Home რუბრიკები სპორტი 10 საუკეთესო საბჭოთა მეკარე

10 საუკეთესო საბჭოთა მეკარე

საუკეთესოთა შორის ორი ქართველია

1074
10 საუკეთესო საბჭოთა მეკარე

2020 წლის ბოლოს პოპულარულმა გაზეთმაფრანს ფუტბოლმა”, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველა დროის 10 საუკეთესო მეკარე გამოავლინა. სარეიტინგო სიაში პირველია საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა ლევ იაშინი. მან გაუსწრო ჯანლუიჯი ბუფონსა და დინო ძოფს (ორივე _ იტალია), მანუელ ნოიერს (გერმანია), იკერ კასილიასს (ესპანეთი), პეტერ შმეიხელს (დანია), ედვინ ვან დერ სარს (ნიდერლანდები), გორდონ ბენქსს (ინგლისი) და ტომა კონოს (კამერუნი). საბჭოთა კავშირში ბევრი იყო კარგი მეკარე, მათ შორის ქართველებიც. ამას მოწმობს ერთერთი რუსული სპორტული გამოცემის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო საბჭოთა მეკარეების სარეიტინგო სია, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

  1. ვლადიმერ პილგუი

(თამაშობდა 1965-1983 წლებში)

გუნდები: “დნეპრი”, “დინამო” (მოსკოვი), “ყუბანი”.

ამ მეკარეს გადასცა ლევ იაშინმა ხელთათმანები თავის ბოლო მატჩში. დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი 11 წლის განმავლობაში იცავდა მოსკოვის “დინამოს” კარს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი მატჩი არ უთამაშია, თუმცა აქტივში აქვს 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, აგრეთვე, ოლიმპიური თამაშების 2 ბრინჯაოს მედალი, ოლიმპიადებზე კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

  1. ალექსანდრე პროხოროვი

(1965-1978 წწ.)

გუნდები: “ნემანი”, “დინამო” (მინსკი), “მეტალურგი” (ზაპოროჟიე), “დინამო” (კიევი), “სპარტაკი” (მოსკოვი).

ამ ნიჭიერ მეკარეს მუდამ სდევდა სკანდალები, როგორც საფეხბურთო, ისე პირადი ცხოვრების. სწორედ ამის გამო ვერ შეძლო, სრულად გამოევლინა თავისი ნიჭი. მხოლოდ ის რად ღირს, რომ “დინამოდან” “სპარტაკში” გადავიდა, შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდა, რის გამოც ორივე გუნდის გულშემატკივრების სიძულვილი დაიმსახურა. არც ნაკრებში უთამაშია ბევრი _ მხოლოდ 3 მატჩი. გარდაიცვალა 2005 წელს, 58 წლისა.

  1. ოთარ გაბელია

(1970-1989 წწ.)

გუნდები: “დინამო” (ზუგდიდი), “დინამო” (სოხუმი), “ტორპედო” (ქუთაისი), “დინამო” (თბილისი).

ოთარ გაბელიამ ფეხბურთის თამაში დაიწყო, როგორც თავდამსხმელმა, მაგრამ შემდეგ კარში ჩადგა. გამოირჩეოდა შესანიშნავი რეაქციითა და ნახტომით. უნარიანად ხელმძღვანელობდა დაცვას. იყო თბილისის “დინამოს” იმ შემადგენლობაში, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა.

  1. ვიქტორ ბანიკოვი

(1959-1973 წწ.)

გუნდები: “ავანგარდი” (ჟიტომირი), “დესნა”, “დინამო” (კიევი), “ტორპედო” (მოსკოვი).

ვიქტორ ბანიკოვს ეკუთვნის ყველაზე ხანგრძლივი “მშრალი” სერიის რეკორდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში. ამ გოლკიპერს 1122 წუთის განმავლობაში არ გაუშვია ბურთი. იყო 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. სულ კი ნაკრების მაისურით 14 მატჩი ითამაშა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. გარდაიცვალა 2001 წელს.

  1. იური პშენიჩნიკოვი

(1958-1972 წწ.)

