საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც პოლიტიკურ ამნეზიას არ უჩივის, კარგად უნდა ახსოვდეს ახალბედა პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი წინამორბედის ქება-დიდებაში ლამის ქადაგად იყო დავარდნილი. საზოგადოების ამ ნაწილს ისიც კარგად ახსოვს, როგორ გააცნო ხალხს დეპუტატობის კანდიდატი სააკაშვილი მისმა აღმზრდელმა. ხმა მიეცით ამ ახალგაზრდას, ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო… სწორედ ამიტომ ვერ გადაარწმუნებ საზოგადოების ამ ნაწილს, რომ «ვარდების რევოლუცია» ამერიკისა და შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის ერთობლივი პროექტი არ იყო.
«ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს შევარდნაძე ასრულებს. იგი ისევე არის დამფუძნებელი ახალი ქართული სახელმწიფოსი, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი იყო ამერიკისთვის და ათა თურქი – თურქეთისთვის. პოლიტიკოსთა დღევანდელ თაობას ბედმა გაუღიმა, რომ სახელმწიფოს დაფუძნების პერიოდში მუშაობს. რატომღაც მგონია, რომ შევარდნაძის როლი მეტად პოზიტიურია: იგი პრაქტიკულად არ ერევა პარლამენტის საქმიანობაში. უმნიშვნელოვანესი კანონების მიღების დროს რჩევის სახითაც კი არ უთქვამს პირადად ჩემთვის, როგორ უნდა ვიმოქმედო. ერთი მხრივ, საოცარ თავდაჭერილობას იჩენს, მეორე მხრივ, თავად არის გარანტი იმ რეფორმებისა, რომელსაც პარლამენტი ატარებს. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ პრეზიდენტია იმის ერთადერთი გარანტი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ცხოვრებაში გატარდება. სხვა ინსტიტუტები არ ჩამოყალიბებულა, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ბოლო არბიტრი, რომლის ავტორიტეტს ყველა აღიარებს», – ეს სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის; დიახ, სააკაშვილს, რომელიც დღეს შევარდნაძეს ისეთივე დუჟმორეული ლანძღავს, როგორც თავის დროზე ენის გადატყავებამდე აქებდა.
«დღეს შევარდნაძე უფრო მომრიგებლის როლს თამაშობს და ყველას საზღვარს და თამაშის წესებს უწესებს. ეუბნება – ეს არის თქვენი ჩარჩო და იმუშავეთ, როგორც გინდათ და შეგიძლიათ. ვიცი, რომ მთავრობის წევრებს, რომლებიც მასთან საჩივლელად დადიან, ურჩევს, რომ თვითონ მოაწესრიგონ პრობლემები პარლამენტთან. იმასაც მოუწოდებს, რომ პრესასთან ძალისმიერი მეთოდით ურთიერთობა არ შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლოს უკან, რომელიც აბსოლუტურად მოუსყიდველი, კომპეტენტური და დამოუკიდებელია, დღესდღეობით შევარდნაძის ფიგურა დგას. გარანტი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები განხორციელდება – მათ შორის, პრეზიდენტისა და პარლამენტის საწინააღმდეგო – ისევ შევარდნაძეა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მხოლოდ თამაშის წესებს აწესებს და თავად თითქმის არაფერში ერევა, ერთი მხრივ, არც არის კარგი, მაგრამ ჯობს, ბავშვმა წაიბორწიკოს და სიარული ისწავლოს, ვიდრე სულ ხელით ატარონ. სახელმწიფოს დაფუძნების პერიოდი სწორედ ასე მესმის – ეს არის დრო, როცა ჩვენში თოთო დემოკრატია სიარულს სწავლობს. სანამ დამოუკიდებლად ივლის, მას ამისთვის ჯერ პირობების შექმნა სჭირდება, სწორედ ეს არის შევარდნაძის როგორც სახელმწიფოს დამფუძნებლის როლი. ნებისმიერი შემდეგი პრეზიდენტი, ალბათ, მართლაც იქნება სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება ფუფუნება, პარლამენტსაც წაეჩხუბოს, სასამართლოც გააკრიტიკოს, პოლიტიკური კამპანიაც აწარმოოს.
შევარდნაძე ამ ფუფუნებას მოკლებული იყო, მაგრამ იყო სახელმწიფო სტრუქტურების დამფუძნებელი.
