Home ახალი ამბები საქართველო „ხალხი ამას არ დაუშვებს…“

„ხალხი ამას არ დაუშვებს…“

296
ხალხი ამას არ დაუშვებს

„მიმდინარე წლის ოქტომბერ–დეკემბერში საქართველოში
„ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება“
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური
18 სექტემბერი, 2023

მართალია, სუს–ის ეს განცხადება რამდენიმე თვის წინანდელია, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა და უნდა დავმშვიდდეთ.

„ხალხი ამას არ დაუშვებს“ (ანუ ნაცების მობრუნებას ხელისუფლების სათავეში) და, ასევე – „ხალხი მაგათ გადაუვლის“, – დიდი ხანია და ძალიან ხშირად გვესმის, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წელია. გვესმის, თანაც, არა მხოლოდ ე.წ. რიგითი მოქალაქეებისგან ან ზოგიერთი პოლიტოლოგ–ანალიტიკოსისგან, არამედ, რაც ძალზე საგანგაშოა,–ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც.

ის, რაც ეპატიება ხალხს – სიტყვები იქნება ეს თუ ქმედება, არ ეპატიება მის მიერ სახელმწიფოს სამართავად არჩეულ პირებს. დიახ, ხელისუფლებაში არმყოფი ადამიანები (ჟურნალისტ–პუბლიცისტები, პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ა.შ.) სისტემატურად უნდა ლაპარაკობდნენ და თავიანთი კრიტიკული სიტყვით, რჩევებითაც მუდმივად ტონუსში უნდა ამყოფებდნენ ხელისუფლებას და ეხმარებოდნენ კიდეც მას ქვეყნის მართვაში. ხელისუფლებისგან კი ოპერატიულ და სამართლიან ქმედებას(!) ველით და, არა – დანაშაულის ჩამდენების სიტყვიერ მხილებას! ამჟამინდელიხელისუფლება ასეც იქცევა, ოღონდ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა – იგი ვერ უბედავს ხელის ხლებას „ნაცმოძრაობის“ და მისი განაყოფი პატარა „ნაცუკების“ ლიდერებს და აქტივისტებს. ისინი და მათი ბელადი ხალხს უამრავჯერ ჰყავს მხილებული და სათანადო სიტყვებითაც „შემკობილი“ და, ხელისუფლებაც არანაკლები ეპითეტებით, ხმაშეწყობილი გამოძახილით პასუხობს. ხმაშეწყობილი სიმღერა გადასარევია, ხალხთან ხმაშეწყობილად, ანუ ერთ აზრზე ყოფნა ხომ „თლა კაია“, მაგრამ მარტო სიმღერით სოფელი არათუ შენდება, არამედ იმ სტაგნაციასაც ვერ აღწევს თავს, რომელშიც ათეული წლებია იმყოფება. მარტო კრიტიკამ, ლანძღვა–გინებამ და მუქარამ მიმალულ–გასუსული ნაცები პოლიტიკურად ვერ დაასამარა და, მოხდა პირიქით – 12–წლიანმა(!) ე.წ. კოჰაბიტაციამ იქამდე მიგვიყვანა, რომ „ნაცმოძრაობამ“ იბარტყა, მისი კრიმინალი ლიდერი კი, ვის კისერზეც ათეულ ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცოდვაა, ციხის კამერაში გამოკეტვის ნაცვლად, სამედიცინო კლინიკის ლუქს–პალატაში ნებივრობს კომფორტულ პირობებში და, აქეთ გვემუქრება მეორედ მოსვლით და გადატრიალებით! ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგანაც ხელისუფლების მიერ დანერგილი დაუსჯელობის სინდრომი, თანაც მხოლოდ ერთი მიმდინარეობა–პარტიების დამნაშავეებისთვის დაწესებული, სხვა შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც მომავალში გამოიღებს! ის კი არა, შესაძლოა, უფრო უარესადაც გაგრძელდეს, თუკი ხელისუფლება მიღებული „რეკომენდაციების“ მიხედვით იმოქმედებს და ძალაუფლებას ნაცებს გადაულოცავს „ხავერდოვნად“ დასავლეთის ვირეშმაკურად ჩაფიქრებულ კოალიციურ მთავრობაში!

როდესაც პარტიას ან ადამიანთა ჯგუფს დამნაშავეებს უწოდებ პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და, ამის მიუხედავად, საბრალდებო სკამზე დასმის ნაცვლად გვერდით მოისვამ სახელისუფლებო სავარძლებში, მათი თანამონაწილე ხდები. ნებისმიერი, ვისაც კი შენ დამნაშავედ თვლი, – ან უნდა გაასამართლო, ანდა – შეწყვიტო არაფრის მომტანი სიტყვიერი ბრალდებები, ვინაიდან, თუ ვერ ასამართლებ, მაშინ ეს შენს უსუსურობაზე ღაღადებს და, ცილისმწამებელიც გამოდიხარ! როდესაც „კანონიერ“ ქურდებთან კონტაქტებისთვის (მხოლოდ კონტაქტებისთვის!) მათ ბავშვობის მეგობარ–მეზობლებს და ნათესავებს აპატიმრებ, თავად კი დამნაშავე ნაცმოძრაობის წევრებთან ერთად ზიხარ პარლამენტში და, აქეთ სთხოვ სახელმწიფოს მართვაში, კანონების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, ამას აბსურდს დავარქმევდი, დანაშაული რომ არ იყოს!

თუ ხელისუფლებამ არ მიიღო დროული პრევენციული ზომები და თუთიყუშივით იმეორა: „ხალხი ამას არ დაუშვებს“, ახლო მომავალში, შესაძლოა, საშინელ დღეში ჩავვარდეთ – ძმათამკვლელ სამოქალაქო ომშიც ჩაგვითრიონ გარედან ოდნავ ხელის წაკვრით!

