Home რუბრიკები საზოგადოება ნინო ბურჯანაძე: “ნიღბები ჩამოხსნილია – “ქართული პარტია” ხელისუფლების თამაშს თამაშობს”

ნინო ბურჯანაძე: “ნიღბები ჩამოხსნილია – “ქართული პარტია” ხელისუფლების თამაშს თამაშობს”

“თუ შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ის საკადრის პასუხს მიიღებს”“დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე 21 მაისს “სახალხო კრებასთან” ერთად გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად ემზადება და იმედი აქვს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ხალხი ქუჩაში აუცილებლად გამოვა. ასევე საპროტესტო აქციების მომხრე “ქართულ პარტიას” ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათთან ურთიერთობას გამორიცხავს.თუ როგორ წარმოუდგენია ხელისუფლების ცვლილება და როგორია მისი უახლოესი გეგმები “საქართველო და მსოფლიოს” ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

_ საზოგადოების მოლოდინი, რომ 2 მაისს საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, არ გამართლდა, რაც ბევრმა ეს სისუსტეში ჩაგითვალა. რა მოხდება 21 მაისს, ხომ არ აღმოჩნდება საზოგადოება ისევ ცრუ მოლოდინის წინაშე?
 

_ ცრუ მოლოდინი აბსოლტურად ხელოვნურად, ხელისუფლების წყალობით შეიქმნა და ამაში მას ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც დაეხმარა. ჩვენი მხრიდან გარკვევით ითქვა, რომ 2 მაისს გამოცხადდებოდა მხოლოდ სამოქმედო გეგმა და თარიღი, თუ როდის დავიწყებდით მოქმედებას. მაგრამ  კონტროლირებადი მედიის პირობებში, როდესაც ხელისუფლება ტყუილების ტირაჟირებას ახდენს, საზოგადოების ნაწილს, რომელიც ბოლომდე ვერ გაერკვა მოვლენებში, გაუჩნდა ეს მოლოდინი. თუმცა, სისუსტეში ეს ვერანაირად ვერ ჩაგვეთვლება, ვინაიდან, ჩვენ რასაც ვამბობდით, ის გავაკეთეთ. ჩვენ გამოვაცხადეთ ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული გეგმა, რომ 21 მაისს სააკაშვილის ხელისუფლების მოსაშორებლად საბოლოო ბრძოლა იწყება და უკან დახევას არ ვაპირებთ.

“სახალხო კრებამ” უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა, რათა გადამწყვეტი ბრძოლის გამოცხადებისას დარწმუნებული ვყოფილიყავით ჩვენს ძალებში. თარიღის გამოცხადებაც სწორედ ამიტომ არ ვიჩქარეთ და მე, რა თქმა უნდა, თქვენს მკითხველს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს, მოვუწოდებ 21 მაისს, 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გამოვიდეს; ხოლო ბათუმში _ ერას მოედანზე. ეს იქნება მართლაც გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ.

_ ცრუ მოლოდინის შექმნაში ხელისუფლების გარდა ოპოზიციურ პარტიებსაც ადანაშაულებთ, ვის გულისხმობთ?

_ მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაზე გაცილებით ეფექტურად ლანძღავდა “სახალხო კრებას” და ხელისუფლება საქმეს ოპოზიციის ხელით აკეთებდა. 2 მაისთან დაკავშირებით, ყველაზე სახელისუფლო პოზიცია “ქართულმა პარტიამ” დააფიქსირა. როდესაც ეროსი კიწმარიშვილი “სახალხო კრებას” ბრალს სდებდა და აცხადებდა, თითქოს 2 მაისს ჩვენ აქციები უნდა დაგვეწყო, ხელისუფლების თამაშს უტიფრად თამაშობდა.

_ ნებით თუ უნებლიეთ თამაშობდა ის ხელისუფლების თამაშს?

_ ისეთი ადამიანი, როგორიც ეროსი კიწმარიშვილია, უნებლიეთ არაფერს აკეთებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ის ხელისუფლების თამაშს შეგნებულად თამაშობს.

