Home რუბრიკები პოლიტიკა უმწიფარი პრეზიდენტი, მოსალოდნელი სისხლისღვრა და თავში ჩარტყმული ლომაია

უმწიფარი პრეზიდენტი, მოსალოდნელი სისხლისღვრა და თავში ჩარტყმული ლომაია

835

«საქართველო და მსოფლიოს» მე-14 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «სამ გივ ფეტვსა და ხუთ თხაზე» გაყიდულნი» ვწერდი, რომ უცხოურ პრესაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შეცვლილ სტილზე ალაპარაკდნენ, სააკაშვილ #2-ზე. ვის მოუბრუნდა პირველად ენა სათქმელად ამის? ანუ ვინ თქვა პირველად «ფრენჩი»? ამის გასარკვევად ჯერ ერთ ანეკდოტივით ამბავს გავიხსენებ, სამამულო ომის დროინდელს. მოსახლეობა მაშინ ფრონტისთვის – სახსრებს, ჯარისკაცებისთვის – ტანსაცმელს, საკვებს და ა.შ. აგროვებდა. ამ კამპანიაში სკოლებიც იყვნენ ჩართული. თბილისის ერთ-ერთი ვაჟთა სკოლის (გოგოები და ბიჭები მაშინ განცალკევებულად სწავლობდნენ) დირექტორი დამამთავრებელ კლასში ტანსაცმლის შეგროვებაზე შეუდგა აგიტაციას.
ეს დირექტორი მოსწავლეებს ცოტა აგდებული ჰყავდათ და ერთმა მოსწავლემ ჰკითხა:
– «ფრენჩის» მოტანა შეიძლება? («ფრენჩი» მაშინ მოდური ჩასაცმელი იყო, ელიტური).
– შეიძლება.
მეორემ მხარი აუბა:
– ორი «ფრენჩის»?
– შეიძლება.
– სამის?
– ოთხის?
და სადღაც მეხუთეზე თუ მეექვსეზე დირექტორმა იაზრა და აყვირდა:
– ვინ თქვა პირველად «ფრენჩი»?
ახლა, მოდი, გავარკვიოთ, ვინ თქვა პირველად «ფრენჩი», ანუ ვინ დაასკვნა: «სააკაშვილმა ამას წინათ გადასინჯა თავისი სტილი და გაჩნდა სააკაშვილი #2».
«ფრენჩი» – სააკაშვილი #2.
გაზეთი «Le temps» დარწმუნებით ამბობს, რომ «ფრენჩის» ავტორობა ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დენის მაკშეინს.
ბატონ მაკშეინს წარბიც არ შეუხრია, ისე დაუწერია: «მოვლენების ცენტრში მიხეილ სააკაშვილი, ფიგურაა, რომელმაც ამას წინათ (!) გადასინჯა თავისი სტილი. გაჩნდა სააკაშვილი-2» (!)
გაჩნდა, დაიბადა, ვაშა და კირიელეისონ!
როცა დაწყნარდებით, განაგრძეთ კითხვა: «იგი საშუალებას აძლევს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მოახდინონ ტელეარხების მონოპოლიზება» (!). ცხონებული აბონ ციციაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, იტყოდა: «დენის მაკშეინს გავახსენებ ქართულ ანდაზას – ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო…» ან უფრო უარესს იტყოდა.
უარესი მაკშეინის «დასკვნებში» აქ ნახეთ: «იგი უკვე აღარ ლაპარაკობს ნატოში დაუყოვნებლივ შესვლაზე. მისი მხედველობა ძირითადად ფოკუსირებულია ევროპასა და ევროკავშირზე»… «ამჟამად სააკაშვილი იქცევა როგორც ტოლერანტული დემოკრატი»… და ასე შემდეგ, ერთი მეორეზე უარესი აბდაუბდა.
კაცმა რომ თქვას, ვინ ეკითხება ამ მარკშეიდერს ჩვენი ამბების შეფასებას?! ეგ იგივეა, გიგა ბოკერიამ ინგლისელებს ელისაბედ მეორეს მმართველობის შუქ-ჩრდილები გაურჩიოს.
