Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლება 90 სინათლის წლით დაშორდა ხალხს

ხელისუფლება 90 სინათლის წლით დაშორდა ხალხს

2909
ხელისუფლება 90 სინათლის წლით დაშორდა ხალხს

გასულ კვირას ეროვნული ვალუტა გამყარდა. ჰო, გამყარდა _ რამდენიმე თეთრით დაიკლო და ერთი დოლარის ყიდვა 2,80 ლარად შეიძლებოდა. პირველ რიგში, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ლარი საგანგაშო 3 ლარიან ნიშნულს 0,20 პუნქტით დაშორდა და, როგორც ხელისუფლებამ, ისე ეროვნულმა ბანკმა შვებით ამოისუნთქეს. სიმართლე გითხრათ, გვეგონა, რომ ამ კლების გამო არც ეროვნული ბანკი და არც ხელისუფლება აჟიოტაჟს არ ატეხდნენ და არ იტყოდნენ: ხალხო, შეხედეთ, რა მაგრები ვართო! მაგრამ, ნურას უკაცრავად. ერთი დღე ითმინეს, მეორე და მესამე დღესაც რომ იგივე დარჩა ლარის კურსი, გამოვიდა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ამ ახალგაზრდა კაცმა (33 წლისაა) შთაგონებული სახით გვამცნო: ლარის სიმყარე ნუ გიკვირთ, ის უფრო საკვირველია, აქამდე რატომ უფასურდებოდაო.

“ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ყოველთვის ვიძახდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, ასევე ბევრი ეკონომისტის მოლოდინიც იყო, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო და ასეც ხდება _ მოლოდინი მართლდება, ეს გასაკვირი არაა. პირიქით, ლარი გაუფასურებული რომ იყო ამდენ ხანს, ეს უფრო საინტერესო და გასაკვირი იყო ჩვენთვის”, _ განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

სანამ ბატონ პაპუნაზე საუბარს განვაგრძობთ, გეტყვით, რომ იგი ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტობამდე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ფინანსური ოფიცერი იყო და 2018 წელს ხელფასად 215 ათას დოლარზე მეტი მიიღო. მისი მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მეორე მდივანია და წლიურად 69 ათას დოლარს იღებს, ასე რომ, ცოლ-ქმარს წლიურად მეოთხედ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. შესაბამისად, ისინი და ჩვენ სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სხვადასხვა პრობლემა გვაწუხებს და, საზოგადოდ, მოვლენებსაც სხვაგვარად ვუყურებთ. როცა წლიური შემოსავალი მეოთხედ მილიონ დოლარზე მეტი გაქვს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ლარი რამდენიმე თეთრით მოიმატებს თუ დაიკლებს; არ აქვს მნიშვნელობა, წიწიბურა 20 თეთრით გაიაფდება თუ გაძვირდება. აქ საინტერესო სხვა რამ არის.

გასულ კვირაში ერთი დღე რომ გამყარდა ლარი, მეორე დღეს ისევ გაუფასურდა, მერე ისევ გამყარდა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ისევ გაუფასურდეს. ჰოდა, როგორც ირკვევა, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ექსპერტი, უბრალოდ, გაოცდნენ: ნეტავ, რატომ გაუფასურდაო?! ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ გაუფასურების მიზეზი არ იცის, უბრალოდ, უკვირს ვალუტა რომ უფასურდება. ჰოდა, ლეჟავას ამჟამინდელი ხელფასი თვეში 20 ათას ლარზე მეტია. ის ამ თანხას იღებს იმაში, რომგაუკვირდეს ლარის გაუფასურება. მოსახლეობას კი არ უკვირს, რადგან ხედავს, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ინვესტიციები არ შემოდის, პროდუქტი ძვირდება, ემიგრაციაში წასული ხალხის ოდენობა იზრდება დაროგორ უნდა გაუკვირდეს?! თურმე ნიჭი სჭირდება იმასაც, რომ გაიკვირვო.

