GEWORLD.GE:
რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ნიუპორტის #5-ში მდებარე «ახალი მემარჯვენეების» ახალი ოფისისა და ჯეჯილის ფერში გადაწყვეტილი ახალი სიმბოლიკის პრეზენტაციას რომ ვუყურებდი, უნებურად გია მაისაშვილის ცნობილი გამონათქვამი გამახსენდა, _ ოპოზიცია პოლიტიკურ მასტურბაციას ეწევაო; ხოლო როცა იმავე პრეზენტაციაზე «მემარჯვენეების» ლიდერთა მიერ გაკეთებულ ,,სათნო» განცხადებებს მოვუსმინე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართულ ოპოზიციას და, განსაკუთრებით, «მემარჯვენეებს» უახლოეს მომავალში (ვეჭვობ, არც შორეულში) რეალურად პოლიტიკური დავაჟკაცება არ უწერია.
ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ე. წ. ახალი სტრატეგიაც, რომელიც პარტიის თავკაცებმა ოფისის პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილის სკანდალური განცხადების გარშემო ატეხილმა «ნაციონალურმა» ვაივიშმა ამ დღეებში განვითარებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა დაჩრდილა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს თვალთახედვიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ «ახალმა მემარჯვენეებმა» ზნესთან ერთად უცებ ფერიც იცვალეს…
დასაწყისში «მემარჯვენეების» ახალი ლოგო ვახსენე და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერი, რომელშიც აღნიშნული ლოგოა გადაწყვეტილი, ჩვეულებრივ შემთხვევითობას არ წარმოადგენს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ ლოგოს სახით გამყრელიძის, კაციტაძისა და მით უფრო მანანა ნაჭყებიას ფერწერულ გემოვნებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში ჯეჯილისფერი ერთობ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც ყოფილა. აი, რა განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით თავად მამუკა კაციტაძემ ოფისის პრეზენტაციის დღეს: «ეს მხოლოდ ფერების განახლება კი არაა, ახალი პოლიტიკური ხედვის შეთავაზებაა საზოგადოებისთვის. ამ ათწლეულის განმავლობაში ბევრი ვაკეთეთ, ბევრი ვისწავლეთ, ბევრიც შეგვეშალა და ამ ყველაფერმა ერთად მიგვიყვანა დასკვნამდე: აგრესია და რადიკალიზმი ვნებს ოპოზიციას, ხელისუფლებას და არ აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას».
მოკლედ, ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, განცხადებით ბატონმა კაციტაძემ აღსარება ჩაგვაბარა და აღიარა, რომ განვლილი ათი წელიწადი «მემარჯვენეების» პარტიულ მოღვაწეობაში, ფაქტობრივად, წყლის ნაყვა იყო, ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ პარტია ძირითად ორიენტირებს კარდინალურად იცვლის და, თუ აქამდე ხელისუფლებას ცეცხლითა და მახვილით ემუქრებოდა, ახლა უკვე იმავე ხელისუფლების «გამპრავებლად» გვევლინება. ამის დასტურად ისევ კაციტაძის კიდევ ერთ განცხადებას მოვიყვან: «ათი წლის იუბილესთან ერთად მთავრდება ერთი და იწყება სრულიად სხვა, ახალი ეტაპი». ამით, არც მეტი, არც ნაკლები, «მემარჯვენეთა» ლიდერმა გასაგებად გვითხრა, მე ის თამრო აღარა ვარ და ჩვენგან რადიკალიზმს ნუღარ მოელითო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, «ნაცმოძრაობამ» რადიკალებად წოდებული ოპოზიციის კაბადონიდან კიდევ ერთი «კაშკაშა ვარსკვლავი» მოწვიტა, «ვარსკვლავი», რომელიც მზადაა, ხელისუფლებას სამარეშიც ჩაჰყვეს და, მანდატებსაც თუ მოიპოვებს, პარლამენტს მაშინაც არ დატოვებს, მიშას ჩაი «გრეჩიხამ» ან შალიკომ რომ დალიოს…
დასასრულს, ორიოდე სიტყვით იმის შესახებაც მოგახსენებთ, თუ რატოა სჭირდება, თავის მხრივ, ხელისუფლებას «ექიმი, მეწარმე და ლიდერი» მეოთხე «გამპრავებლის» ამპლუაში მაშინ, როცა პარლამენტი ისედაც სავსეა «რუხი» ვანოს მზა ტექსტებით მოჭიკჭიკე დეპუტატებით; ამას ყველაფერს დავით გამყრელიძის ის განცხადება ცხადყოფს, რომელიც მან ივანიშვილის წერილის საპასუხოდ გააკეთა რამდენიმე დღის წინ. აი, რა პოზიციას აფიქსირებს ამ განცხადებაში «მემარჯვენე» ლიდერი: «ამ ადამიანს ზუსტად ის პრინციპი აქვს არჩეული, რასაც მე ვაკრიტიკებდი ამ ხელისუფლებაში და რაც იყო დამახასიათებელი გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკებისთვის: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. მან ზუსტად ასე დაახარისხა საზოგადოება. ის, რომ მთავარი მიზანი არის მისი ქუჩაში გამოსვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი აქცენტი არის გაკეთებული სწორედ ასეთ რადიკალურ ფორმაზე, მყისიერ ცვლილებებზე და რევოლუციაზე. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ რადიკალიზმი უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში».
მოკლედ, ყველაფერი ნათელია _ ათასგზის გაშიფრული და დედალ ოპოზიციონერებად შერაცხული «ქრისტიან-დემოკრატების» ან პაატა დავითაიას ბაგეებიდან ამ განცხადებას ისეთივე ფასი ექნებოდა, როგორიც, მოოქროვილ უნაგირს პრჟევალსკის ცხენზე, «მემარჯვენეები» კი, ჯერჯერობით პირდაპირ არ ასოცირდებიან «ვარდოსანთა» ხელის ბიჭებთან და მათი მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა «ნაცებისთვის» არც თუ უმნიშვნელო «მონაპოვარია”. ერთი კია, ადრე თუ გვიან, საზოგადოება «მემარჯვენეებისგანაც» მიეჩვევა მსგავს განცხადებებს და, როცა ამ პარტიის «საწყისი ფასი», ვთქვათ, «ქრისტიან-დემოკრატებისას» გაუთანაბრდება, დავით გამყრელიძესა და მის თანამებრძოლებს უსათუოდ მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ დედალი ოპოზიციონერების ყეფაში არა თუ ბევრს, არამედ ხშირად საერთოდაც არაფერს იხდიან; ასე რომ, პატივცემულო «მემარჯვენეებო», ნათქვამია, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო. თქვენ უკვე ნაპოვნი გაქვთ და ეცადეთ, სადმე არ დაკარგოთ, თორემ ხომ იცით, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია…
ჯაბა ჟვანია