ე.წ. კოლექტიური დასავლეთი ოპოზიციის მეშვეობით არეულობას და გადატრიალებას იმიტომ გეგმავს, რომ იცის, მშვიდობიანი, ანუ არჩევნების გზით „ქართულ ოცნებას“ და მისი მხარდამჭერი მოსახლეობის უმრავლესობას 2024 წლის შემოდგომაზე ვერ დაამარცხებს. მოსალოდნელი არეულობა–გადატრიალების მცდელობის შესახებ არა მხოლოდ „სუს“–ი, არამედ სხვებიც ლაპარაკობდნენ და, არა მხოლოდ ჩვენთან, – უცხოეთშიც. ჩვენი ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, ხალხის იმედზეა. ერთი ცნობილი და პატივსაცემი ანალიტიკოსი უფრო აკონკრეტებს: „ერის მოაზროვნე ნაწილი კიდევ ერთხელ 9–წლიან სისხლიან დიქტატურას არ დაუშვებს“! კი მაგრამ, როგორ? როგორ აღუდგება ხალხი ყველაფერზე წამსვლელ ძალას? სადმე გინახავთ, რომ სისხლიანი დიქტატურის მომხრეებს, რომლებსაც გარედან აქვთ დიდი მხარდაჭერა, მოაზროვნე ნაწილი დაპირისპირებოდეს და გაემარჯვოს კიდეც, მით უფრო პაციფისტური ხერხებით (გავიხსენოთ ნაცების საწინააღმდეგო 15–16 წლის წინანდელი უშედეგო 100–ათასიანი ლამის პერმანენტული მიტინგები)? განა შეიძლება შეუიარაღებელი(!) ხალხი, თუნდაც, უმრავლესობა გადატრიალების არდაშვების გარანტი იყოს? რა თქმა უნდა, – არა! „ხალხი ამას არ დაუშვებს“ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ძალზე საშიშ მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებას. შესაძლებელია საქმე აქამდე არც კი მივიდეს და ოპოზიციამ მისი მხარდამჭერი შეიარაღებული ექსტრემისტული ჯგუფების დახმარებით სწრაფადვე მოახერხოს ძალაუფლების ხელში აღება. სახელისუფლებო გადატრიალებისთვის ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა სრულებითაც არ არის აუცილებელი, ამისთვის სამხედრო გამოცდილების მქონე რამდენიმე ათასი შეიარაღებული ადამიანი სრულიად საკმარისია ხოლმე. იმის გათვალისწინებით, რომ ძალოვან სტრუქტურებში, სადაც ძირეული წმენდა არ ჩატარებულა, საკმაოდ ბევრი „მიშისტია“, იმ ხელისუფლების დამხობა, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილით აალებული ერთი მანქანის დანახვაზე ელეთ–მელეთი მოსდის, არც ისე ძნელი წარმოსადგენია!

ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, საქმე მთლად ასე უიმედოდაც არ უნდა იყოს, ვინაიდან ხელისუფლებას საკმარისად ჰყავს ერთგული ძალები, რომლებიც ოპოზიციად წოდებულ ძალებს და მათ მხარდამჭერებსაც, თუნდაც, შეიარაღებულებს, ადვილად გაუსწორდება. ამის შესახებ ჩვენზე უკეთ გადატრიალება–რევოლუციების მოწყობაში გაწაფულ ამერიკას მოეხსენება და, სწორედ ამიტომ, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონიდან“ იგი ათასეულს (შესაძლოა, მეტსაც!) ამზადებს საქართველოში გადმოსასროლად – ოპოზიციის დასახმარებლად! პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს არსებულ ბაზაზე ამ მებრძოლებს სამხედრო გადატრიალებისთვის საჭირო სპეციალურ წვრთნებს უტარებენ (აბა, სამხედრო გამოცდილება მათ არ აკლიათ!). ნაცოპოზიციას სწორედ მათი იმედი აქვს. ცნობისათვის: „ქართული ლეგიონი“ მსოფლიოში უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო კორპორაციამ Black Rock-მა გამოისყიდა ზელენსკისგან, რომელმაც (ერთი ლეგიონი რა მოსატანია), პრაქტიკულად, მთელი უკრაინა მიყიდა მას (ამ უმდიდრეს კორპორაციას, მის ხელთ არსებული წარმოუდგენელი ფინანსური შესაძლებლობების გამო, – 9.1 ტრილიონი დოლარის აქტივებით, – „ხელისუფლების მეოთხე შტოს“ უწოდებს Bloomberg–ი, ფინანსური ინფორმაციის მომწოდებელი წამყვანი ამერიკული სააგენტო).

ეს, გარემოება, ცხადია, ვითარებას ართულებს, მაგრამ სამხედრო ძალების და პოლიციელთა რაოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის არც ეს არ უნდა იყოს ძნელად გადასაჭრელი პრობლემა, თუ იგი დროულად და გაბედულად გაატარებს პრევენციულ ზომებს – ჩანასახშივე ალაგმავს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ ან მეორე ფრონტის გახსნისკენ მომწოდებელ პარტიებს და ცალკეულ პირებს. ცხადია, სასჯელიც და ჯარიმებიც პროგრესირებადი (ჯერადობით ზრდადი!) უნდა იყოს, და, არა ისეთი, როგორც დღეს გვაქვს, როცა ამ ჯარიმებს ადვილად ფარავს უცხოეთიდან დაფინანსებული, სპეციალურად არეულობის მომწყობთა წასახალისებლად შექმნილი ორგანიზაცია GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა).

არაფრის შიში არ გვექნებოდა, ხელისუფლების უსუსურობას რომ არ ვუყურებდეთ, დაწყებული 2012 წლიდან! თუ სახელმწიფოს(!), ჯარს სათავეში სუსტი პიროვნება, გაუბედავი სარდალი უდგას, მისი საქმე წასულია, იგი დაღუპვისთვისაა განწირული! ამის მაგალითები უამრავი იცის ისტორიამ!

