Home რუბრიკები პოლიტიკა შეკითხვა “ჯიგრულ პონტში”: თქვენ თუ გყავთ დედები, ბატონებო?

შეკითხვა “ჯიგრულ პონტში”: თქვენ თუ გყავთ დედები, ბატონებო?

1229
შეკითხვა “ჯიგრულ პონტში”: თქვენ თუ გყავთ დედები, ბატონებო?

რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამემაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, _ თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურია, როცა ქვეყნის პირველი პირი კორუფციის შესაძლო არსებობასჯიგრულ პონტშიამართლებს, მეორე მხრივ

მინისტრთა კაბინტში თითქოს არსაიდან მოსული გიორგი ქობულია თავის დროზე ისე წავიდა, ვერც ის გავიგეთ, რისთვის მოიყვანეს და ვერც ის, რისთვის გაუშვეს. სამაგიეროდ, ექსმინისტრი ახლა ალაპარაკდა და საინტერესო რაღაცებიც თქვა.

სახელმწიფო სექტორში არიან ჩამჯდარი სქემისტები, რომლებიც რაღაც სქემებს ატრიალებენ. რკინიგზაში, ელექტროენერგიაში და ასე შემდეგ. და მაქსიმალურად იბრძვიან იმისთვის, რათა არანაირი რეფორმა არ მოხდეს. იქ რაღაც მოდერნიზაცია და რეფორმა რომ მოხდეს _ ეს მათ ხელს არ აძლევთ, რადგან მაშინ თავის სქემებს დაკარგავენ. მოგიყვანთ მაგალითს: საქართველოს რკინიგზა არის ერთერთი დიდი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რაც მოგვცემს ეკონომიკის განვითარების ერთერთ ბიძგს. ამ რკინიგზაში არის მიკერძოებული კონტრაქტები, ექსკლუზივები არის გაცემული რაღაც ტვირთების გადაზიდვებზე და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა, რომ რკინიგზა წავიყვანოთ ეფექტიანობის ამაღლებისკენ, ნაწილობრივი პრივატიზებისკენ, მაშინ ეს სქემები დაიშლება. იგივე ხდება ელექტროენერგეტიკის სფეროში”, _ განაცხადა ქობულიამ.

ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი “ჯიგრულ პონტში” ხდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამ განცხადების შემდეგ ქობულიას დაჰკითხავდნენ, უფრო მეტი რომ გაეგოთ, და “ჩამჯდარი სქემისტების” ვინაობასაც გაარკვევდნენ, მაგრამ ჩვენთან არა. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იყო, რკინიგზაში მრჩევლად ნაციონალების აქტივს რომ ასაქმებდნენ და 5-ათასლარიან ხელფასსაც რომ უნიშნავდნენ. თანაც ისე, რომ ეს აქტივი სამსახურში არ დადიოდა და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებდა ჯამაგირს. მაშინაც ასე იყო _ ჯიგრულ პონტში…”

სხვათა შორის, მთავრობამ უკვე დააანონსა, რომ, დიდი ალბათობით, ტურისტული სეზონი ჩავარდება, რადგან საზღვრების გახსნა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. თუმცა იქვე დააყოლა, რომ ჩავარდნა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სასტუმროების მფლობელები სახელმწიფოსგან მაინც მიიღებენ დახმარებასო. სასტუმროების მფლობელებს არ ეყოლებათ სტუმრები, შესაბამისად, არ დასჭირდებათ პერსონალი, გადაიხდიან მინიმალურ კომუნალურ გადასახადებს დასახელმწიფო მისცემს დაახლოებით იმდენს, რამდენიც მათ ტურისტული სეზონის პერიოდში უნდა აეღოთ. ჰო, ესეცჯიგრულ პონტშიიქნება, რადგან აბსურდია სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი. ვინმე აგვიხსნის, რატომ იხდის სახელმწიფო ჩვენი გადასახადებიდან ვიღაცის მოგების თანხას? იმიტომ, რომ კონკრეტული პირები არ გაკოტრდნენ? და ჩვენ, რიგითი ადამიანები, გაკოტრებული რომ ვართ და მაინც წელზე ფეხის დადგმით რომ ვიხდით გადასახადებს, ჩვენ არაფერი? ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული _ სასტუმროების მფლობელთა შორის, ძირითადად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან _ მინისტრების ოჯახის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო მოხელეები და სახელმწიფო სწორედ მათ ბიზნესს უფრთხილდება. დაახლოებით იგივე სქემაა, კონკრეტულ კომპანიებს ბინათმშენებლობის გაგრძელება რომ აღარ შეუძლიათ და სახელმწიფო, მობინადრეთა დახმარების საბაბით, ამ კომპანიებს მშენებლობის დასრულებაში დახმარებას რომ დაჰპირდა. ვიღაც უბინაო, რომელიც ცხოვრობს ნაქირავებში, იხდის გადასახადს და ძლივს ირჩენს თავს, ვალდებულია, ამ გადასახადებით ბინა უყიდოს სხვას და ეს მაშინ, როცა საკუთარი ჭერი არ აქვს.

