პოლიტიკურ წრეებში საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე საუბარი დღემდე არ წყდება. რა საფრთხეებს შეიცავს ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება, არის თუ არა პანკისში ტერორისტების მოსამზადებელი ბაზა და რამდენად სწორად იქცევა საქართველო ჩრდილოკავკასიელებთან მიმართებაში, პოლიტიკის ექსპერტი და რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრა.
_ ბატონო პაატა, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ირანთან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასთან შეთანხმებით მიიღო. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას აღიქვამს ჩამოუყალიბებელ, მერყევ და ცანცარა სუბიექტად. რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიას ამერიკელები რაღაც ფორმით საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, მაგრამ ისიც კარგად ესმით, რომ თუნდაც ირანთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ, ადვილი შესაძლებელია, “გადააგდოს” ამერიკაც კი, რადგან ასეთ საქციელში სააკაშვილი არაერთხელაა შემჩნეული.
ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოს მთავრობის ირანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო თეთრი სახლის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ირანთან უვიზო რეჟიმი და თბილისის სხვა ნაბიჯები ამ მიმართულებით შეთანხმებული იყო ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც მაკეინის, ლუგარის, დონალდ ტრამპისა და სხვათა მეშვეობით სააკაშვილს მეურვეობას უწევს.
სხვათა შორის, სააკაშვილი ამერიკაში რომ ჩადის, კაბინეტში სტუმრობს ტრამპს და უჯდება მაგიდის მეორე მხარეს. ესაა ყველანაირი დიპლომატიური და პროტოკოლური ურთიერთობების დაღვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს არ იცის. პრეზიდენტი ღირსებას ულახავს ქვეყანას, როდესაც ის კაბინეტებში ეახლება ბიზნესმენს, რომელიც სულაც არ არის პოპულარული ამერიკაში.
საქართველოს ხელისუფლებამ რომ მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი აიღო, მიუღებელი და დამღუპველია. ავიღოთ თუნდაც ეგვიპტე, ტუნისი, საბერძნეთი. ტურიზმი ყველგან მაღალ დონეზეა განვითარებული, მაგრამ როგორც კი პატარა კრიზისი გაჩნდება, მაშინვე მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურა ინგრევა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის ტურისტული მექა. ევროპელი რომ საბერძნეთში ჩადის, იქ თავის ისტორიას ხედავს, საბერძნეთი მისი კულტურაა. სვეტიცხოველი კი ჩვენი კულტურის ნაწილია, სხვას არავის არაფერს ეუბნება. რაც შეეხება ბათუმს, უბრალოდ, სასაცილოა მასზე აქცენტის გაკეთება, მაშინ, როცა ევროპაში ბარსელონაა და ამ ტიპის უამრავი ქალაქი.
რაც შეეხება ირანთან უვიზო რეჟიმის საფრთხეებს, თუ ამას დავამატებთ ჩრდილოეთკავკასიასთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღებასაც, პრაქტიკულად, საქართველო ხდება ისლამური სამყაროს მოედანი, სადაც სრულიად ადვილი შესაძლებელია, საქართველოს იმიჯისა და უსაფრთხოებისთვის ფრიად სახიფათო მდგომარეობა შეიქმნას. ისლამისტებს სხვაგან არ აქვთ ასეთი მოედნების ფუფუნება. ყველგან ჩაკეტილები არიან. ახლა კი ჩაჯდებიან მანქანაში და ნებისმიერ დროს შემოვლენ საქართველოში.
საქართველო კონტრაბანდის, ნარკოტიკების, იარაღის სატრანზიტო საშუალება და ასევე ტერორისტული აქტების დასაგეგმი ადგილი გახდება. საქართველოში არ იქნება ტერაქტები, არავის სჭირდება ეს, მაგრამ აქ ტერორისტული აქტების დაგეგმვა საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.
დარწმუნებული ვარ, ირანიდან, ჩრდილოეთკავკასიიდან შემოსული ტურისტების 99 პროცენტი პატიოსანი დამსვენებელი იქნება, მაგრამ ის ერთი პროცენტიც საკმარისია, საქართველო ტერორისტების ყურადღების ცენტრში რომ მოექცეს. ტერორისტებსა და კორუმპირებულ ფიგურებს ნარკოტრაფიკის მესვეურები ასეთ ადგილებში ეძებენ. ფული ოხრად აქვთ, მშვენიერი სასტუმროები აუშენეს, კარგად დაისვენებენ, კარგს შეჭამენ, შესვამენ და პარალელურად ისეთ რამეს დაგეგმავენ, რაც მსოფლიოსთვის მიუღებელი იქნება. საქართველო ნელ-ნელა ხდება უფრო და უფრო უინტერესო და საფრთხისმომცველი ქვეყანა. ქართველებს კი ამით ცივილურ სამყაროში გაწევრიანების პერსპექტივა დღითიდღე გვაკლდება.
_ ბოლო დროს პანკისის ხეობა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა, კეთდება მინიშნებები, რომ, შესაძლოა, პანკისის ხეობა ტერორისტების მოსამზადებელი ბაზა იქნეს, რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
_ პანკისში აშკარად იგრძნობა ცვლილებები. თუ ამდენ ხანს პანკისის ხეობაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ უხუცესებს, რომლებიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ ყოველთვის, დღეს მათ საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება. მთელი გავლენები ახალგაზრდა ვაჰაბისტებმა მოიპოვეს. პანკისის ასეთი მიშვებით ჩვენ ხელს ვუწყობთ იქ ჩვენთვის არასასურველი მოვლენების განვითარებას. ხშირად პანკისის ხეობას ახსენებენ, როგორ ჩეჩენი “ბოევიკებისა” და ტერორისტების მოსამზადებელ ბაზას. პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, შევარდნაძის დროს, ახლა, არ ვიცი, იქ რა ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს გამოგონილი ამბავი, ისევე, როგორც არ გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადებებში იყოს სიმართლის მარცვალი. ამ ყველაფერს გამოძიება და შემოწმება სჭირდება.
