Home რუბრიკები სამართალი შალვა რამიშვილი ისევ დაიჭირეს

შალვა რამიშვილი ისევ დაიჭირეს

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გამოძიება სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონდარღვევა ჯარიმით, ან ტუსაღობით ორიდან ხუთ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ისჯება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ყვარლის პოლიციის უფროსს თემურ გურაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ  გუშინ,25 სექტემბერს ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვენახში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. დაკავების შემდეგ ჟურნალისტს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერები წაართვეს და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ  გადაღებული ვიდეომასალის გარეშე დაუბრუნეს.
პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები, მათ შორის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ერთი საათის განმავლობაში  ჰყავდათ დაკავებული.ისინი მალევე გაათავისუფლეს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მოსიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვენახში შალვა რამიშვილის გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“ გადასაღებად იყვნენ.
„შალვამ გადაწყვიტა, ამ სეზონზე, პირველ გადაცემაში პრეზიდენტის ახლად შეძენილი ვენახი და სახლი გადაეღო. სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც აღარ დარჩა ბევრი ისეთი, ვისაც  მეგზურობა შეეუძლია გაუწიოს ხელისუფლებისთვის არასასურველ ჟურნალისტს. პრეზიდენტის სახლთან დაახლოებით სამ საათზე მივედით. სახლს ჭიშკარი არ აქვს, არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. სახლი დიდი არაა. აქვს მარანი, პირველ სართულზე მისაღები და აივანია.  კიდევ რამდენიმე ოთახია, სადაც არ შევსულვართ. ვენახში რომ ვიყავით, ყვარლის პოლიციის უფროსი თემურ გურაშვილი მოვიდა და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა. გურაშვილის მოთხოვნიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ უცხო პირები და ყოველგვარი განმარტების გარეშე წაგვართვეს ყველა სახის დოკუმენტი, (პირადობის და მართვის მოწმობები) კამერები.  იყო მუქარა, – გაგათავებთ, დაგხოცავთ. ფიზიკური დაზიანებები არ გვაქვს. ტექნიკა  ნაწილობრივ დაგვიბრუნეს, კამერები – კასეტების და ჩემი ციფრული ჩიპის გარეშე“.
როგორც გიორგი მოსიაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფრის შემდეგ ისინი კვლავ შევიდნენ სააკაშვილის ვენახში. „შალვამ გადაიღო გადაცემისთვის კადრები, რომელიც „მაესტროს“ ეთერში ოთხშაბათს გავა. პრეზიდენტიც იყო ყვარელში ჩამოსული. ჩვენი დაკავებიდან 5 წუთში 2 ვერტმფრენი მოფრინდა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here