Home რუბრიკები საზოგადოება მირიან ტორონჯაძე: შერონს გებჟალიასა და ხინკლის რეცეპტები გამოურთმევია რესტორნის შეფ-მზარეულისთვის. განა ეს...

მირიან ტორონჯაძე: შერონს გებჟალიასა და ხინკლის რეცეპტები გამოურთმევია რესტორნის შეფ-მზარეულისთვის. განა ეს ქართული გენის გამარჯვება არაა?!

თბილისი პატარა ქალაქია და ახალი ამბებიც სწრაფად ვრცელდება. პროცესი კულმინაციას მანამდე აღწევს, სანამ რომელიმე ჩაძიებული მკითხველი არ მიხვდება, რომ შოკისმომგვრელი ახალი ამბავი მორიგი სატყუარაა “ნი2 ნიუსისგან”. ყველამ არ იცის, რომ “ნი2 ნიუსი” დეზინფორმაციული სააგენტოა. თუმცა მკითხველი ძალიან ადვილად იჯერებს, რაც ნიუსების ერთ-ერთი ავტორის, მირიან ტორონჯაძის, იმავე bigcrow -ს აზრით, კარგიც კია და, რაც მეტი დაიჯერებს, მით უკეთესი.

“საქართველო და მსოფლიო” “ნი2 ნიუსის” ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ავტორს _ მირიან ტორონჯაძეს დაუკავშირდა:
_ როდის და ვისი ინიციატივით დაარსდა “ნი2 ნიუსი”?
_ მე და ჩემმა მეგობრებმა ვნახეთ Onion News -ი _ ამერიკული სააგენტო, რომელიც სახალისო ფორმით ავრცელებდა დეზინფორმაციას ან, უბრალოდ, მოგონილ ამბებს. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსაც სჭირდებოდა მსგავსი რამ და გავაკეთეთ “ნი2 ნიუსი”. რადგან ნიორი საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე ხახვი, ამიტომაც დავარქვით მას ასეთი სახელი. ეს მოხდა 2009 წლის მარტში. თავიდან მხოლოდ მიმდინარე ამბების გადაკეთებითა და მათი “ნიუსების” ფორმით მიწოდებით ვიყავით დაკავებულნი. შემდეგ გავაფართოეთ მოღვაწეობის სფეროები _ დავიწყეთ ვიდეოების კეთება, ფოტოშარჟები, ფეისბუქისა და სხვა გვერდების სტატუსები… მოკლედ, “ნი2”-ს დავამატეთ არტი. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ, რაც უფრო ფართოვდებოდა ჩვენი საქმიანობის სფერო და მატულობდა მკითხველთა რაოდენობა, “ნი2”-ს ნელ-ნელა ეცლებოდა ავტორები. დღეისათვის, მხოლოდ მე დავრჩი, უკანასკნელი მოჰიკანივით, იმ ადამიანებიდან, ვინც თავიდან “ნი2”-ის კეთება დავიწყეთ. თუმცა არის ახალი სისხლიც და შესაბამისად _ ახალი იდეებიც.
_ დღეს “ნი2” დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს, ალბათ, როგორც თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე, “ნი2”-ის არაგოიმი ჯგუფის დამსახურებაა, რომელსაც, ძირითადად, კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
_ “ნი2”-ის არაგოიმი ჯგუფი, რომელიც ღიმილით უყურებს ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე მოვლენებს, თვლის, რომ ხალხს უნდა მოასმენინო ის, რისი მოსმენაც უნდა. სტანდარტული ნიუსები, რითაც უხვად გვკვებავს დღევანდელი მედია, ხშირად დამახინჯებულად ასახავს ხოლმე რეალობას. თან ჩვენ, რეალური ნიუსსააგენტოებისგან განსხვავებით, ხალხს ვატყუებთ ისე, რომ წინასწარ ვაფრთხილებთ _ ჩვენ თქვენ გატყუებთ, ეს არის დეზინფორმაცია! “ნი2” აჩვენებს პუბლიკას ამბის იმ მხარეს, რომელსაც ხშირად მალავენ. სატირა და იუმორი ამისთვის ყველაზე კარგი ფორმაა.
_ ხშირად გყავთ ამოჩემებული ე.წ რესპონდენტები. ასეთია, მაგალითად, ინფორმაციის შემფასებელი უცვლელი ექსპერტი ანდრო ბარნოვი. რატომ მაინც და მაინც ანდრო?