მაგრამ დედოფალი ბოკერიასთან არ მივა, აი, სააკაშვილი კი მისულა აღსარების სათქმელად მინისტრის მოადგილე მაკშეინთან და შეუჩივლია თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ, ხელმეორედ დაბადებაზეც ულაპარაკია – სასწაულებრივ ინკარნაციაზე: «მან ჩემთან აღიარა, – განაგრძობს მაკშეინი, – რომ არ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას მანდატის გასვლის შემდეგ და შეცვლიდა კონსტიტუციას, რათა დარჩეს ხელისუფლებაში, როგორც ეს პუტინმა გააკეთა».
ამას უთქვამს, იმას დაუჯერებია ან თავი მოუჩვენებია, რომ სჯერა მისი, რადგან
ერთი სული ჰქონდა, მოეცილებინა მის მკერდზე თავმიდებული მოზლუქუნე მამაკაცი, რომელსაც ასეთ ნერვულ მდგომარეობაში შეეძლო, მაგრად დაეღეჭა მისი ინგლისური ჰალსტუხი.
ტიროდა ნიანგი მარკშეიდერის მკერდზე ქნარივით «როგორც მინდა» თავმიდებული და ცრემლების უხვ მდინარებას რუსეთის გინებას ჩაროზად აყოლებდა (იხ. გაზეთი «Le temps»), რადგან, ცნობილია, რომ ყველა დროსა და ეპოქაში რუსეთის ლანძღვა ინგლისელებს განსაკუთრებით სიამოვნებთ.
ამასობაში «მოსკოვი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გაფაციცებით აკვირდება. ორ საუკუნეზე მეტხნიანი საერთო ისტორია და მის ტერიტორიაზე გავლენიანი ქართული დიასპორის (მილიონი ადამიანი) არსებობა რუსეთს საქართველოს მოსახლეობაზე გარკვეული გავლენის ბერკეტს ანიჭებს», – მნიშვნელოვან მინიშნებას აკეთებს შვეიცარიული გაზეთი «Tribune de Geneve».
აქვე ერთი გადახვევა: «რადიკალურ ოპოზიციას» და, განსაკუთრებით, ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლება და პრეზიდენტი აუხირდნენ, გინდა თუ არა, რუსეთი გაფინანსებთო.
რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ ფერად რევოლუციონერებს, მათ შორის, სააკაშვილსა და, თუნდაც, იგივე ბურჯანაძეს, ცხვირი აებზუათ ამერიკის, იგივე, სოროსის დოლარების შემოდინების გამო, რითაც უხვად არწყულებდნენ «კმარას» და, კერძოდ, იმ დროს ჯერ კიდევ გაუფურჩქნელ ვარდის კოკორ თეა თუთბერიძეს.
ფულს სუნი არ უდის, დოლარს – განსაკუთრებით.
რეალიზმი, რომელიც ამ გაზეთის პოზიციის დამახასიათებელი ნიშანია, ნათლად გამოიკვეთა საქართველოში არსებული ვითარების ობიექტურ ანალიზში. ჟან ფრანსუა ვერდონეს აქ გამოქვეყნებული წერილი «პრეზიდენტი სააკაშვილი მზარდი პროტესტის პირისპირ» ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
მზარდი პროტესტისო, – ხაზს უსვამს ავტორი. ნიჰილისტებმა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, ნიჰილისტებმა არა მარტო ხალხის მასაში, არამედ ოპოზიციურ ხელმძღვანელობაშიც, რომლის (ნაწილის) გულგატეხილობა კონკრეტული პერსპექტივის უქონლობაში გამოიხატა. თუნდაც. რადგან არის სხვა მინუსიც, რომელიც ხელისუფლებას, კერძოდ, პრეზიდენტს გარკვეულ შანსს აძლევს – «საპროტესტო კამპანიის არათანმიმდევრულობაშია». ეგებ, ლოგიკური დაუსრულებლობაც, – დავუმატოთ ჩვენ. თუ «ქარიზმატული ლიდერის დეფიციტი» დიდი უბედურება არ არის და ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვნის ძიებაში არ უნდა დავიხარჯოთ, მინიშნება იმაზე, რომ ოპოზიცია «სახელმწიფოს მეთაურის სათანადოდ შეწუხებას ჯერ, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს», უდავოდ ყურადსაღებია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს, «რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს საკუთარი შეცდომების საფასურს იმკის», მშვიდობიანი მმართველობის პერსპექტივა უდევს წინ. იგი იძულებულია, თანდათან დათმოს პოზიციები, ყოველ შემთხვევაში, როგორც გაზეთი წერს, «მარცხით დასუსტებული პრეზიდენტი იძულებულია, თავისი მოწინააღმდეგეებისთვის გარანტიების მიცემის შთაბეჭდილება შექმნას».