ჰოდა, საქმეც ამაშია – ამჟამინდელი მდგომარეობა ოპტიმიზმისთვის არ ტოვებს ადგილს: ჩვენი შეშინებული და ნაცოპოზიციასთან ნებისმიერ დათმობაზე წამსვლელი ხელისუფლებისგან რაღას უნდა მოველოდეთ მომავალში, როდესაც დიდი ალბათობით „მოლოტოვს“ „კალაშნიკოვი“ დაემატება და სნაიპერული „ვინტოვკაც“. დავიჯერო, უცებ გარდაიქმნება, სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს უშიშრად გადადგამს და კუდით ქვას ასროლინებს რევანშმოწყურებულ ნაცმოძრაობას? ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგანაც ამას ჭეშმარიტი, ქვეყნისთვის თავდადებულიდა ქარიზმატული ლიდერი სჭირდება, რომელიც დაქსაქსული პატრიოტული ძალების გაერთიანებას შეძლებს.

წლებია, აუდიოჩანაწერებიდან გვესმოდა სააკაშვილის მიერ გვარამიასა და მისნაირებისთვის მიცემული, შეიარაღებული გადატრიალებისთვის გამიზნული მითითებები უკრაინიდან და, მიუხედავად ამისა, მაინც არავინ დაუსჯიათ! ჰოდა, როდესაც პატრიოტულად განწყობილი ძალები ხელისუფლების დანაშაულებრივ უმწეობას უყურებს, როდესაც მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ისმენს და, თან ხედავს უკვე კარზე მომდგარ რეალურ საფრთხეს, ეს ძალები იძულებულნი არიან თავად შექმნან „მაიდნის“ საწინააღმდეგო „ანტიმაიდანი“ და ამით დაიცვან საკუთარი თავი და ქართული სახელმწიფო.

თითქოს, შესანიშნავია – მოსალოდნელ, ჩვენი ქვეყნის დამაქცევარ ჭირს, კიევურ „მაიდანს“, უპირისპირდება საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალზე მაფიქრალი ადამიანების ძალა, – თბილისური „ანტიმაიდანი“. თითქოს, მაგრამ მთლად ასეც არ არის: თუკი სროლა ატყდა, თუნდაც, კანტი–კუნტად, მსხვერპლი ორივე მხარეს იქნება, ისევე, როგორც ეს კაიროში, კიევში და სხვაგან იყო, ეს გადატრიალების კლასიკური სცენარია. ამტყდარ ქაოსში კი იმის გარკვევაც შეუძლებელი იქნება, თუ ვისა აქვს იარაღი და ვინ ვის ესვრის (როგორც წესი, სნაიპერები მოშორებით არსებულ შენობებში არიან განლაგებულნი და ორივე დაპისპირებულ მხარეს ესვრიან ხოლმე).

ამიტომ, მიმაჩნია, რომ დოქტრინა – „ხალხი ამას არ დაუშვებს“ მხოლოდ ერთადერთ შედეგს გამოიღებს – ომს, ქვეყნის დაღუპვას და მტრის გახარებას!

კი მაგრამ, რამ მიგვიყვანა აქამდე და, თანაც, ასე მალე? ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011–ში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წლის ოქტომბერში და სისხლიანი „ნაცების“ უსისხლოდ მოშორება, უბედნიერესი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ უკვე ნოემბერში მის გაკრიტიკებას დავიწყებდი, დეკემბერში კი, პარლამენტის პირველივე სხდომის შემხედვარე, საგაზეთო წერილში – „რას ვითხოვდით, რას გვპირდებოდნენ და რას გვთავაზობენ დღეს – არჩევნებიდან ორი თვის თავზე“, – ზუსტ დიაგნოზსაც თუ დავუსვამდი: „ნაცების“ გუნდისთვის ხელის შეშველებით, ციხეში გამწესების ნაცვლად ამნისტიის შეთავაზებით, შესაძლოა, მომავალში „ქართული ოცნება“ და „ნაცური“ სინამდვილე ერთმანეთისგან ხეირიანად ვერც კი გავარჩიოთ“! ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა, ჩვენდა სამწუხაროდ! მას შემდეგ მარტო მე 100–მდე კრიტიკული წერილი „მივუძღვენი“ „ოცნებას“ (სხვა გულგატეხილების ასობით თუ ათასობით წერილზე რომ არაფერი ვთქვა), მაგრამ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: „წერე და იკითხეო“, – მართლაც, არაფერი არ შეცვლილა.

მიუხედავად ყველაფრისა, „ოცნების“ მომხრეობიდან დამნაშავე „ნაცების“ ბანაკში ყოფნის და მათი დაცვის სურვილი ერთი წამითაც არ გამჩენია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, სხვა – კონსერვატული შინაარსის მქონე ძალების გულშემატკივარი კი გავხდი.

2022 წლის ივლისში მეხის გავარდნასავით იყო „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის მიერ ამერიკის ელჩისთვის გაგზავნილი ორი ღია წერილი, რომლებსაც მეც იმედიანად გამოვეხმაურე ჩემი პუბლიკაციით – „ორი ღია წერილი, რომლებიც მთელ მსოფლიოს თუ არა, საქართველოს ნამდვილად შეძრავს“. ამერიკის პოლიტიკის ასეთი მამხილებელი წერილებით მანამდე არავის არ მიუმართავს ელჩისთვის. ამიტომ, ამერიკის პოლიტიკაში ნაკლებად, მაგრამ ქართულ საგარეო პოლიტიკაში კი ნამდვილად ველოდებოდი რაღაც ძვრებს, ცვლილებებს. იმედის მომცემი იყო ის ფაქტი, რომ ამ სამეულს მალევე შეუერთდნენ სხვა დეპუტატებიც და ჩამოყალიბდა საკმაოდ ანგარიშგასაწევი, გამოცდილი და გარკვეული უფლებამოსილების მქონე პოლიტიკოსებისგან შემდგარი მოძრაობა – „ხალხის ძალა“ (ამჟამად, – ცხრა დეპუტატის და 200–მდე მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების, თანამდებობის პირების შემადგენლობით), რომელსაც თავისი, სიმართლით გაჯერებული ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნაც გააჩნდა. ასეთი მამხილებელი ანალიტიკური განცხადებები, რომლებიც საკმაოდ ბევრი გაკეთდა ამ წლინახევრის მანძილზე, გულს კი ფხანს, მაგრამ რად გინდა – „ქართულ ოცნებას“ არსებული პოლიტიკური კურსი, სამწუხაროდ, ერთი გრადუსითაც არ შეუცვლია.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოველოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ბოლო პერიოდში დაწყებული ღირსეული პოლიტიკური განცხადებების ფონზე, საქართველოს მთავრობა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებდა, მაგრამ პრემიერის გადაყენებისთანავე თბილისში და ბრიუსელში გაკეთებულმა განცხადებებმა ჩემს მოლოდინებს წერტილი დაუსვა.