_ “ქართულმა პარტიამ” დაგასწროთ და აქციები 9 მაისს დაიწყო. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორივე რადიკალურ ოპოზიციურ ძალად მოიაზრებით, განსხვავებით ოპოზიციური “რვიანისაგან”, რომელიც მოლაპრაკების მომხრეა. თუ ლევან გაჩეჩილაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს გავიხსნებთ, მან თითქოს ნაბიჯიც გადმოდგა თქვენკენ. მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში თქვენი ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანება?

_ კატეგორიულად გამორიცხულია. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვართ რადიკალურები (ეს ხელისუფლებას სურს, ასე ჩანდეს). ჩვენ ვართ ადეკვატურები. არაადეკვატურები ის ადამიანები არიან, რომლებიც ელოდებიან, რომ ხვალ ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. ჩვენც გვინდა დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ვიცით, რომ თავისუფალი არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

_ ანუ ფიქრობთ, რომ “რვიანი” არაადეკვატურია?

_ რა თქმა უნდა, არაადეკვატურია. აცხადებენ, რომ სააკაშვილი დიქტატორი, ავტოკრატი და უპასუხისმგებლოაო და თან მასთან მოლაპარაკებებზე მიდიან. მსოფლიოში ერთი მაგალითიც კი არ არსებობს, რომ ავტოკრატიულ ხელისუფლებას მოლაპარაკების გზით ჩაეტარებინოს თავისუფალი არჩევნები, ხოლო თუ ეს ხელისუფლება დემოკრატიულია, მაშინ რას ვერჩით? დემოკრატიულ ქვეყნებში რევოლუციები არ ხდება. რევოლუციები სწორედ იქ ხდება, სადაც ხელისუფლება არადემოკრატიულია. შესაძლებელი რომ იყოს მშვიდ გარემოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ჩვენ რა, გავგიჟდით? რომელი გიჟი რადიკალები არიან ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ესაძე?! ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ქვეყანა გადასარჩენია და იძულებული გახდნენ, იმ გზაზე დამდგარიყვნენ, რომელსაც დღეს დემოკრატიისა და მშვიდობიანი რევოლუციის გზა ჰქვია.

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: ან გამოვდივართ ქუჩაში, ან ვეგუებით იმას, რომ გვართმევენ ენას, მამულს, სარწმუნოებას; გვილახავენ ღირსებას; არ აძლევენ ჩვენს შვილებს განათლების ნორმალურ შესაძლებლობას; ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ფასეულს, რაც ამ ქვეყანას გააჩნია და თავს გვახვევენ ისეთ ფასეულობებს, რომლებიც ცივილიზებულობისა და განვითარების მომტანი კი არ არის, არამედ  სიმახინჯეა, მაგრამ ამის კულტივირება ტელეეთერში ყოველდღიურად მიმდინარეობს. ჩვენთან მოდური გახდა ის, რაც დასავლეთის ნორმალურ ოჯახებსა და წრეებში მიუღებელია. ქვეყანა ვალებში იხრჩობა, მოსახლეობის ორი მესამედი ღატაკია. გვყავს ახალგაზრდობა, რომელმაც არ იცის, რა არის სიტყვა ობსერვატორია და რომელმაც შეიძლება გიპასუხოს, რომ სამკუთხედს ორი კუთხე აქვს. ვიღუპებით და რას ველოდებით?

სხვათა შორის, პირველი არხის ეთერში ძალიან საინტერესო რამ განაცხადა “რვიანის” წევრმა, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა: ჩვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ და შედეგს როდის მივიღებთ, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვსო. გამოდის, 2033 წელსაც რომ მივიღოთ შედეგი, მნიშვნელობა არ აქვს?! ეს არის ადეკვატურობა?!

რაც შეეხება “ქართულ პარტიას”, ჩვენ მათთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ დავდგებით და გადაწყვეტილებებს “ქართული პარტია” ჩვენთან ერთად ვერ მიიღებს.

_ დღეს იმასაც აღნიშნავენ, რომ შეიძლება თქვენი გზები სულაც ქუჩაში გადაიკვეთოს, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით?

