Home რუბრიკები საზოგადოება 26 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

26 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებმა ვენაში გადაიღეს
ქართულმა მედიამ ძებნილი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის ვენაში გადაღება მოახერხა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ბიწაძე მეუღლესთან, ნინო ბურჯანაძესთან და შვილთან ერთად სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ იმყოფებოდა.

ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებთან საუბარს მოერიდა და კამერებისთვის თავის არიდებაც სცადა. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებაც. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გაქცევის შემდეგ ბადრი ბიწაძე რუსეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 5,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რუსეთული როკირება მოსალოდნელი იყო 
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, „ამაში ახალი არაფერია და საქართველომ ყოველთვის იცოდა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროცედურა იყო“.
„ამან გამოაჩინა ჩვენი მიდგომის სისწორე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინაა რეალურად ხელისუფალი და გამგებელი რუსეთში. ეს განცხადება მოულოდნელი არ იყო, თუმცა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა იმის გათვალისწინებით, თუ რა პოლიტიკას ატარებენ დასახელებული კანდიდატები და მათი პარტია“, – განაცხადა ჯალაღანიამ და დასძინა, რომ „ეს ინფორმაცია რეგიონისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამაფიქრებელი სიგნალია და ყველა დაინტერესებულმა სტრუქტურამ ადეკვატური დასკვნა უნდა გამოიტანოს“.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსეთის მმართველი პარტიის – „ედინაია როსიას“ ყრილობაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ამჟამინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო სავარძელს დაუბრუნდება, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის  შემდგომაც პრემიერის პოსტს დაიკავებს.
ძალაუფლების გადანაწილების რუსული მოდელის შეფასებისგან ჯონ ბასი თავს იკავებს
როგორც აშშ–სელჩმა დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე პოზიციას ვაშინგტონში დააფიქსირებენ.
„მოგიწოდებდით, ამ საკითხთან დაკავშირებით გაეცნოთ იმ მასალებს, რომლებიც ვაშინგტონში გამოქვეყნდება. ჩემი კოლეგები ამ საკითხზე კომენტარს ვაშინგტონში გააკეთებენ“, – განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელი და მისაღებია ამ მოდელის განხორციელება საქართველოში, ელჩმა უპასუხა, რომ მხოლოდ იმ მოვლენებზე კომენტარით შემოიფარგლება, რომლებიც ახლა ხდება საქართველოში.
ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი თანამდებობებს გაცვლიან. პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მედვედევი კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა 24 სექტემბერს, „ედინაია რასიას“ ყრილობაზე განაცხადეს.
რუსეთის #1 სენატორი ანქვაბის ინაუგურაციას დაესწრება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ახლადარჩეული სპიკერი ვალენტინა მატვიენკო დღეს აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაციას დაესწრება.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, მატვიენკო ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის რანგში პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს სწორედ სოხუმში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ფედერაციის საბჭოს სპიკერის ერთდღიანი ვიზიტი ასევე ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხების ფართო სპექტრის განხილვას ითვალისწინებს.
მატვიენკო რუსეთის ფედერაციის საბჭოს გასულ კვირას ჩაუდგა სათავეში.
ახალგორელ მასწავლებლებს თბილისიდან ყოველთვიური დახმარება შეუწყდათ
ახალგორელ მასწავლებლებს თბილისიდან ყოველთვიური 100 ლარიანი დახმარება შეუწყდათ. დახმარებას მასწავლებლებს პრეზიდენტის ბრძანებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგვისტოს ომის შემდეგ ურიცხავდა, –იუწყება მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი.
„ახალგორელ მასწავლებლებს ომის შემდეგ ყოველთვიურ 100 ლარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ბრძანებით უხდიდა. ამ წელს პროგრამას უკვე ვადა გაუვიდა და აღარ ვუხდით. წელს ეს დახმარება ჩვენი მხრიდან აღარ ყოფილა, რადგან ამ წელს ამაზე  პროგრამა არ არის და არც იქნება იმიტომ, რომ ეს მასწავლებლები ჩვენთან აღარ არიან“, – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ერთეულის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის კომენტარს გაზეთი „რეზონანსი“ ავრცელებს.
თურქეთში ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ქართველი დააკავეს
25 წლის შალვა ვაშაყმაძე თურქეთის ერთ–ერთ მაღაზიაში მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 500 დოლარის ღირებულების კომპიუტერის მეხსიერების ბარათის მოპარვა სცადა.
ეჭვმიტანილს ნაქურდალის გატანა სპეციალურად დამონტაჟებული სათალთვალო აპარატის შეუმჩნევლად სურდა, ამისათვის მან შტრიხკოდის დასაფარად სპეციალურად დასაფარი ქიმიური ქაფი და ჟელე გამოიყენა. შემდეგ კი მუყაოს ყუთში მოათავსა.
დეტექტორებისგან განსხვავებით დაცვა მაინც დაეჭვდა მისი საქციელით და გაჩხრეკვის შემდეგ იგი ადგილზევე დააკავეს. ვაშაყმაძე თურქეთში არალეგალურად ცხოვრობდა.
სპეციალისტები ქუთაისში ნაპოვნ ლითონის ნამსხვრევებს შეისწავლიან
არის თუ არა ქუთაისში მოსახლეობის მიერ ნაპოვნი ლითონის ნამსხვრევები ამერიკული თანამგზავრის ნარჩენი, – ქართველი სპეციალისტები დაადგენენ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ ტერიტორიის შესასწავლად თანამშრომლები უკვე გაგზავნა. ქუთაისელებმა ლითონის ნამსხვრევები გუშინ ვარლამიშვილის ქუჩაზე იპოვეს. ნამსხვრევები თავდაპირველად ცხელი იყო და ის ადგილი, სადაც ისინი დაეცა, ამომწვარია. 
ყველა კონფესიის ტაძარში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა გაიმართა
„თავისუფალი დემოკრატების“ თხოვნით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, დღეს ყველა კონფესიის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა გაიმართა.
დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად ილოცეს,  როგორც მართლმადიდებლურ, ასევე, სომხურ, კათოლიკურ, ბაპტისტურ ეკლესიებში და სინაგოგაში.
როგორც „თავისუფალი დემოკრატები“  აღნიშნავენ,  აფხაზეთის ომში დაიღუპა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მრავალი ჩვენი თანამემამულე, ამიტომ მათი სულები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ტაძარში უნდა მოიხსენიონ.
ხვალ, 27 სექტემებრს  სოხუმის დაცემიდან 18 წელი სრულდება.
 

 

 
 
 
 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here