Home ახალი ამბები საქართველო ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და ინტერესი კავკასიისადმი იზრდება

ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და ინტერესი კავკასიისადმი იზრდება

1103
ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და ინტერესი კავკასიისადმი იზრდება

საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო ყაზახეთი ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს კავკასიის რეგიონისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი. აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა საექსპერტო განხილვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულყაზახურ ურთიერთობებს რეგიონისთვის და კერძოდ, ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა პირველი ასეთი განხილვა მოაწყო. აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალზე, რომელიც, საქართველოს სატრანზიტო მისწრაფებების გათვალისწინებით, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

თბილისის ღია უნივერსიტეტში გამართულ განხილვაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ექსპერტები, პროფესორები და დოქტორები:  იოსებ არჩვაძე, გულბაათ რცხილაძე, აკაკი (მამუკა) კარტოზია, დემურ გიორხელიძე, ვახტანგ ჭარაია, ბადრი ნაჭყებია და სხვები. განხილვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით (502 მლრდ აშშ დოლარი _ მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით)  ყაზახეთი მსოფლიოში 42-ე ადგილზეა. თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ძალზე ახლოსაა შვეიცარიის მშპ-ის სიდიდესთან, აღემატება ჩილესა და ავსტრიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ხოლო ისრაელისას _ 1,5-ჯერ და მეტად.

ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და ინტერესი კავკასიისადმი იზრდება

ჩინელი და ყაზახელი ექსპერტების გათვლის თანახმად, ყაზახეთს ყოველწლიურად შეუძლია ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ და უკან მომავალი სატრანსპორტო ნაკადის 20%-ის გატარება. ფულად გამოსახულებაში ეს დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა მოსახლეობის სიმეჩხერე და ქვეყნის ტერიტორიის სიდიდე ყაზახეთის ეკონომიკას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულს ხდის. გამომდინარე აქედან, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის 2013 წლის ბოლოს მიიღეს “ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანსპორტო სისტემის ინფრასტრუქტურის 2020 წლამდე განვითარებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა”. ამჟამად ეს სტრატეგია თავისი რეალიზების მესამე და ბოლო ეტაპზეა. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო სტრატეგიის მეშვეობით, ასევე ახალი ეკონომიკური პროგრამების _ “ნურლი ჟოლისა” და “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” წყალობით 70%-იან მზადყოფნაშია.

2005-2016 წლებში ყაზახურმა კომპანიებმა საქართველოს ეკონომიკაში 343 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს. საქართველოს პრეზიდენტის მიღებაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა: “ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის კარგი იყო. ყაზახეთი და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ წლებში ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩვენ თქვენი ეკონომიკის წამყვან ინვესტორთა შორის ვართ. მე ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე დაბრკოლება შეექმნას”.

გულბაათ რცხილაძე

https://www.youtube.com/watch?v=3YvGYi4kER0&feature=youtu.be

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here