გუნდები: “ფახთაქორი”, ცსკა

ამ ფეხბურთელმა თითქმის მთელი კარიერა ტაშკენტის “ფახთაქორში” გაატარა, მაგრამ “წლის საუკეთესო მეკარის” ტიტული მან არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის შემადგენლობაში მოიპოვა. ფეხბურთის კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა სხვადასხვა კლუბს. გარდაიცვალა 2019 წელს, 79 წლისა.

  1. ანზორ კავაზაშვილი

(1957-1975 წწ.)

გუნდები: “ტორპედო” (ქუთაისი), “დინამო” (თბილისი), “ზენიტი”, “სპარტაკი”, “ტორპედო” (მოსკოვი).

შესანიშნავი ნახტომის მქონე გოლკიპერი 5 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითადი მეკარე, ითამაშა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2-ჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოსკოვის “ტორპედოსა” და “სპარტაკის” შემადგენლობებში. 1965 და 1967 წლებში დაასახელეს “წლის საუკეთესო” მეკარედ. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად.

  1. ალექსეი ხომიჩი

(1936-1956)

გუნდები: “პიშჩევიკი” (მოსკოვი), “დინამო” (მოსკოვი), “დინამო” (მინსკი).

პირველი საბჭოთა გოლკიპერი, რომელზეც ალაპარაკდნენ დიდ ბრიტანეთში და რომელსაც “ვეფხვი” შეარქვეს. იმხანად ნაკრები ჯერ კიდევ არ თამაშობდა, მაგრამ მოსკოვის “დინამოს” ტურნემ ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში ხომიჩს სახელი გაუთქვა. შემდეგ იყო ლევ იაშინის მწვრთნელი. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად. გარდაიცვალა 1980 წელს, 60 წლისა.

  1. ევგენი რუდაკოვი

(1960-1977წწ.)

გუნდები: “სუდოსტროიტელი”, “დინამო” (კიევი).

თამაში დაიწყო ნიკოლაევში, შემდეგ გადავიდა კიევის “დინამოში”, სადაც კარიერის დასრულებამდე ითამაშა. არის უეფას თასის მფლობელთა თასისა და სუპერთასის მფლობელი (1975 წ.). სამჯერ დაასახელეს “წლის მეკარედ”. 1972 წელს შეიყვანეს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

გარდაიცვალა 2011 წელს.

  1. რინატ დასაევი

(1975-1991 წწ.)

გუნდები: “ვოლგარი”, “სპარტაკი” (მოსკოვი), “სევილია”.

დასაევმა საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით 91 მატჩი ითამაშა. მონაწილეობდა 3 მსოფლო ჩემპიონატში. არის ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უცხოეთში მოსინჯა ძალები, მაგრამ მისი კარიერა ესპანეთის “სევილიაში” წარუმატებელი აღმოჩნდა და 34 წლისამ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.

  1. ლევ იაშინი

(1950-1971 წწ.)

გუნდები: “დინამო” (მოსკოვი)

ლევ იაშინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიპოვა. ლევ იაშინი არის ფიფას მიერ შედგენილი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდის პირველი ნომერი, 1956 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი. გარდაიცვალა 1990 წელს, 60 წლისა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. ალექსეი ხომიჩს არ მოვსწრებივარ,დანარჩენების თამაში კი,მეტნაკლებად ყველასი მახსოვს.ყველა ძალიან კარგი მეკარე იყო,თუმცა ვლადიმერ პილგუის ათეულში შეყვანა,ალბათ მაინც ხანგრძლივი კარიერის გათვალისწინებით მოხდა,თორემ მის დროს,მოსკოვის დინამოს,ნიკოლაი გონტარიც ჰყავდა და მორიგეობით იდგნენ კარში.უკეთესი თუ არა,უარესი ნამდვილად არ იყო.მოსკოვის სპარტაკელი სტანისლავ ჩერჩესოვიც(რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი) მასზე ძლიერი მეკარე მგონია და სერგო კოტრიკაძეც,თავისი ულამაზესი ნახტომებით.

  2. გაბელიას აკლდა სიმაღლე , რაც უმნიშვნელოვანელია მეკარისათვის, ეს რომ მას ჰქონოდა , ჩემი აზრით ის რეიტინგით მინიმუმ 5 საუკეთესო მეკარეში იქნებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here