უკრაინის კატასტროფული ნგრევის შემყურე ხელისუფლებას, რომელიც მაინც ნატოსკენ მოგვიწოდებს და „ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ნატოსთანო“, რიხით გვამცნობს ბრიუსელიდან, მგონი, მართლა უხარია ნატოს კარებთან მიახლოება! სრულიად აუხსნელია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა – თუ არა შიში და მონური მორჩილება, რა აიძულებს ძველებურად „ნატო–ნატოს“ ძახილს, განა ეს, შედეგების მიხედვით, „ევროპა–ევროპას“ ტოლფასი რიტორიკაა? ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის გამო რუსეთი ნამდვილად არ შემოიჭრება ცეცხლით და მახვილით, ის სხვაგვარად, ოღონდ ძალიან მტკივნეულად – ეკონომიკურად დაგვსჯის. აი, ნატოსკენ სწრაფვის გამო კი ჩვენs გადარწმუნებაში დროს არ დაკარგავს – თვეობით მოლაპარაკებებს არ დაიწყებს არც ნატოსთან და არც ჩვენთან, მით უფრო, რომ უკრაინაში დაგვიანებული შეჭრა თავის შეცდომად აღიარა პუტინმა ახლახანს. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია?! აქვე უნდა ითქვას შემდეგი: რუსეთი სხვა მიზეზითაც შეიძლება შემოიჭრას და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დასავლეთი მაინც მოახერხებს (შეიარაღებული ამბოხის გზით ან არჩევნების გაყალბებით) აშკარა პროამერიკული და რუსოფობიური, ყველაფერზე წამსვლელი, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ან მისი ტყუპისცალი ძალების მოყვანას ხელისუფლებაში („დაგვიანებულ შეჭრაში“ პუტინი სწორედ იმას გულისხმობს, რომ მან დროულად, „მაიდნამდე“ ან მალევე მის შემდეგ არ მიიღო სათანადო ზომები. მეორეჯერ ასეთ შეცდომას იგი აღარ გაიმეორებს!).

ადრე, სააკაშვილის მხარდამჭერების შემყურე, ვფიქრობდი: ერთი ამათ თავში ჩამახედა, იქ რა ხდება–მეთქი. ახლა, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებზე ვამბობ იგივეს! აბა, თავად განსაჯეთ: როდესაც ასეთი ხელჩასაჭიდი, დასავლეთის წინაშე თავის მართლებისთვის გამოსადეგი საუკეთესო მაგალითი გაქვთ უკრაინის დაქცევის სახით და, ამ დროს ნატოს წევრობაზე თავშეკავების ნაცვლად, პირიქით იქცევით – პრონატოური რიტორიკით რუსეთის აშკარა გაღიზიანების გზას ადგიხართ! კოლექტიური დასავლეთი (ევროკავშირი და ნატო) იმას ხომ ვერ გვეტყვის: ნუ გეშინიათ, გარანტიას გაძლევთ რუსეთი თქვენთან არ შემოიჭრება და, თუ ეს მაინც მოხდება, იარაღს არ მოგაკლებთ და თქვენც ვაჟკაცურად შეებრძოლეთ, უკანასკნელ ქართველამდე შეაკვდით რუსეთს, უკრაინელებზე ნაკლები რითი ხართო! ჰოდა, ვინ დაიჯერებს, რომ ამას ვერ ხვდებით, ამას ხომ ბისმარკის შუბლი არ სჭირდება! მაშ, რა გრჯით, ასე თავქუდმოგლეჯილი რატომ მიისწრაფით მოუსავლეთისკენ? ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ: ესაა შიში და მონური მორჩილება! კი მაგრამ, ხალხის რისხვის არ გეშინიათ? ერთი რეფერენდუმიც არ ჩაგიტარებიათ და ასეთი დამღუპველი გადაწყვეტილებების მიღების და ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება ვინ მოგცათ!

როგორ შეიძლება, ასეთ მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდე – ეკონომიკურ კავშირში და სამხედრო ორგანიზაციაში შეგყავდეს შენი ქვეყანა და, რეფერენდუმს ვინ ჩივის, ხალხს იმასაც კი არ ეუბნებოდე, თუ რა სარგებელს მოველით კონკრეტულად ან ერთისგან, ან მეორისგან, – ეკონომიკურად გავძლიერდებით, ფიზიკურად გავმრავლდებით, ჩვენ მიწაზე დავმაგრდებით, ტერიტორიულად გავმთლიანდებით, ზნეობრივად ავმაღლდებით და გადაჯიშებასაც გადავრჩებით, თუ, – ყველაფერი პირიქით მოხდება და მოგვიწევს დღევანდელი ევროპული „ღირებულებების“ (აღარ ჩამოვთვლი, კარგადაა ცნობილი ყველასთვის) აღიარება და, მათი ყველა ხუშტურის უსიტყვოდ შესრულება (ვაზის აჩეხვიდან დაწყებული სამხედრო „სამშვიდობო“ ოპერაციებში მონაწილეობით დამთავრებული).