საზოგადოდ, მიმდინარე მოვლენებს თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ორი საქართველო არსებობს: ერთი _ რომელშიც ჩვენ, რიგითი ადამიანები, ვცხოვრობთ, და მეორე _ რომელშიც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ცხოვრობენ. მაგალითად, იმავე პაპუნა ლეჟავას წლიური ხელფასი გამყარებული ლარის პირობებშიც კი პენსიონერს… 90 წელიწადს უნდა ეყოს. არ ვხუმრობთ, მართლა ასეა. რასაც ის კაცი ერთ წელიწადში ხარჯავს, პენსიონერმა 90 წლის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. ეს არის ის პროპორცია და უფსკრული, რომელიც მაღალჩინოსნებსა და მოსახლეობას შორის არის. 90 სინათლის წელიწადით დაშორდა ხელისუფლება ხალხს და ამიტომ ვერ ხვდება, რეალურად რა ხდება; ამიტომ უკვირთ მოშიმშილე ბავშვების არსებობა პარლამენტარებს, ამიტომ ხედავენ ოფიციანტები რესტორნებში სულ ერთსა და იმავე სახეებს.

აბა, გაიხსენეთ, ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია, რომელიც გასულ წელს საქართველოში განხორციელდა. ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ არაფერი ყოფილა ისეთი, რომელიც აღნიშვნა-ჩანიშვნის ღირსი იქნებოდა. სამაგიეროდ, ის გვახსოვს კარგად, ქვეყანაში შემოსასვლელად გამზადებული მილიარდი დოლარი საზღვრიდან უკან რომ გავაბრუნეთ. რუს ტურისტებს და მეზობელთან საჰაერო მიმოსვლის ჩაკეტვას ვგულისხმობთ, რომელიც ძალიან კარგად მოვახერხეთ და მერე რა, თუ ეს მილიარდი პატარა სასტუმროების მფლობელებზე უნდა გადანაწილებულიყო, .. მოსახლეობაში გასულიყო. ხელისუფლებამ ხომ მისაღები მაინც მიიღო და რა მნიშვნელობა აქვს, რიგითი ადამიანები როგორ იცხოვრებენ?! მით უმეტეს, მოწოდებაგაატარე ზაფხული საქართველოშისწორედ მაღალჩინოსნებმა არ იღეს ყურად და ეგზოტიკური კურორტები მოიარეს ოჯახებთან ერთად.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ვინმეს ჯიბეში ფულს ვითვლიდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ, ვისაც ხელფასი ათასობით ლარი აქვს, სხვა ადამიანები შეურაცხყონ. ჰო, შეურაცხყოფაა ის, როცა ვერ ხვდები, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პურის ფულის, ყოველდღიური საკვების პრობლემა აქვს და ამის გამო შიმშილობს; როცა ვერ ხვდები, რომ შიმშილით ადამიანები კვდებიან, რომ სიცივეში უსახლკარობის გამო იყინებიან და ვერ ყიდულობენ ასიათასობით დოლარიან ფეშენებელურ საცხოვრებლებს, არ ჰყავთ შინამოსამსახურეები, ვერ დაჰყავთ ბავშვები იმ სკოლაში, რომელშიც ყოველთვიური გადასახდელი 500 ლარზე მეტია, რადგან ეს 500 ლარი სწავლისთვის კი არა, საკვების საყიდლად არ აქვთ. ჰოდა, ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მომავალში მათ შვილებსაც ზუსტად ისე გაუჭირდება, როგორც თავად უჭირთ და ეს ერთგვარი ჯაჭვი გაგრძელდება.

გასულ კვირას არ იყო, შვილის სამკურნალოდ კაცმა 50 ათასი ლარი რომ ვერ იშოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა?! დაასრულა მხოლოდ იმიტომ, რომ შვილს თვალებში ვერ ჩახედავდა, ვერ ეტყოდა: უფულობის გამო გიმეტებ სასიკვდილოდო, და შვილის სიკვდილის ყურებას სიკვდილი არჩია. გესმით ეს ტრაგედიები? არ გესმით! და იცით, რატომ? 90 სინათლის წელიწადით ხართ დაშორებული ამ ადამიანებისგან.