კარგად გვესმის, რომ სწორებას დასავლეთისკენ ვაკეთებთ და ვცდილობთ, კაპიტალიზმი ავაშენოთ _ მაქსიმალურად დავემსგავსოთ ამერიკას და იმას კი არავინ ამბობს, რომ კაპიტალიზმში, პრაქტიკულად, არ არის საშუალო ფენა; ან არიან მდიდრები, ან არიან ღარიბები და ღატაკები. დაახლოებით 80% გადარჩენისთვის იბრძვის, 15 პროცენტი მდიდარია და მხოლოდ 5%-ია საშუალო ფენა, თუმცა სხვაობა ამერიკელ და ქართველ ღატაკს შორის ძალიან დიდია. იქ ღარიბების შემოსავალი თვეში 1000 დოლარია, ჩვენთან კი 1000 დოლარი ერთი წლის პენსიაა.

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სახელმწიფო, კრიზისის დაძლევის საბაბით, მხოლოდ მაღალჩინოსნებს ეხმარება. თავად განსაჯეთ, ბიუჯეტის ფულით, ჩვენი ფულით, რატომ უნდა ფინანსდებოდეს ვიღაცების სახლების მშენებლობა? რატომ უნდა ჩაიდოს სასტუმროს მეპატრონემ ჯიბეში ის ფული, რომელიც მე გადასახადებში გადავიხადე? რატომ არის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება 30 ადამიანი ერთდროულად იყოს, მაშინ, როცა ტაქსის მძღოლი წინა სკამზე მგზავრს ვერ სვამს? სად არის პირბადეების დაპირებული იაფი პარტია? 7-თეთრიანი პირბადე რატომ ღირს 1,20 ლარი, აგვისნის ვინმე? ხომ არ სჯობდა, ეგ ფული სუბსიდიის სახით სწორედ პირბადეებში დაგეხარჯათ _ ნივთში, რომელიც ქუჩაში გამოსულ ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველდღიურად ერთი ცალი მაინც სჭირდება, ხშირად კი 5 ცალიც არ არის საკმარისი? 5 პირბადე რომ იყიდო, დღეში 6 ლარი გამოდის, თვეში _ 180 ლარი და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები შთაგონებული სახეებითა და დამაჯერებელი ტონით გვარწმუნებენ: გადავრჩით, ხალხო, კრიზისის დაძლევის პროგრამა გვაქვსო. და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მაცივარში, უკვე წლებია, კრიზისი რომ არის და ვერაფერს ვშველით, მაგას მოევლება ოდესმე? თუ ისევ არჩევნების იმედად ვართ, ყველა პარტია რაღაცას რომ გადმოუგდებს ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ხმების სანაცვლოდ და მერე ისევ მოსახლეობისგან ამოიღებს ორმაგად და სამმაგად?!