_ თუ ვინმეს ხალხთან დადგომა, საკუთარი დანაშაულობების გამოსყიდვა და ბრძოლა სურს, დადგეს ხალხის გვერდით, არავინ უშლის. ეს არ არის “სახალხო კრების” პრივატიზებული პროცესი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ ჩაერევიან.

როდესაც “სახალხო კრების” მიერ გამოცხადებულ საბოლოო ბრძოლამდე, 21 მაისამდე ათი დღით ადრე, “ქართული პარტიის” ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ხალხს გამოუცხადა, “კრებას” არაფრის თავი არ აქვს და არ იცის, რას აკეთებსო, ეს იყო თავიდან ბოლომდე ხელისუფლების თამაში. “ქართული პარტიის” წევრები ისეთი ბრიყვები არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ. არც ჩვენ  მივცემთ მათ ამ პროცესების ხელის შეშლის შესაძლებლობას. 21 მაისს, 3 საათზე, ქუდზე კაცს ველოდებით და ნახავთ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე აღარ იქნება.

_ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თქვენთან არ ითანამშრომლებს, სანამ ბოდიშს არ მოიხდით.

_ არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ოქრუაშვილი რომ პარიზიდან ქვეყანას მორალს უკითხავს და სამართლიანობაზე ლაპარაკობს, სასაცილოა. მე არავის წინაშე არ მაქვს ბოდიში მოსახდელი.

_ არც ხალხის წინაშე?

_ ხალხის წინაშე მე ბოდიში უკვე მოვიხადე და ქართველი ხალხი ის ხალხია, რომლის წინაშეც ერთხელ ბოდიშის მოხდა საკმარისია. მითუმეტეს, რომ მე ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში, თუმცა, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, მე ხალხი არასდროს მომიტყუებია და არასდროს მიღალატია, მაგრამ სადღაც შეიძლება შეცდომა დავუშვი. ჩემთვის შეცდომის შეხსენების უფლება მხოლოდ ხალხს აქვს. ჩემთვის ჭკუის დარიგების, მორალის წაკითხვისა და რამის შეხსენების უფლება არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს, ვინაიდან მე, სხვებისგან განსხვავებით, ჩემი ხალხისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს. როცა ხელისუფლებასთან ვიდექი, ამას არ ვმალავდი და არ ვთამაშობდი, არც ახლა დავდივარ ხელისუფლებასთან ჩუმ-ჩუმად მოსალაპარაკებლად. რასაც ვაკეთებ, ღიად ვაკეთებ. ხალხმა იცის, რომ ბურჯანაძეს შეიძლება ენდო, რადგან ბურჯანაძე არ იტყუება.

_ თუმცა თქვენმა განცხადებამ, რომ ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი ხართ, ცოტა არაერთგვაროვანი განწყობა გამოიწვია. ბევრმა თქვენი პოლიტიკური წარსული გაიხსენა, როდესაც ის უსამართლობა, რასაც დღეს აპროტესტებთ მაშინაც ხდებოდა და თქვენ ჩუმად იყავით…

_ არ მაინტერესებს რა რეაქცია გამოიწვია. ვიტყუებოდი? სისუფთავე არ ნიშნავს იმას, რომ შეუცდომელი ვარ. პოლიტიკური სისუფთავე ნიშნავს იმას, რომ გულწრფელი ხარ შენს შეცდომაშიც და არ თამაშობ, არ იტყუები. პირდაპირ გეტყვით, ჩემი შეცდომა იყო ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩემს დამსახურებებზე ცოტა ვილაპარაკე.

თავისუფლად შემეძლო, ან პარლამენტის თავმჯდომარედ დავრჩენილიყავი და თვალი დამეხუჭა ყველაფერზე, ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში უმაღლეს თანამდებობაზე სამუშაოდ წავსულიყავი. მე ჩავთვალე, რომ ამის უფლება არ მქონდა, რამაც გამოიწვია ის, რომ მთელი ჩემი ოჯახი, ძაღლების ჩათვლით, გალანძღეს. ისე გამოტვინდა ეს ხელისუფლება, რომ ძაღლებზეც კი დაწერეს სტატიები.

_ თქვენ ამასწინათ განაცხადეთ, რომ არ შეუშინდებით რეზინის ტყვიებსა და ჯოხებს. რევოლუციას ხომ არ ელოდებით?