ერთი სიტყვით, კი არ შევყავართ, ნახირივით მიგვერეკებიან! ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კოლექტიური დასავლეთი ანუ ევროკავშირი და ნატო (ფაქტობრივად, ამერიკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ერთი გაერთიანება) თავის თავზე არავითარ ვალდებულებას არ იღებს, სამაგიეროდ, ჩვენი მხრიდან შესასრულებელი დავალებები, პუნქტები, გასატარებელი რეფორმები და საკადრო მოთხოვნები არ ელევათ, რას აღარ მოითხოვენ ჩვენგან: გარყვნილება–გადაშენების ხელშემწყობი კანონების მიღებას, ანტიდასავლური წერილების და გადაცემების დაბლოკვას, ცენზურის დაწესებას და მათთვის მიუღებელი განსხვავებული პოზიციის მქონე ტელეარხების დახურვას, კონსერვატული მიმართულების მოძრაობებისთვის ფინანსური, საბანკო პრობლემების შექმნას, მათი სახელის გასატეხად პროპაგანდის გაჩაღებას, დაპატიმრებას და, სასამართლო სისტემაზე კონტროლის დაწესებასაც კი! ყველაფრის ჩამოთვლას აზრი არა აქვს.

ჩვენ კი, თითქმის არაფერს გვეუბნებით იმის შესახებ, თუ რას პასუხობთ ხან 12–პუნქტიან, ხან 9–პუნქტიან და, უხშირესად, უამრავ უპუნქტებო, მაგრამ შესასრულებლად სავალდებულო დავალებების შესახებ.

ახლა, ისევ „ხალხის ძალას“ უნდა მივუბრუნდე. მისი განცხადებებით ობიექტურ ინფორმაციასაც ვიღებთ და ბევრ რამეზე თვალებიც გვეხილება. ერთი სიტყვით, საჭირო საქმიანობას ეწევა, ამიტომ არ შეიძლება, რომ არ მოიწონო. მაგრამ, თანდათან იმაში დავრწმუნდი, რომ ის ტყუპისცალივით ჰგავს „ქართულ ოცნებას“, ოღონდ, თუ ერთი „ნაცმოძრაობას“ აკრიტიკებს და ლანძღავს კიდეც „კულტურულად“, მეორე –კოლექტიურ დასავლეთს აკრიტიკებს. კრიტიკას და მეტსაც – ბრალდებების წაყენებასაც ერთიც იმსახურებს და მეორეც, მაგრამ სიტყვას თუ საქმე არ მოსდევს, კაპიკია მისი ფასი! გარდა ამისა, – თუ კრიტიკაა, მაშინ მთავარი ადრესატი საკუთარი ხელისუფლება უნდა იყოს! თუ, იქნებ, მას არც ჭირს არაფერი საკრიტიკო და, პირიქით, – უნდა ვაქოთ კიდეც?!

ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ ხელისუფლების ქება ან მისი ლიდერის განდიდება, ხოტბის შესხმა და გამოჩენილი მეფეების გვერდით დაყენება, მაშინაც კი, როცა ის ამას იმსახურებს, არცერთ სახელმწიფოში და არცერთ დროში კარგ ტონად არ ითვლებოდა. როგორც „ქართული ოცნებისგან“ არ გვინახავს სამართლის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯები, ისე – არც „ხალხის ძალას“ დაუსახავს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელი პრაქტიკული გზები, ამის გარეშე კი – მარტოოდენ მხილებით შემოფარგვლა, თანაც, მხოლოდ(!) გარეშე ძალის, რომელსაც ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც შეცვლი, –ცარიელი რიტორიკაა, რომელიც ვირეშმაკურ „ჰაერის გამოშვებადაც“ შეიძლება შეფასდეს!

თუკი, ასეთი უმარტივესი დასკვნების გამოტანა და, მაშასადამე, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმაც უჭირთ კობახიძეს, ახალ თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს და მესამეჯერ მობრუნებულ ივანიშვილსაც, მაშინ მართლა წასულია ჩვენი საქმე, დავღუპულვართ და ისაა!

მაგრამ, – არა! ოჯახის და ერის გადასარჩენად ბრძოლაში ფარ–ხმალის დაყრა არ ეგების! არის კი გამოსავალი? თუ გული გულობს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება! მაგრამ, რაც არ უნდა კარგი წინადადება წამოვაყენოთ, თუნდაც ასობით ათასმა ადამიანმა, მილიონმაც (განა, ამდენი ხელმოწერებიც არ შეგვიგროვებია!), მის განსახორციელებლად, პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია ძალაუფლება, რომლის მოპოვებაც, ანუ არსებულის ჩანაცვლება, როგორც ვიცით, ორი გზით შეიძლება მხოლოდ: ძალადობრივი, რაც არ გვაწყობს, ან – არჩევნების გზით. ხელისუფლების ხელთ არსებული ფინანსური შესაძლებლობების, ადმინისტრაციული რესურსების და მედია საშუალებების გათვალისწინებით, ეს ძალიან, ძალიან ძნელი იქნება, თუმცა, არა შეუძლებელი!

უპირველესად, „ქართული ოცნების“ უბრალოდ შეცვლა კი არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ, – მის ნაცვლად ჭეშმარიტად ეროვნული, უფრო გამჭრიახი და გამბედავი ძალების მოყვანა ხელისუფლების სათავეში.

რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად?

ამისათვის წინასაარჩევნო დაპირებებით კი არ უნდა გავაბრუოთ ამომრჩეველი, არამედ სოკრატეს მეთოდის გამოყენებით, – მარტივი კითხვების დასმით თავად მივიყვანოთ იგი სწორ პასუხამდე ანუ სწორი კანდიდატის შერჩევამდე. ამომრჩევლის დასახმარებლად საჭიროა, რომ თითოეულ კითხვას შესაფერისი მოკლე ინფორმაციული მასალა წავუმძღვაროთ. პირველ რიგში, გავაგებინოთ, თუ ვინ ვინ არის, ანუ ვინ უჭერს მხარს რუსეთთან ომს (მეორე ფრონტის გახსნას) და ვინ – მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას; ვინ – ნატოში გაწევრიანებას და ვინ – ნეიტრალიტეტს, ვინ – სააკაშვილის განთავისუფლებას და ვინ – ნაცრეჟიმის გასამართლებას, ვინ – უკრაინელ ხალხს და ვინ –ზელენსკის ხელისუფლებას და ა.შ. და ა.შ. და, ამ გზით გავუადვილოთ სწორი არჩევანის გაკეთება.