არ ჯერა ხალხს ამ «გარანტიების». ამიტომ იყო, რომ 26 მაისს «სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის მოთხოვნით» ათასობით ადამიანი მივიდა ეროვნულ სტადიონზე. «2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ თავად სააკაშვილი ვერ ახერხებდა ამდენი ადამიანის შეკრებას», – ამბობს ჩარლზ იურჟევსკი, პარიზის ენებისა და აღმოსავლური ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი.
ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად საპროტესტო მუხტი შეუდარებლად ძლიერია «უმწიფარი ხელმძღვანელის» წინააღმდეგ (კარლ რადერი, «Tsneth Zurich»).
უცხოელი ექსპერტების დაკვირვებით, «კრიზისი საქართველოში დიდწილად (მაგრამ არა მთლიანად) ინდივიდუალური ფაქტორით იმართება, ანტაგონისტებით, რომლებიც ადრე რევოლუციის მოკავშირეები იყვნენ. იმ რევოლუციის, რომელსაც საქართველო კორუფციული, შეუმდგარი სახელმწიფოდან დემოკრატიის ოაზისად უნდა ექცია».
ოაზისი, რა თქმა უნდა, შეიქმნა – კეთილდღეობის ოაზისი მმართველი გუნდისთვის გაუდაბურებულ საქართველოში.
ეს ფაქტია, რომელიც ყველა რევოლუციისთვის დამახასიათებელია.
მაგრამ ქართული რეალობის უნიკალურობა ის არის, რომ აქ თავდაყირა დადგა ცნობილი დებულება – «რევოლუცია ჭამს თავის შვილებს». «ვარდების რევოლუციას» მისმა შვილებმა შეუტიეს: მის წინამძღოლს სააკაშვილს – მისმა ყოფილმა მხარდამჭერებმა.
ინდივიდუალური ფაქტორი გადამწყვეტი გახდა.
უცხოურმა პრესამ ეს პიროვნული დაპირისპირება «დაიჭირა»:
«ნინო ბურჯანაძე, – წერს «Tsneth Zurich» – პარლამენტის სპიკერი და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არცთუ დიდი ხნის წინათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მრჩეველი იყო. დღეს ის აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია დამარცხდება, საქართველო დიქტატურად გარდაიქმნება.
სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს გარეთ გაატარა და სააკაშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მოწვეული, ახლა მისი ყველაზე მწვავე ოპონენტია და მის გადადგომას მოითხოვს.
ირაკლი ალასანია სააკაშვილის ელჩი იყო გაეროში და ახლა ისიც ოპოზიციაშია».
ამ დრამაში «ორ კოლორიტულ ფიგურას გამოყოფენ: პრეზიდენტს და «სატელევიზიო გმირს, რომელიც ხელოვნურ საკანში ცხოვრობს პროოპოზიციური სატელევიზიო არხის «მაესტროს» სტუდიაში.
