Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთმა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია გამოაქვეყნა

ჩინეთმა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია გამოაქვეყნა

200
ჩინეთმა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია გამოაქვეყნა

ინიციატივა შემოთავაზებული იყო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ 2022 წლის აპრილში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 21 თებერვალს გამოაქვეყნა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია, რომლის ტექსტი საინფორმაციო სააგენტო Xinhua-გაავრცელა, _ წერენ რუსეთის სახელმწიფო ფედერალური საინფორმაციო სააგენტო ТАССდა ინტერნეტგამოცემა kommersant.ru.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ხელშეწყობა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მისწრაფება უნდა იყოს. აღნიშნულია, რომ ინიციატივა მიმართულია საერთაშორისო კონფლიქტების ძირეული პრობლემების მოგვარებისკენ, გლობალურ უსაფრთხოებაში მმართველობის გაუმჯობესებისკენ, არასტაბილურ და ცვალებად ეპოქაში ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის წახალისებისკენ მეტი სტაბილურობისა და გარკვეულობის უზრუნველსაყოფად, იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მტკიცე მშვიდობასა და გლობალურ განვითარებას.

2022 წლის აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბოაოს აზიური ფორუმის (აგრეთვე, ცნობილია, როგორც „აღმოსავლეთის დავოსი“ _ გ.გ.) გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ინიციატივა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების სფეროში. 21 თებერვალს გამოქვეყნებული კონცეფცია გლობალური უსაფრთხოების ექვს საკვანძო პრინციპს შეიცავს. გარდა ამისა, ჩინეთმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის 20 პრიორიტეტული მიმართულებაც განსაზღვრა.

ექვსი პრინციპი

პირველი პრინციპი მოიცავს საერთო, ყოვლისმომცველი და მდგრადი უსაფრთხოების ხედვის დაცვას, კერძოდ, თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების პატივისცემასა და გარანტიას, თანამშრომლობის ხელშეწყობას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას პოლიტიკური დიალოგისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით.

მეორე პრინციპი _ საჭიროა, შენარჩუნდეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა ქვეყანა _ დიდი თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი, მდიდარი თუ ღარიბი _ საერთაშორისო თანამეგობრობის თანაბარუფლებიანი წევრია. პატივი უნდა ვცეთ მათ სუვერენიტეტსა და უფლებას, დამოუკიდებლად აირჩიონ სოციალური სისტემა და განვითარების გზა. მათ საშინაო საქმეებში ჩარევა მიუღებელია.

მესამე პრინციპი _ საჭიროა, შენარჩუნდეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვის ერთგულება. ჩინეთი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაიცვან მრავალმხრივი მიდგომა, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სისტემას მასში გაეროს ცენტრალური როლით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცივი ომის მენტალიტეტი, ცალმხრივობა, ბლოკური კონფრონტაცია და ჰეგემონიზმი ეწინააღმდეგება გაეროს წესდების სულისკვეთებას და უნდა იქნას უარყოფილი.

მეოთხე პრინციპი _ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების სფეროში. ხაზგასმულია, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიისწრაფვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვისკენ, უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გონივრული შეშფოთება უსაფრთხოების სფეროში.

მეხუთე პრინციპი _ საჭიროა, შენარჩუნდეს ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების მშვიდობიანი მოგვარებისადმი ერთგულება დიალოგისა და კონსულტაციების გზით. როგორც მითითებულია დოკუმენტში, ომი და სანქციები არ წარმოადგენს დავების ფუნდამენტურ გადაწყვეტას. საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ყველა ძალისხმევას კრიზისების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად და წაახალისოს დაპირისპირებული მხარეები ნდობის ჩამოსაყალიბებლად, რომ დავების მოგვარება და უსაფრთხოების განმტკიცება შესაძლებელია დიალოგის გზით.

მეექვსე პრინციპი _ ეს არის უსაფრთხოების დაცვა როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული მიმართულებით. ხაზგასმულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების ტრადიციული და არატრადიციული მუქარები დიდწილად ურთიერთდაკავშირებულია. ჩინეთი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ერთობლივად იმუშაონ რეგიონული დავებისა და ისეთი გლობალური საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება, კიბერ და ბიოლოგიური უსაფრთხოება.

გლობალური უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის 20 პრიორიტეტს შორის დასახელებულია აქტიური მონაწილეობა „ახალი მსოფლიო დღის წესრიგის” ფორმულირებაში, გაეროს რეზოლუციების შესრულება და საერთაშორისო პრობლემების პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობა.

გასულ კვირას ვან იმ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კანცელარიის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს სამშვიდობო გეგმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასასრულებლად. დოკუმენტი უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის წლისთავზე გამოქვეყნდება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here