_ როგორ შეაფასებთ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებას ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლო, კეთილმეზობლური ურთიერთობების დასამყარებლად?
_ ყველამ ვიცით, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაშია. ყოველთვის გვაღელვებდა და მკაცრად ვაპროტესტებდით, როდესაც რუსეთი ჩვენს საქმეებში ერეოდა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. საინტერესოა, რატომ ვიქცევით ჩვენც ისევე, როგორც იქცეოდა “ცუდი რუსეთი”?!
ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთს ჯერ პრობლმები შევუქმნათ კავკასიაში, მერე ჯარები შევიყვანოთ და დავიპყროთ. ეს არის აშკარად პროვოკაციული და ავანტიურისტული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებისკენ. ეს კეთდება ძალიან ბანალური გათვლით _ იქნება და, ისევ შემოიჭრას რუსის ჯარი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რამდენად აგრესიულია რუსეთი…
_ თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა?
_ ჩერქეზების გენოციდის აღიარება არის ყოვლადდაუშვებელი და მიუღებელი ფაქტი, უხეში პოლიტიკური შეცდომა. ჩვენ ამორალურად მოვიქეცით.
წლებია, სომხეთი და ჩვენი სომეხი მოქალაქეები სომხეთის გენოციდის აღიარებას გვთხოვენ. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მე შენი მოქალაქე ვარ და მინდა, რომ ჩემმა სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს პოლიტიკა გენოციდის მიმართ. ჩვენ ვეუბნებით აბსოლუტურად სამართლიანად, რომ დიდი ბოდიში, პატივს გცემთ, საშინელება მოხდა ოდესღაც ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ თურქეთიც და სომხეთიც დღეს ჩემი მეგობრებრია და რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე, მირჩევნია, თავი შევიკავო და არ ვილაპარაკო გენოციდზე, არც სომხეთი არ გავაბრაზო და არც თურქეთი. ეს აბსოლუტურად გასაგები პოზიციაა. ახლა მსგავს არგუმენტს ვერ მოიყვანს ხელისუფლება ჩერქეზებთან დაკავშირებით. შენთვის თუ რეგინულ უსაფრთხოებას მნიშვენლობა აქვს და ამბობ რომ მეზობლების საქმეებში არ ერევი, მაშინ რატომ აღიარე შენი სხვა მეზობლის, რუსეთის ტერიტორიაზე გენოციდი?! სრულიად ალოგიკურ და აბსურდულ სიტუაციაში ჩავარდით, თურქების, სომხების, რუსეთის წინაშე. თურქეთი, რომელსაც არ აწყობს სომხების გენოციდის აღიარება, ისიც კი შეშფოთდა ჩვენი საქციელით, იმიტომ რომ შეიძლება ყოველთვის ეს გავაკეთოთ. თუ ეს ნაბიჯი გადავდგით ერთი მეზობლის წინააღმდეგ, ხვალ, თუკი დაგვჭირდება, სხვა მეზობლის წინააღმდეგაც გადავდგამთ იმავე ნაბიჯს. ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის არამდგრადი ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო, რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ _ მეორეს!
მსოფლიოში პირველი სახელმწიფო ვართ, ვინც ეს გააკეთა. ვის მოვფხანეთ ამით გული?! მხოლოდ და მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ გენოციდის მსხვერპლ ჩერქეზების შთამომავლებს, რომლებსაც არანაირი გავლენა არ აქვთ კავკასიაში. ეს გენოციდის აღიარება კარგს არავის მოუტანს. ამით კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შევქმენით რეგიონში.
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მშვიდობიანი ურთიერთობა დავამყაროთ, რომ ამით არ განაწყენდეს არც ერთი ჩვენი მეზობელი და ის საფრთხეებიც თავიდან ავიცილოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?
_ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გონივრული პოლიტიკა და ქმედებები. აუცილებელია, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. მართალია, ჩვენ დღეს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სხვა საკითხი, რომლებზეც ჩვენ მაინც გვიწევს მოლაპარაკება. ხომ გავხსენით ლარსის გამშვები პუნქტი? ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ჩამოვიდა რუსული დელაგაცია ერევანში და შეთანხმება მოხდა. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ევროკავშირის სახელმწიფოების მხარდაჭერით, თუნდაც შვეიცარიის, რომელიც ჩვენი შუამავალია, ვილაპარაკოთ რუსეთთან, როგორ ვმართოთ ერთდროულად და შეთანხმებულად ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები. კი არ უნდა ჩავერიოთ რუსეთის ინტერესებში, არამედ მასთან ერთად გავაკონტროლოთ მოვლენები. საქართველომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას და აგრძნობინოს რუსეთს და, პირველ რიგში, ევროპას, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ რუსეთთან ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე. რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ დაინტერესებული ვართ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობით, ასევე იმით, რომ არ გაგაღიზიანოთ-თქო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეტენზია გვაქვს რუსეთთან, ეს იქნებოდა სერიოზული მესიჯი მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს კი საქართველო ისეთ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან დაკავშირებით, რომელთაც, შესაძლოა, ჩვენთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
ესაუბრა თეო ტაბატაძე