ფინანსთა მინისტრი ცალკე ფენომენი გვყავს. მან დაბეჯითებით გვითხრა, რომ მალე სიგარეტის ფასი 15 ლარიდან დაიწყება, ანუ პირდაპირ განაცხადა: პენსიონერებმა მოწევას თავი უნდა დაანებონ და არ მაინტერესებს, ამას მოახერხებენ თუ არაო. პენსიონერი სიგარეტს ვეღარ მოწევს (და ამ ამბავს მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით გაამართლებენ), რიგითი ადამიანების უმრავლესობაც ვერ შესწვდება გაძვირებულ თამბაქოს და მივალთ იქამდე, რომ სიგარეტი ფუფუნების საგანი გახდება. შემდეგ სხვა რამეს გააძვირებენ ისე, რომ მხოლოდ მაღალხელფასიანები შეძლებენ მის ყიდვას და ასე ნელ-ნელა დავემსგავსებით ინდოეთს, სადაც ღარიბებს მდიდრების უბანში შესვლის უფლებაც კი არ აქვთ. პრინციპში, ეს პროცესი საქართველოშიც წარმატებით არის დაწყებული. ჩვენთანაც ათეულობით ადამიანს პრესტიჟულ უბანში მდებარე საკუთარი ბინა გაქირავებული აქვთ, არცთუ პრესტიჟულ უბანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ამ სხვაობით თვიდან თვემდე გააქვს თავი.

სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობა შეიცვლება და უკეთესობისკენ წავალთ. არაფერი არ შეიცვლება უკეთესობისკენ, აი, უარესობისკენ კი შეიძლება ნამდვილად შეიცვალოს, რადგან ხელისუფლებაში მოსულთ ზუსტად ეცოდინებათ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმდენი უნდა იშოვონ, რომ მოსახლეობას 90 წლით დაშორდნენ და მათ შორის სხვაობა თვალსაჩინო გახდეს. ხელისუფლებაში ხომ სწორედ იმისთვის მოდიან, რაც შეიძლება მეტი მოიპარონ, მეტი მოიხვეჭონ და შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებს ისეთი ცხოვრება მოუწყონ, თითი თითზე არ ჰქონდეთ დასადები. დანარჩენ საქართველოში კი ისევ მოიკლავენ მშობლები თავს, რადგან ვერ გადაიხდიან შვილების მკურნალობის ფულს და ზუსტად ეცოდინება, რომ ისინიც ისეთივე უბედური იქნებიან, როგორც თავად არიან.

ამიტომ, ადამიანებო, რეალობის აღქმა კი არა, ილუზიაში ცხოვრება ისწავლეთ, ვარდისფერი სათვალე მოირგეთ და ისე შეხედეთ მოვლენებს, როგორც ბატონი უყურებს. ერთი ეგაა, შინ მისულთ მაგ სათვალის მოხსნა მოგიწევთ და… ერთი კაცის წლიური ხელფასი პენსიონერს 90 წელს რომ ჰყოფნის, კატასტროფაც აღარაა, ამას სხვა სახელი ჰქვია.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ქუჩაში ასი კაცი გააჩერეთ და ჰკითხეთ: რა ფუნქცია აქვს ან რას აკეთებს ეროვნული ბანკი? მათი ათი პროცენტი თუ სწორად გიპასუხებთ, ხმასაც არ ამოვიღებთ. ის, რომ ლარის კურსის დაჭერის გამო ხანდახან მილიონობით დოლარს ყიდის, გავიგეთ და სხვა? ამდენი ხალხი რომ არ ვარჩინოთ, მაგას საქართველოში არაერთი ბიზნესმენი დაყველა მინისტრი იზამს.

2 COMMENTS

  1. Амитом арчевнебиса ту революциис гзит,цхоба унда шеицвалос!цхоба!ан исев социализми ан социал-демократия унда икос сатавеши,ром квеханазе да халхзе конституциам изрунос,да ара гаумадзгари глехеби.

  2. სავსებით მართალი ბრძაბდებით, ბ–ნო ბესო. ევროგაერთაიანებისა და მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საშემოსავალი გადასახადი პროგრესული ხასიათისაა, ანუ მდიდრები უფრო მაღალი განაკვეთებით იხდიან საშემოსავლოს, ვიდრე ღარიბები. ჩვენი ჩინოვნიკები კი დაჟინებით იყენებენ პროპორციულ საშემოსავლო გადასახადს, როდესაც მდიდრები და ღარიბები იხდიან ართიანი ფიქსირებული განაკვეთით. ღორი ქართველებისაგან ეს არ უნდა გაგიკვირდეთ – გახსოვთ, როგორ ყიდიდნენ ისინი მოპარულ ბავშვებს უცხოეთის ბაზრებზე ?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here