_ ვინაიდან, ეს ხელისუფლება არაადეკვატური და უპასუხისმგებლოა, რთულია, გათვალო, ზუსტად როგორ იმოქმედებს. მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ  საპასუხო ნაბიჯები გათვლილი გვაქვს. 2009 წლის 6 მაისს ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებიცა და ხელკეტებიც სრულიად უკანონოდ გამოიყენა და არც ახლაა გამორიცხული, იგივე საქციელი გაიმეოროს.

ჩვენ ვართ შეუიარაღებელი ადამიანები, ჩვენი ერთადერთი იარაღი სიმართლეა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ვიბრძვით. Aამიტომ, თუ შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ის საკადრის პასუხს მიიღებს.

_ რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომ “26 მაისს ხელისუფლება ვერ მიიღებს აღლუმს”?

_ ხელისუფლებას თავმოყვარეობა ოდნავ მაინც  რომ ჰქონდეს, აღლუმს საერთოდ არ უნდა ატარებდეს. მთავარსარდალი, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიის 20% დააკარგვინა, მთავარსარდალი, რომელიც ჯარს ბაჩო ახალაიას უნიშნავს თავდაცვის მინისტრად, მთავარსარდალი, რომელიც ყოველდღიურადEშეურაცხყოფს ჯარისკაცების ღირსებას და ჯარის მხოლოდ ის ნაწილი უნდა, რომელიც ავღანეთში გასაგზავნად სჭირდება, იმიტომ, რომ თვითონ ჩაიწეროს ქულები საზღვარგარეთ, მთავარსარდალი, რომელმაც ჯარისკაცები და ოფიცრები  ბრძოლის ველზე მიატოვა და მიწაზე დაფორთხავდა, ასეთი მთავარსარდალი საერთოდ ვერ უნდა ატარებდეს აღლუმს, ოდნავ მაინც რომ იყოს ნორმალური.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 21 მაისს ამ რეჟიმის ხელისუფლებისგან ჩამოშორების სერიოზული პროცესი დაიწყება და არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება 26 მაისს მშვიდი და კმაყოფილი შეხვდება.

_ თქვენ გაქვთ იმედი, რომ შეძლებთ ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებას და ხალხის მობილიზებას? ოპოზიციამ ხალხს არაერთხელ გაუცრუა იმედი.

_ გეთანხმებით, მაგრამ დღეს საუბარია არა ოპოზიციაზე, არამედ ხალხზე. “სახალხო კრება” არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის ხალხი. მინდა გითხრათ, მუხტი ძალიან მაღალია. უბრალოდ, ადამიანებს ეს მუხტი გულში ჰქონდათ ჩაკლული, ვინაიდან არ ჩანდა ძალა, რომელიც მათ ამ ყველაფრის ორგანიზებაში დაეხმარებოდა.

არავინ იტყვის: რადგან  ერთხელ არაფერი გამოგვივიდა, მეორედ არაფერი გამოგვივიდა, ახლა თვალი უნდა დავხუჭოთ  იმაზე, რომ სამშობლო ხელიდან გვეცლება. დარწმუნებული ვარ, ხალხი გამოვა.

_ ქალბატონო ნინო, თქვენ ლევან გაჩეჩილაძე ამხილეთ ხელისუფლებასთან გარიგებაში. როგორც გაირკვა, თქვენ ეს ინფორმაცია დიდი ხანი გქონდათ, რატომ იდექით მის გვერდით?

_ მე არავის გვერდით არ ვყოფილვარ. ყველას უნდა მისცე შანსი, თავის ქვეყანასა და ხალხს ემსახუროს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ “ქართული პარტიის” მხრიდან, ჩვენს წინააღმდეგ რომ არ განხორციელებულიყო ის დარტყმები, არც ჩვენი მხრიდან მოჰყვებოდა გაგრძელება. იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ ნიღბები ჩამოხსნილია და “ქართული პარტია” ხელისუფლების თამაშს თამაშობს. არის რაღაც, რაც მოცემულ სიტუაციაში უნდა თქვა, ან საერთოდ არ თქვა.

_ ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს რუსეთში თქვენს ვიზიტებს და თქვენ მიერ ორგანიზებული აქციების მიღმაც რუსულ ხელს ხედავს.

_ ხელისუფლების აზრი არ მაინტერესებს. მე, მათგან განსხვავებით, ღიად ჩავდივარ რუსეთში და რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ვხვდები. ეგენი ჩუმ-ჩუმად დაძვრებიან და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსებს ყველაფერს ჰპირდებიან, თუმცა იმ რანგის პოლიტიკოსებს, მე ვისაც ვხვდები, ეგენი ვერ ხვდებიან. კარგად ვიცი, ხელისუფლებას ნერვებს უშლის ჩემი პუტინთან შეხვედრები, მაგრამ მაგათი ნერვების აშლა ყველაზე ნაკლებად მაწუხებს.

_ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ხელისუფლების კულუარებში. რა ვერსია გაქვთ ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით?

_ მე ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. სანოძე არ არის რიგითი პოლიციელი და ხელისუფლება ვალდებულია, სიმართლე გაარკვიოს. როგორც მინიმუმ, 50%-ია იმის ალბათობა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა და, თუ ეს ასეა, საინტერესოა, რა იცოდა მან ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა. ყოველ შემთხვევაში, ეს საქმე ისე მიაჩუმათეს, რომ ვეჭვობ, ეს  უბედური შემთხვევა ყოფილიყო.

_ თქვენ ყოველთვის თამამი განცხადებებით გამოდიხართ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს, სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაშია. იმ შემთხვევაში, თუ 21 მაისს დაწყებული აქციების შედეგადაც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს, რას იზამს ნინო ბურჯანაძე, წავა პოლიტიკიდან? რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯი?

_ პირდაპირ გეტყვით, 21 მაისის აქციების შემდეგ თუ სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, ბურჯანაძე წავა პოლიტიკიდან თუ დარჩება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. აქ არ არის ლაპარაკი ბურჯანაძის ყოფნა-არყოფნაზე, აქ ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი. მინდა ეს ყველამ გააცნობიეროს და მე არც ვუშვებ იმას, რომ ეს აქციები წარუმატებლად შეიძლება დასრულდეს.

რა თქმა უნდა, რისკი არსებობს. არ მინდა, ჩვენს მკითხველს ისეთი ილუზია შეექმნას, რომ ჩვენ ეიფორიასა და ილუზიებში ვართ, და როგორც კი ბევრი ხალხი შეიკრიბება, სააკაშვილი უცებ გაიქცევა. ვიცით, რომ  პროვოკაციების მოწყობის დიდი ალბათობაა. ციხიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ორ, წარმოშობით გალელ ახალგაზრდას ამუშავებს, რათა ათქმევინონ, თითქოს ბადრი ბიწაძე მათ იარაღს აძლევდა, მაგრამ მე არ მეშინია ამ ხელისუფლების, ეს მათ ეშინიათ ჩემი. თან იძახდნენ ბურჯანაძეს ნული რეიტინგი აქვსო და თან ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ჩემ წინააღმდეგ მიმართულ შავ პიარზე მილიონები დახარჯეს.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ მაღალი რეიტინგი გაქვთ და ხალხი მხარს დაგიჭერთ? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მოდი რეიტინგზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც სააკაშვილი წავა. მე ვიცი, რომ გვყავს ძალიან ბევრი მომხრე, სჯერათ ჩვენი და, ვისაც არ სჯერა, ისინიც დაინახავენ, რომ ვართ თავდადებული, მებრძოლი, უშიშარი ადამიანები. დანარჩენი მერე გამოჩნდება, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები დაინიშნება. ჯერ ქვეყანაა გადასარჩენი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, ყველა უნდა მოვიდეს.

თუ ყველა უკანონო პატიმრის ოჯახი, უკანონოდ ქონებაწართმეული, ბიზნესდატერორებული, უკანონოდ სამსახურიდან გაშვებული და ღირსებაშელახული ადამიანი გადალახავს შიშსა და უიმედობას და ქუჩაში გამოვა, სააკაშვილი და მისი რეჟიმი რამდენიმე საათში აღარ იქნება.

 

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here