სხვათა შორის, ისიც დაივიწყა ყველამ, რომ თვითდასაქმებულებისთვის გამოყოფილი 300-ლარიანი დახმარება 90%-მა ვერ აიღო და იმიტომ, რომ საბუთი ვერ წარადგინა. მაგალითად, აგრარულ ბაზარში, მებარგულები რომ არიან, ურიკას რომ დაატარებენ აქეთ-იქით და ბარგის გადატანაში ეხმარებიან ხალხს, როგორ უნდა მოეტანათ საბუთი? ბაზრის ადმინისტრაცია ამ საბუთს ვერ გასცემდა, არ არიან მისი თანამშრომლები, თვითდასაქმებულები არიან და მეგობრად სწორედ ის ურიკა ჰყავთ. არადა, ბაზრები არ მუშაობდა. ვიღაც რომ რეგიონებში ბოსტნეულს იაფად ყიდულობდა და დედაქალაქში ფასნამატით ყიდდა, იმან საიდან უნდა მოიტანოს საბუთი? ჰოდა, ვერც მოიტანა, შესაბამისად, ვერც დახმარება მიიღო. ამას გარდა, ოფიციალურად დასაქმებულები და შემდეგ უმუშევრად დარჩენილები, საერთოდ, მასხრად აიგდეს. ხომ თქვეს, თითოეული მათგანი 1200 ლარს, ანუ ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებსო? არ მოხდა ასე, ბატონებო. როგორც კი უმუშევრად დარჩენილებს სახელფასო ბარათზე პირველი თანხა ჩაერიცხათ, 200-ლარიანი დახმარება ოფიციალურად გაუჩერეს, აქაოდა, უმუშევრები აღარ ხართ და აღარ გერგებათო. ამიტომ, 2-3 თვის ფული აიღეს ოფიციალურად დასაქმებულებმაც და სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ხელი დაიბანა. ახლა საინტერესო ის არის, ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი თითქმის მეოთხედი მილიარდი ლარი სად წავიდა და რა ბედი ეწია.

არ გინდათ მკითხაობა _ ხელისუფლებამ აღნიშნულ თანხას “ჯიგრულ პონტში” მისცა მიმართულება და, როგორც მოგახსენეთ, თავისი მაღალჩინოსნების ბიზნესების მოფრთხილება დაიწყო. მიიღებენ ისინი ახლა სუბსიდიებს სახელმწიფოსგან, სუფთა ფულს ჩაიდებენ ჯიბეში და წინასაარჩევნოდ ამ ფულიდან ცალკე პარტიას შესწირავენ ცოტაოდენს, ცალკე, ხმების სანაცვლოდ, ხალხს მიუგდებენ და თანაც დაამადლიან: ჩვენ რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათო.

სხვათა შორის, კანონიც ამიტომ შეცვალეს, პრემიერის გადაწყვეტილებაა მხოლოდ საჭირო კონკრეტული შეზღუდვებისთვის და არა პარლამენტის თანხმობა. ბატონ გიორგი გახარიასჯიგრულ პონტშიშეუძლია, ერთ მშვენიერ დღეს აკრძალვები კვლავ დააწესოს და თანაც ისეთი, მაგალითად, არჩევნების ჩატარება რომ იყოს შეუძლებელი. აკი ითქვა კიდეც, ოქტომბერში თუ არა, დეკემბერში გავმართავთ არჩევნებს, პრობლემას ვერ ვხედავთო. საზოგადოდ, ასეთ პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემას საერთოდ თუ ხედავენ, ეგ არის საინტერესო და მოსაკითხი.

ამ ყველაფერს ერთი პლუსიც აქვს. ამას წინათ თქვა ერთმა ქალბატონმა: ბავშვს ვეუბნები, პირბადე არ მაქვს და ამ მიზეზით მაღაზიაში აღარ მიმყავს; აღარ ვარ იძულებული, საჭმლის ფულს მოვაკლო და ტკბილეული ვუყიდო ან სალაროსთან გავწითლდეო. ჰო, ამაშიც საშველი ნახა გაჭირვებულმა ხალხმა, ბავშვები მაღაზიებში არ დაჰყავთ, პატარები რომ არ გაჯიუტდნენ და შეწუხებულ დედებს პურისთვის გადადებული ფულით ტკბილეული არ აყიდინონ.

ისე, თქვენ თუ გყავთ დედები, ბატონებო? ეს ისე ვიკითხე, “ჯიგრულ პონტში”…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here