სახელმწიფოს ინტერესების და მისი იდენტობის შესანარჩუნებლად მებრძოლი ხალხის შესარჩევადმხოლოდე.წ. დემოკრატიული არჩევნები სრულებითაც არ არის საკმარისი, არჩევნების წესიერად ჩატარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ წესიერ კაცს ავირჩევთ! არჩევნები არც ადრე ტარდებოდა დიდი დარღვევებით (ნაცებისდროინდელს არ ვგულისხმობ, ცხადია!), მაგრამ უკვე მერამდენედ მაინც პასიურ და გაუბედავ (მნიშვნელოვანი კანონების მიუღებლობის თვალსაზრისით) პარლამენტს ვიღებთ. რატომ ხდება ასე, რატომ ვერ ირჩევს ზრდასრული და საკმაო გამოცდილების მქონე მოსახლეობა მისთვის სასურველ დეპუტატებს ან, თუნდაც, პრეზიდენტს?! მიუხედავად ჩვენი ტვინების 24–საათიანი გამორეცხვის მცდელობისა, ასე მაინც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სისტემატურად ვცდებით და მომავალშიც იგივე განმეორდება ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, – სანამ იარსებებს პარტიული სიები, მანამდე ყოველთვის იქნება შესაძლებელი ბევრი შეუფერებელი კანდიდატის გაყვანა პარლამენტში (ე.წ. „პარავოზის“ პრინციპით, უმეტესობა – „ზემოდან“ რეკომენდაციების, ზოგიც კი – დიდი ფულის „წყალობით); მეორე მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია – ამომრჩეველმა მეტ–ნაკლებად იცის ასარჩევი პირის ბიოგრაფია, განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებაც, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი კონკრეტული პოზიციის შესახებ პრობლემურ საშინაო თუ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით.

ამჟამად, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი არ აქტიურობს, არ მონაწილეობს არჩევნებში. რატომ, საარჩევნო უბანზე მისვლა ეზარება? მიზეზი ის არის, რომ უკვე ბევრმა შეიგნო, – არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში რეალურად ვერაფერს შეცვლის! წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ვინმე ქარიზმატული ლიდერი მოგვევლინება უეცრად მხსნელად, მაგრამ თავისით არაფერი არ ხდება, ყველაფერი წინასწარ გაწერილია და, შემთხვევით, ხალხის წიაღში შობილ ლიდერს სახელისუფლებო შეკრულ წრეში ცოცხალი თავით არავინ შეუშვებს. ასეთი, პოტენციურად საშიში კონკურენტის გასანეიტრალებლად ნაცადი და ერთობ ეფექტური მეთოდებია დანერგილი: დისკრედიტაცია–ცილისწამება, მოქრთამვა, დაშინება–შანტაჟი და ფიზიკური ლიკვიდაციაც.

ვინაიდან 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო წესებს არავინ შეცვლის, ამიტომ პარტიული სიის ლიდერი ახლაც ბევრი ბალასტის შეყვანას შეეცდება პარლამენტში, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად განვახორციელებთ, ხსენებული ინფორმაციის დეფიციტის მაქსიმალურად აღმოფხვრის გზით, უმაქნის პარლამენტართა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

მაგრამ, როგორ გინდა ამ მიზნის მიღწევა, როდესაც თითქმის ყველა ტელევიზია და პრესაც ქოცების და ნაცების ხელშია? ცხადია, ამ დავალების შესრულება არ იქნება იოლი, თუმცა ესეც მიღწევადია. ხელისუფლების და ნაცოპოზიციის ამ დიდი უპირატესობის, თითქოსდა, გადაულახავი წინააღმდეგობების დაძლევა შედარებით მცირე დანახარჯითაც შეიძლება – საჭიროა შემუშავდეს სპეციალური „კანდიდატის და პარტიის პოზიციის დასადგენი ანკეტა–კითხვარი“. ეს ანკეტა–კითხვარები უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, დაიბეჭდოს დიდი ტირაჟით და გამოკრული უნდა იყოს საარჩევნო უბნებზეც, რათა კანდიდატების მიერ გაცემული პასუხების გაცნობა ყველას შეეძლოს. ამ ძალზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები კითხვა–პასუხებით ამომრჩეველი ადვილად გაერკვევა, თუ რომელი პარტია და კანდიდატი რა პოზიციაზე დგას. არჩევნებში გასამარჯვებლად და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანების შესარჩევად მთავარია კანდიდატების პოლიტიკური პოზიციის გამომჟღავნება და, არა ის სამარცხვინო წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც გაჭირვებული ხალხის გულის მოგებას დემაგოგიური დაპირებებით ცდილობს ხალისუფლებაც და ოპოზიციაც!

ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი თავის დასამარცხებელი ანკეტა–კითხვარების შემოღებას არც მთავრობა დაუჭერს მხარს და არც ნაცოპოზიცია და, რაღა თქმა უნდა, – არც ამერიკის ელჩი! პირიქით, – აქტიურადაც შეეწინააღმდეგებიან მას!

ეს სამუშაო – ანკეტა–კითხვარების შედგენა, თითოეულ კანდიდატზე ინფორმაციის შეგროვება (ინტერვიუების მეშვეობით და უკვე არსებული მასალების მოძიებით) და დიდი ტირაჟით დაბეჭდვაც ახალმა ძალამ, – კონსერვატორების, პატრიოტების და სხვა სახელის მქონე, მაგრამ შინაარსით იგივე მოძრაობების გართიანებამ უნდა აიღოს თავის თავზე. ამ შრომატევად საქმეში დიდი დახმარება შეუძლიათ ჭეშმარიტ ჟურნალისტებს (ასეთებიც მრავლადაა), ვოლონტიორებს და ბიზნესმენებს, ცხადია. განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს თავად ამომრჩეველმაც და მასთან წინასაარჩევნოდ მისულ პოლიტიკოსებს (ყველა პარტიის წარმომადგენელს) ეს კითხვები უნდა დაუსვას. კანდიდატზე, რომელიც თავს აარიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას, ანკეტური მონაცემები მაინც უნდა შეივსოს (უარისთქმაც პასუხია!), შენიშვნების გრაფაში კი – მითითებულ უნდა იქნას მიზეზი, რათა ამომრჩეველმა თავად გადაწყვიტოს – ჩაუთვალოს მიზეზი საპატიოდ და მისცეს ხმა, თუ, – თავი შეიკავოს. ვფიქრობ, ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ არჩევნებში გამარჯვების – ნაც–ქოცების დამარცხების შანსი მხოლოდ ურთიერთშეთანხმების, გაერთიანების შემთხვევაში გვექნება!

