუალებას არ მისცემს; რაც უკანონო, მაგრამ ასე თუ ისე მისაღები მოგაფიქრდეთ, ისიც კანონის ფარგლებში მოაქციეთო. სააკაშვილმა გვინდაძესა და გილაურს დაავალა, ამ საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ბანკის მთელი ხელმძღვანელობა ჩაერთოთ…
ამის შემდეგ კვლავ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს დაბრუნებია პრეზიდენტი და ოცეული. ვანო მერაბიშვილისთვის შენიშვნა მიუცია, _ ეგ კაცი ისე შემოგეპარა პოლიტიკაში, აზრზე არ იყავი, ასეთი შეცდომა არასდროს დაგიშვიაო. ვანოს იხტიბარი არ გაუტეხავს, _ მაგ შეცდომას მალე გამოვასწორებო. მიშას იქ შეყრილი «ნაციონალური» ლიდერებისთვის მიუმართავს, _ თუ ვინმეა წინააღმდეგი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოვართვა, აქვე დამიფიქსირეთ პოზიცია, არ მინდა აქედან ყველა «ერთსულოვანი» გახვიდეთ და მერე ვიღაცები გმირები გახდეთ, _ აი, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავითო. ამას კი ვერავინ იტყვის, რადგან ყველაფერი იწერება და კამერებით ფიქსირდება, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვისო. სამად სამი კაცი წასულა წინააღმდეგი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა _ დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი და ზურაბ მელიქიშვილი. ამის შემდეგ კრება კიდევ დიდხანს გაგრძელებულა. როცა დაშლილან, მიშას ეს სამეული _ ბაქრაძე, მაჭავარიანი და მელიქიშვილი დაუტოვებია თავისთან და თათბირი ამ ოთხეულს შორის გაგრძელებულა. ჩვენთვის უცნობია მოტივი, რის გამო წავიდა ეს სამი კაცი წინააღმდეგი.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა არ ჩამოართვა _ მის ნება-სურვილს ოცმა «ნაციონალმა» ერთხმად და უტეხად დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს უკვე მიღებული იყო, მიხეილ სააკაშვილმა 1 დღე _ 10 ოქტომბერი კონსულტაციებში გაატარა. ის შეხვდა ყველა თავის მრჩეველს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, იურისტებს _ საერთაშორისო და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებს არასამთავრობო სექტორიდან. წყარო ირწმუნება, რომ ყველა აღტაცებით ხვდებოდა სააკაშვილის, უფრო ზუსტად, პალიკო კუბლაშვილის იდეას _ ჩამოერთმიათ მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილისთვის. ანდა, რატომ არ შეხვდებოდნენ აღტაცებით? პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებდა, მათ პასუხს კაციშვილი ვერ მოსთხოვს, მათ საკუთარი მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ _ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ხომ ამ ადამიანებს დააკარგვინებს თანამდებობებს, მსუყე გრანტებს, აწყობილ და დალხენილ ცხოვრებას ბიუჯეტისა თუ საქართველოს დამაქცევარი მრავალი საერთაშორის ორგანიზაციის ხარჯზე.
მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ 11 ოქტომბერს, შუაღამისას მოაწერა ხელი ბრძანებას ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, რომელიც მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მეორე დღეს, 12 საათზე გააცნო ქართულ და უცხოურ მედიას.
«საქართველო და მსოფლიო» აღნიშნული თავყრილობისა და იქ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ მელიქიშვილსა და მიხეილ მაჭავარიანს დაუკავშირდა. ზურაბ მელიქიშვილმა არაფერი გვითხრა იმის შესახებ, მართლა ასეთ ფართო წრეში, 22 კაცში განიხილეს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. სამაგიეროდ გვიპასუხა კითხვაზე, მართლა წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას თავად, ბაქრაძე და მაჭავარიანი: «რას ლაპარაკობთ?! ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება» _ კატეგორიული იყო «ნაციონალური მოძრაობის» გენერალური მდივანი.
მიხეილ მაჭავარიანმა კი მოკლედ მოგვიჭრა: «ამ საკითხთან შეხება არ მქონია… არც ის ვიცი, სად და რა შეხვედრა შედგა. სიმართლე გითხრათ, ამგვარი შეხვედრის შესახებ არაფერი მსმენია».
«საქართველო და მსოფლიო» «თეთრების» ლიდერს, თემურ შაშიაშვილსაც დაეკითხა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ავტოკრატი სააკაშვილის მიერ, თუნდაც ვიწრო წრეში და «დემოკრატიულად» ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განხილვა და ზემოაღნიშნული სამეულის ერთგვარი პროტესტი ამ გადაწყვეტილების მიმართ.
თემურ შაშიაშვილი: თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ეს საკითხი დასვა ასეთ თათბირზე და მეორე კიდევ, რომ მისი აზრისა და სურვილის წინააღმდეგ წასვლას ვინმე ბედავდეს. ეს არის მონური ფსიქოლოგიის გუნდი. მე კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს მისი პოლიტიკაში გამოჩენის პერიოდიდანვე და ვიცი, რომ ამგვარ საკითხს არავის შეუთანხმებდა. დემოკრატია, დათათბირება, პოზიციების შეჯერება _ ეს არ არის სააკაშვილის მუშაობის სტილი. მას სამსახურში უყვარს მონა და ვერტიკალი ააწყო მონურ ფსიქოლოგიაზე.
არც ის სამეულია წამსვლელი სააკაშვილის ნების წინააღმდეგ, საამისო ვაჟკაცობა არ ეყოფოდათ, კარგად ვიცი ესეც. ვინ, მიხეილ მაჭავარიანი წავიდოდა წინააღმდეგი? კაცი, რომელიც არის მონური ფსიქოლოგიის ადამიანი. ჟვანიას გუნდის წევრი დღეს რომ სააკაშვილის გუნდშია, მეტიც, ჟვანიას გაზრდილი კაცი, ამით ყველაფერია ნათქვამი.
_ იქნებ ეს თათბირი თუ კრება სააკაშვილმა სწორედ იმიტომ მოიწვია, რომ მომავალში, თუ რაიმე გართულება მოჰყვა ამ საკითხს, თავი იმართლოს _ ეს გუნდური გადაწყვეტილება იყოო. თუნდაც, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე?
_ ეს არის გარედან მართვადი ხელისუფლება. სააკაშვილს მართავენ ლობისტი ჯგუფები, ისინი უგეგმავენ _ რა ჩაიცვას, როგორ ილაპარაკოს, როდის გაიცინოს, ტრიბუნა იღლიაში როგორ ამოიდოს. აი, ამ ლობისტური ჯგუფების კარნახია კანონი მისთვის და არა პარლამენტის თუ ახლო გარემოცვის პოზიცია და აზრი. ვინმეს პასუხისმგებლობის არიდებას კი არ ვცდილობ, მაგრამ არა მგონია, თავის მონებს სააკაშვილი ჭკუას დაკითხვოდა. როდის იყო მონებს ჭკუას ეკითხებოდნენ? ამ კაცმა ქვეყანა დააქცია, თავის გუნდიდან შემპასუხებელი არ ჰყავს და ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე მაჭავარიანი, ბაქრაძე და მელიქიშვილი წავიდოდნენ წინააღმდეგნი? არა მჯერა ამათი ვაჟკაცობისა და რა ვქნა?
ლევან ჯავახიშვილი