ამერიკელი მასაჟისტი ქალი დოროტი სტეინი, რომლის ფსევდონიმიც დოქტორ დოტია, აღფრთოვანებულია მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სეანსებით და მას «დედამიწაზე ყველაზე ლამაზ პრეზიდენტად» მოიხსენიებს.
ქართველ ამომრჩეველს კი დაუჩემებია: «მიშა, წადი!»
მიშა წამსვლელი არ არის.
მაშ, რა?
«ცოტა ქართველი თუ ელოდება, რომ სააკაშვილი გადადგება. ასე რომ, გამოუვალი სიტუაცია კიდევ გაგრძელდება ღამის მიტინგებით, პოლიტიკური თეატრებითა და დროდადრო ძალადობრივი შეტაკებებით პოლიციასთან. ახალი სკანდალები აუცილებლად მოხდება და უფრო მეტი სისხლი დაიღვრება».
ასეთ პერსპექტივას გვიქადის უცხოეთის პრესა. სამწუხაროა!
«ესო, – წერენ, – რევოლუციის განვითარების პროცესს არ ჰგავს. არ ჰგავს არც ქმედით, ზრდასრულ საზოგადოებას» («Tsneth Zurich»).
ავტორიტეტიან ქვეყანაზე ასე არ ლაპარაკობენ.
ჩვენი ავტორიტეტის დაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში ნახეთ. განსაკუთრებით, გაეროში, სადაც ჩვენმა სახელოვანმა წარმომადგენელმა, თბილისიდან ნიუ-იორკში ექსორიაქმნილმა განათლების ყოფილმა მინისტრმა ლომაიამ, ნაციონალების გუნდის ტრადიციის შესაბამისად, გენერალური მდივანი პან გი მუნი ლამის რუსეთის მიერ შეშინებულ ბიჭად წარმოადგინა.
ამ საერთაშორისო სკანდალის შესახებ ქართულ პრესაში ბევრი დაიწერა, ამიტომ მხოლოდ საინტერესო მომენტებს მივაქცევ თქვენს ყურადღებას.
ლომაიას, ეტყობა, ჰგონია, რომ გაეროს «ნაცმოძრაობა» მართავს და იქაც გაუვა ისეთივე ცრუპენტელობა, როგორიც აქ ჩვევად ჰქონდა.
«Reuters» წერს:
«აფხაზეთში გაეროს მისიის მუშაობის ვადა, რომელშიც 129 სამხედრო დამკვირვებელი და 16 პოლიციური მრჩეველი შედის, 15 ივნისს იწურება. უშიშროების საბჭომ ან ახალი რეზოლუცია უნდა მიიღოს, რომლითაც მისიას მანდატს გაუგრძელებს, ან უნდა გამოიყვანოს იგი აფხაზეთის ტერიტორიიდან.
«მათ (რუსებმა) უთხრეს მას (პან გი მუნს), რომ ამ რეზოლუციას ვეტოს დაადებდნენ», – განაცხადა ლომაიამ და წყაროდ გაეროს გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი დაიმოწმა, თუმცა მისი ვინაობის გამხელაზე უარი თქვა».
ასეთ ბაზრის ჭორიკანობას ვინ გაპატიებს გაეროში!
ამ სკანდალმა დაგვანახა, რომ გაეროში ჩვენს წარმომადგენლებთან არავითარ კონსულტაციებს არ ატარებენ იმ საკითხებთან დაკავშირებითაც კი, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხება. საერთოდ არაფერს ეკითხებიან.
ისღა აკლიათ, სანტექნიკოსების ჭკუაზე იარონ!
ამიტომ იყო, რომ ამასთან დაკავშირებით, როგორც ამათ უყვართ თქმა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, პან გი მუნის კანცელარიამ (!) თავს უფლება მისცა, მკვახედ განეცხადებინა: «გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ შეუძლია და არ მიიღებს არანაირ მითითებას არც ერთი სახელმწიფოსგან».
თავში ჩაარტყეს ლომაიას!
ჩვენ რა ხეირი?!
ლაშა გიორგიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here