ასე მესმის მე მისი როლი… ქვეყნის სტრუქტურების ჩამოყალიბება იწყება და ვისაც შენების სურვილი აქვს, ჩვენს გემში გადმოჯდეს». შევარდნაძეს ხოტბას კვლავ მიხეილ სააკაშვილი ასხამდა, მაგრამ მერე მოვლენები შეიცვალა და შევარდნაძის ლანძღვა გახდა საჭირო, მხოლოდ ასე თუ გაიკვალავდა სააკაშვილი პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზას. მერე კვლავ შეიცვალა რაღაცები და დღეს სააკაშვილი სხვაგვარად ჭიკჭიკებს: – «საქართველო არშემდგარი, დეზინტეგრირებული, ღირსებაშელახული და სრულიად დემორალიზებული სახელმწიფო იყო. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, ბატონობდა კორუფცია, დაუსჯელობა და უკანონობა, სადაც რიგით მოქალაქეებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებდნენ და ფულს სძალავდნენ. იყო ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნდა ბიუჯეტი და არ სრულდებოდა მოქალაქეთა წინაშე აღებული არც ერთი სოციალური ვალდებულება, ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა. საქართველო თავდაცვისუუნარო ქვეყანა იყო – არც ერთი ტანკი გამართული არ იყო და ერთსაათიანი ბრძოლისთვის საჭირო ტყვია-წამალიც კი არ გვქონდა, გვყავდა რამდენიმე თვის უჭმელი ჯარი (სააკაშვილი თავს იწონებს იმით, რომ, თურმე, ძლიერი ჯარი შექმნა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, აგვისტოს მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ვარდებით მოსული ხელისუფლების მიერ შექმნილი ჯარის სიძლიერე… – ავტ.). გვქონდა ქვეყანა, რომელშიც კლანები, ფაშები და ფეოდალები თარეშობდნენ… საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი – შელახული, ორიენტირი კი დაკარგული ჰქონდა, არ გააჩნდა ეროვნული იდეოლოგია და პატივს აღარავინ სცემდა (თუ ეროვნულ იდეოლოგიაზე ვისაუბრებთ, ამ პრობლემის წინაშე დღესაც დგას ჩვენი ქვეყანა! ეროვნული იდეოლოგია არც დღეს გაგვაჩნია, სოროსის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი სააკაშვილის გუნდისთვის, როგორც ჩანს, ეროვნული იდეოლოგია შადრევნების შენება და დოქტორ დოტის მასაჟი ან რესტორნებში სუშის ჭამა და გაუთავებელი ღრეობაა. რაც შეეხება ქვეყნის ავტორიტეტის შელახვას, არც ამ მხრივ გვაქვს საქმე სახარბიელოდ. სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე რომ გაკოტრებული პოლიტიკოსია, ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ რომში «ბარსელონას» «საბალეშჩიკოდ» ჩასული სააკაშვილი, მოგვიტევოს მისმა უდიდებულესობამ, მაგრამ ძაღლად არ ჩააგდო არავინ! – ავტ.). ეს იყო ქვეყანა, რომელიც ღირსეულ შვილებს ყოველდღიურად კარგავდა და რომლის მოქალაქეთა მთავარ ოცნებად სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გაქცევა და თავის შეფარება გახდა (არც ამ მიმართულებით აქვს სააკაშვილს სატრაბახოდ საქმე, რადგან მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მიგრაცია გაიზარდა და არც უკან დაბრუნებულა შევარდნაძის რეჟიმის დროს გაქცეული საქართველოს მოსახლეობა. ქვეყნიდან ხალხის გადინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღეს საქართველო ფიზიკურად კარგავს ახალგაზრდებს. შეგახსენებთ, რომ პატრულის მიერ დაახლოებით 80 ადამიანია დახვრეტილი! – ავტ.)…
როდესაც გვეკითხებიან, რა არის თქვენი მთავარი მიღწევა, უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის – პირველად თანამედროვე ისტორიაში საქართველო ნამდვილი სახელმწიფო გახდა».
მართალია, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ თურმე, მისი და მისი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შექმნეს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი დღესაც მოშლილია. შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია, დემორალიზებული პარლამენტი გავიხსენოთ, რომელიც ორი თვეა, შეკრებას ვერ ახერხებს…
შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ახალბედა პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა: – «საბედნიეროდ, მეტწილად ჩვენი პრესა არ კონტროლდება»… ეს «ნაკლი» მან პრეზიდენტობის დროს გამოასწორა და მედია სრული კონტროლის ქვეშ მოაქცია. დღეს არავისთვისაა უცხო, რომ ელექტრონული მედია სრულად კონტროლდება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, ხოლო ურჩი გამოცემები საერთოდ დახურეს.
სააკაშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში წუხდა იმაზე, რომ, თუ სტრუქტურა არ შეიცვლება, პოლიტიკური მკვლელობები ისევ გაგრძელდება… არც შემცდარა, პოლიტიკური მკვლელობები მისი პრეზიდენტობის დროს ნამდვილად გაგრძელდა. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას «გაზით გაგუდვა». მისი ოჯახის წევრები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აუცილებლად გაიხსნება და დაუფარავად აკეთებენ მინიშნებას იმაზე, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მამამისი სააკაშვილის ხროვამ მოკლა… გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა…
როგორც ზემოთ კონკრეტული ამონარიდებით შეგახსენეთ, სააკაშვილი 1997 წელს მის აღმზრდელსა და წინამორბედს ქართული სახელმწიფოს დამაარსებელს უწოდებს და ჯორჯ ვაშინგტონს ადარებს, თუმცა ახლა თავად სურს ამერიკელი მამების ავტორიტეტთან გაიგივება.
ისე, საინტერესოა, სააკაშვილი 1997 წელს ამბობდა სიმართლეს თუ დღეს ღაღადებს ჭეშმარიტებს, როდესაც აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მამა და მარჩენალია?!
მანანა ჩხეიძე