სწორად შერჩეული კანდიდატები იმედებს ნაკლებად გაგვიცრუებენ, თუმცა, თავის დაზღვევა მაინც გვმართებს და საჭირო იქნება მომავალმა პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის ძალით შესაძლებელი გახდება პარლამენტში გაპარული ფლიდი, ანუ დემაგოგი დეპუტატების გამოწვევა, თუკი, რომელიმე მათგანი კითხვარში გაცემულ პასუხებს „დაივიწყებს“ და სულ სხვა პოზიციას დაიკავებს კენჭისყრის დროს. ამ კანონის წყალობით ყოველი დეპუტატი გაუფრთხილდება სადეპუტატო მანდატს და ემახსოვრება ისიც, რომ გაწვევის შემთხვევაში იგი ვერც დეპუტატის პენსიას მიიღებს და ვერც ვერავითარი პრივილეგიებით ისარგებლებს. ეს მომავალში, ახლა კი, კარს მომდგარი არჩევნების წინ, არ ღირს ამ კანონის მისაღებად ენერგიის დახარჯვა, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ანკეტა–კითხვარის მაქსიმალურად ასამოქმედებლად. ანკეტა–კითხვარი მზად უნდა იყოს პარტიული სიების წარდგენიდან მალევე, რისთვისაც საჭიროა, შეძლებისამებრ, შესაბამისი მონაცემების დროული შეგროვება.

ამ ანკეტა–კითხვარით არა მარტო ქვეყნისთვის გამოსადეგი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა მოხერხდება, არამედ, რაც უმნიშვნელოვანესია, უამრავი დემაგოგი პარტიის და პარტიული ლიდერის პოლიტიკური განკითხვის დღეც დადგება (მათი არშეშვებით პარლამენტში!), მათ ვერ უშველის ვერავინ, ვინც არ უნდა შეარჩიონ სიის სათავეში ლიდერის როლში! ანკეტა–კითხვარზე პასუხები უნდა გასცეს თითოეულმა პარტიამ და ბლოკებად გაერთიანების შემთხვევაში – ბლოკმაც!

ამომრჩევლის ორიენტირი სწორედ კითხვარზე კანდიდატების მიერ გაცემული პასუხები იქნება!

აი, ესეც – „კანდიდატის და პარტიის პოზიციის დასადგენი ანკეტა–კითხვარი“ . ცხადია, ეს არ გახლავთ საბოლოო ვარიანტი, ის კიდეც უნდა დაიხვეწოს, შეივსოს ან შემცირდეს, შეიცვალოს რიგითობა და ა.შ. კითხვარის ფორმა უნდა შეიცავდეს შენიშვნების და პასუხების („დიახ“, „არა“) გრაფას. ანკეტური მონაცემების პუნქტებზე არ ღირს შეჩერება, პირდაპირ კითხვარს შემოგთავაზებთ:

1. რუსეთიდან, სადაც მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, საქართველოში ყველაზე მეტი ფული შემოდის, ჩვენი სოფლის მეურნეობის თუ სხვა სახის პროდუქცია ყველაზე მეტად ასევე რუსეთში საღდება, დიპლომატიური ურთიერთობა კი 15 წელია გაწყვეტილი გვაქვს. 30 წელია ევროპა და ამერიკა გვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ მათმა „შეშფოთებებმა“ შედეგი არ გამოიღო და ვერც გამოიღებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანების გასაღები რუსეთშია.

კითხვა: ემხრობით თუ არა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას უმაღლეს დონეზე და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას?

2. უკრაინა დაღუპა „ნატოსკენ“ ლტოლვამ. რუსეთის თხოვნამ ხელი აეღო ამ განზრახვაზე, შედეგი არ გამოიღო. რუსეთის პრეზიდენტს გაფრთხილებული ვყავართ ჩვენც და მოლდოვაც – არც კი ვიფიქროთ ნატოში გაწევრებაზე, რადგანაც ნატოს რაკეტების განლაგებას თავის საზღვართან ის არაფრით არ დაუშვებს. საქართველოს ხელისუფლება კი სიხარულით გვიცხადებს: „ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართო“.

კითხვა: უკრაინის ბედის შემყურე წინააღმდეგი ხართ თუ არა ნატოში გაწევრიანების?

3. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. შევარდნაძესთან ერთად, ამაში ლომის წილი სააკაშვილს მიუძღვის. პირადად მისი ბრალია ახალგორის რაიონის, კოდორის ხეობის და გარეჯის დაკარგვა. სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს უამრავი და უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი: პატიმრების წამება, გაუსამართლებლად ადამიანების დახოცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩატოვება საომარი მოქმედებების ზონაში, ქონების მასიურად წართმევა და ბევრი სხვა.

კითხვა: ემხრობით თუ არა „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას?

4. მსოფლიოს 30 სახელმწიფოში ამერიკას თავისი ხარჯით აშენებული და გახსნილი აქვს 336(!) საიდუმლო ბიოლაბორატორია, რომლებიცამერიკის სამხედრო უწყებას – პენტაგონს ემორჩილება. ამ ლაბორატორიებში იქმნება ბიოლოგიური იარაღი(როგორც ჩინეთმა განაცხადა, – პენტაგონმა უკვე შეიმუშავა ისეთი ბიოიარაღი, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული რასის ადამიანებზე იმოქმედებს!). ასეთი ლაბორატორიები თავად ამერიკაში კანონით არის აკრძალული!