_ ჩვენი უცვლელი ექსპერტი ანდრო ბარნოვი, რომელიც ჩვენი პიარის შედეგად სამხედრო აკადემიის რექტორად დაინიშნა, სტანდარტული სახეა ქართველი “ყოვლისმცოდნე ექსპერტებისა”. ასეთი ექსპერტები საექსპერტო ბიუროებშიც სხედან და ნებისმიერ ბირჟაზე, სადაც “ბიძები” დომინოს აჭახუნებენ. “ნი2-მა”, უბრალოდ, მათი სახის იდეალიზაცია მოახდინა და ექსპერტ ანდრო ბარნოვში ჩაასახლა. ჩვენ გამოგონილი ექსპერტებიც გვყავს, მაგალითად, ქიშვარდი მამისაშვილი, მაგრამ ანდროსთან პოპულარობით ვერც ერთი ვერ მივა. ალბათ, იმიტომ, რომ ის ყველაფერში რუსულ კვალს ხედავს, როგორც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. შეიძლება ითქვას, რომ ანდროს პირით ქართველი ერის ქვეცნობიერი ლაპარაკობს.
_ ბევრმა არ იცის, რომ თქვენი სააგენტო დეზინფორმაციულია…
_ მათ, ვინც არ იცის, რომ ჩვენ დეზინფორმაციული სააგენტო ვართ, ვურჩევ, პირველ რიგში, კითხვა ისწავლონ. ჩვენი საიტის თავში დიდი და ლამაზი ასოებით წერია  “Ni2 News” _ სადეზინფორმაციო სააგენტო”. ჩვენს საიტზე კიდევ ბევრი რამ წერია, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი კითხულობს იმას, რისი გაგებაც უნდა. მაგრამ ჩვენ სულაც არ გვადარდებს ის, რომ ჩვენს ნიუსებს სიმართლედ იღებენ ხოლმე. პირიქით, რაც მეტი დაიჯერებს, მით უკეთესი _ ჩვენთვის. ნიორი ისეთი მცენარეა, რომელსაც სიმართლესავით მყრალი სუნი აქვს, მაგრამ სასარგებლოა.
_ ხშირად ისეთი რამ წამიკითხავს, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა. უბრალოდ, ამის ხმამაღლა და ღიად თქმას მხოლოდ ისეთი ფორმით თუ შეძლებ, როგორსაც “ნი2 ნიუსი” აკეთებს.
_ ჩვენ მეზღაპრეები არ ვართ, რომ აბსურდული ამბები ვწეროთ. ჩვენ ვართ სატირულ-იუმორისტული ჯგუფი, სატირა კი სწორედ ესაა _ უთხრა ხალხს სიმართლე, თუნდაც ღიმილით. მახინჯი და გასაკრიტიკებელი მხარე ყველაფერს აქვს, განსაკუთრებით საქართველოში, და ამაზე ვინმემ უნდა ილაპარაკოს. იმის გამო, რომ ფინანსურად და იდეოლოგიურად არავისზე ვართ დამოკიდებული,  იმის თამამად თქმა შეგვიძლია, რაც ყველამ იცის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ ამბობს. თან ჩვენ ხომ გოიმებიც არ ვართ, არ დაგავიწყდეთ.
_ ყველაზე ცხელი და აქტუალური ნიუსი რა არის “ნი2 ნიუსისგან”?
_ ასეთები ბევრია. არ დამავიწყდება ნიუსი ლისაბონის სამიტის სექს სკანდალზე, როდესაც საქართველოს დელეგაცია ნომრებში 80 მეძავის აყვანაში დაადანაშაულეს. ეს რეალური ამბავი იყო, რომელიც ჩვენ ოდნავ შევალამაზეთ _ მეძავები ჩავანაცვლეთ რუსული დელეგაციის “გოგოებით”. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ “ნი2” დეზინფორმაციული სააგენტოა და გაავრცელეს ეს ამბავი. სანდო წყაროდ კი “ნი2”-ის სპეციალური კორესპოდენტი ლისაბონიდან” მოიყვანეს.
_ ხშირად ფიგურირებს ნიუსები ჰომოსექსუალისტებზე. როგორი დამოკიდებულება აქვს “ნი2 ნიუსს” ზოგადად სექსუალური უმცირესობებისადმი?
_ “ნი2-ის” ჯგუფს როგორც სექსუალური, ასევე ნებისმიერი უმცირესობებისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გვკიდია. ჩვენ ბათუმის გეი-პარადიც გავაშუქეთ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობაც გამოვაცხადებინეთ საქართველოს მთავრობისთვის. მართალია, გეი-პარადი არ ჩატარებულა, მაგრამ “ნი2”-ისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენს მკითხველს ხომ სჯერა, რომ ჩატარდა?
_ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალური თემა შერონ სტოუნის ვიზიტია. რაიმე განსაკუთრებულ ინფორმაციას ხომ არ ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
_ შერონ სტოუნის ვიზიტი და მასთან დაკავშირებული ხმაური ჩვენთვის იმავე კატეგორიაში გადის, როგორიც იყო ბიონსის კლიპში ერთი წამით გამოჩენილი ქართული წარწერა “ცხინვალი”. ესაა კატეგორია “გოიმი ერის სინდრომი”, ანუ უნახავმა რა ნახაო. თუმცა აქვე გაგიმხელთ ერთ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა უტყუარმა წყარომ მოგვაწოდა, რომლის მეზობელიც დაცვის ბიჭია. თურმე იმ დღეს, როდესაც შერონ სტოუნი თავის ნომერში ისვენებდა, ხინკლითა და ხაჭაპურით გამაძღარი, მიხეილ სააკაშვილის აღნაგობის მამაკაცი დაუნახავთ მისი ნომრის ფანჯრებთან. მართალია, მას მექსიკური ულვაშები ჰქონდა და სომბრერო ეხურა, მაგრამ “ნი2”-ის ყოვლისმჭვრეტელი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს გადაცმული სააკაშვილი იყო. შერონს ქართული სამზარეულოც ძალიან მოწონებია და ხინკლის, ხაჭაპურისა და გებჟალიას რეცეპტები გამოურთმევია რესტორნის შეფ-მზარეულისთვის. განა ეს ქართული გენის გამარჯვება არ არის?
_ ზოგს თქვენი საქმიანობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ვინ გიდგათ ოპოზიციაში – ე.წ. შარფიანი ლიბერალები?
_ ჩვენ ვიცნობთ შარფიანი ლიბერალების ფენას, ისევე, როგორც დანარჩენ სხვას და დარწმუნებული ვართ, რომ მათ ოპოზიციაში დგომის ერთი ადგილი ნამდვილად არ აქვთ. და რომც იდგნენ, ჩვენთვის ეს სულერთია. ადამიანი, რომელსაც არ ესმის სატირა და იუმორი, ჩემთვის არ არსებობს, მე მას ადამიანად არ ვთვლი.
_ ხშირად არის ხოლმე პოლიტიკური ნიუსებიც. როგორია ქართული პოლიტიკა “ნი2 ნიუსისთვის”?
_ პოლიტიკა სახალისოა, ქართული პოლიტიკა _ განსაკუთრებით. თუმცა ამ ბოლო დროს მას ნაკლებად ვეხებით, რადგან ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება. წლიდან წლამდე ერთი და იგივე, თითქოს წინასწარ დამუშავებული სცენარი _ რა შეიძლება ამაზე წერო. ყველამ ყველაფერი იცის უკვე, ახალს და სკანდალურს ვეღარაფერს იტყვი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ვნახოთ, უახლოეს მომავალში თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე ახალი და პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდება, ამას “ნი2”-ის ფურცლებიდან აუცილებლად შეიტყობთ.
_ “ჩვენ გვამხილეს, ჩვენ წინააღმდეგ ააგორეს ბინძური პიარი, განახორციელეს უამრავი ზარი, მუქარითა და ცრუ დაპირებებით აღსავსე, გვემუქრებოდნენ, გვთხოვდნენ, ცოლობას გვპირდებოდნენ, მილიონებს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვაშინეს, ვერ მოგვერივნენ, ვერ გაგვაჩუმეს და ვერ დაგვამონეს”, _ საკმაოდ სკანდალური და რეალური პროლოგია რეკლამისთვის.
_ რეალური რომაა, მაგაშია საქმე. ამ პროლოგიდან, როგორც თქვენ მას უწოდებთ, ალბათ, ბევრი ნაცნობი ფრაზაა, განსაკუთრებით დაშინებასა და მილიონების შეთავაზებაზე. ესეც ქართული საინფორმაციო სააგენტოების გაერთიანებული სახეა _ სიმართლისთვის მებრძოლი გმირი, რომელსაც არაფრის ეშინია. სასაცილოა მათი ასეთი პათოსი და, ეს რომ არ გაგვენიორებინა, არ შეიძლებოდა.
“ნი2” კოკა-კოლასავითაა. ყველამ იცის მისი არსებობის შესახებ. ჩვენი რეკლამა ჩვენივე ნიუსებია და ჩვენი სტილი, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. ჩვენ შეიძლება გამოგვიჩდნენ მიმბაძველები, მაგრამ “ნი2” მაინც დარჩება პირველ სადეზინფორმაციო სააგენტოდ. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, “ნი2”-ის ჯგუფს ღირსების ორდენზე წარვადგენდი.
ესაუბრა ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here