კითხვა: უნდა დაიხუროს თუ არა თბილისის აეროპორტის სიახლოვეს არსებული ე.წ. ლუგარის ბიოლაბორატორია?

5. ნეოლიბერალების ძალისხმევით მთელ მსოფლიოში კატასტროფულად მატულობს ჰომოსექსუალების, ანუ მამათმავლების და ლესბოსელების რაოდენობა. ამერიკაში მოზრდილთა რაოდენობის 7%–ზე მეტი თავს მამათმავლად მიიჩნევს, 19–26 წლის ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 19.7%–ია! ჩვენისთანა, გადაშენების პირას მყოფი ერისთვის, ჰომოსექსუალებისთვის ხელის შეწყობა მომაკვდინებელი იქნება!

კითხვა: ემხრობით თუ არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის, ლგბტ–აღლუმების და საჯარო გამოსვლების აკრძალვას?

6. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიუხვად ფინანსდებიან გარედან და ამ თანხებს უხშირესად კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ, მათი გამკითხავი არავინ არის!

კითხვა: ემხრობით თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების დადგენის და მიღებული თანხების ხარჯვის მართლზომიერების კონტროლის მიზნით შესაბამისი კანონის მიღებას?

7. სააკაშვილის რეჟიმის დროს ათასობით ადამიანს წაართვეს კუთვნილი ბიზნესი, მიწები, სახლები და სხვა ქონება, რომელთა უმეტესობა პატრონს არ დაბრუნებია.

კითხვა: ემხრობით თუ არა ბიზნესების (ქონების) წართმევა–განაწილებაში მონაწილე და ბრძანების გამცემი პირების ქონების კონფისკაციას და ამ გზით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას?

8,9,10. ევროკავშირის დროშის დამცავი კანონი გვაქვს. ჩვენი პატრიარქის, ეკლესიის, ქრისტიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი გამოხდომებისგან დამცავი კანონი კი – არა! არა გვაქვს არც ცილისწამებისგან დამცველი კანონი, ხოლო სამშობლოს ღალატის მუხლი ამოღებულია კოდექსიდან!

კითხვა: ემხრობით თუ არა, რომ მიღებულ იქნას ეკლესიის და პატრიარქის დამცავი კანონი?

კითხვა: ემხრობით თუ არა, რომ მიღებულ იქნას ცილისწამებისგან დამცავი კანონი?

კითხვა: ემხრობით თუ არა, რომ აღდგენილ იქნას სამშობლოს ღალატის მუხლი?

11,12. რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველი ათეულ ათასობით ოჯახს ინახავს აქ – ყოველთვიურად ასეულ მილიონობით დოლარს აგზავნის საქართველოში, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვისაც უდიდესი დახმარებაა! აი, ასეთ ხალხს პრეზიდენტი უარს ეუბნება უსამართლოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენაზე.

კითხვა: ემხრობით თუ არა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში?

კითხვა: უნდა აღუდგეს თუ არა ჩამორთმეული მოქალაქეობა საქართველოდან წასულ ყველა ქართველს, ვინც კი ამას მოისურვებს?

კითხვები, რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს და გაგრძელდეს კიდეც, რადგანაც კანონმდებლობით მოსაგვარებელ პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ არც გადატვირთვა ივარგებს. მე შევარჩიე თორმეტი, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა. გაუმჯობესება–სრულყოფა – კონსერვატული ძალებისთვის და მკითხველისთვის მიმინდვია.

იაკობ ლეჟავა
6 მარტი, 2024

P.S.
ამ დამატებას თემასთან უშუალო კავშირი არა აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ გასათვალისწინებელია. როდესაც ალტერნატიული ინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანებს ხელისუფლება ყოველმხრივ ზღუდავს და ანგარიშებს უბლოკავს, ცდილობს ცილი დასწამოს და სახელი გაუტეხოს, პროკურატურაში ხშირ–ხშირად იბარებს და აპატიმრებს კიდეც, მოსახლეობასთან კავშირის საშუალებებს უზღუდავს და ტელეარხსაც უთიშავს და, როდესაც დანამდვილებით იცი, რომ ასეთ ზომებს ხელისუფლება მისი ლიდერის მიუთითებლად არ იღებს, – შენ, პოლიტოლოგმა, ანალიტიკოსმა, ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა თუ, გნებავთ, „ხალხის ძალამ“ „ალტინფოს“ დასაცავად ხმა აუცილებლად უნდა ამოიღო. მხოლოდ სხვისი, მით უფრო გარე ძალების კრიტიკა, ვერაფერი შვილი გაბედულებაა, საკუთარი ხელისუფლების მიმართაც უნდა იყო ობიექტური, – მარტო ქულების ჩაწერაზე არ უნდა იფიქრო! განა,შეიძლება სინდისიერი ადამიანი შეეგუო იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება სჯიდეს მხოლოდ „ალტინფოს“ და, არ სჯიდეს, ბუზსაც არ უფრენდეს პატრიარქის, პრეზიდენტების და ხელისუფლების (ლიდერიანად) უშვერი ლანძღვა–გინებით და ცილისწამებით „სახელმოხვეჭილ“ ნაცტელევიზიებს! რატომ? იმიტომ, რომ ნაცები ძია სემის „ძაღლის შვილებია“ და ხელისუფლებაც ვერაფერს უბედავს მათ, ხომ? ალტინფოს ბიჭები კი, უბრალოდ – „მამულის შვილები“ და ადვილად დასასჯელნი არიან, ხომ? როგორ არ გაგვახსენდეს დიდი ილიას „ბედნიერი ერიდან“: „…გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“!

სხვის ლაქუცს არავისთვის არასდროს არ მოუტანია კარგი, მხოლოდ – დამდაბლება და თავის მოჭრა, განსაკუთრებთ, მეზობლების თვალში!

სირცხვილია ასე ქცევა ბატონებო, დიდი სირცხვილი!

ი. ლ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here